მთავარი,სიახლეები

ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი

31.07.2020
ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვიდან ორმა სხვადასხვა პირმა დაუდასტურა. თამაზ აბაშიძის ნათესავების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, „გუშინდელი ცემის შედეგად ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამაზ აბაშიძეს გუშინ სცემეს ხულოში, დღეს დილიდან ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად, კამათი ხულოს საჯარო მოხელეებსა და თამაზ აბაშიძეს შორის „ალპური ბაღის“ გახსნის ცერემონიალის შემდეგ, სუფრაზე დაიწყო და ხულოში დაბრუნებისას, გზაში გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირებით. როგორც თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვამ გვითხრა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამდენიმე პირმა, ხულოს მერიის საჯარო მოხელეებმა იმიტომ სცემეს, რომ მისთვის მიუღებელია ისევ ანზორ ბოლქვაძის დასახელება მაჟორიტარ კანდიდატად.

თავად თამაზ აბაშიძემ დღეს „ბათუმელებთან“ უარყო, რომ რაიმე სახის დაპირისპირება აქვს ანზორ ბოლქვაძესთან, პარლამენტის მოქმედ წევრთან და მის გარემოცვასთან [ანზორ ბოლქვაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მაჟორიტარობის კანდიდატია]. გარდა ამისა, თამაზ აბაშიძემ დღეს, დილის საათებში, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბეშუმში მიდის მოსახლეობისთვის ბაირამის დღესასწაულის მისალოცად.

„ბათუმელები“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვასთან მთელი დღის განმავლობაში ამოწმებდა ინფორმაციას, შესაძლო ცემასთან დაკავშირებით. ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ახლო გარემოცვა, სხვადასხვა პირი, გვიდასტურებს, რომ თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში, ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა და ახლა ბრუნდება სახლში. „აღარ დარჩა კლინიკაში, ახლა გზაშია და სახლში მოდის“, – გვითხრეს ხულოს სოფელ დუაძეებში. თამაზ აბაშიძე ამ სოფლიდანაა.

იგივე პირების თქმით, თამაზ აბაშიძე შეუძლოდ გრძნობს თავს. „ვიცით, რომ მას ტვინის შერყევაც აქვს მიღებული. თუმცა, მაინც სახლში დაბრუნება არჩია. რას აპირებს, სოფელში როცა დაბრუნდება, მაშინ გვეცოდინება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის გარემოცვიდან.

თავად თამაზ აბაშიძე სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

სამი საათის წინ, ხულოს საკრებულოს ფეისბუქგვერდზე ამ შინაარსის ინფორმაცია განათავსეს: „საკრებულო სრული პასუხისმგებლობით ადასტურებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ აბაშიძესა და მაღალმთიანეთის მაჟორიტარ კანდიდატ საქართველოს პარლამენტში ბატონ ანზორ ბოლქვაძეს შორის დაპირისპირებისა არის სრული დეზინფორმაცია და ჭორი, მით უმეტეს, რომ ბატონ ანზორ ბოლქვაძე გუშინ არ იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“.

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე გუშინ ნამდვილად არ იმყოფებოდა ხულოში. „ბათუმელების“ დეპუტატმა დღეს უთხრა, რომ ის კაჭრეთში ტრენინგს ესწრებოდა. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაციაც გადაამოწმა – ანზორ ბოლქვაძე გუშინ ნამდვილად ტრენინგზე იყო.

___

ამავე თემაზე, რა თქვა თამაზ აბაშიძემ:

„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

ამავე თემაზე, რა თქვა ანზორ ბოლქვაძემ:

ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: