Batumelebi | თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა – Batumelebi
RU | GE  

თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

„თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევის საფუძველზეა შესაძლებელი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.

„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა, ყველა ეს გადადინება საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და მიზნების გათვალისწინებით.

ამიტომ ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება წარმოადგინოს 3-თვიანი ოფიციალური ცნობა, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა რიჟვაძემ ბრიფინგზე.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. თურქეთში საქართველოს მოქალაქეები არამარტო სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, ასევე, სამომხმარებლო სექტორში მუშაობდნენ.

საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ აჭარის მთავრობასთან, მერიასთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ყოველგვარი შემოსავლის წყარო დაკარგეს და მათი ოჯახები შიმშილის ზღვარზე იმყოფება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com