მთავარი,სიახლეები

„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

31.07.2020 • 2116
„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს, 31 ივლისს, მედია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ თავისი შტაბის წევრებთან ერთად, სცემა თამაზ აბაშიძეს, რომელიც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ერთ-ერთი ვერსიით, ხულოს მერის კაბინეტში „შესარიგებელი“ შეკრება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა და თამაზ აბაშიძე თავის დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს თამაზ აბაშიძესთან, რომელსაც შესაძლო ჩხუბთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო თამაზ, მინდა გკითხოთ თქვენსა და გარკვეულ ჯგუფს შორის ხულოს მერის კაბინეტში ფიზიკურ დაპირისპირებაზე. იცით ალბათ, რომ ეს ინფორმაცია დილიდან ვრცელდება. 

გუშინ დილის საათებში შევიკრიბეთ და წავედით ბეშუმში, მე  და საკრებულოს თავმჯდომარე. ბეშუმში კულტურული ღონისძიება იყო, ბოტანიკური ბაღის გახსნა. მერე გვიან ჩამოვედი და მაგიტომაც შეხვედრას არ ჰქონია ადგილი.

  • მე დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენ გუშინ იყავით საავადმყოფოში თვალის დაზიანებით. ამას ადასტურებთ?

კანი გაკაწრული მქონდა. საღამოს მივედი და დავაწამლიე. სხვა არაფერი არ იყო.

  • ეს ინფორმაცია ჩხუბის შესახებ ასე უსაფუძვლოდ გავრცელდა?

საფუძველი ის იყო, რომ მე მივედი [საავადმყოფოში]. პირველი საათი იქნებოდა ღამის, ვიღაცები შემხვდნენ და ალბათ იფიქრეს, იჩხუბესო… მოამატეს. მე გაკაწრული ხომ არ დამიმალია, მივედი ექიმთან და დავაწამლიე.

  • ასე გვიან რატომ მიხედვით?

მთაში სახლი მაქვს. ღონისძიების მერე სახლში მივედი და გვიან წამოვედი ხულოში.

  • სად გაგეკაწრათ თვალი?

ბოტანიკურ ბაღში ვიყავი და იქ გამეკაწრა. რომ ჩამოვედი, აღარ გადავდე და საღამოს გავიარე კლინიკაში.

  • თქვენ ანზორ ბოლქვაძეს უჭერთ მხარს ამ კამპანიაში? მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კამპანიას ვგულისხმობ.

ჯერჯერობით, საარჩევნო სისტემა… კი ბატონო, დასახელდა, მაგრამ ჯერჯერობით… კამპანია როგორ ახლა. მე ამომრჩეველიც ვარ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა რა გითხრათ. დანარჩენი გვიჩვენებს დრო, რა იქნება და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთგული კაცი ვარ და ხელისუფლების არჩევანს მივყვები.

  • ანუ ანზორ ბოლქვაძეს უჭერთ მხარს თქვენ, როგორც ერთი ადამიანი?

არჩევნებში ხელისუფლების მომხრე ვარ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ყოველთვის მხარს ვუჭერ.

  • ბოლოს როდის გქონდათ ანზორ ბოლქვაძესთან კომუნიკაცია?

მე მაგასთან კომუნიკაცია… მე არ მინახია მაგი 10 დღეა, თბილისშია. გუშინაც არ იყო ხულოში, ღონისძიებას არ ესწრებოდა.

  • კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით. ითქვა, რომ თქვენ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარი კანდიდატობის წინააღმდეგი ხართ, მერს კი უნდოდა, რომ შეერიგებინეთ მხარეები და კაბინეტშიც ამიტომ შეგკრიბათ…

შესარიგებელი არაფერიც არ არის. მე გაბუტულიც არავისთან არ ვარ. მე კომუნიკაცია ყველასთან მაქვს. რა შუაშია ეგ – მაგისთანა შეხვედრა არ ყოფილა.

  • თქვენ თითქოს თავზეც გქონდათ ჭრილობა და სისხლიც დაკარგეთ რაღაც დოზით.

არა, არა…

  • ფიზიკურად სად იმყოფებით ახლა?

ბეშუმში ვარ ახლა, ბაირამის მისალოცად წავედი და ასევე, პარალელურად საკლავის დასაკლავად.

  • შეგიძლიათ დღეს გადაღებული თქვენი ფოტო მოგვაწოდოთ? ასე უფრო დამაჯერებელი იქნება, ის რასაც გვეუბნებით.

ვნახოთ, ვეცდები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: