მთავარი,სიახლეები

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

31.07.2020 • 2481
კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს; ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს.

დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა კი დღეს, 31 ივლისს, დღის ბოლოს იწურება.

დღის ბოლომდე უკვე რეგისტრირებულ პირებსაც აქვთ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება“, – აცხადებს დასაქმების სააგენტო.

—–

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა, უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი – ამის შესახებ 27 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. თუმცა, ამ დრომდე არ არის მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილება, სადაც დეტალები იქნება გაწერილი.

ამავე თემაზე:

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: