მთავარი,სიახლეები

მერია ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას 4 მილიონად ყიდის

30.07.2020
მერია ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას 4 მილიონად ყიდის

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ უფლების გადაცემა 30 წლით იგეგმება, რისთვისაც საწყისი ფასი აუქციონზე 4 მილიონი ლარი იქნება. აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხას კი გამარჯვებული „ავტოტრანსპორტს“ ერთბაშად გადაუხდის.

„საკრებულოში აუქციონის პირობებთან ერთად გადაგზავნილია სამხარაულის დასკვნაც. ყველაფერი არის დაზუსტებული, დათვლილი და ეს პირობები „ავტოტრანსპორტისთვის“ საკმაოდ მომგებიანია. შემოსული თანხით ძირითადად ავტოპარკის განახლებას – ავტობუსების შეძენას ვგეგმავთ“, – გვითხრა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა, ბადრი ფარტენაძემ.

საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს. საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს 2019 წლის 28 ნოემბრის განკარგულებაში, რომლითაც ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების სააუქციონო პირობები ერთხელ უკვე მოიწონა.

ადრინდელი პირობით, მუნიციპალურ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას 20 წლით მოიპოვებდა ის პირი, რომელიც აუქციონზე დაფიქსირებულ თანხასაც გადაიხდიდა და ამასთან, შეიძენდა და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ საკუთრებაში გადასცემდა 10 ავტობუსს.

მაშინდელი პროექტის მიხედვით, აუქციონის [რეკლამის განთავსების უფლების მიღების] საწყისი საფასური 2,5 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

„ის მაინც სამუშაო ვარიანტად განიხილებოდა. ახლანდელი პირობები კი უფრო დაზუსტებული და გაცილებით მომგებიანია“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“

ამ თემაზე:

ავტობუსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლების მიმღები მერიას 10 ავტობუსს უყიდის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: