მთავარი,სიახლეები

AJARATV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე EMC სასამართლოს მიმართავს

01.08.2020 • 1677
AJARATV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე EMC სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი მაგალითია.

30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. მათი გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინცინდენტი, რომლის ამსახველი კადრებიც აჭარის ტელევიზიამ თანამშრომლების გათავისუფლების დღეს გაავრცელა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აპირებს გათავისუფლებულთა ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  1 ივლისს მაუწყებელში მომხდარ შემთხვევაზე ტელევიზიის მენეჯმენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის ფაქტზე, თუმცა თუმცა, საქმეზე ამ დრომდე არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და რომელიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა:

„შესაბამისად, მურვანიძისა და გურაბანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სამართლებრივად არარელავანტურია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირის დამნაშავეობის საკითხს სასამართლო წყვეტს და დამსაქმებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დისციპლინური წარმოების შედეგად დაადგინოს დასაქმებულის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, რამდენადაც დაუშვებელია ერთსა და იმავე ქმედებას მიეცეს სისხლის სამართლისა და დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია, მაუწყებლის ადმინისტრაცია იყო ვალდებული, დალოდებოდა გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლის დირექტორის მტკიცება, რომ გიორგი მურვანიძემ და შოთა გურაბანიძემ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“ – აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე კონფლიქტის დაწყებას ესწრებოდა, თუმცა, „ტელევიზიის დირექტორმა უმოქმედოდ, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა ადგილი და ამით ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას“.

„შემაშფოთებელია აჭარის მაუწყებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდგომ პერსონალური მონაცემების ამსახველი ვიდეო-მასალის ტელევიზიით გავრცელების ფაქტი, რომელსაც თან ერთვოდა მაუწყებლის განცხადება – „მაუწყებლის ადმინისტრაციისთვის ძალადობა მიუღებელია“, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს მაუწყებლის მხრიდან გათავისუფლებული პირების მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მათი მოძალადედ იდენტიფიცირების მიზნის არსებობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, ან სხვა სამსახურში თვითნებურად გადაიყვანა. ბოლო გათავისუფლებებიც მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნის საფუძვლიან ეჭვს ერთიორად ამყარებს.

EMC გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“ – წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

________________

ფოტოზე: აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 31 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: