მთავარი,სიახლეები

კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

31.07.2020 •
კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

16 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სკვერში კარვებია გაშლილი. მოქალაქე დავით ანანიძე აჭარის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

დავით ანანიძე ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელია. ის ამბობს, რომ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ამ ბაზრობის წილები და მის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს.

დავით ანანიძემ და მისმა ახლობლებმა საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში მასშტაბური აქცია 16 დღის წინ, 15 ივლისს გამართეს.

„პირველ დღეს შევხვდი მთავრობის აპარატს, ისინი შემპირდნენ, რომ გაარკვევდნენ ყველაფერს, პროკურატურაშია საქმე. მერე შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. ავუხსენი ყველაფერი, კარგად მომისმინა, ჩაინიშნა ყველაფერი და მითხრა: „მართალია მე, პირადად, არ მეხება ეს საკითხი, მაგრამ დავინტერესდები, მოვიკითხავ და შევისწავლიო. ვფიქრობ, მას შეუძლია დახმარება. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელმაც ასე უბრალოდ უნდა ჩაიაროს,“ – ამბობს დავით ანანიძე „ბათუმელებთან“.

დავით ანანიძე ამბობს, რომ არ აპირებს კარვების დაშლას, სანამ მისი საკითხი „ერთხელ და სამუდამოდ არ გადაწყდება“.

„შინაგანი რწმენა მაქვს, რომ დამეხმარებიან. მაგრამ თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები აღარ ვართ და უნდა ვიფიქროთ სხვა რამეზე. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაბრუნებას, რომელიც წაგვართვეს,“ – ამბობს დავით ანანიძე.

ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი ილია ანანიძეს ეკუთვნოდა, 28,5 – ასლან აბაშიძის დას, ნარგიზ აბაშიძეს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს – 20 პროცენტი, ხოლო 1,5 პროცენტი ჯონი ზოიძის საკუთრება იყო. 2008 წელს ქონების სახელმწიფოსთვის გადაფორმებამდე დავით ანანიძე და ჯონი ზოიძე დააკავეს.

„ხოფის“ ბაზრობა დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.

აქცია მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის წილების დაბრუნების მოთხოვნით

ამავე თემაზე 2008 წელს „ბათუმელების“ სტატია:

ბიზნესმენების დაკავება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: