მთავარი,სიახლეები

ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

31.07.2020 • 2494
ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს დილიდან მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ  ხულოს მერის კაბინეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს სცემა. ინფორმაციას მედია ხულოს საკრებულოს ენმ-ის წევრის, ირაკლი ჯორბენაძის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე გუშინ ხულოს საავადმყოფოში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ვერ დავადგინეთ ჰქონდა თუ არა დაზიანება ან რა სახის. თამაზ აბაშიძე ტელეფონს ჯერჯერობით არ პასუხობს. რაც შეეხება დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ეს სიცრუეა, რადგან გუშინ ის ხულოში ფიზიკურად არ ყოფილა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.

  • ბატონო ანზორ, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ და თქვენმა მომხრეებმა სცემეთ ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს?

არ მჩვევია ეგა და ასეთი სისულელე საიდან მომიგონეს არ ვიცი. ირაკლი ჯორბენაძეს უნდა ჰკითხოთ ეგა, ეს ხომ პირველი არ არის მაგისგან ტყუილები.

გუშინ კაჭრეთში ვიყავ. ღამის სამ საათზე მოვედი ხულოში, სახლში. თბილისიდან ხულომდე 250 ვიდეოთვალი იქნება. შეგიძლიათ ჩემი მანქანა ამოიღოთ და… დღეს დილას, როდესაც ავედი მუსლიმ მრევლთან ღორჯომში, მივულოცე ბაირამი, გამოვდივარ გარეთ და ბიჭები მეუბნებიან, გიჩხუბიაო… ვერ გავიგე ჯერ რას მეუბნებოდნენ. მერე შევეკითხე და ფეისბუქში იყო…

არ ყოფილა არაფერი და რა გითხრათ ახლა…

  • თქვენს მომხრეებთან გადაამოწმეთ ეგ ინფორმაცია, ისინი ხომ არ გაუსწორდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ფიზიკურად? 

გამორიცხული თემა არი ეგ. მომხრე? – თამაზაი ჩემი მომხრეა, აბა ვინ არი. მე დილას მაგასაც დავურეკე, ბაირამი მივულოცე. მთაში მივდივარ თუ სადღაც, საკლავი უნდა დავკლაო. მე მასაც ახლოს ვიცნობ. წინა დღეს ჰქონდა რაღაცა თხოვნა, მესიჯი მომწერა. ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა. განსხვავება უმრავლესობაშიც არის, ოჯახშიც, მაგრამ ის თემა, რომ ვიღაცამ ვიღაცა მოკლას, ეგ გამორიცხულია. აბსოლუტური ტყუილია.

ცხოვრებაში ჩემგან და ჩემი ოჯახიდან მასეთი თემები არ არსებობს. მე მაგას პასუხს მოვთხოვ, ირაკლი ჯორბენაძეს კი არ ვერიდები რამეში… თქვენ ხართ მე-15 ჟურნალისტი, რომელიც მირეკავს. ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე.

  • ირაკლი ჯორბენაძისთვის ხომ არ გიკითხავთ, საიდან მიიღო ეს ინფორმაცია?

არა, მე მაგასთან კომუნიკაციაში არც შევალ. ადამიანი ამას რომ დაწერს, მასთან საუბარი არ ღირს, იმიტომ, რომ რაღაცას მოგიწყობს და სხვა რამეს დაწერს. კაცი თუ გზაქვეშ გადავიდა, იმას არაფერი აღარ შველის.

ერთი თვეა თამაზი საერთოდ არ მინახავს. გამგებლის კაბინეტში მოხდაო [ჩხუბი], 20 დღეა გამგებლის კაბინეტში არ შევსულვარ, იმიტომ, რომ თბილისში ვიყავი.

  • კაჭრეთში რა ტრენინგს ესწრებოდით, ფოტომასალა გაქვთ, რითაც დაადასტურებთ, რომ გუშინ კაჭრეთში იყავით?

ტრენინგზე ვიყავი, ხომ პურის საჭმელად არ ვიყავი, ფოტოების მეტი რა გადაიღეს. არასამთავრობოები ატარებდნენ ტრენინგს. NDI-ი იყო ძირითადად. იქ ჩემს გარდა 30 კანდიდატი იყო. იქ ვიჯექი, სასტუმროში გაფორმებული ვარ. გამოვედი 4 საათზე. ჩამოვედი, ეზოში ვიდეოთვალიც არის, სადღაც ღამის 3 საათზე შევედი სახლში. გუშინ ვერ დავესწარი ბოტანიკურის გახსნაზე, არ გამომიშვეს იქედან – თქვენი დასწრება აუცილებელიაო. აქ რომ ვყოფილიყავი, რას დამაბრალებდნენ ვინ იცის.

6 შვილიშვილი მყავს, იმათ გეფიცები, კაცზე ხელი გავიქნიო, ცხოვრებაში არ მიფიქრია. ეს სისულელე რამ დააწერინა ამ კაცს. მამას ვიცნობდი, ჩემი მეგობარი იყო, მართლა კაცი იყო. ეს ვინ ყოფილა ესა… გადაყვეს უნდა მიშას. ჩემზე დიდი თანამდებობა ხომ არ ჰქონია, რაც იყვნენ, მე ვიცნობ მაგათ ყველას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: