Batumelebi | 2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ 2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ – Batumelebi
RU | GE  

2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ

ბათუმში მცხოვრები ორი მიუსაფარი ძაღლი, სეტერი – ჯორჯი და დალმატინელი სააკი საზღვარგარეთ გააჩუქეს. ძაღლები სავარაუდოდ პატრონებმა გამოაგდეს სახლებიდან პანდემიის დროს. ძაღლების საზღვარგარეთ გაჩუქება ფეისბუქით მოხერხდა: „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ ბათუმელმა თეონა ყურშუბაძემ შექმნა და ეს ჯგუფი არაერთ მიუსაფარ ცხოველს ეხმარება.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე. ერთი თვის განმავლობაში იყო ეს ძაღლი იმ ადგილას. როგორც ჩანს, იქ გადმოსვეს და იქედან არსად მიდიოდა.

პოსტი კი დავდე, მაგრამ ვდარდობდი. ძალიან დიდი ძაღლი იყო და ამას ვინ წაიყვანს-მეთქი. გაზრდილი ძაღლის გაჩუქება ძალიან რთულია, მაგრამ სეტერი რომ იყო, უფრო გულზე მომედო, სეტერის და პოინტერის ჯიშის ძაღლები კარგად ნადირობენ და ვიფიქრე, რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს. ეს პოსტი რომ დავდე, შემეხმიანა ერთი ქალი ამერიკიდან, ოლგა ბიდიხი, რომელიც არის ძველი ბათუმელი და აქაურობის ყველაფერი იცის. მან მითხრა, რომ ჩემი პოსტი წაიღო, მეგობრებს გაუზიარა და დაინტერესდა ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მუშაობს სეტერების გადარჩენაზე. ამ ორგანიზაციას სურს ეს სეტერი წაიყვანოს დიდ ბრიტანეთში. ეს რომ მომწერა, ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ამ სიხარულის მიღმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო – როგორ? რანაირად? დიდ ბრიტანეთში მახოდან როგორ გავაგზავნოთ ძაღლი, რომელიც უკვე დაახლოებით 5-6 წლისაა?

მაშინვე დავურეკე ჩემს მეგობარს ირინა ოვჩარენკოს. ის უფრო გათვიცნობიერებულია საბუთების მოწესრიგებაში. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, მოვძებნეთ დროებითი შემფარებელი, რომელთანაც სეტერი იქნება ბრიტანეთში გამგზავრებამდე. ორგანიზაცია ამ ადამიანს უხდის ძაღლის კვების და მოვლის ფულს. ძაღლი გადის ყველანაირ შემოწმებას. დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე მზად გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავუმზადოთ და თურქეთში გადავიდეს ძაღლი. იქ დახვდება სხვა ჯგუფი ცხოველთმოყვარულების და თურქეთიდან გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

ჩვენ, ქართველებმა, რაც ვერ დავაფასეთ და გამოვაგდეთ გარეთ, სექტემბერში ეს ძაღლი აღმოჩნდება დიდ ბრიტანეთში, იპოვის ოჯახს და ცხოვრების ბოლომდე იქნება მათთან,“ –  ამბობს თეონა.

კიდევ ერთი ძაღლი, რომელიც საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადება, ჩხოროწყუში ნაპოვნი დალმატინელია. ძაღლი ბათუმში ჩამოიყვანეს, გარკვეული პერიოდი თავშესაფარში ცხოვრობდა. თეონამ დალმატინელის შესახებ პოსტი მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფში დადო. თეონას პოსტს ისევ ოლგა ბიდიხი გამოეხმაურა. მისი დახმარებით, მიუსაფარი დალმატინელით აშშ-ში, ფლორიდის შტატის დალმატინელების გადარჩენის ორგანიზაცია  დაინტერესდა.

დალმატინელი ამჟამად დროებით შემფარებელთანაა. თეონამ და მისმა მეგობარმა კი საბუთების შეგროვება დაიწყეს იმისათვის, რომ ძაღლი შტატებში თვითმფრინავით გაამგზავრონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი