მთავარი,სიახლეები

რა გახდა სანაპიროზე ჭარბი წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზები – სააგენტოს კვლევა

30.07.2020
რა გახდა სანაპიროზე ჭარბი წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზები – სააგენტოს კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული წყალმცენარეების ეს სახეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ  20-21 ივლისს, განმეორებით შეფასდა ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის სანაპირო ზოლი და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნულ აკვატორიაში, წყლის ზედაპირსა და სანაპირო ზოლზე მწვანე წყალმცენარეები აღარ ფიქსირდება.

„24 ივლისს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ განხორციელდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე (ფოთი-გრიგოლეთი-ყვავილნარი-ურეკი), მდ. კაპარჭინასა და მდ. სუფსაზე წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. შედეგების მიხედვით,ზღვის წყლის სინჯებში მიკრობიოლოგიური კომპონენტების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

სავარაუდოა, რომ ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვია კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების თანხვედრამ, რასაც დაემატა მდინარე კაპარჭინას დაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად გამოთავისუფლდა ბიოგენური ელემენტების დიდი რაოდენობა და ჩამოიტანა ზღვაში“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.