მთავარი,სიახლეები

„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში

31.07.2020 • 3094
„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში

აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედლებში რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ადგილით გერმანიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან თუ საფრანგეთიდან დაინტერესდებოდნენ ტურისტები. მაღალმთიანი აჭარის ეს სოფელი ხულოშია, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. მეზობლის სახლი რომ დაინახო, გორიდან გორაზე უნდა გადახვიდე. სოფლის სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი, ტყეები და ადგილზევე მოყვანილი პროდუქტი ქედლების და ზოგადად, აჭარის სოფლების ტურისტული მიმართულების მთავარი სიკეთეებია.

ბაბუის სახლის ახალი სიცოცხლე

იამზე მელაძე მეუღლის ბაბუისეულ სახლში რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ზაფხულობით მიდიოდა ოჯახთან ერთად, მერე საცხოვრებლადაც აქ გადმოვიდნენ. თავიდან საკუთარი სახსრებით, შემდეგ კი ევროკავშირის პროგრამით საოჯახო სასტუმროც მოაწყვეს მეორე სართულზე, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ.

იამზე მელაძის „კარათი“ რამდენიმე წლის წინ პირველი საოჯახო სასტუმრო იყო სოფელ ქედლებში. როგორც მან გვითხრა, მაშინ არავის სჯეროდა, რომ მთებში ჩამალულ პატარა სოფელში ტურისტები უცხოეთიდან ჩამოვიდოდნენ. იამზეს წარმატებული საოჯახო სასტუმროს ამოქმედების შემდეგ ახლა ქედლებში 15 საოჯახო სასტუმროა.

იამზე მელაძის საოჯახო სასტუმრო „კარათი”. ხულო, სოფელი ქედლები.

„ვფიქრობ, ჩემი მისია ეს იყო, მეჩვენებინა თანასოფლელებისთვის, რომ აქაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო საქმის კეთება ისე, რომ კარგად იცხოვრო. მინდოდა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ შეგვიძლია აქაურობის საინტერესო მხარეების ჩვენება, ამის პოტენციალი გვაქვს“, – ამბობს სასტუმროს მეპატრონე.

იამზეს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 7 სტუმარი სასტუმროს სამ ნომერში. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში რბილი ავეჯი და ტექნიკა შეიძინა, ეზო კეთილმოაწყო.

ოჯახს დიდ ნაკვეთზე მოჰყავს ყველა სახის სეზონური ბოსტნეული, ხეხილი, ჰყავთ ქათმები. როცა ტურისტები აქ მოდიან დასასვენებლად, იამზე მათ უგემრიელეს ადგილობრივ კერძებს სთავაზობს, თუმცა გვეუბნება, რომ ძალიან ხშირად სტუმრებს ურჩევნიათ ბოსტანში თავად მოიძიონ რაც სურთ და დაამზადონ, ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ – ბევრს უბრალოდ არასდროს დაუკრეფია კიტრი და პომიდორი საკუთარი ხელით.

საოჯახო სასტუმრო „კარათის” მეპატრონე, იამზე მელაძე შვილთან ერთად.

იამზეს თანასოფლელებიც დასაქმებული ჰყავს საოჯახო სასტუმროში. დიდი ბოსტნის მოვლა-პატრონობაში დამხმარეები ჰყავს, მას კი საოჯახო საქმეებთან ერთად სასტუმროს მენეჯმენტი აბარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ დროსაც მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ იამზეს სასტუმრო 7 ადამიანზეა გათვლილი.

იამზეს სასტუმრო „კარათმა“ შარშან 100-მდე სტუმარს უმასპინძლა. წელს პანდემიის გამო ტურისტები არ ჰყავთ, მაგრამ მომავალი წლის იმედი აქვთ.  

საოჯახო სასტუმრო „კარათის” ბაღჩა და ბოსტანი.          

სოფლის ხის სახლი, კოცონი ეზოში და გიტარის ხმა

რამდენიმე წლის წინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სკოლის მოსწავლეების, ბესო და მარი თავართქილაძეების სახლში, სოფელ ძირკვაძეებში, გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა ამერიკელი მასწავლებელი ჯონ ბეინრეიდი. ჩამოვიდა და 9 თვე დარჩა. ჯონი ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა, მათთან ერთად თხრიდა კარტოფილს, მარგლიდა ლობიოს და თავადაც აკეთებდა ყველაფერს, რასაც მასპინძელ ოჯახში აკეთებდნენ ყოველდღიურად.

საქმე კი ბევრი იყო: ბაღჩა და ბოსტანი, ძროხები და ქათმები, სადილ-ვახშმების კეთება და ალაგება-დალაგება. სწორედ ჯონის დამსახურებაა, რომ 16 წლის მარი და 18 წლის ბესო ინგლისურად შესანიშნავად საუბრობენ. ჯონს სოფელ ძირკვაძეებში პერიოდულად მეგობრები ჰყავდა  სტუმრად ევროპის ქვეყნებიდან. მარი იხსენებს, რომ ამ დღეებმა წარუშლელი კვალი დატოვა მის მეხსიერებაში და დაავიწყა სიტყვა „უცხო“. იხსენებს, როგორ მღეროდნენ ერთად საღამოობით, კოცონთან, გიტარის ხმაზე, როგორ დადიოდნენ ერთად ლაშქრობებში და რამდენ რამეს სწავლობდნენ სრულიად უცხო ადამიანებისგან.

და-ძმა მიხვდა, რომ კომუნიკაბელურობა და ენის ცოდნა მათ საოჯახო სასტუმროს ამოქმედებაში დაეხმარებოდა. თუ აქამდე უბრალოდ მასპინძლობდნენ ჯონის სტუმრებს, ახლა ჰობი საქმედ აქციეს.

ტრადიციულ, აჭარულ ხის სახლში ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. საოჯახო სასტუმროს „ბაბანური“ ჰქვია.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანური”. ხულო, სოფელი ძირკვაძეები.

„გვინდოდა მეტ ადამიანს სცოდნოდა ხულოს სოფლების მაგიური ბუნების, ამ კუთხის ისტორიის შესახებ, თან თუ ამ ყველაფერს დედაჩვენის კერძების საოცარი გემო და სურნელი ემატება. მთავარია, გულწრფელად გინდოდეს, რომ შენთან შორიდან ჩამოსული ადამიანი ყოველი წუთით დატკბეს. ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ დაიძინებ, ისაუზმებ და წახვალ: ჩვენ ტურისტები დაგვყავს  ლაშქრობებში, გიდებიც ვართ: საქართველოს, ამ კუთხის ისტორიაზე ვუამბობთ, ერთად ვსადილობთ და ა.შ.“- ამბობს 16 წლის მარი.

18 წლის ბესო ამბობს, რომ მათთან თითქმის 1 წლით მცხოვრები ჯონის ევროპელი მეგობრების სტუმრობამ მათ დიდი გამოცდილება შესძინა:

„კომუნიკაბელურები გავხდით, ადრე ასე არ იყო. თითქოს ადამიანებს უფრო მარტივად ვუმეგობრდებით უკვე. ბუნებრივად გამოგვიმუშავდა უნარები, როგორ უნდა მიუდგე თუნდაც სრულიად უცხო ადამიანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ცხოვრებაში“.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანურის” მეპატრონეები, მარი და ბესო თავართქილაძეები.

ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში და-ძმამ საოჯახო სასტუმროსთვის ავეჯი, საჭირო ტექნიკა და სამზარეულო შეიძინა. ოჯახს ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და რძის ნაწარმის ყიდვა არ უწევს, ტურისტების სადილ-ვახშმის პასუხისმგებლობა ძირითადად მარის და ბესოს დედას აკისრია, თუმცა შვილები მას ეხმარებიან.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანურის“ სტუმრებს შეუძლიათ ბეშუმში დასვენებაც იმავე ფასად, როგორც „ბაბანურში“: მარის და ბესოს სახლი ბეშუმშიც აქვთ და თუ, დავუშვათ, ხუთი დღით დარჩებით სოფელ ძირკვაძეებში, 5 დღით შეგიძლიათ ბეშუმში წახვიდეთ.

საოჯახო სასტუმრო „ბაბანური“ წელს გაიხსნა და პანდემიის პირობებში აქ ახლა ადგილობრივ ტურისტებს ელოდებიან.

ყავა და საოჯახო სასტუმრო „ბაბანურის” ეზოში დაკრეფილი ხილი.

ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე სოფელ ძირკვაძეებში სულ 80 ოჯახი ცხოვრობს და როგორც და-ძმა ამბობს, ევროკავშირის პროგრამები, მსგავს ადგილებში ადამიანების დასაბრუნებლად და ადგილზე დასასაქმებლად უმნიშვნელოვანესია.

საოჯახო სასტუმრო „ქარავანი“ – ახალი საქმე საპენსიო ასაკში

ეთერ მელაძემ ხულოდან უამრავი ტრენინგი და სემინარი გაიარა ამ პროგრამის ფარგლებში, ფინანსები, ტურისტების მოზიდვა და საოჯახო სასტუმროს მენეჯმენტი რომ ესწავლა.

მისი საოჯახო სასტუმრო სახლი ხულოს ცენტრთან ახლოსაა და „ქარავანი“ ჰქვია.

სასტუმროდან არგინეთის მთის ულამაზესი ხედები იშლება, დიასახლისი გვეუბნება, რომ ამ ხედების გამო ტურისტები მათთან ხშირად დაბრუნებულან. 2015 წელს ოჯახმა 5000-ლარიანი გრანტი მიიღო პროგრამით – „აწარმოე საქართველოში“. ევროკავშირის პროგრამით კი სახლის მეორე სართული გაარემონტეს, მოაჯირები მოაწყვეს, ავეჯიც შეიძინეს და ტურისტებს ელიან.

საოჯახო სასტუმრო „ქარავანის“ მისაღები, ხულო.

ყაისაფა, სინორი, ბორანო, დოშორვა, ფხალლობიო, კაიმაღი და დაწნული ყველი – ეთერ მელაძე სტუმრებს საკუთარი პროდუქტებით უმასპინძლდება, შეკვეთის შემთხვევაში შეუძლია დაამზადოს განსხვავებული კერძებიც.

ზამთრობით, როცა ტურისტები ნაკლებად არიან ხულოში, ეთერ მელაძე ჭრელ წინდებს ქსოვს და ზაფხულში ჩამოსულ სტუმრებს ჩუქნის.

კანადა, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია – ევროპის ბევრი ქვეყნიდან ჰყოლიათ „ქარავანში“ ტურისტები. ეთერის შვილიშვილებმა  ინგლისური ენა იციან, თავად რუსული ესმის და ასე აგებინებენ ერთმანეთს.

„რა მაქვს სახლში? ყველაფერი! კარტოფილი, ქათმები მყავს, კვერცხს დებენ, ხილს და ბოსტნეულს არ ვყიდულობთ. ყველა სეზონის ხილი გვაქვს: მარწყვი მოილია, მერე ჟოლო მოვიდა, ჟოლო მოილია – ახლა ქლიავი შემოვა, მერე ვაშლი და მსხალი, ასე თანმიმდევრობით გვაქვს ყველაფერი ამ მცირემიწიანობის პირობებში“, – ამბობს ეთერ მელაძე.

პენსიის ასაკში საოჯახო სასტუმრო მისთვის სასიამოვნო საქმედ იქცა და უამრავი ფუნქცია შეითავსა. როგორც ეთერი გვეუბნება, რომ არა ევროკავშირის გრანტი, სახლს ვერ გაარემონტებდა, ახლა კი, როცა კომფორტი და სისუფთავე გარანტირებულია, სამომავლოდ გაცილებით მეტ ტურისტს ელოდება.

აუზი, პარკინგი – საოჯახო სასტუმროს განვითარების კიდევ უამრავი გეგმა აქვს ეთერ მელაძეს.

ევროკავშირმა, სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ხულოსთვის 2 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის [ENPARD], ხულოს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მოქმედებს. პროგრამას ადგილობრივ დონეზე ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელი (HMMR) და PMC კვლევითი ცენტრი. პროექტის ფინანსური კონტრიბუტორები არიან ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 2 მლნ ევროს, საიდანაც ერთი მლნ ევრო მიეკუთვნება საგრანტო კომპონენტს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა საოჯახო სასტუმროების: „ბაბანურის”, „კარათისა” და „ქარავანის” კეთილმოწყობა, ავეჯით აღჭურვა და რემონტი.

ბოლო მონაცემებით, არასასოფლო სამეურნეო მეწარმეობის, კერძოდ, სოფლად ტურიზმის განსავითარებლად გრანტის სახით 276 692 ევრო გაიცა, ხოლო ბენეფიციარების თანამონაწილეობამ 175 335 ევრო შეადგინა. საერთო ჯამში, 452 ათას ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. თითოეული ბიზნეს იდეის ავტორს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2-დან 60 ათას ევრომდე მოცულობის პროექტის დაწერა შეეძლო. აუცილებელი პირობა იყო ბიზესსაქმიანობა ეწარმოებინათ ხულოს მუნიციპალიტეტში და დარეგისტრირებული ყოფილიყვნენ იურიდიულ პირად. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით 71 პროექტი დაფინანსდა.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: