მთავარი,სიახლეები

„თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად მინიმალური დოკუმენტაცია იქნება საჭირო“ – ჯაბა ფუტკარაძე

31.07.2020 • 3099
„თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად მინიმალური დოკუმენტაცია იქნება საჭირო“ – ჯაბა ფუტკარაძე

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართული სხდომის შემდეგ აჭარის ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თურქეთში სეზონური დასაქმების შემთხვევაში რა დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ მოქალაქეებს.

მინისტრმა ზუსტად ვერ დაასახელა კონკრეტულად რა საბუთები დასჭირდებათ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმებისთვის, იგი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა:

„როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ჩართული არიან ჩვენგან როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან სპეციალისტები და ჩვენ შევძლებთ უკვე უახლოეს დღეებში მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ მობილიზება ჩვენი თანამოქალაქეების. ვფიქრობ, რომ როგორც კი სეზონი შევა ძალაში, მათ შესაძლებლობა მიეცემათ… აქაც უნდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად მინიმალური დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე მათ მიეცემათ მეზობელ ქვეყანაში დასაქმების საშუალება“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი – ამის შესახებ 27 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ამის შემდეგ თურქეთში გადასვლის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ განახლებულა და, ასევე, არ დაკონკრეტებულა, სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც 3 თვით სურთ თურქეთში სამუშაოდ წასვლა.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასაც დაუკავშირდა. მთავრობის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ დამსაქმებელი თურქეთში საქართველოს საკონსულოში უნდა მივიდეს და იქედან გამოაგზავნის მოწვევას. მეტი დეტალების გასარკვევად მთავრობამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვები წერილობით გადავუგზავნეთ, თუმცა, მოგვიანებით გვითხრეს, რომ დეტალების დასაზუსტებლად აჭარის მთავრობისთვის მიგვემართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში სამთვიანი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება კი იქნა მიღებული, თუმცა „საჭირო გახდა ბევრი დეტალის დაზუსტება. უახლოეს დღეებში ველოდებით მთავრობის შესაბამის დადგენილებას, სადაც ყველა დეტალი იქნება გაწერილი“.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. თურქეთში საქართველოს მოქალაქეები არამარტო სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, ასევე, სამომხმარებლო სექტორში მუშაობდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: