განათლება,მთავარი,სიახლეები

„ტელესკოლის“ დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო 3.8 მლნ ლარს ითხოვს

31.07.2020 • 2320
„ტელესკოლის“ დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო 3.8 მლნ ლარს ითხოვს

განათლების სამინისტრო პროექტ – „ტელესკოლას“ გაგრძელებისთვის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ითხოვს 2020 წლის ბოლომდე. 2020-2023 წლისთვის კი 3.8 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტელესკოლაზე 404 ათასი ლარი დაიხარჯა.

გარდა იმისა, სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად პარლამენტს ცვლილება შეატანინა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“, რის საფუძველზეც სამინისტროს უფლება აქვს მაუწყებლის ეთერში განათავსოს მის მიერვე დაფინანსებული გადაცემები, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდა. თუმცა ამ ცვლილებამდე სამინისტროს მიერ დაფინანსებული გადაცემები მაინც გადიოდა ეთერში. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს, სამინისტრომ წინსწრებით, – 2020-2023 წლებისთვის ბიუჯეტიდან 3.8 მილიონი ლარიც მოითხოვა ტელესკოლის საორიენტაციო ხარჯისთვის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო წარდგენილი წერია, რომ ტელესკოლის ბიუჯეტის 404 ათასი ლარიდან (3 თვის შემთხვევაში), 253 155 ლარი მასწავლებლების ხელფასებზეა გათვალისწინებული, 150 ათასი ლარი კი ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის.

სამი თვის განმავლობაში სამინისტროს ტელესკოლისთვის დაქირავებული ჰყავდა 65 ადამიანი. მათ შორის: კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი და სურდოპედაგოგი. ასევე, ექსპერტები. 15-წუთიან სატელევიზიო გაკვეთილში სამინისტრო პედაგოგს 125 ლარს უხდის.

„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა, მაუწყებლის პროგრამების მომზადების და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა.

ამ კანონის შესაბამისად, არც განათლების სამინისტროს ჰქონდა უფლება მის მიერვე დაფინანსებული გადაცემები განეთავსებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. კანონის ცვლილება სამინისტრომ გადაცემების ეთერში განთავსების შემდეგ მოითხოვა.

ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა, განათლების სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს მაუწყებლის ეთერში განათავსოს საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, რომელიც მისი ჩართულობითა და ხელშეწყობით იქნება დამზადებული. საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

17 ივლისს, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა დგებუაძემ მაშინვე დასძინა, რომ ეს არ გულისხმობს სასწავლო პროცესის ტრადიციული ფორმით განახლებას და შენარჩუნდება დისტანციური ფორმით სწავლების ფორმატიც. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან, რის გამოც ისინი ვერ ახერხებდნენ ონლაინგაკვეთილებში მონაწილეობას. სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ ამ კონტინგენტისთვის გაკეთდა ტელესკოლა, სოციალურად დაუცველი ბავშვები მთლიანად რომ არ ჩამოშორებოდნენ სასწავლო პროცესს.

რადგან განათლების სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.8 მილიონი ლარის გამოყოფა მოითხოვა, ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის სრული დატვირთვით განახლებას, სავარაუდოდ, არც მომდევნო წელს აპირებს. თუმცა, სამინისტროს ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც ხედვა და არც რაიმე კონცეფცია, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს სახელმწიფომ ინტერნეტის მიწოდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ან უზრუნველყოს ისინი ტექნიკით მაინც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: