მთავარი,სიახლეები

ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

31.07.2020
ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

დღეს, 31 ივლისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.  ორთა ჯამეში მუსლიმები ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ, რადგან ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მლოცველებით იყო სავსე  ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილას მდგარი დროებითი ხის კონსტრუქციაც.  ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ.

ბათუმის ორთაჯამეში ლოცვის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან, მთავრობის აპარატის წევრებთან, ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მივიდა. სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა ორთა ჯამეს რეაბილიტაციაში დახმარებისათვის.

“ბათუმელები” შეეცადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვა დაესვა, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე მეჩეთის საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას გაექცა.

“მოგვიანებით, მოგვიანებით, გავაკეთებ მერე კომენტარს,” – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

“ბათუმელებმა”  სრულიად საქართველოს მუფთს ადამ შანთაძესაც ჰკითხა, მაშინ როცა მადლობა გადაუხადა ძველი მეჩეთის რეაბილიტაციაში დახმარებისათვის, ხომ არ ჰქონია საუბარი ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც.

“ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები როგორც მრევლთან, ისე მთავრობასთან, როგორც ამ მეჩეთის რეაბილიტაციაზე, ასევე ახალ მეჩეთთან. მოგეხსენებათ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ, რომ ყველაფერი დასრულდეს მლოცველთა სასიკეთოდ. იმ მლოცველებს, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება  შეესრულებინათ მეჩეთის შიგნით ლოცვა, ვლოცულობთ იმისათვის, რომ მომავალში ეს პრობლემა დასრულდეს დად ყველამ ერთად შევძლოთ კომფორტულად და მშვიდობით ლოცვა,” – თქვა ადამ შანთაძემ.

მუსლიმები ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას წლებია ითხოვენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის ორთა ჯამეში სრულიად საქართველოს მუფთთან ადამ შანთაძესთან ერთად

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: