აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ორივე მათგანი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა.

55 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

მეორე გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს პირველ ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, 4-ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია დიაგნოზში.

ბოლო 24 საათში საქართველოში 6 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ამავე თემაზე: 

8 დღეში აჭარაში კოვიდით 18 ადამიანი გარდაიცვალა

 

კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა აჭარაში – 9 ოქტომბრის მონაცემები

9 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდდადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდსასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 პაციენტი. რეანიმაციაშია 39 პაციენტი.

კოვიდსასტუმროებშია 878 ინფიცირებული, მათ შორის, 95 არასრულწლოვანია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი მკურნალობს.

ასევე სამინისტროს ინფორმაციით, სტაციონარულ მკურნალობას შერეული პრინციპით დაემატა ორი სამედიცინო დაწესებულება, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი. ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია 85 საწოლი, მედცენტრში – 23 საწოლი.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 752 .

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5866, გარდაცვლილთა – 72. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 313 –  გარდაიცვალა – 6 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1338.

რომელ საწარმოს მიენიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა წესი, რომლითაც საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი. განისაზღვრა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოსთვის ნებადართული საქმიანობებიც.

საწარმოს, რომელსაც სურს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი, ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ეს ძირითადად ეხება საზღვაო ბიზნესს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 8 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათის დაწესებაზე, ხოლო მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებაზე.

სტატუსის მინიჭების წესი მთავრობამ 8 ოქტომბერსვე გამოაქვეყნა, რაც შეეხება შეღავათებს, ჯერ ოფიციალური დოკუმენტი გამოცემული არ არის.

ახალი წესის მიხედვით:

  • „საწარმოს, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, სტატუსის მქონე პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები  საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა;
  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი  ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართავს შემოსავლების სამსახურს;

სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება ასევე მიენიჭოს „არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელს საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;

ასევე საწარმოს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით“.

 

[toggle title=”საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები ნახეთ აქ“]

მუხლი 1.  ნებადართული საქმიანობის სახეები

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, გასწიოს შემდეგი სახის მომსახურება:

ა) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.2 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:

ა.ა) 58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;

ა.ბ) 58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა;

ა.გ) 58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;

ბ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 62 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები:

ბ.ა) 62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;

ბ.ბ) 62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;

ბ.გ) 62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;

ბ.დ) 62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;

ბ.ე) 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;

გ) ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;

დ) ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;

ე) ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;

ვ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;

ზ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება,  მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

თ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;

ი) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;

კ) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;

ლ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;

მ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);

ნ) ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია;

ო) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;

პ) გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, მათ შორის:

პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ (ბერბოუტ-ჩარტერი);

პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი;

პ.გ) გემის კაპიტნისათვის დამფრახტველთან შეთანხმებული რეისის ინსტრუქციების მიცემა;

პ.დ) სტალიური დროის დათვლა, დისბურსმენტის ანგარიშის ანალიზი და მართვა;

პ.ე) ტვირთთან დაკავშირებული მოთხოვნების, კომერციული, სამართლებრივი საკითხებისა და დაფრახტვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების (ჩარტერის) დავების მართვა;

პ.ვ) ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა-გაყიდვის მომსახურება;

პ.ზ) გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით გემთმომარაგება;

პ.თ) გემთმშენელობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექციების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად;

პ.ი)  გემის გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM) კოდექსთან, დროშისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებსა და საკლასიფიკაციო საზოგადოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

შენიშვნა: მოცემული დანართის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

მუხლი 2. შემოსავლები, რომლის მიღება არ იწვევს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა სხვა შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს.

[/toggle]

მთავრობამ განსაზღვრა იმ ხარჯების ნუსხაც, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა. ეს ხარჯებია:

[checklist]

  • საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი.
  • საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.

[/checklist]

„ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ ეს სტატუსი, ასევე, საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა საქართველოდან სამუშაოდ”, – აცხადებს გახარია.

ამ თემაზე:

“საერთაშორისო კომპანიის” სტატუსის მქონე კომპანიები საგასადახადო შეღავათებს მიიღებენ – გახარია

 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქედაში: 3 ათასი ლარის თამბაქო მომპარეს

ქედაში, სოფელ ახოში, ლევან დიასამიძის კუთვნილი თამბაქოს საწარმო გაქურდეს. ლევან დიასამიძე ქედის სოფელ ახოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.

„სახლის ეზოში მაქვს მოწყობილი თამბაქოს საჭრელი. დღეს, 9 ოქტომბერს, დილით რომ ვნახე, დაახლოებით 7 საათზე, გატეხილი დამხვდა, ეზოს მხრიდანაც ჰქონდა შესასვლელი და იქედან შესულან, დაახლოებით 3 ათასი ლარის ღირებულების თამბაქოა წაღებული… პოლიციელები მოვიდნენ და ექსპერტიზას ველოდებით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან დიასამიძემ.

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

როგორ შეძლებს თორნიკე რიჟვაძე და აჭარის მთავრობა შესრულდეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორი დღე – 6 და 7 ოქტომბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ ითხოვდნენ:

[checklist]

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით;
  • სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას;
  • წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას;
  • ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას;
  • ბავშვების სკოლაში დაბრუნებას;
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას;
  • საზღვრების გახსნას;
  • სამუშაო ადგილების დაბრუნებას.

[/checklist]

უშუამდგომლებს თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რა ფორმით და როგორ აპირებს ის ამ პრობლემების მოგვარებას, კონკრეტულად რომელი საკითხის მოგვარებაა უშუალოდ აჭარის მთავრობის პრეროგატივა და რა დროში გაეცემა პასუხები მოქალაქეთა კითხვებს – ამ კითხვებით აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მივმართეთ.

მათი ინფორმაციით, ჯერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ინდივიდუალური პრობლემების შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს, როდის და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხები.

7 ოქტომბერს, ორდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე სამსახურდაკარგულ 7 მოშიმშილეს და საპროტესტო აქციის მონაწილეთა ათ-ათკაციან ჯგუფებს შეხვდა მთავრობის სახლში.

შეხვედრების დასასრულს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთი თუთბერიძემ გვითხრა, რომ მას საბანკო ვალდებულებები აქვს, 10 ოქტომბრიდან ვადაგადაცილების გამო ჯარიმები დაერიცხება და  სესხის გაყინვას ითხოვს, სანამ მუშაობას არ დაიწყებს:

„შეხვედრაზე დამპირდნენ, რომ 2 დღეში დამიკავშირდებიან, თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდება, ვივლი ყოველდღე აჭარის მთავრობაში, სანამ ჩემი საჭიროება არ დაკმაყოფილდება“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქეთი თუთბერიძე „ბათუმელებთან“.

გიორგი გორგილაძე აქციის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ორი დღე შიმშილობდა და შიმშილობა გუშინ, 8 ოქტომბერს შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მთავრობისგან დაპირება მიიღო, რომ მათ პრობლემებს უახლოეს დღეებში შეისწავლიან და დაუკავშირდებიან. გიორგი ამბობს, რომ პასუხებს მაქსიმუმ ორშაბათისთვის ელის. 

გიორგის საბანკო ვალდებულება სესხის და პროცენტის ჩათვლით, როგორც ის გვეუბნება, 40 ათასი ლარია. ერთ-ერთ სამორინეში ტექნიკოსად მუშაობდა, იხდიდა ბანკის გადასახადს და რესურსი ცხოვრებისთვისაც რჩებოდა. მარტის შემდეგ სამსახური დაკარგა და 6 თვეა მისი შემოსავალი ყოველთვიურად სახელმწიფო კომპენსაცია: 200 ლარია. ეს დახმარებაც უწყდება და უსახსროდ რჩება.

„თავიდანვე მქონდა პროტესტი, მაგრამ არ მქონდა ფუფუნება პროტესტის ნიშნად მეთქვა უარი ამ კომპენსაციაზე, სამწუხაროდ. ვითხოვ ბანკის პროცენტების ჩამოწერას და სესხების გადავადებას, გაყინვას სამსახურების დაბრუნებამდე. ეს პროცენტები უსამართლობაა. 

უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ თუ რაიმე დაბალხელფასიან სამსახურს მაინც ვიპოვი, მთელი ჩემი სახსრები ბანკის პროცენტში არ წავა და შემიჩერდება ვალდებულება სამორინეების გახსნამდე. ჩვენ ვითხოვთ გვიშუამდგომლონ ბანკებთან, გაუყინონ სესხი ყველას, ვინც ეპიდსიტუაციის გამო სამსახური დაკარგა. უამრავ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, ჩვენ მარტო არ ვართ. პასუხებს მოვუცდით მაქსიმუმ ორშაბათამდე”, – ამბობს გიორგი. 

თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს შეხვედრისას გამოუცხადა, რომ რესურსი, რაც მთავრობას ამჯერად აქვს, ამ ეტაპზე შესაძლოა გაწვდეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს.

„თუ ვინმეს ილუზია გაქვთ, რომ ყველას პრობლემას გადავჭრით, ამის პირობას ვერ მოგცემთ. ვიმოქმედებთ შესაძლებლობის ფარგლებში”, – უთხრა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრისას აქციის მონაწილეებს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ნათია ლუაშვილმა, თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სახლში შეხვედრისას მიმართა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად არ იყვნენ მასთან მისული. მისი მოთხოვნაც ანალოგიური იყო – დროებით შეუჩერონ საბანკო ვალდებულებები ყველა მოქალაქეს, ვინც სამსახური დაკარგა პანდემიის გამო და დარჩა სახელმწიფო კომპენსაციის ამარა.

ნათია ლუაშვილს ამაზე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ ის მას ამის პირობას ვერ მისცემს, თუმცა აქციის მონაწილეთა საბანკო ვალდებულებების შესაძლო, ინდივიდუალური გადავადების საკითხს განიხილავს.

მოქალაქეთა ნაწილმა თორნიკე რიჟვაძესთან 7 ოქტომბრის შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრობლემების ინდივიდუალურად ჩანიშვნა და შემდეგ განხილვები შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძესაც შეხვდნენ 10 დღის წინ და პრობლემებიც ჩაანიშნინეს. დაპირების მიუხედავად მოქალაქეებს სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.

აჭარაში საწარმო ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშანს იყენებდა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. კერძოდ, პროდუქციის დაფასოება/რეალიზაცია ხორციელდებოდა ერთ-ერთი ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით.

საუბარია ყავა „სიმბადაზე“, რომლის შეფუთვა და სახელწოდება მიმსგავსებულია აჭარაში წარმოებულ ერთ-ერთი ცნობილი ყავის ბრენდირებასთან“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

 

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებს – ეს დასკვნა შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის, ბაზელის უნივერსიტეტისა და სან პაულოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაიდო. კვლევაში გააანალიზეს 92,664 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კლინიკურად და მოლეკულურად დადასტურებული ჰქონდათ Covid-19, გრიპის ვაქცინაციასა და Covid-19 შედეგებს შორის პოტენციური ასოცირების გასაგებად.

მკურნალობაზე დამყოლობის, სიკვდილიანობის და სოციო-დემოგრაფიული ფაქტორების ფართო დიაპაზონის კონტროლით ვნახეთ, რომ პაციენტები, რომლებმაც მიიღეს გრიპის ბოლო ვაქცინა, საშუალოდ 8%-ით უფრო ნაკლებად საჭიროებდნენ ინტენსიურ მკურნალობას; 18%-ით შემცირდა ინვაზიური სუნთქვითი მართვის საჭიროება და 17%-ით შემცირდა სიკვდილიანობა,” – წერია კვლევაში.

კვლევის ანალიზის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ის არის, რომ გრიპის ვაქცინა, რომელიც გაკეთდა Covid 19-ის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას ან გამოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ, კვლავ ასოცირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

„შესაძლოა, რომ ასეთი გვიანი აცრით გამოწვეული ბუნებრივი იმუნური პასუხი/რეაქცია, იწვევს SARS-CoV-2-ისგან უფრო სწრაფ და ეფექტურ გასუფთავებას, რაც ხელს უშლის ვირუსის პროგრესულ გავრცელებას ფილტვის ქსოვილების ქვედა უბნებზე ან/და ასუსტებს მასპინძლის უკონტროლო, დესტრუქციულ პრო-ანთებით პასუხს, რომელიც გვხვდება COVID 19-ის უფრო გვიან, ხშირად ფატალურ სტადიებში”, – წერია კვლევაში. 

კვლევის ავტორები წერენ, რომ მიმდინარე პანდემიის პირობებში, სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება და აგრესიული კამპანიის წარმოება მთავრობებისა და ჯანდაცვის პროვაიდერების მხრიდან იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას, ისეთი დროულია, როგორც არასდროს.

ამავეს მოწმობს აშშ-ში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა: “გრიპის ვაქცინაცია და COVID-19 სიკვდილიანობა აშშ–ში”.

კვლევის შედეგების თანახმად, გრიპის ვაქცინას ხანდაზმულ მოსახლეობაზე COVID-19 სიკვდილიანობის ნაწილში, პოტენციური დამცავი ეფექტი აქვს, რადგან დადგენილია, რომ COVID 19-ის პარალელურად ადამიანს შესაძლოა სეზონური გრიპიც შეეყაროს – (“COVID-19 პაციენტებში დაფიქსირდა სეზონური რესპირატორული ვირუსული თანაინფექციები, ყველაზე ხშირად გრიპი A და B”). შესაბამისად, გრიპის ვაქცინის გაკეთებას ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტური იყო  ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შესამცირებლად და ასევე, დადებითი ასახვა ჰპოვა ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულ ადამიანებში სიკვდილიანობის შემცირებაზე. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინის მიღება ამ შემოდგომაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე, არა მხოლოდ გრიპის რისკის შესამცირებლად, არამედ ჯანდაცვის სფეროში (პანდემიის გამო) ისედაც შეზღუდული რესურსების დასაზოგად.

გრიპის 135 000 ვაქცინა საქართველოში მიმდინარე თვეში შემოვა, მაგრამ მხოლოდ ისეთი რისკის ჯგუფებისთვის, როგორიცაა, პენსიონერები, ორსულები, დიაბეტის მქონე პირები და ა.შ. ხოლო მოსახლეობამ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის, თავად უნდა იზრუნოს ვაქცინაციაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინას სეზონური გრიპით დაავადების რისკი შეუძლია შეამციროს 60%-ით მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. შარშან სეზონური გრიპის ვაქცინა საქართველოში დეფიციტური იყო, ამაზე „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია მოამზადა. იყვნენ აცრის მსურველები, თუმცა ვაქცინა სააფთიაქო ქსელში არ იშოვებოდა.

რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020-2021 წლების სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის ოდენობა განისაზღვრა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გრანტის ოდენობა 45 ათასი ლარია.

დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ის პირები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლიან. გრანტის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე 2 250 ლარით განისაზღვრა.

როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია, დაფინანსების მოპოვება შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც, „თუ აღნიშნული პირი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში“.

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები სახელმწიფო პროგრამიდან დაფინანსებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

„იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო თანხა აღემატება სამაგისტრო გრანტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ“ – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მსურველებმა  განაცხადი სამინისტროში 12 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

რალფ ფაინსმა არმაზ ახვლედიანის მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერა

ცნობილი ინგლისელი მსახიობი რალფ ფაინსი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ არმაზ ახვლედიანს მხარდაჭერას უცხადებს.

მსახიობმა მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ვიდეო ჩაწერა.

“არმაზ, მოგესალმები. მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო შენი კამპანიისთვის. გასულ წელს ერთად გავატარეთ დრო. ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიცი, რომ შენ უხელმძღვანელებ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, პატიოსან და გულწრფელ კამპანიას ყველა მოქალაქის სახელით. გისურვებ წარმატებას და გიგზავნი მხარდაჭერას, კეთილ სურვილებსა და მეგობრობას,“ – ამბობს რალფ ფაინსი ვიდეოში, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” გამოაქვეყნა. არმაზ ახვლედიანი  „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში.

“ბათუმელები”  დაუკავშირდა არმაზ ახვლედიანს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გვითხრა, რომ რალფ ფაინსი რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მასთან მეგობრობა აკავშირებს.

რალფ ფაინსი თეატრისა და კინოს ცნობილი ინგლისელი მსახიობია. თამაშობს ფილმებში: „ინგლისელი პაციენტი“, „შინდლერის სია“, „ჰარი პოტერი“ [ლორდი ვოლდემორი] და სხვა.

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, თუმცა მთავარი ფაქტორი იყო დრო. რა ჩანს დღეს, როცა სოციალური მოთხოვნებით კონკრეტული ჯგუფები ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ?

ეს აჩვენებს იმას, რომ ადამიანები ჯანმრთელობის პრევენციის თვალსაზრისით ვირუსის არსებობას და თანაცხოვრებას მეტნაკლებად შეეჩვივნენ. ადამიანები აღარ არიან პანიკაში, ადამიანები მიხვდნენ, რომ უწევთ ვირუსთან თანაცხოვრება და თუ ისინი დაიცავენ შესაბამის პრევენციულ ზომებს, შეუძლიათ თავის დაცვა. ასევე საზოგადოება მიხვდა, რომ ვირუსმა განიცადა გარკვეული მუტაცია, ის განსაკუთრებით ვერაგი არ არის, თუ ხარ ჯანმრთელი და ახალგაზრდა, შეიძლება ვირუსი გადაიტანო, როგორც გრიპი… როგორც კი განელდა ჯანმრთელობის საფრთხე, წინა პლანზე წამოიწია სოციალური მხარის შედეგებმა, გამწვავდა ეს საკითხები, განსაკუთრებით იმ ტერიტორიულ ერთეულებზე, სადაც კონკრეტული შეზღუდვებია და ეს შეზღუდვები შემოსავლების წყაროებს ურტყამს, ამან გამოიწვია სწორედ უკმაყოფილება, საპროტესტო აქციები. თუ პანდემიის მასშტაბები გაიზარდა და მოედო სხვა რეგიონებს, ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდება, რასაც თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, ეს ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას.

  • ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით დააზარალა ეკონომიკა. ეს არ იქნება დამაჯერებელი ამომრჩევლისთვის?

პროტესტის განეიტრალებაში ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არის წარუმატებელი. ის არგუმენტები, რაც მათ მოჰყავთ, რომ „ჩვენ ვიყავით შეკავების ეტაპზე და ახლა გადავდივართ თანაცხოვრების ეტაპზე, ვცდილობდით, რომ სოციალური შეზღუდვები ყოფილიყო მაქსიმალურად ფრთხილი და მოზომილი“ – ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მუშაობს, მაგრამ ვერც წარმატებით მუშაობს. თუ უფრო მასშტაბური გახდება პანდემია და მივალთ ახალ კარანტინამდე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად წააგებს. ჯერ არ ვიცით ოქტომბრის ბოლომდე ასეთი მასშტაბური იქნება ეს შეზღუდვები, თუ არა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას აწყობს არჩევნების გადადება. პირიქით, მისთვის იდეალური იქნებოდა, საერთოდ 15 ოქტომბერს ჩატარებულიყო არჩევნები, რაც შეიძლება მალე, ვიდრე ეს სოციალური პროტესტი არ არის საყოველთაო, მასშტაბური და მხოლოდ წერტილოვანი პროტესტით შემოიფარგლება.

  • რამდენად მუშაობს სოციალური პროტესტი ამ დროს ოპოზიციის სასარგებლოდ? 

თუ ეს მუშაობს ხელისუფლების საზიანოდ, თითქმის ავტომატურად მუშაობს ოპოზიციის სასარგებლოდ. შესაძლოა, ამომრჩეველი სახლში დარჩეს, მაგრამ ეს არაა ერთადერთი რეაქცია. რეალურად, სახლში დარჩენა უფრო აწყობს ხელისუფლებას, რადგან გაბრაზებულმა ადამიანმა შესაძლოა გააძლიეროს ოპოზიციური რიგები.

  • ბათუმში კონკრეტული ჯგუფები გამოვიდნენ სოციალური მოთხოვნებით. აჭარის მთავრობა აქციის მონაწილეებს პრობლემების ინდივიდუალურ შესწავლას დაჰპირდა. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების ასეთი რეაქცია? 

ეს არის დროის გაწელვის და დამშვიდების ტაქტიკა, რადგან ობიექტურად ძალიან რთულია ინდივიდუალურად ამ პრობლემების შესწავლა და შემდეგ ამისთვის პოლიტიკის მორგება. ის, რომ ინდივიდუალურად შეისწავლიან ქეისებს, პრაქტიკულად განუხორციელებელია. ეს ფუჭად გასროლილი ტყვიის ამბავს ჰგავს, რომელიც რეალურ შედეგს არ მოიტანს. ადამიანები კიდევ უფრო გაღარიბდებიან.

  • ფიქრობთ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი გაიზრდება იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლოს? 

თუ შეზღუდვებს მოხსნიან, შედარებით დაიწყება მოძრაობა, ხალხი დასაქმდება, ეს არის მუდმივი, რუტინული პინგ-პონგის თამაში და ამ ვითარებაში ვიქნებით ახლა: ისევ იქნება პროტესტი, შემდეგ ხელისუფლებიდან დამამშვიდებელი რეაქცია, ისევ პროტესტი… ეს დაემსგავსება პინგ-პონგის თამაშს.

  • რამდენად ეცდება ხელისუფლება ისევ იმის ხაზგასმას, რომ პანდემიის პირობებში ეფექტური მართვა აჩვენეს? 

დღეს წავიკითხე ბატონი თენგიზ ცერცვაძის შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის და წამყვან ევროპულ ქვეყნების ხელისუფლებებზე მეტად ეფექტურად იქცევა, მან სიმძიმის ცენტრი გადაიტანა პრემიერზე და თქვა, რომ ეს არის, პირველ რიგში, ხელისუფლების და პრემიერის დამსახურება. ასე რომ, მაშველი რგოლი ხელისუფლებას ისევ ჰყავს.

  • ეს რამდენად გადამწყვეტი შესაძლოა იყოს ამ არჩევნებისთვის? 

ასე მკაცრად არ შემიძლია ამის თქმა, რომ გადამწყვეტი იქნება, მაშველი რგოლი არის, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოვა. მას უმრავლესობაში მოსვლის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის. ასე რომ, არჩევნებზე ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.

ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“

თუ აქამდე მასწავლებელს შეეძლო TEAMS-ში შეექმნა კლასი და ონლაინგაკვეთილის მოდერატორიც მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა. მასწავლებლებისთვის ონლაინკლასები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა და კლასში შემოსვლის უფლებასაც ის ანიჭებს პირს. რატომ გახდა საჭირო სამინისტროს ჩარევა და რა შეიცვალა ტექნიკურად ონლაინგაკვეთილებზე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს ესაუბრა. ის ამავე დროს თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დირექტორიცაა.

როგორც თამარ ლოსაბერიძემ გვითხრა, ერთი კვირის წინ ტექნიკური ტრენინგი სკოლების IT სპეციალისტებს ჩაუტარა, სწორედ ეს პირები არიან პასუხისმგებელი, დაატრენინგონ სკოლის მასწავლებლები და დაეხმარონ მშობლებსაც.

თამარ ლოსაბერიძის თქმით, მასწავლებლებმა და მშობლებმაც პირველი ეტაპის შემდეგ „თიმსში“ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ტექნიკური დეტალები, რაშიც მათ სხვების დახმარება სჭირდებათ.

„ყველაზე გავრცელებული პრობლემა პაროლების აღდგენაა. ერთ დღეს რომ შეიყვანს მოსწავლე პაროლს, მეორე დღეს ავიწყდება. აღუდგენ, ისევ ავიწყდება. დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ ბავშვები პაროლის აღდგენას, მშობლებსაც სჭირდებათ დახმარება.

თუკი eschool-ის საინფორმაციო მართვის სისტემაში მოსწავლისა და მშობლის შესაბამისი ინფორმაცია, ტელეფონი და კომპიუტერის კოორდინატები არ არის ზუსტად მითითებული, მაშინ პაროლის აღდგენაც რთულია, რადგან ანგარიში ავტომატურად არ ენიჭება მომხმარებელს,“ – ამბობს თამარ ლოსაბერიძე.

მისი თქმით, Microsoft-ის (office 365) ანგარიში დაცულია და უცხო პირები ვერ შეაღწევენ.

„რადგან 13 წლამდე მოსწავლეს არ შეუძლია ჰქონდეს თავისი ელექტრონული ფოსტა, ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი უსაფრთხოების სისტემების გამოყენება. „თიმსში“ დარეგულირებულია კიბერუსაფრთოების საკითხიც. ამიტომ, თუ მოსწავლე მაინც გადაწყვეტს, რომ სადმე დარეგისტრირდეს ამ ფოსტით, სოციალურ ქსელში ან სხვა პორტალზე, ვერ შეძლებს ამ ფოსტის გამოყენებას, რადგან დაცული ქსელია,“ – გვითხრა თამარ ლოსაბერიძემ.

როგორც ის ამბობს, „თიმსში“ შექმნილ კლასში მოსწავლე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ნახავს, გარდა იმისა, რასაც პედაგოგი მოსწავლეებს გაუზიარებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლე ე.წ. „ბუქში“ მუშაობს, რომელსაც მას სახელმწიფო აძლევს.

როგორც ტრენერი ამბობს, Emis-ის მიერ მომზადდა არაერთი ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად ახსნილია როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა „თიმსის“ კლასი, ცალკეული ტრენინგების დროს კი ტრენერები მათ ინფორმაციის განმტკიცებაში ეხმარებიან.

„მასწავლებლებმა ისწავლეს როგორ შევიდნენ კლასში, როგორ წამოიწყონ ზარი, მარცხენა პანელზე განთავსებულია ვიდეოგაკვეთილებიც და ნაბიჯ-ნაბიჯ არის ნაჩვენები ყველაფერი. არსებობს NIKA BOT-ი, რომელსაც შეუძლიათ დაუსვან კითხვები და მიიღებენ პასუხს. სწავლობენ, როგორ ჩანიშნონ კალენდარი და ასე შემდეგ,“ – გვეუბნება თამარ ლოსაბერიძე.

კითხვაზე, თუ რატომ გახდა სამინისტროს ჩარევა აუცილებელი ონლაინგაკვეთილში, ლოსაბერიძე ამბობს, რომ ეს იმ უხერხულობებს უკავშირდება, რომლებიც პირველ ეტაპზე შეიქმნა ონლაინგაკვეთილების მსვლელობისას და სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.

იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეები უთიშავდნენ მასწავლებელს ეკრანს ან თვითონ ხდებოდნენ მოდერატორები და მასწავლებელი ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას.

სწორედ ამ „პირველი ცელქობების“ დროს, როგორც თამარი ამბობს, გამოჩნდა ჩარევის საჭიროება.

„ახლა მოსწავლეს შეზღუდული აქვს მოდერატორობის ფუნქცია, თუ მას სურს კითხვის დასმა, ხელი უნდა ასწიოს, ან პრეზენტაციას თუ აკეთებს, კონკრეტულ შემთხვევაში აძლევს მასწავლებელი მას უფლებას, გახდეს პრეზენტატორი, დასრულების შემდეგ კი ეს უფლება მოსწავლეს ისევ შეეზღუდება.

მოსწავლე ვეღარ შეძლებს გაუთიშოს მასწავლებელს მიკროფონი, თუ მას სურს რაიმეს თქმა, შეუძლია ჩართოს თავისი მიკროფონი. იძულებული გავხდით შეგვემუშავებინა ონლაინსაკლასო წესები, ისე, როგორც ეს კლასშია“.

რაც შეეხება მასწავლებლებს, როგორც ლოსაბერიძე ამბობს, მათ ახლაც შეუძლიათ დამოუკიდებლად შექმნან კლასი „თიმსში“, თუმცა „ემისის“ მიერ შექმნილ კლასში ის ბევრად დაცული იქნება მსგავსი ტიპის უხერხულობისგან და რისკებისგან, მასალების წაშლისგან.

შეიცვალა ისიც, რომ „ემისის“ მიერ შექმნილ კლასში დირექტორს მიეცა გაკვეთილის მონიტორინგის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორს შეუძლია ყველა გაკვეთილს დაესწროს და ნახოს, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი.

„მე, როგორც დირექტორმა, ყველა ჯგუფში ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ვიყო ჩამატებული. ეს ნიშნავს, რომ მე ვხედავ იმ მასწავლებლების საქმიანობას, ვისაც დამატებული ვყავარ. ვხედავ რამდენი ბავშვი შემოდის, ვინ შემოდის, ვინ – ვერა,“ – ამბობს თამარ ლოსაბერიძე.

კითხვაზე, ხომ არ შეუქმნის ეს მასწავლებელს გარკვეულ დისკომფორტს, როცა იცის, რომ შესაძლოა მის გაკვეთილს ვიღაც უთვალთვალებს, ლოსაბერიძე ამბობს, რომ ამ თვალთვალს, ანუ როგორც თვითონ ამბობს „უხილავ მონიტორინგს“ მხოლოდ მასწავლებლის დახმარების მიზანი აქვს.

„ეს არ არის სადამსჯელო მონიტორინგი, ეს არის მეგობრული, „უხილავი მონიტორინგი“, რომლის მიზანიც არის მხარდაჭერა, ტიპიური შეცდომების აღმოჩენა და გამოსწორება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ესთეტიკურ გამოჩენას ეკრანზე. ვამოწმებთ, რომ არ იყოს ძალიან ახლოს ეკრანთან, ფონზე არ ჩანდეს რაიმე უხერხული მომენტები, იცით ხომ, ბევრი ოჯახური კურიოზი იყო პირველ ეტაპზე, ამიტომ ამ „უხილავი“ კეთილგანწყობილი მონიტორინგით ვეხმარებით მასწავლებელს“, – ამბობს თამარ ლოსაბერიძე.

თუ ვინ ესწრება მის გაკვეთილს, ამის დანახვა მასწავლებელს გაკვეთილის პროცესშიც შეუძლია და გაკვეთილის შემდეგაც, თუკი დამსწრეების მონაცემებს ჩამოტვირთავს.

მონაცემებში მასწავლებელს ასევე შეუძლია დაინახოს, ვინ შემოვიდა, რამდენი ხანი დაჰყო ან როდის დატოვა გაკვეთილი.

___________________________________

მთავარ ფოტოზე: თამარ ლოსაბერიძე/ტრენერი, სკოლის დირექტორი.

ვის უჩვენებს „ოცნების“ აქტივისტი შუათითს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანიდან

„ხელვაჩაურის მერის მოადგილის სამსახურებრივი ავტომანქანით „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი – მანუჩარ რიჟვაძე გადაადგილდება. მას დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე, დილის 11 საათზე შევხდით და ფოტოები გადავუღეთ,“ – ამბობს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე. მან გვაჩვენა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საჭესთან არჩილ ბარამიძე არ ზის.

არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის მოადგილეა, ხოლო ფოტოზე დაფიქსირებული მსუბუქი ავტომანქანა ნომრით OO-568-FO ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ერთ-ერთ ფოტოზე საჭესთან მჯდომი პირი შუათითს აჩვენებს მას, ვინც ხელვაჩაურის მერიის ავტომანქანას ფოტოს უღებს.

მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, მანუჩარ რიჟვაძე, ვისაც ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანის საჭესთან ფოტო გადაუღეს, თორნიკე რიჟვაძის ბიძაშვილია. მანუჩარ რიჟვაძეს თორნიკე რიჟვაძესთან გადაღებული ფოტოებიც აქვს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული, თუმცა დღეს მან ფეისბუქგვერდი წაშალა.

„დიახ, ეს ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანაა, მოქალაქე მანუჩარ რიჟვაძე საჭესთან აუზის გასახსნელად დაჯდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ. არჩილ ბარამიძე ადასტურებს, რომ საჭესთან ნამდვილად მანუჩარ რიჟვაძე ზის, თუმცა ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი არ არის. არჩილ ბარამიძემ ასევე გვითხრა, არ ვიცი, მანუჩარ რიჟვაძე თუ თორნიკე რიჟვაძის ნათესავიაო. თუმცა დასძინა, რომ მანუჩარი მისი მეგობარი ან ნათესავი არ არის.

ხელვაჩაურის მერიის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხელვაჩაურის მერის მოადგილე გადაადგილდება

თუკი ხელვაჩაურის მერის მოადგილის მონათხრობს დავუჯერებთ, ხელვაჩაურის სოფლიდან მერიაში ფეხით მისული მოქალაქე დაჯდა მერის მოადგილის ავტომანქანის საჭესთან საწვავის ავზის გასაღებად.

მანუჩარ რიჟვაძე ამჯერად ხელვაჩაურის მერიის სხვა ავტომობილის ფონზე. ის ქართული ოცნების კანდიდატების საარჩევნო კამპანიას ესწრება სოფელ ჩხუტუნეთში.

„წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ახალშენის თემში ძალიან ბევრი, ჩვენ ვიყავით რამდენიმე ლოკაციაზე გასასვლელი, ამ დროს ვიდექით საწვავის შესავსებად რიგში და მე გადავედი მიმდებარედ მაღაზიაში, მანუჩარ რიჟვაძე არის მოქალაქე, რომელიც მე მიმყავდა ავტომანქანით ახალშენში… მასთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა და მივდიოდით დასათვალიერებლად, რო გაწმენდილიყო ტექნიკით… მე რომ გავედი მაღაზიაში, ამ დროს მოვიდა ჩემი რიგი და ის დაჯდა საჭესთან, რომ გაეხსნა ავზი, მაშინ გადაუღეს ეს სურათი, როგორც ვიცი. მანუჩარ რიჟვაძე ახალგაზრდულს ნამდვილად არ ხელმძღვანელობს, როსტომ ბერიძეა ახალგაზრდულის ხელმძღვანელი,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის თქმით, მას მანუჩარ რიჟვაძის საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვს. მანუჩარ რიჟვაძესთან დაკავშირების თხოვნით ხელვაჩაურის მერის რწმუნებულს მივმართეთ.

„მანუჩარი შტაბში უნდა მოიკითხოთ, შტაბში…“ – გვიპასუხა ანზორ კახიძემ, ის ხელვაჩაურის მერის რწმუნებულია ახალშენის თემში. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, რომელ შტაბში მოგვეკითხა მანუჩარ რიჟვაძე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანზორ კახიძემ დააზუსტა, რომ ჟურნალისტს ესაუბრებოდა, თქვა, რომ მანუჩარ რიჟვაძეს ის საერთოდ არ იცნობს და „ასეთი ვინმე ახალშენში საერთოდ არ ცხოვრობს“.

 

ფეისბუქში ჯერ კიდევ იძებნება მანუჩარ რიჟვაძის კიდევ ერთი გვერდი, სადაც ჩანს, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირია და პარტიული დროშების ფონზე რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული. ამ გვერდზე ვერ ნახავთ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ამავე გვერდიდან ჩანს, რომ მანუჩარ რიჟვაძის საქმიანობა „ოცნების ქალაქს“ უკავშირდება.

„ოცნების ქალაქში“ მანუჩარ რიჟვაძის გახსენება არ გაუჭირდათ. აქ გვითხრეს, რომ მანუჩარ რიჟვაძე პანდემიის დროს, მარტსა და აპრილში, „ქართული ოცნების“ აქტივისტის სახელით საკვებ პროდუქტებს არიგებდა.

„გაგვეცნო, როგორც ბიზნესმენი და „ოცნების“ მხარდამჭერი… აქ რამდენჯერმე იყო და საკვები პროდუქტები დაარიგა,“ – გვითხრეს „ოცნების ქალაქში“.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ხელვაჩაურის მერიის ავტომანქანა პარტიულ შეკრებას ან მმართველი პოლიტიკური გუნდის აქტიურობას უკავშირდება. 24 სექტემბერს ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით „ქართული ოცნების“ პარტიულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რაც კანონდარღვევაა. ამ პარტიულ შეხვედრას ესწრებოდა მანუჩარ რიჟვაძეც.

____

ამ თემაზე

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

 

 

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია.

ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება.

„ამ ვადამ გადაიწია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას 20 ნოემბრამდე შეასრულებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

„ჩვენ ნაწილ-ნაწილ ახლაც შეგვიძლია გზის სავალ ნაწილზე მონიშვნების გაკეთება, თუმცა, ამას ვარჩიეთ ერთიანად გაგვეკეთებინა. აქ საგზაო ნიშნებია შესაცვლელი [სამუშაოები ამ კუთხით, როგორც ვიცით, დაწყებულია], ასევე, რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო – სანიაღვრე არხების მშენებლობა და სხვა. ამას სხვა სამსახურები აკეთებენ, როგორც კი დაასრულებენ, ჩვენც დავიწყებთ გზებზე მონიშვნების დახაზვას. სხვა რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი არ გვაქვს“, – გვითხრეს ტენდერში გამარჯვებულ შპს „მიონი დეველოპმენტში“.

ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ცალმხრივი გახდება გორგილაძის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთები, ხოლო მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ შეიცვლება გორგასლის ქუჩის ნაწილზე.

„როგორც კი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება და მონიშვნების გაკეთება დასრულდება, შესაბამის ქუჩებზე ტრანსპორტი ახალი სქემით იმოძრავებს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილებაში.

დაგეგმილი ცვლილებით, ანუ ახალი სქემით:
  • გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით];
  • ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
  • გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება;
  • გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი  და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით;
  • გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით [ისევე როგორც დღეს არის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე].

„ბათუმელები“ ატარებს ონლაინგამოკითხვას – მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? 

გამოკითხვაში [8 ოქტომბრის მდგომარეობით] მონაწილეობა მიიღო სულ 1 115-მა პირმა. ხმები კი ასე ნაწილდება:

  • დიახ – 485 ხმა [43,5%]
  • არა – 477 ხმა [42,5%]
  • არ ვიცი – 153 ხმა [13,72%]

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი? – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას

 თამარ ჟამურაშვილი, პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების თანამშრომელი ფეისბუქზე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წერს: 

„მეორე ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ ისევ დაგვემატა ზაფხულში დროებით დახურული „კორონასთვის შექმნილი“ განყოფილებები… ისევ იწყება კოლეგების სხვა განყოფილებებიდან ჩვენთან გადმონაწილება… სისტემის მომზადების ბოლო აკორდებია და ხვდები როგორ მძიმდება ჰაერი… როგორ ნაცრისფრად და ბუნდოვნად გეჩვენება მოახლოებული თეთრი ზამთარი.

უსაფრთხობის და დაცულობის შეგრძნება ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს მედპერსონალისთვის. განაწილებული დავალებები, ყოველდღიური აპდეითი, რამდენი პაციენტი შემოვიდა, ამათგან რამდენი მძიმე, რამდენი საწოლია დარჩენილი და რომელ განყოფილებებში, რომელი კლინიკა ერთვება მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ეტაპზე თუ საწოლები აღარ გვეყო…

სისტემა თუ ხელს არ გიწყობს, თუ უამრავ განყენებულ პრობლემაზე გეფიქრება, რომელიც შენი მოსაგვარებელი არ არის და შესაბამისად, ვერც აგვარებ. თუ ყოველდღე შენი კოლეგები ინფიცირდებიან, იმიტომ, რომ ელემენტარული ღონისძიებები და ტრენინგები ჩატარებული არ არის, თუ ყოველ დღე სისტემის კოლაფსის გეშინია, შეუძლებელია პაციენტებზე და შენს ჭეშმარიტ დავალებაზე კონცენტრირების მოხდენა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მონოკლონური ანტისხეულები შეიძლება კვლევის ფარგლებში შემოვიდეს. ძალიან გამიხარდა! ისევე გამიხარდა, როგორც მაისში, როცა „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთო საქართველო. დღეს ოქტომბერია… კვირებია ვარკვევ, საქართველოს რომელი კლინიკები მონაწილეობენ კვლევაში და ვისთან შევიდა რემდესივირი? მოგეხსენებათ, ეს ერთადერთი დაშვებული მედიკამენტია COVID-19-ის სამკურნალოდ.

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე ეს მედიკამენტი?

რატომ არ ჩავრთეთ ამდენი პაციენტი კვლევაში და რატომ არ ვუმკურნალეთ პაციენტებს ერთადერთი დაშვებული მედიკამენტით?

რატომ დარჩა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობა?

როგორ შეგვიძლია კმაყოფილებით გათანგულნი და ამაყნი ვიყოთ იმის გამო, რომ „ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით საქართველოს მიეცემა საშუალება“… არც ეს რეკომენდაცია და არც თვითკმაყოფილება გადაგვირჩენს პაციენტებს.

ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით რატომ არ შევიძინეთ ინფლუენცას [გრიპის] მეტი ვაქცინა? 300 000 ერთეული მხოლოდ რისკჯგუფებს არ ფარავს, არა თუ ყველა დანარჩენს. ERS-კონგრესზე წარმოდგენილი მონაცემებით [იხილეთ სურათი] ბრაზილიაში 92 664 პაციენტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ COVID19 ინფლუენცა აცრილ პაციენტებში უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის. რატომ არ შევიძინეთ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა წელს მაინც?!

ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, რატომ არ შევიძინეთ HighFlow აპარატები, რომლებიც COVID19-ის სამკურნალოდ უბრალოდ (!!) აუცილებელია, ამ აპარატების გარეშე ძალიან სწრაფად ხდებიან პაციენტები საინტუბაციო, რაც, როგორც უკვე ვიცით, ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.

რატომ ვაკეთებთ ყოველდღიურად ასობით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ვასხივებთ ყოვლად უმიზეზოდ და უმიზნოდ პაციენტებს მსუბუქი მიმდინარეობით (რაც ონკოლოგიური დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის), ვხარჯავთ ამაში ფულს და არ ვატარებთ სინამდვილეში აუცილებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ღონისძიებებს?

აქ ხომ არ არის საუბარი პჯდ-ს ტრენინგზე, რომელიც მარტის მერე „იწყება“ და დღემდე, კახეთში, მაგალითად, მხოლოდ 7 ოჯახის ექიმია დატრენინგებული. აქ ხომ აღარ არის საუბარი ექიმთა უწყვეტ განათლებაზე და რეგულარულ ვებინარებზე.

საუბარია ერთადერთ მედიკამენტზე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება და ყველანაირი წინაპირობა არსებობს მისი შემოტანის. საუბარია სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადის აპარატებზე, 10 ინტენსიურ საწოლზე ერთი მაინც რომ შეგვეძინა, უკვე დაეტყობოდა ქართულ რეალობას და ვაქცინის არარსებობა კი მთელი ზამთარი დაგვეტყობა.

ეს პათოსი არ არის, ეს რეალობაა. დიდი ხანი ვიკავებდი თავს და ვიმედოვნებდი, არ მომიწევდა ასეთი შინაარსის ტექსტის დაწერა, მაგრამ ნელ-ნელა გვიანდება.

რატომ არის საუბარი იმაზე, რომ აჭარაში „მძიმე პაციენტების მართვა ჭირს“? რატომ განვიკითხავთ ბათუმის რესპუბლიკურს პაციენტის გადაწვენის გამო? იმისთვის, რომ ზამთრის ბოლოს მედპერსონალს დაბრალდეს პაციენტების „ვერ მართვა“, როცა სინამდვილეში სისტემა სრულიად არასტაბილური და მოუმზადებელია?!

იმედია, აწ დარჩენილი მწირი დრო სისტემის მომზადების ნაცვლად ჩემთვის წერილების წერაში არ დაიხარჯება. უდიდესი პატივისცემით, მაგრამ დრო აღარ ითმენს!

_______________

ტექსტი ქვეყნდება ავტორთან შეთანხმებით, სტილის დაცვით. 

საფრანგეთში ქართველი მოსწავლის დეპორტაცია აქციით გააპროტესტეს – ფრანგული მედია 

30 სექტემბერს საფრანგეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ სენ-ნაზარის პოლიციის მთავარ შენობასთან საფრანგეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს და საქართველოს მოქალაქე დედა-შვილის დეპორტაცია გააპროტესტეს – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

გამოცემის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სერგო ამოევი სენ-ნაზარში 23 სექტემბერს დააკავეს სახლში და დედასთან ერთად ქალაქ რენის იზოლატორში გადაიყვანეს. გამოცემისვე ცნობით, მეორე დღეს ორივე მათგანი საქართველოში დაადეპორტეს. ინფორმაციას ფრანგულ გამოცემასთან ადასტურებს სერგოს მასწავლებელი სენ-ლაზარის ანდრე ბულოშის პროფესიული ლიცეუმიდან.

ფრანგული მედიის ცნობით, ამოევების ოჯახი საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს 2018 წლიდან ითხოვდა, თუმცა თავშესაფარზე მათ უარი მიიღეს 2019 წელს.

19 წლის სერგო ამოევი სენ-ნაზარში დასთან და დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა.

სერგოს მასწავლებლის თქმით, დედა-შვილის დაკავების მომენტში სერგოს და სკოლაში იყო და ახლა მამასთან ერთად იმალება. მასწავლებლისვე თქმით, თავად სერგოს დაკავების დღეს ლიცეუმში გაკვეთილები არ ჰქონდა.

გამოცემასთან მასწავლებლები სერგოს ახასიათებენ როგორც სამაგალითო, დაინტერესებულ მოსწავლეს, რომელიც წარმატებული და  მონდომებული მოსწავლე იყო. მასწავლებლების ცნობით, მან სამოტივაციო წერილიც შეადგინა პროფესიული მიმართულებით რომ გაეგრძელებინა ნოემბერში სწავლა.

ანდრე ბულოშის ლიცეუმში, სადაც სერგო სწავლობდა, მასწავლებლები გამოცემა  franceinfo-სთან საუბრობენ, რომ მათ სკოლაში პროტესტი დიდია და ტრაურის მდგომარეობაში უწევთ სასწავლო პროცესის გაგრძელება.

„ყოველ ჯერზე, როცა კლასში შევდივარ, მის ცარიელ მერხს ვუყურებ“, – ამბობს სერგო ამოევის ინფორმატიკის მასწავლებელი მოჰამედ კისმი.

მასწავლებელმა ადგილობრივი მედიით განცხადებაც გაავრცელა, რომ მათ სკოლაში იგივე სცენარი კიდევ არაერთხელ განვითარდება, რადგან პრობლემები მუდმივად შეექმნებათ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახებსაც დაურეგულირებელი საემიგრაციო სტატუსი აქვთ.

„რამდენიმე დღეში სხვა მოსწავლეებსაც უსრულდებათ 18 წელი. და რა იქნება მერე? ხვალ კიდევ ერთი იქნება ასეთი. გამოდის, რომ ჩვენი სკოლოს კლასები ნელ-ნელა დაცარიელდება ამ ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ერთადერთი რამ სურდათ: მიეღწიათ აკადემიური წარმატებისთვის და მშვიდად ეცხოვრათ საფრანგეთში.

კი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, საფრანგეთში მათი ინტეგრაციისთვის, მაგრამ როგორც კი 18 წელი უსრულდებათ, ვეუბნებით, რომ წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან“ – ნათქვამია მასწავლებლის განცხადებაში.


მთავარ ფოტოზე: 30 სექტემბრის აქცია ქალაქ სენ-ნაზარში ქართველი დედა-შვილის დეპორტაციის გასაპროტესტებლად/ფოტო: Actu.fr

პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

აჭარაში კოვიდპაციენტებს, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 8 კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტებისთვის კი, ჯამში, 615 საწოლია გამოყოფილი [თუმცა, აქედან 80 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში – გათვლილია მხოლოდ იმ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ]. საწოლების რაოდენობა „ბათუმელებმა“ უშუალოდ კოვიდკლინიკებში გადაამოწმა.

615 საწოლიდან დღეს, 8 ოქტომბერს, დღის 2 საათისთვის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 78 საწოლი, აქედან: 31 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში, დანარჩენი 47 საწოლი კი, დანარჩენ კლინიკებში ერთად აღებული.

საწოლების რაოდენობა და თავისუფალი ადგილები აჭარის კოვიდკლინიკებში [8 ოქტომბრის დღის 2 საათისთვის]
  • „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ – სულ 180 საწოლი. თავისუფალი საწოლები, როგორც კლინიკაში გვითხრეს, დღის განმავლობაში არ რჩება. „შემომსვლელთა რაოდენობა აჭარბებს გაწერილი პაციენტების რაოდენობას. თითქმის ყველა კლინიკიდან, სადაც პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, აქ მოჰყავთ. როგორც კი გავწერთ პაციენტს, ვიღებთ სხვას“, – ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
  • „მედალფა“ – სულ 65 საწოლი. „შევივსებით, 64 წევს, 1 გზაშია და არ რჩება თავისუფალი საწოლი“, – გვითხრეს კლინიკაში.
  • „ბათუმის სამშობიარო სახლი“ – სულ 30 საწოლი. აქედან თავისუფალია 9 საწოლი.
  • „BROTHERS“-ი [ბაუ] – სულ 100 საწოლი. ყველა საწოლი დაკავებულია.
  • „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ – სულ 60 საწოლი, კლინიკის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოთავსებულია 50 პაციენტი და 5 პაციენტს ელოდებიან: „რჩება 5 საწოლი თავისუფალი“, – გვითხრეს კლინიკაში.
  • „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ – სულ 30 საწოლი. „წევს 26 პაციენტი, 4-ს გავწერთ, თუმცა გადაცემული გვაქვს ინფორმაცია და დარჩენილ 8 ადგილზე რამდენს მივიღებთ დღის ბოლომდე, ზუსტად ვერ გეტყვით“, – გვითხრეს კლინიკაში.
  • „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის ჰოსპიტალი – სულ 70 საწოლი. თავისუფალია 25 საწოლი.
  • „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – სულ 80 საწოლი. „ამ დროისთვის წევს 49 კოვიდპაციენტი. ჩვენ მხოლოდ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებს ვიღებთ, რომელთაც დაუდასტურდებათ კორონავირუსი, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. წინასწარ მობილიზება მოვახდინეთ, გვქონდა 50 საწოლი და 30 დავამატეთ, ამიტომ, ასეთი პაციენტებისთვის 31 ადგილი არის თავისუფალი“, – გვითხრეს კლინიკაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, აჭარში კოვიდკლინიკებში, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, მკურნალობს 472 პაციენტი, რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.

ამ თემაზე:

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

ბათუმში კოვიდით ინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, პაციენტმა ნაყოფი დაკარგა.

როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ფეხმძიმე ქალი ოთხი დღის წინ შევიდა კლინიკაში სამკურნალოდ.

„მეოთხე დღეს, როცა მონიტორინგს ვახორციელებდით, ბავშვის გულისცემა ისმოდა, საღამოს კი აღარ ისმოდა გულისცემა. გამოვიძახეთ ექოსკოპისტი და კვლევითაც დავადასტურეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდა გულისცემა. კონსილიუმით გადაწყდა, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და უნდა მოცილებულიყო“, – ამბობს ნუგზარ პაპავა.

მისი თქმით, ნაყოფი 26 კვირის (ანუ 6 თვის) იყო. როგორც პაპავა ამბობს, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. „მორალურად არის ცუდად, დათრგუნულია. სხვა მხრივ, ფიზიკური ჯანმრთელობის მონაცემები კარგი აქვს“.

სამშობიარო სახლის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე რთულია თქმა, თუ რამ გამოიწვია ნაყოფის დაღუპვა. „ამას მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს“, – გვითხრა მან.

ბოლო მონაცემებით ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსზე 21 ორსული ქალი მკურნალობს.

 

რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

მანანა ტარიელაძე 6 დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მის სამედიცინო მაჩვენებლებს ტელეფონით, დისტანციურად აკვირდება. მანანა ყოველდღე იზომავს სიცხეს და თავის მონაცემებს მკურნალ ექიმს აწვდის. აქვს სიცხე – 37 და მეტი. ექიმმა მანანას ანტიბიოტიკი, აზიმაკი დაუნიშნა. კოვიდინფიცირებული ექიმის რეკომენდაციით ამ ანტიბიოტიკს იღებს. კოვიდინფიცირებულ ქალს, სანამ კოვიდსასტუმროში გადაიყვანდნენ, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაც გადაუღეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მხოლოდ რთულ პაციენტებშია დაშვებული.

„ანტიბიოტიკები არ უნდა დაინიშნოს სავარაუდო COVID-19 პნევმონიის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მსუბუქ სიმპტომებს. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, რეკომენდებულია, გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ინფექციონისტისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი შეთანხმებით,“ – წერია კოვიდის ბინაზე მართვის პროტოკოლში.

ექიმი კარდიოლოგი, არითმოლოგი გურამ მაჩიტიძე მოქალაქეებს ურჩევს, თვითნებურად არ მიიღონ ანტიბიოტიკი. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ექიმთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობა რიგ შემთხვევებში შესაძლოა ზიანის მომტანიც კი იყოს.

  • ბატონო გურამ, რატომ არ არის რეკომენდებული კოვიდპაციენტების ანტიბიოტიკებით მკურნალობა?

კორონავირუსი, როგორც თავად მისი სახელწოდება გვეუბნება, ეს არის ვირუსული ინფექცია, ანტიბიოტიკები კი ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ არ გამოიყენება.

  • რა უკუშედეგი შეიძლება მოჰყვეს მკურნალობის მსგავს მეთოდს?

ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე. სამაგიეროდ, გარკვეული ბაქტერიები გამოიმუშავებენ იმუნიტეტს ანტიბიოტიკების მიმართ, ანუ სწავლობენ მას და როცა მართლა საჭირო ხდება ანტიბიოტიკის დანიშვნა, უკვე ვეღარ მუშაობს წამალი. ამ მოვლენას ეწოდება ანტიბიოტიკორეზისტენტობა და გახლავთ სერიოზული გამოწვევა თანამედროვე მედიცინაში. დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ინფექცია ხდება რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ. საუბარია ბაქტერიულ ინფექციებზე, ანუ ეს გახლავთ მზარდი პრობლემა მთელს მსოფლიოში. ანტიბიოტიკების უმიზეზოდ გამოყენება კი მხოლოდ ართულებს არსებულ სიტუაციას.

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი, ფიქრობენ, რომ თუ ანტიბიოტიკს მიიღებენ, ეს იქნება მათთვის  ერთგვარი დაზღვევა. ეს რამდენად სიმართლეა? რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. კოვიდპაციენტებს ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მეორადი ანუ თანდართული ბაქტერიული ინფექცია, რომლის დიაგნოსტიკას სპეციალური ტესტები, კლინიკური სურათი და კვალიფიციური ექიმის მიერ შეფასება სჭირდება. როგორც წესი, ასეთი მეორადი ბაქტერიული გართულებები გვხვდება მძიმე, სარეანიმაციო პაციენტების დაახლოებით 8-10 %-ში. ბინაზე სამართავ მსუბუქ შემთხვევებს და ასიმპტომურ პირებს არანაირი ანტიბიოტიკოთერაპია  არ სჭირდებათ. ეს მათ ზიანს მოუტანს და არა სარგებელს.

  • ზოგადად, ანტიბიოტიკების უკუშედეგზეც რომ გვითხრათ. ხშირად  ექიმის გარეშე თვითონ ინიშნავენ ადამიანები ანტიბიოტიკებს. რამდენად საშიშია ეს  და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს?

გარდა უსარგებლო ფინანსური ხარჯისა, გარდა იმისა, რომ ფულს ხარჯავენ ტყუილად, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ბაქტერიები გამოიმუშავებენ იმუნიტეტს ანტიბიოტიკების მიმართ და როდესაც უკვე ამ პაციენტს ან  თუნდაც სხვა პაციენტთან ჩნდება ანტიბიოტიკი, უკვე ბაქტერია, მიკრობი, არის შეჩვეული ამ ანტიბიოტიკს და ნაკლებ ეფექტურია მის მიმართ დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია. ეს ქმნის პრობლემებს მომავალში. უხშირესად გრიპი და გაციება მიდის მსუბუქად. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ სიცხის დამწევი მედიკამენტები. სითხის  ადეკვატური მიღება, თუ საჭიროა წოლითი რეჟიმი.

  • კოვიდის მართვის ქართულ პროტოკოლში გაწერილია კონკრეტული ჯგუფის ანტიბიოტიკები (დოქსიციკლინი, ამოქსიცილინი), რომელიც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს. რამდენად გამართლებულია ამ ანტიბიოტიკების შეცვლა სხვა მედიკამენტებით?

ვინაიდან, ჯერჯერობით, არ არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ეფექტი კოვიდ 19-ზე შესწავლილი, გაიდლაინი ვერ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციას. თუმცა არსებობს ორი მიდგომა. ექსპერტების ნაწილი ემხრობა ანტიბიოტიკების დაწყებას ზომიერი ან გამოხატული ჰიპოქსიის (ეს არის სისხლში დაბალი სატურაცია) დროს, ნაწილი კი მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული კლინიკური სურათის დროს. მაგალითად, თუ გვაქვს სისხლში გამოხატული ლეიკოციტოზი ან ინფილტრაცია რენტგენზე. ანუ ძალიან ფრთხილობენ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას ექსპერტები და ორად იყოფა მათი აზრი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აქ საუბარია მძიმე ან კრიტიკულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე.

აქ არ არის საუბარი მსუბუქ ან საშუალო და მით უმეტეს, ასიმპტომურ პირებზე. მათ არ სჭირდებათ ანტიბიოტიკი. კოვიდინფექციის მიმდინარეობა დაახლოებით 80 %-ში არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის, 15 % არის მძიმე და 5 %-ია კრიტიკული.

  • თქვენ ასევე საუბრობდით კომპიუტერული ტომოგრაფიის მიზანშეწონილობაზე. როდის უნდა გაუკეთდეს კოვიდინფიცირებულს CT? როდის არ არის რეკომენდებული?

კომპიუტერული ტომოგრაფია CT არის ძალიან ფართოდ გავრცელებული კვლევის მეთოდი თანამედროვე მედიცინაში, თუმცა კოვიდინფექციის სამართავად მას არ აქვს გადამწყვეტი როლი. ამის მიუხედავად ფართოდ იყენებენ. რატომ არ აქვს დიდი როლი კოვიდინფექციის სამართავად? პირველ რიგში, გულმკერდის ტომოგრაფიას ახასიათებს დაბალი სენსიტიურობა. ნორმალური CT კვლევა არ გამორიცხავს კოვიდ 19-ის არსებობას. შეიძლება პაციენტს  ჰქონდეს ფილტვების ნორმალური CT მონაცემი და მას მაინც ჰქონდეს კოვიდი. საუბარია მსუბუქ და ასიმპტომურ პირებში. მას ახასიათებს ასევე დაბალი სპეციფიკურობა. ანუ პათოლოგიური CT მონაცემი არ ნიშნავს აუცილებლად კოვიდ 19-ით ინფიცირებას. მსგავსი CT მონაცემი შეიძლება ჰქონდეს სხვა დაავადებებსაც.

აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაცია რადიოლოგიაში – ამერიკის რადიოლოგთა კოლეჯი არ გვირჩევს გულმკერდის CT კვლევას, როგორც Covid19-ის სკრინინგტესტს ან პირველი რიგის ტესტს უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებში. არამედ ისინი გვაფრთხილებენ, რომ ის უნდა იქნას შემონახული მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ CT კვლევის შესაბამისი კლინიკური ჩვენება. ანუ გვეუბნებიან, რომ გამოიყენეთ გულმკერდის CT კვლევა, ძალიან ფრთხილად, შერჩეულ პაციენტებში და არა მასობრივად. ყველას არ გაუკეთოთ კომპიუტერული ტომოგრაფია იმიტომ, რომ ბევრს არაფერს მოგცემთ და ხშირად იქნება არასაჭირო დასხივების შემთხვევები.

ანალოგიურად არც ერთ თანამედროვე კოვიდპროტოკოლში არ არის, რომ ასიმპტომურ, მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის პაციენტებს უნდა გაუკეთდეს CT კვლევა. CT კვლევა მოწოდებულია მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებში.

რაც შეეხება CT -ზე ფილტვების ანთების, ანუ პნევმონიის დიაგნოსტიკას, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა უბრალოდ CT გადაიღოს და თავი დაიზღვიოს, ხომ არ აქვს კოვიდი. ეს რატომ არ არის მიზანშეწონილი?

რომც ვიპოვოთ ფილტვის ქსოვილის ცვლილებები კატეზე, პირველ  რიგში, ეს არ ნიშნავს პნევმონიას. ეს არ არის ბანალური, ბაქტერიული პნევმონია, რასაც დასჭირდება ანტიბიოტიკი. სინამდვილეში  ეს არის ფილტვების ვირუსული დაზიანება, ანუ კოვიდ ინფექციით ფილტვების დაზიანება და ეს არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული ბაქტერიული პნევმონია.

მეორე რიგში, ეს არ ცვლის მკურნალობის ტაქტიკას და იგივე რჩება. თუ პაციენტს აქვს დაბალი სატურაცია, მას სჭირდება ჟანგბადი, თუ არ აქვს დაბალი სატურაცია, მას არ სჭირდება ჟანგბადი. პაციენტს აქვს ცხელება – მას სჭირდება პარაცეტამოლი. თუ არ აქვს ცხელება, არ სჭირდება პარაცეტამოლი.

მესამე და მნიშვნელოვანი – პაციენტი იღებს მაღალი დოზით დასხივებას. ერთი გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია უდრის დაახლოებით 200 გულ-მკერდის რენტგენს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამხელა დასხივებაზეა საუბარი. პაციენტს ადგება ზიანი. მის ჯანმრთელობას ვაყენებთ არასაჭირო ზიანს. და კიდევ ერთი. ტომოგრაფიის გამეორება კლინიკური გამოჯანმრთელებისას, ასევე არაფრის მომცემი არაა.

რაც შეეხება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ვისაც სჭირდება ჟანგბადი, ვინც იმყოფებიან სტაციონარში, მათთან კი, ნაჩვენებია ტომოგრაფიის გადაღება, თუმცა მისი კონტროლი ყოველ სამ-ოთხ დღეში და ხუთ დღეში ერთხელ, არაფრის მომცემი არაა. იმიტომ, რომ კოვიდინფილტრატების გაწოვას, საუბარია ფილტვებში ფილტრაციის არსებობაზე, ზოგჯერ სჭირდება ექვსი, რვა კვირაც კი და ასე ხშირ-ხშირად, ყოველ ხუთ დღეში ტომოგრაფიის გადაღებას, არანაირი აზრი არ აქვს. ეს გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ზედმეტ დასხივებას და  არანაირად არ გვიცვლის მკურნალობის ტაქტიკას.

ბანკები მზად არიან, სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაცია განიხილონ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბანკები მზად არიან სასტუმროების სესხების ცვლილების საკითხი განიხილონ.

„მე და ჩემს კოლეგებს გუშინ გვქონდა ონლაინშეხვედრა წამყვან ბანკებთან, საბანკო დაწესებულებებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგ ჯერზე მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის.

მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა [თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით] იმისა, რომ თუ კი მათ მიმართავენ მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები, საშუალო ზომის სასტუმროები… ზომას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ისინი მზად არიან კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია.

პარალელურად თქვენ იცით, რომ ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მაქსიმალურად მორგებულია წლევანდელ საჭიროებებს, ახლაც განხილვის პროცესში ვართ, კიდევ ხომ არ გავაკეთოთ მოდიფიკაცია, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მოცვა ამ პროგრამების ისევ და ისევ სასტუმროებისთვის.

ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სასტუმრო ინდუსტრიას და ამჯერადაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ პრობლემებს, თუ კი ასეთი პრობლემები წარმოიქმნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სოფელ ბეღლეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად სსიპ ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობა მოინახულა.

სოფელ ბეღლეთში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი შენობა, სკოლა გათვლილია 140 მოსწავლეზე, კეთილმოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზები.

სკოლის შენობა იქნება ადაპტირებული: მოეწყობა ლიფტი, სველი წერტილი და პანდუსი. მშენებლობა მიმდინარეობს ეკოლოგიურად სუფთა მასალებით.

მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ხულოს მუნიციპალიტეტში დანისპარაულისა და რიყეთის სკოლებიც მოინახულეს, სადაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს გაეცნენ და სწავლის განახლების მზაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

8 დღეში აჭარაში კოვიდით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერში, 8 დღის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის.

8 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 42 მძიმე პაციენტია რეანიმაციაში, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში.

დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 8 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 7 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 6 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 5 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 4 ოქტომბერი – 1 გარდაცვლილი
  • 3 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 2 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 1 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი

სექტემბერში ბათუმში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

აჭარაში Covid-19-ით სიკვდილიანობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელ ქვეყანაში

უცხოეთიდან ჩამოსული და იზოლაციაში მყოფი პირი აღარაა ვალდებული მე-12 დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს

საქართველოში უცხოეთიდან შემოსულ და იზოლაციაში მყოფ პირებს იზოლაციიის (კარანტინი, თვითიზოლაცია) მე-12 დღეს PCR ტესტირების ჩატარების ვალდებულება აღარ აქვთ.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი, მოქმედი კანონმდებლობით, იზოლაციაში თავსდება 8 დღით. იზოლაციაში მყოფ პირებს კი PCR ტესტირება უტარდებოდათ იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებდნენ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ. ამასთან, ისინი იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ PCR ტესტირება.

საქართველოს მთავრობის 7 ოქტომბრის ახალი დადგენილებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ და „იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ პირს იზოლაციის მე-8 დღეს უტარდება ტესტირება „კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებით დადგენილი წესით.

ამისთვის, მოხდება იზოლაციის მე-8 დღეს ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინო სივრცეების მიხედვით და მე-8 დღეს ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება, საკარანტინო სივრცეების დატოვების მიზნით.

ბათუმში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, გარდაიცვალა 52 წლის კაცი, რომელსაც დატვირთული ანამნეზი ჰქონდა, ასევე 62 და 84 წლის ქალები.

8 ოქტომბერს აჭარის რეგიონში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 230 ადამიანი.

ნონა ეფაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში ამჟმად მკურნალობს 472 ადამიანი, მათ შორის, 14 ბავშვია და 20 ორსული, რეანიმაციულ განყოფილებაშია 42 პაციენტი.

აჭარაში კოვიდსასტუმროებში იმყოფება 903 პირი, მათ შორის, 93 ბავშვია. ბინაზე მკურნალობას განაგრძობს 800-მდე ინფიცირებული.

 

კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 ოქტომბრის მონაცემები

8 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 472 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.  დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში თავისუფალია 66 საწოლი.
8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 903 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი პირი.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა – 8 ოქტომბრის მონაცემი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო მაჩვენებელია – 10 225.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 5553, გარდაცვლილთა – 66. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 318, გარდაიცვალა – 3.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5574 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვი სასტუმროებში – 1338.

 

ცეკვა ქართულს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ცეკვა ქართული“;

დაევალოს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 2020 წლის 7 ოქტომბერს შევიდა.

_____________

ფოტოზე: ცეკვა ქართული ანსამბლ „ერისიონის“ შესრულებით.

შერვაშიძეების ოჯახი ქედაში ევროკავშირის დახმარებით ბიზნესს აფართოებს

ქედაში ღვინის გზას თუ დაადგებით, მაღალ მთებში ჩაკარგულ სოფელ პირველ მაისში შერვაშიძეების მარანს აღმოაჩენთ. მაშინ, როცა 2006 წელს მუნიციპალიტეტში ჩხავერის ჯიშის ყურძნის აღორძინების პროგრამა დაიწყო, მამა-შვილმა, ნოდარ და ალეკო შერვაშიძეებმა გადაწყვიტეს 1,05 ჰექტარ მიწაზე 3 200 ძირი ვაზი გაეშენებინათ, მათ შორის: ცოლიკაური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი. მას შემდეგ შერვაშიძეების ოჯახის კარი ნებისმიერი სტუმრისთვის ღიაა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მთის ბუნება და ნატურალური ღვინო უყვარს – შერვაშიძეების მარანში მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ, მათ მიერ ჩამოსხმულმა ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა. მასპინძლები ყოველთვის იღებდნენ ტურისტებს, თუმცა ბოლო დროს მოჭარბებულმა ნაკადმა ბიზნესის გაფართოება მოითხოვა.

„ჩვენ საოჯახო სასტუმრო გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი ნომრით, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 6 კაცის მიღება შეგვეძლო, მოთხოვნა კი მაღალი იყო, აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა კოტეჯები“ – გვიყვება ალეკო შერვაშიძე.

ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ „ქედა ლიდერში“ ჩართვის შემდეგ გადაწყდა ვენახის ზვარში აშენებულიყო ოთხი კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელთა აივნებიდან საოცარი ბუნება იშლება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობებში. LAG მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და თანამონაწილეობას გულისხმობს. „ქედა ლიდერი“ აერთიანებს ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე კი განსაზღვრავს სოფლის განვითარების პრიორიტეტებს, ასევე შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს. სწორედ „ქედა ლიდერის“ მიერ გაცემული გრანტით აშენდა შერვაშიძეების მამულში კოტეჯები – ხის კონსტრუქცია, რომელიც სიძველის ეფექტს ქმნის, კეთილმოწყობილია. ნალიის ტიპის კოტეჯებში არის ყველა ის პირობა, რასაც მაღალი ტიპის სასტუმროები გვთავაზობენ.

შერვაშიძეების მარანს ყოველწლიურად, ჩვენი მონაცემებით, 5 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა მას არ ჰქონდა ადგილზე ღამისთევის სერვისი. ჩვენ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მათ შემოიტანეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 4 ერთეული კოტეჯის მოწყობას, რომლებიც დამზადდებოდა ტრადიციული ძველი ნალიისაგან, ხოლო შიდა ინტერიერი მოეწყობოდა ტურისტებისთვის მისაღებ სივრცედ, სადაც ჯამში 12 სტუმარს შეეძლებოდა ღამისთევის სერვისით ესარგებლა.  აღნიშნული სერვისი გააძლიერებს ლოკაციას, შესძენს დამატებით კონკურენტუნარიანობას და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს“, – ამბობს „ქედა ლიდერის“ წარმომადგენელი, გიორგი აბულაძე.

შერვაშიძეებმა ლაგის დახმარებით მშენებლობა დეკემბერში დაიწყეს და ზაფხულში დაასრულეს. კოტეჯების შთამბეჭდავი და საინტერესო ინტერიერ-ექსტერიერის გამო ოჯახის მარანს უკვე ბევრი ტურისტი ჰყავს სტუმრად. გარდა დამატებითი სასტუმრო ნომრებისა, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ვენახში მოეწყო ზიპლაინი. ისტორიისა და ბუნების მოყვარულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლები: საღორეთისა და ცივასულას ციხეები, მიწის ხიდი, ნეოლითური ხანის გამოქვაბული და რა თქმა უნდა, ქედის ველური ბუნება.

შერვაშიძეების მარანში განსაკუთრებულად მშვიდ ატმოსფეროს ჰქმნიან მასპინძლები, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ სტუმრების განწყობის შესაქმნელად. საღამოობით აქ შესაძლებელია დააგემოვნოთ სხვადასხვა ღვინო და აჭარული ტრადიციული კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში.

„ჩვენი კოტეჯები ტურისტებში აღფრთოვანებას იწვევს, ვინც დარჩენას ვერ ახერხებს, მათ მარანში დღის განმავლობაში სტუმრობისა და მამულის დათვალიერების საშუალებას ვაძლევთ. ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი კოტეჯები – ისინი უკვე შერვაშიძეების მარნის სიმბოლოა“, – ამბობს ალეკო შერვაშიძე.

შერვაშიძეების საოჯახო ბიზნესის ეფექტურ განვითარებაში დიდი როლი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ქედა ლიდერი“ და მის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) უკავია. აღსანიშნავია, რომ ქედის LAG-ი ერთ-ერთია საქართველოში არსებული თორმეტი LAG-დან. საერთო ჯამში, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა დააფინანსეს სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები  სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა.


პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ: „ფაქტები და მონაცემები“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები-ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეოისტორიები სრულად განთავსებულია კამპანიის გვერდზე  ჩემი სოფელი

აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?

უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში, ჯუმბერ ტაკიძე, პირველ რიგში, იმ ადამიანებზე ზრუნვას აპირებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქონება ჩამოართვეს ან უკანონოდ დააპატიმრეს. ჯუმბერ ტაკიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს პოლიციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1996-1998 წლებში კი, ის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯუმბერ ტაკიძე უმუშევარი დარჩა. ახლა იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს და „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ჯუმბერ ტაკიძე ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეორე ნომერია. „ბათუმელები“ მას წინასაარჩევნო გზავნილებზე ესაუბრა.

  • ბატონო ჯუმბერ, რატომ არის თქვენი ყოფნა უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანი, რა არის თქვენი წინასაარჩევნო გზავნილი? 

მე რასაც ვხედავ ბათუმში, ყველაფერი უნდა შევცვალოთ იქითკენ, რომ ეს ხალხს გამოადგეს. დღეს რაც ხდება, ყველაფერი ადგება ერთეულებს, სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. ორი ბაზრობა შემოვიარე დღეს და ხალხს აქვს სრული უნდობლობა ყველა პარტიის მიმართ, არავისი აღარ სჯერათ. ჩვენი სჯერათ, მაგრამ უმრავლესობას არ უნდა არაფრის გაგონება, რადგან მოატყუა ყველამ, მოატყუეს იმ პარტიებმა, რომლებიც აქამდე იყვნენ და დღემდე არიან.

  • ლოგიკური ხომ არაა ეს უნდობლობა იგივე  „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ, რადგან უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით შესული მერაბ ბლადაძე ამ პარტიას გაემიჯნა, ბათუმის საკრებულოში – არჩილ მამულაძემ დაგტოვათ. უმაღლეს საბჭოში დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი საერთოდ არ გამოცხადდა და დააჯარიმეს კიდეც… 

ეს პარტიის ბრალი კი არაა, ეს ბრალი პირდაპირ იმ ხალხში უნდა მოვძებნოთ, ვინც დატოვა ეს პარტია. თუ მიდიხარ პარტიაში და დგები იქ, სადაც უნდა დადგე, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რაღაც არ მოგეწონათ, ან მოგწონთ, პარტიასთან მოდი, მას ჰყავს თავისი ლიდერები, ლიდერებთან ერთად უნდა იბრძოლო ბოლომდე, რაც აი, მათ პრობლემაში არსებობს… ახლა ვიღაცამ პარტია დატოვა, მაგაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. პარტიის ბრალი არაფერი არ არის.

  • თქვენ რა პრობლემას გააქტიურებთ, თუკი უმაღლეს საბჭოში მოხვდებით? 

პირველი და უმთავრესი არის უსამართლობის განცდა, რაც აქვთ დღეს ადამიანებს. აჭარაში ვისაც ქონება დაკარგული აქვს ან უკანონოდ იყვნენ პატიმრობაში წინა ხელისუფლების დროს, პირველ რიგში, ამ ხალხთან გვექნება საუბარი და აგრეთვე იმ ხალხთან,  რომლებიც ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ, ესენი არიან ჩვენი ვეტერანები და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების  ყოფილი თანამშრომლები – ისინი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ გასული ხელისუფლების მხრიდან და ამ ხელისუფლებამაც არაფერი არ მოუგვარა, უპენსიოდ და უხელფასოდ დატოვეს.

  • უმაღლესი საბჭოს მანდატით კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ? 

ამას დაინახავთ, თუკი მოვხვდები… როდესაც გავიმარჯვებთ, შემდეგ მობრძანდით და გეტყვით, რას ვაპირებ… ჩვენ აჭარიდან დავიწყებთ და მივალთ ცენტრალურ ხელისუფლებამდე, რა თქმა უნდა.

  • თქვენი პარტია უფრო „ნაცმოძრაობის“ კრიტიკითაა დაკავებული, ვიდრე მმართველი პოლიტიკური ძალის. თქვენც გექნებათ მოსმენილი, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ სატელიტია. რა შეგიძლიათ უთხრათ ამომრჩეველს ამ კუთხით?

როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, გახსოვთ, რომ დიდი დამსახურება იყო ამაში ჩვენი პარტიისა. გახსოვთ ალბათ ციხის კადრები საიდან წამოვიდა… აქედან გამომდინარე, გარკვეული წლები შეიმჩნეოდა, რომ ერთ პოზიციაზე იდგნენ, მაგრამ თანდათან, საკადრო პოლიტიკამ ყველაფერი გააფუჭა, ის ძველი კადრები შემოიტოვეს, რომლებიც ხალხს აწამებდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ და ვართ დამოუკიდებელი ჩვენს პრობლემებსა და მიმართულებაშიც.

  • ამბობთ, რომ საკადრო პოლიტიკაა მთავარი პრობლემა. აჭარის რეგიონში რომელი თანამდებობის პირის დანიშვნა იყო პრობლემა, თქვენი აზრით? 

არ მინდა ახლა, მე ამაზე თავს შევიკავებ, მოვა დრო და მე თვითონ ვიტყვი ხმამაღლა.

  • არ მიიჩნევთ საჭიროდ ამომრჩევლის წინასწარ ინფორმირებას? 

ჩვენ ვაყენებთ ფაქტობრივად საქმის კურსში. ცოტა ტელევიზიების მხრიდან ვართ დაბლოკილები, ცენტრალური ტელევიზიები ისე შორიდან გვიყურებენ და არ აშუქებენ ჩვენს შეხვედრებს, ინტერვიუებს… ვიღაც იხდის ტელევიზიებში ფულს, რომ არ გააშუქონ ჩვენი მიმართულება ან „პატრიოტთა ალიანსი“ გაშუქდეს უარყოფით კონტექსტში.

  • „დოსიემ“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც თქვენი წინასაარჩევნო კამპანია კრემლისგან 8,5 აშშ ამერიკული დოლარით ფინანსდება. 

ეს არის ზღაპარი, რა უნდა გითხრათ?

  • რატომ გამორიცხავთ, რომ სიმართლე იყოს?

რუსეთს რაში სჭირდება ეს?… არ არსებობს ეს დაფინანსება, რა გვეტყობა დაფინანსებულის, ერთი შემოგვხედეთ. დაფინანსებული ვინცაა, შეხედეთ მათ ბილბორდებს, ადგილი აღარაა, რომ გავაკრათ ჩვენი რეკლამები, ადგილი აღარაა, იმდენი აქვთ გაკრული „ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“ და მისი განაყოფი პარტიების წარმომადგენლებს.

  • თქვენც გქონდათ ბილბორდი, მაგრამ ის ჩამოხიეს, რადგან აჭარა იყო მონიშნული, როგორც თურქეთისგან ოკუპირებული. 

ეს მხატვარმა შეცდომით დახატა. ჩვენი მიზანი ის კი არ იყო, რომ გამოგვეხატა ანექსია, არამედ ის, რომ მოსალოდნელია საშიშროება. დღევანდელ დღეზე არ იყო ეს მიმართული.

  • თქვენი ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ბათუმში ქართველების აღარაფერია და თურქები ხდებიან ყველაფრის მესაკუთრეები. ასეთი დეზინფორმაცია თურქულ ექსპანსიაზე არ გიქმნით უხერხულობას? 

თქვენ ხომ ბათუმელი ხართ? ხომ იცით, რა აქვთ მისაკუთრებული და რა – არა?… მაგალითად, არის ასეთი კომპანია „მეტრო“, გადაიხედეთ ბონის და ბარცხანის ტერიტორიაზე, ვისია ეს ტერიტორია, ვინ განაგებს და მიხვდებით ყველაფერს. გამოდით ქუთაისის ქუჩას გადახედეთ, მერე ბულვარის ბოლოში გადით… ეს შენობები, რაც მრავალსართულიანია, ყველაფერი თურქეთის მოქალაქის საკუთრებაშია. მაგალითად, „ეიფორია“ ვისია?

  • ანუ ფიქრობთ, რომ თურქული ბიზნესი საქართველოში საერთოდ არ უნდა შემოვიდეს? 

არა, ბიზნესი უნდა შემოვიდეს, მაგრამ საკუთრებაში არ უნდა იყოს გადაცემული, არც იჯარით არ უნდა მისცენ 50 წლით. იჯარით მივცეთ, მაგრამ ნახევარი საუკუნით არა. მივცეთ 10-წლიანი იჯარით და შემდეგ შევხედოთ, თუ უნდათ – უნდათ, თუ არა და კარგად იყვნენ.

გასაგებია, ეს არის თქვენი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ქონების მასობრივად შეძენას. სად დასტურდება ეს და თუ არ დასტურდება, რატომ არ გიქმნით ეს უხერხულობას?

თურქული ექსპანსია მარტო საკუთრების გადაცემა ხომ არაა? თქვენ კარგად იცით, რამდენი სკოლაა გახსნილი თურქული, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს. როგორ ამზადებენ იქ ჩვენს ქართველ ბიჭებს და გოგონებს, ეს უკონტროლოდაა დარჩენილი. დაახლოებით 10 -12 უნდა იყოს ასეთი სკოლა მთლიანად აჭარაში… გადამოწმებული მაქვს ეს მონაცემი, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს ახლა, რომ ზუსტად გიპასუხოთ.

  • 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, „პატრიოტთა ალიანსი“ საუბრობდა იმაზე, რომ 40 ათასი თურქი ცხოვრობს ბათუმში. ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ გვერდით ყოველი მესამე ბათუმში უნდა ყოფილიყო თურქი. თქვენი პარტიის ლიდერების გადმოსახედიდან, ბათუმელი ამომრჩეველი ასე მარტივ ტყუილსაც კი ვერ ხვდება. თქვენთვის რატომ არის  მისაღები ამომრჩევლის ასე დანახვა? 

მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, რადგან ზუსტად არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ… მეც წაკითხული მაქვს, მაგრამ 40 ათასი არისო, ამას არ იტყოდნენ. იტყოდნენ, რომ 40 ათასი თუ აგროვდა, მერე ისინი სხვა მოთხოვნებს წამოაყენებენო. 2 ათას თურქს ერთ დღეზე რომ გაუფორმეს მოქალაქეობა, ეს ალბათ გახსოვთ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა მათ ეს მოქალაქეობა და ეს იყო მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში. შესაძლებელია ამის გადამოწმება.

  • რატომ არ გადაამოწმეთ, როცა ესაა თქვენი პარტიის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი? ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც თქვენ პარტიის ლიდერები ამბობენ. 

ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა, ეს მოსალოდნელია, თუკი არ მივხედავთ ჩვენს მიწებს, ტერიტორიებს, სკოლებს, განათლების სისტემას… ჩვენ დიქტატორები კი არ ვართ, უცხოელები ვინც კანონიერად განაგებენ ბიზნესებს, არავითარი პრეტენზია არ გვექნება. რაღაც-რაღაცები გარიგებით აქვთ მიღებული, მიყიდული და ასე შემდეგ, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით.

  • დასაქმების თემაზე მინდა გკითხოთ: თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ ადამიანებს უფასოდ დაურიგებენ დანადგარებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება პლასტმასის ბოთლების, მუყაოს ყუთების, ლურსმნების დამზადება… რა გათვლებით იმუშავებს ეს პროგრამა და რამდენი დაიხარჯება ბიუჯეტიდან? 

როგორც ვიცი, სახელმწიფო გაიღებს ამისთვის ხარჯებს, დათვლილია ეს პროგრამა და დაანგარიშებული აქვთ ეკონომისტებს. ეს დანადგარი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა, სადაც შესაძლებელია წარმოება და მოწვეული იქნებიან სპეციალისტები, მუშები და ასე შემდეგ. ეს ადამიანები გადაიხდიან მხოლოდ საშემოსავლოს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ

როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა.

თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი თვალით თუ არა, ფოტოებზე მაინც გექნებათ ნანახი: ფერადი ტყეებით, წყალუხვი ჩანჩქერებით, ნაკადულებზე გადებული ბეწვის ხიდებით და ხავსმოდებული ლოდებით. სანამ ოქტომბრის გრილი დღეები დგას და ჯერ კიდევ არ აცივებულა, შეგიძლიათ ფოტოებზე ნანახ სინამდვილეში აღმოჩნდეთ. ამისთვის მხოლოდ საჭირო ნივთებით აღჭურვილი ზურგჩანთა, მაგარძირიანი, გამძლე ფეხსაცმელი და კარავი გჭირდებათ. თუ ეს უკანასკნელი თქვენთვის მოუხერხებელია ღამის გასათევად, შეგიძლიათ ეროვნული პარკების თავშესაფრებში, სასტუმროებში ან ახლომდებარე სოფლების საოჯახო სახლებში დარჩეთ. ასე არამხოლოდ შემოდგომის ტყეებით დატკბებით, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებასაც ახლოდან ნახავთ.

საით წავიდეთ?

მტირალა

მტირალას ნაკრძალით დავიწყოთ. ეს ბათუმთან ყველაზე ახლომდებარე ეროვნული პარკია. მტირალას მთა შავი ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და ყველაზე უხვნალექიანი ადგილია მთელ აჭარაში. სახელწოდება – „მტირალა“ სწორედ უხვნალექიანობას უკავშირდება. მტირალას დალაშქვრისას მარადმწვანე შქერის ბუჩქების ტყეს, კოლხურ და შერეულ ტყეებს, წიფლნარს და ცაცხვნარს გაივლით. შემოდგომაზე მტირალას პარკში წაბლი მწიფს.

მტირალას ტყე/ფოტო: მტირალას ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

გაგითევიათ მთელი დღის ლაშქრობის ბოლოს ხის ტურისტულ ქოხში ან კარავში? ეს მისტიური ღამეებია. კარვის წინ დანთებული კოცონით, შორიდან მოსული, ბუს ხმის ექოებით, იქვე შეგროვილი, ნაკვერჩხლებზე მოტკაცუნე შემწვარი წაბლის სურნელით და კოცონის ირგვლივ შენი უახლოესი მეგობრებით, რომლებმაც შენსავით იციან, რომ ძალიან რთული და დამღლელია ცხოვრება ბარში, მაგრამ ხანდახან თუ ერთად გაიქცევით მთაში, ყველაფერი ოდნავ მაინც შემსუბუქდება.

მტირალას ტყე/ფოტო: მტირალას ეროვნული პარკის ფეისბუქგვედიდან.

 

მაჭახელას ნაკრძალი

ეროვნული პარკის სტატუსი მაჭახელას 2012 წელს მიენიჭა. აქ ბუნება ხელუხლებელი და უნიკალურია. შეხვდებით მრავალწლოვანი უთხოვარის ხეებს, გადაშენების პირას მყოფი, კოლხური ბზის კორომებს და საერთოდაც, ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუვალი, უღრანი ტყეებითა და ბუჩქნარითაა დაფარული.

მდინარე მაჭახელას პარკში/ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა ბილიკი გაიაროთ, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიემართება. მაჭახელას ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ადგილზევე კარვების, ზურგჩანთის, საძილე ტომრებისა და ლაშქრობისთვის აუცილებელი სხვა საჭირო აღჭურვილობის დაქირავება.

ნაკრძალთან ახლოსაა საინტერესო ისტორიის მქონე სოფელი მაჭახელი, რომელიც ორადაა გაყოფილი. სოფლის ნაწილი თურქეთს ეკუთვნის, ნაწილი კი  – საქართველოს. თუ მაჭახელაში რომელიმე შემაღლებულ ადგილზე მცხოვრებს ესტუმრებით, აუცილებლად მოგართმევენ ყავას აივანზე, მოგაწვდიან ჭოგრიტს, გაგახედებენ თურქეთის მხარეს და მოგიყვებიან ნათესავებზე, რომლებიც საუკუნეზე დიდი ხნის წინ აღმოჩნდნენ შორს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

კინტრიშის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი ტბიყელის ბილიკიდან/ფოტო: კინტრიშის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

მდინარე კინტრიშის ხეობა თვალწარმტაცი ბუნებით მოგხიბლავთ. წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, ტბა ტბიყელი, თამარის თაღოვანი ხიდი და უძველესი ღვინის მარანი – ეს ყველაფერი არ არის, რაც კინტრიშის პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

ტბა ტბიყელი/ფოტო: კინტრიშის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

აქ ორი ტურისტული ბილიკია: ერთი მარტივი და ადვილად გასავლელი, რასაც 1 დღეშიც დაძლევთ, მეორე 2-3-დღიანი და შედარებით რთული. ნაკრძალში, როგორც მეცნიერები ათარიღებენ, დაახლოებით 2500  წლის უთხოვარის ხეებია.

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ბილიკებზე გზადაგზა საპიკნიკე და საკარვე ადგილებს ხვდებით. ბილიკების გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით.

ქობულეთის ეროვნული პარკი

აქ შეგიძლიათ ისპანის ჭაობი ნახოთ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ადგილია მთელ მსოფლიოში და მას რამსრის კონვენცია იცავს. შეგიძლიათ უიშვიათესი თეთრი ხავსის, სფაგნუმის მინდორზე გაიაროთ, მწერიჭამია მცენარე დროზერას და სამეფო გვიმრებს დააკვირდეთ, მერე კი ჭოგრიტით გადამფრენ ფრინველებს უთვალთვალოთ შემოდგომის ჯერ კიდევ მშრალ და უნალექო დღეებში. ქობულეთის ეროვნული პარკის დათვალიერება მხოლოდ ასეთ მშრალ და მზიან დღეებშია მიზანშეწონილი.

ისპანის ჭაობი ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე.

ტერიტორიაზე სამი ტურისტული ბილიკია. სამივეს გავლა ერთ დღეში შეიძლება. ასე რომ თუ ბათუმში ხართ, ბევრი ძალიან საინტერესო ადგილია შემოდგომაზე მოსანახულებლად. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ სანამ დაზამთრდება, უამრავი რამაა, რაც ჯერ არ გინახავთ და აუცილებლად შემოდგომაზე უნდა ნახოთ.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები შემოდგომაზე / ფოტო: ქობულეთის ეროვნული პარკის ფეისბუქგვერდიდან.

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ხვდება

თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, კაფე-რესტორნებში დასაქმებულები, მათ შორის მუსიკოსები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მეორე დღეა ითხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ვეღარ მუშაობენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მეორე დღეა პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ:

[checklist]

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით;
  • სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას;
  • წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას;
  • ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას;
  • ბავშვების სკოლაში დაბრუნებას;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას;
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას;
  • საზღვრების გახსნას;
  • სამუშაო ადგილების დაბრუნებას.

[/checklist]

თორნიკე რიჟვაძე დღეს, 7 ოქტომბერს, პროტესტის მეორე დღეს მოშიმშილეთა შვიდკაციან ჯგუფს შეხვდა, რომლებმაც გუშინდელი აქციის შემდეგ შიმშილობა გამოაცხადეს და ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ გაათენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ათ-ათკაციან ჯგუფებთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც აქციის მონაწილეები დათანხმდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რიჟვაძე პროტესტის მონაწილეთა ჯგუფების პრობლემებს ინდივიდუალურად ჩაინიშნავს და შემდეგ მოქალაქეები პასუხებს მიიღებენ.

რიჟვაძე ამ წუთებში მოქალაქეთა მესამე, ათკაციან ჯგუფს ხვდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ აქციის ყველა მონაწილე არ შეხვდება მთავრობის თავმჯდომარეს.

„შესაძლოა დღესვე დასრულდეს შეხვედრები და ყველამ დღეს მოასწროს შესვლა, შესაძლოა ეს გაგრძელდეს ხვალაც” – გვითხრეს პრესსამსახურში.

აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ნათია ლუაშვილის თქმით შიმშილობა დღეს აღარ გაგრძელდება, რადგან მათ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა შეძლეს.

„მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ. მოშიმშილეები, აქციის მონაწილეები აქ, მთავრობის სახლთან ვრჩებით მანამ, სანამ  პროტესტის ყველა მონაწილე არ შევა მთავრობის თავმჯდომარესთან და არ გააცნობს მას საკუთარ პრობლემებს” – ამბობს აქციის მონაწილე.

როგორ ამოვიცნოთ კანის სოკო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი წარმოქმნა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს კანის, ფრჩხილისა თუ თმის სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციების დიდი ნაწილი არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა დისკომფორტს უქმნის ადამიანს. როგორ ამოვიცნოთ კანის სოკოვანი ინფექციები და როგორია მათი პროფილაქტიკა? – ამ თემაზე მედიცინის დოქტორს, ექიმ-დერმატოვენეროლოგ ნატალია შავდიას ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნატალია, რატომ ჩნდება სოკო?

სოკო ხშირად ნამდვილად უკავშირდება ჰიგიენის წესების დარღვევას, თუმცა გააჩნია რა სახის სოკოა. მიკოზი, რომელიც კანზე ჩნდება, შესაძლოა გაჩნდეს კონტაქტის შედეგად – პირველ რიგში  მსხვილფეხა საქონელთან, ასევე ამ საქონლისგან შინაური ცხოველების, კატების, ძაღლების გავლით გადაედება სოკოს სხვადასხვა სახეობა, მაგალითად, მიკოსპოროზი და ტრიქოპითოზი. ეს ძირითადად ბავშვების მიკოზური ინფექციებია, ზრდასრულებს იშვიათად უვლინდებათ ასეთი პრობლემები.

სოკო ასევე შეიძლება გაჩნდეს იმუნიტეტის დაქვეითების გამო, სხვადასხვა მიმდინარე დაავადების ფონზე, ძირითადად შაქრიანი დიაბეტის ან ენდოკრინული დარღვევებისას, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას. ასევე, სოკო შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ.

  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სხეულზე გამონაყარი არის სოკო და არა ალერგია ან რაიმე სხვა?
ნატალია შავდია

სხვადასხვა სოკოვანი ინფექცია კლინიკურად სხვადასხვაგვარად ვლინდება. კონკრეტული სოკოვანი ინფექცია იცნობა კონკრეტული გამოვლინებით, ექიმისთვის ვიზუალური დათვალიერებაც საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდეს, ეს კანის სოკოვანი დაზიანებაა თუ რაიმე სხვა.

პირველ რიგში, სოკოვანი დაავადება ვლინდება ძლიერი ქავილით, რომელიც შეხებისას უფრო ძლიერდება და ბოლოს პაციენტი ტკივილის სინდრომამდეც მიდის.

მეორე ნიშანია კანზე გამონაყარი ლაქების ან ლაქების ერთობლიობით შექმნილი დიდი ლაქების სახით, როგორც წესი, ასეთი ლაქები მკვეთრი წითელი ან ნარინჯისფერია. ასეთი გამონაყარისთვის სახასიათოა, რომ ცენტრი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე პერიფერია. გარდა ამისა, ეს პერიფერიული ნაწილი შესაძლოა ცოტათი წამოწეული იყოს კანიდან. მაგალითად, ასეთი გამონაყარი ახასიათებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ – საზარდულის ეპიდერმოფიტს, ანუ სოკოვან გამონაყარს საზარდულის მიდამოებში,  ეს გამონაყარი ისე გამოიყურება, თითქოს ფლომასტერით რუკაა შემოხაზული. ასეთ ადგილებს ბუნებრივი ნაოჭების/ნაკეცების ადგილებს ვეძახით. ამ ადგილებში მომატებულია ოფლიანობა და როცა კანის ნაკეცებში ხდება ხახუნი, ვიზუალური დათვალიერებისას შეგვიძლია დავინახოთ სისველე.

ასევე არსებობს გამონაყარი თავის თმიან ნაწილში – მიკოსპორია და ტრიქოპიტია, რაც უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება. ტრიქოპიტია შეიძლება იყოს ჩირქოვანი გამონაყარით და მშრალი მიმდინარეობითაც, ანუ ახასიათებდეს სოკოვანი კერის აქერცვლა. ვიზუალურად ძალიან ადვილია მათი დიაგნოსტირება. თუ გამონაყარი საეჭვოა, მაშინ ვაკეთებთ კანის ანაფხეკს და ისე ვსვამთ დიაგნოზს.

  • შეიძლება სოკოვან დაავადებას ქავილი არ ახასიათებდეს?

არსებობს სოკოს ერთადერთი სახეობა,  ნაირფერი პიტირიაზი, რომელსაც ქავილი არ ახასიათებს. კანზე ასეთი გამონაყარი ძალიან ხშირად გვხვდება, უმეტესად – კისრის მიდამოში მოყავისფრო ფერის ლაქების სახით, ასევე გულმკერდის მიდამოში და ზურგზე. თითქოს მზისგან დარჩენილი ლაქებია, ვიზუალურად ლეოპარდის პრინტს მოგაგონებთ. ეს ერთადერთი სოკოა, რომელიც არ არის გადამდები და რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ახლდეს ქავილი.

  • როგორ ხდება სოკოს მკურნალობა და რა დრო სჭირდება?

პირველ რიგში, ეს არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც პაციენტი იღებს აბების სახით. თუმცა მედიკამენტის დანიშვნამდე გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, ასევე ვუყურებთ, როგორ მიმდინარეობს დაავადება. შეიძლება კლინიკურად სახეზე იყოს დაავადების ერთი-ორი კერა ან  შეიძლება ძალიან იყოს გავრცელებული. თუ დაავადება არის ერთ ან ორკერიანი, მე მაგალითად, არ დავნიშნავ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს და ვიწყებ გარეგან მკურნალობას. თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

თუ დაავადება არის გავრცელებული და ძალიან მწვავედ არის გამოხატული კლინიკური სიმპტომები, უცილებლად ინიშნება  სოკოს საწინააღმდეგო საშუალება აბების სახით, ანუ პერორალური მედიკამენტები. პლუს ინიშნება ქავილის საწინააღმდეგო საშუალება და B ჯგუფის ვიტამინები. საერთოდ, სოკო როცა ვითარდება, შეიძლება სახეზე გვქონდეს B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. თუ ხანგრძლივად ვნიშნავთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, ერთი – სამი თვე, მაშინ აუცილებლად ვნიშნავთ ჰეპატოპროტექტორს, ანუ ღვიძლის დამცავ საშუალებას. და რა თქმა უნდა, შინაგანი და გარეგანი მკურნალობა პარალელურად მიმდინარეობს.

როგორ წარიმართება გარეგანი მკურნალობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაშია დაავადება და როგორია მისი კლინიკური მიმდინარეობა.  დერმატოლოგიაში არის ასეთი პრინციპი მშრალზე – მშრალი და სველზე – სველი. თუ ვხედავთ, რომ არის სისველე,  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც პასტის წასმა, არც მალამოს, არც კრემის – გამორიცხულია.  იმ შემთხვევაში, თუ სოკოვანი დაავადება სისველით მიმდინარეობს ან არის ნახეთქები, ეს მწვავე პროცესები უნდა მოვხსნათ და ვნიშნავთ ანელინის საღებავებს. ძირითადად ვიყენებთ მეთილენის ლურჯს, რომელიც ძალიან კარგად ხსნის მწვავე პრობლემებს, მაგალითად, აქვს ქავილის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შემდეგ გადავდივართ სოკოს საწინააღმდეგო მალამოზე და ა.შ.

იმავე პრინციპით ხდება ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობაც. როდესაც ცოტაა გამონაყარი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი არ ინიშნება. თუ პროცესი არის გავრცელებული, რა თქმა უნდა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატი და ძირითადად მიდის სოკოს საწინააღმდეგო ხსნარებით მკურნალობა, ინიშნება მალამოც.

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, გააჩნია სოკოს სახეობას. შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო საშუალება დავნიშნოთ ათი დღე, ორი-სამი კვირა, ონოქომიკოზის დროს, 3-4 თვითაც შეიძლება დაინიშნოს პრეპარატი.

  • შეიძლება თუ არა სოკო თავისით განიკურნოს?

არა, ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ მომხდარა. სოკო, თავისით, მკურნალობის გარეშე არ მორჩება. მესმის, რომ ყოველთვის არ არის საშუალება ექიმთან მისვლის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თვითმკურნალობაც შეიძლება იყოს საზიანო, რადგან ხშირად პაციენტები იყენებენ ისეთ საშუალებებს, რაც არ არის განკუთვნილი სოკოს საწინააღმდეგოდ და ამას შეიძლება მოჰყვეს პროცესის გართულება.

  • როგორია პროფილაქტიკა და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ ხელი არ შეუწყოს სოკოვანი დაავადების განვითარებას?

სოკოს უყვარს ნესტი და სისველე. რა თქმა უნდა, შეიძლება ყოველ დღე დაბანა, მაგრამ არ შეიძლება ყოველ დღე საპნისა და გელის წასმა კანზე იმიტომ, რომ ჩვენს კანს აქვს დამცავი ფუნქცია, ანუ კანის ზედაპირზე მუდმივად არის გამოყოფილი ოფლი და ცხიმი, მათი ნაერთით ჩვენი სხეულის კანზე წარმოიქმნება წყალლიპიდური მანტია, რასაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ. ეს მანტია არის ჩვენი კანის დამცავი, რომ მასში არ შეიჭრას მიკრობები, ჩვენ თუ ყოველდღე ვიბანთ და ღრუბელსა და გელებსაც ვიყენებთ დაბანისას, ვარღვევთ ამ ბარიერს და უფრო ადვილი ხდება ჩვენი კანისთვის, რომ მიიერთოს ნებისმიერი ინფექცია, როგორც სოკო, ისე სხვა ინფექციები.

რა შეცდომას უშვებენ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკას 11 997-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა, აქედან 17.5-მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. სხავადასხვა დროს ჩატარებული საერთაშორისო კვლევებიც აჩვენებს, რომ მათემატიკაში დაბალი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მარტივი მოქმედებების შესრულებაც კი. არსებობს სტერეოტიპი, რომ მათემატიკა რთულია და განსაკუთრებული ნიჭია საჭირო მის ასათვისებლად. მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი კი გვარწმუნებს, რომ მათემატიკა კი არ არის რთული, არამედ ის გასაგებად უნდა ვასწავლოთ. რა შეცდომას უშვებენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები მათემატიკის სწავლების დროს, სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება პედაგოგი.

  • ბატონო დაჩი, როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ მოსწავლეების დიდ ნაწილს მათემატიკის სწავლა. მართლა განსაკუთრებულია ნიჭია საჭირო ამისთვის, თუ სწავლების მეთოდიკაშია რაიმე შესაცვლელი?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზეპირობა ხდება. მაგალითად, წილადების შეკრებისას ვასწავლით წესს და არა გააზრებას. როცა ბავშვს კარგად არ ესმის რას აკეთებს, შესაბამისად, ამ წესსაც მალე ივიწყებს.

პირველი-მეოთხე კლასის ბავშვებისთვის უფრო ადვილია, რადგან ისინი მთელ რიცხვებში ტრიალებენ, მაგრამ შემდეგ, როცა შემოდის წილადი, ათწილადი, სადაც გააზრება უნდა მოხდეს ამოცანის თუ საკითხის, ვეღარ იგებენ, რთული ხდება მათთვის.

მოგეხსენებათ, მათემატიკა არის ჯაჭვი და თუ სადღაც ჩავარდნა გაქვს, გიჭირს წინ წასვლა, თუ ის დანაკარგი არ შეივსო. აბიტურიენტებიც კი, ვისაც ცუდი შედეგი ჰქონდა სკოლაში, მათემატიკაში მომზადებას ზუსტად VI-VII კლასის მათემატიკით იწყებენ.

  • რა ეტაპია ის, რაც VI-VII კლასის შემდეგ იწყება მათემატიკაში და რატომ ვერ ძლევენ ამ ბარიერს ბავშვები?

ერთი მიზეზი არის ის, რომ მთელ რიცხვებს ვშორდებით, შემდეგი ძირითადი პრობლემა კი უკავშირდება ტექსტის გააზრებას, რომელიც მათემატიკისგან შორსაა, მაგრამ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. ეს პრობლემაა წიგნიერება, რომელიც არ გულისხმობს იმას, რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული, არამედ წაკითხულის შინაარსის გაგებას. რეალურად, როცა ამბობენ, რომ ბავშვებს პრობლემა აქვთ მათემატიკაში, მიმატება-გამოკლება კი არ უჭირთ, არამედ უჭირთ გაიგონ რა უნდათ მისგან.  ამოცანის პირობას ვერ იგებენ, თუ გაიგებენ, მერე აკეთებენ.

ხშირად მშობლები ამბობენ ხოლმე ფრაზას – „კითხულობს და ვერ იგებს, მე რომ წავუკითხავ, მერე იგებს და აკეთებს დავალებას“. ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში.

  • მოსწავლე რომ ვერ იგებს ამოცანის პირობას, ეს ბავშვის პრობლემაა თუ მასწავლებლის?

ერთი მიზეზია ის, რომ არის ბავშვების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ცუდად კითხულობენ. მშობლები მეუბნებიან, მოგვეცით ზაფხულისთვის დავალებები, რომ რაღაც აკეთოს ბავშვმა. მესამე-მეოთხეკლასელი ბავშვების მშობლებს ვურჩევ, რომ ზაფხულში დავანებოთ თავი მათემატიკას, რადგან ახლა ჩვენი მიზანია კარგად და გამართულად ვიკითხოთ და  გავიგოთ შინაარსი. ვეუბნები, შეარჩიეთ ლიტერატურა, წააკითხეთ ბავშვს მცირე რაოდენობით ყოველდღე და შემდეგ მოაყოლეთ რა წაიკითხა, რა გაიგო, რა შინაარსი გამოიტანა. III-IV კლასებში სწორედ წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს.

ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ (ამას კვლევა სჭირდება) არის მეთოდიკის პრობლემაც. როცა მასწავლებელიც უშვებს შეცდომას. არასწორია, როცა მოსწავლე დავალების პასუხს იღებს და მასწავლებელი ამით კმაყოფილია. სწორია, როცა ბავშვს შეუძლია პრობლემის დანახვა. მარტივ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა. ამოცანის პასუხი კი არ უნდა იყოს მთავარი, რაც მშობელსაც აკმაყოფილებს ხოლმე და მასწავლებელსაც, არამედ როგორ მივიდა ბავშვი ამ პასუხებამდე.

ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია გავერკვეთ რა არის ამოცანაში მნიშვნელოვანი, რა არის მეორეხარისხოვანი, დავგეგმოთ რას გავაკეთებთ. რა ხდება კლასში, ამოცანა ითქმება და ყველას ერთი სული აქვს პასუხი წამოიძახოს. მასწავლებელმა პასუხი კი არ უნდა იკითხოს, არამედ ის, როგორ მივიდა მოსწავლე ამ პასუხამდე.

  • თუ ბავშვი ვერ ახერხებს, ვთქვათ, წაკითხულის გააზრებას, მაშინ სწორ პასუხამდე როგორ მიდის?

ეგეც არის, რომ ხშირად ბავშვი თვითონაც ვერ ხვდება ამას. მშობელიც მეუბნება ხოლმე, – „პასუხს მეუბნება, მაგრამ ვერ მეუბნება, როგორ მივიდა აქამდე“. ზუსტად ამას ვამბობ მეც.

სანამ პასუხამდე მივალთ, უნდა შევძლოთ, რომ პრობლემა დავსახოთ და დავგეგმოთ მისი გადაჭრა. ამიტომ მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვებმა, პირველ რიგში, დაინახონ პრობლემა, შემდეგ ჩამოაყალიბონ პატარა გეგმა, თუ რას გააკეთებენ.

გეგმის ჩამოყალიბების დროს ბავშვი იწყებს ფიქრს, რას როგორ გააკეთებს და მარტივ შეცდომებსაც აღარ უშვებს ხოლმე, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი.

როცა მეორეკლასელ ბავშვს ვეუბნები, რომ ერთ თაროზე დევს 4 წიგნი, მეორეზე კი 3-ით მეტი, რამდენი წიგნი დევს ორივე თაროზე? უმრავლესობა ამბობს, რომ შვიდი.

იმიტომ, რომ 3 და 4 დააკავშირეს ერთმანეთთან. ამ დროს ვუზუსტებ, აბა, კარგად დაფიქრდი, ბავშვი იწყებს დაგეგმვას, რომ ჯერ დაითვლის რამდენი წიგნი დევს პირველ თაროზე, შემდეგ მეორეზე და ასე შემდეგ. ანუ იწყებს აზროვნებას.

არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი აქებს იმ ბავშვს, ვინც წამოიძახებს ხოლმე პასუხს, რაც შეცდომაა, რადგან ფიქრის საშუალებას არ აძლევს სხვას და თვითონაც ჩქარობს. ამიტომ, გააზრება და გეგმის გაკეთება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასაც. ამ დროს შენ სხვასაც უსმენ, სხვის აზრსაც ითვალისწინებ და სხვისი, თუნდაც არასწორი ნათქვამი გეხმარება, რომ სწორი მიმართულებით წახვიდე.

როცა აღარ ხდება ფიქრზე და მსჯელობაზე მუშაობა, ეს არის პრობლემა. დაწყებით კლასებში ეს მიღწევადია, მაგრამ სამწუხაროდ, ზედა კლასებში გვიქმნის პრობლემას.

  • რაზეც ისაუბრეთ, ეს აჩვენებს, რომ მეთოდოლოგიაც შესაცვლელია?

მე, ძირითადად, კერძო სკოლებში მიწევს მუშაობა და ვერ გეტყვით რა ხდება საჯაროში, თუმცა ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს გვევალება ბავშვებს ვასწავლოთ აზროვნება და არა ვთქვათ, კონკრეტული ოპერაციების შესრულება ან მხოლოდ კონკრეტული ფორმულების დამახსოვრება.

ზედა კლასებში ხშირად მეუბნებიან მოსწავლეები, რომ ეს ფორმულა ხომ არაფერში დამჭირდება, რატომ გვასწავლით? რეალურად მართალაც ასეა, ერთი კონკრეტული ფორმულა არ დასჭირდებათ, მაგრამ მე ასე ვპასუხობ ხოლმე მათ, რომ ეს ფორმულები არის ინსტრუმენტები კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. მათთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ვეუბნები: მე გაძლევ ასაწყობად მაგიდას, მაგრამ ეს მაგიდა რომ ააწყო, შენ უნდა იცოდე ბრტყელტუჩას, ჩაქუჩის და სახრახნისის გამოყენება. მე გაძლევ სამივეს და შენ ამ ცოდნით უნდა გადაჭრა პრობლემა. პრობლემა კი არის მაგიდის აწყობა. ზუსტად იგივეა მათემატიკაშიც. ფორმულები, აქსიომები, თეორემები გვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

  • ეროვნული გამოცდების ტესტებს თუ იცნობთ, რა ცოდნას მოიცავს ის და რატომ უჭირთ საკმაოდ დაბალი ბარიერის დაძლევა აბიტურიენტებს?

წელს გადავხედე ტესტებს, რადგან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. სადღაც მე-7 კლასის მასალიდან იწყება. ანუ არის დავალებები,  რომლებსაც მე-7, მე-8 კლასში სწავლობენ.

ეს არ არის მაღალი კლასების მასალა, რომ ვერ ჩააბარო. გამოდის, რომ ზუსტად ამ კლასებში ჰქონდათ მათ ჩავარდნა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი.

  • ამის სწავლა შეიძლება რეპეტიტორთან?

რა თქმა უნდა, ასეც ხდება. ერთი წელი საკმარისია, რომ მოემზადო და ბარიერი გადალახო, თუკი დაიწყებ მეშვიდე კლასის მასალიდან. ბუნებრივია, ყველაფერს ვერ მოასწრებ, მაგრამ ბარიერს გადალახავ, თუ კარგად მოემზადები.

  • ხშირად გვესმის სახელმძღვანელოების კრიტიკაც. როგორი ენითაა დაწერილი ახალი სახელმძღვანელოები, არის გასაგები ბავშვისთვის?

2011 წელს, როცა რუხაძის, ბექაურისა და ვეფხვაძის წიგნებმა მიიღეს გრიფირება, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს სახელმძღვანელო გადასაგდები იყო, მაგრამ ავტორებმაც იცოდნენ, რომ ბევრი რამ იყო დასახვეწი. რა თქმა უნდა, არის ისეთი ამოცანებიც, რაც ფეისბუქზე განხილვის საგანი ხდება, მართლა გაუგებარია ზოგიერთი, მაგრამ წიგნში, სადაც ათასზე მეტი ამოცანაა, 2-3 გაუგებარი რომ იყოს, პრობლემად არ მიმაჩნია.

თუ გვინდა, რომ წიგნი დაიხვეწოს და მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსწავლეზე, ავტორებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებთან იმუშაონ და მათგან გაიგონ რომელი საკითხია გაუგებარი.

  • როგორც ვიცით, სკოლების უმრავლესობა ონლაინსწავლებაზეა. მშობლების გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ  მათემატიკის ან სხვა საგნების სწავლება პატარა ბავშვებს ონლაინში ძალიან გაუჭირდებათ. როგორია რეალობა?

პირველ-მეორე კლასებში მშობლებს ყველაზე ნაკლებად აქვთ სანერვიულო, რადგან ამ ეტაპზე მათემატიკის გარდა სხვა რამესაც სწავლობენ ბავშვები. ურთიერთობას, მოსმენას, ინსტრუქციის შესრულებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კომპიუტერი სკოლას ვერ შეცვლის, მაგრამ ამ საფეხურზე ბავშვები არ გადიან ისეთ მასალას, რომლის გამოტოვებაც მათ შემდგომში ხელს შეუშლის. ზედა კლასებში კი 1-2 დღის გამოტოვებაც ცუდად აისახება ხოლმე აკადემიურ მოსწრებაზე.

ონლაინსწავლების ნაკლია ის, რომ ვისაც სწავლა ნაკლებად აინტერესებდა კლასში, ასე თუ ისე ვახერხებდი, რომ დავალება მიმეცა, პროცესში ჩამერთო, ონლაინში ადვილად ახერხებენ გაძვრომას. ვისაც აინტერესებს, მათთვის პირიქითაცაა, მეკითხებიან, მიგზავნიან დავალებებს, გაკვეთილის შემდეგაც რჩებიან და კომუნიკაციისთვისაც მეტი დრო გვრჩება.

მეორე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს [ინფოგრაფიკა]

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 5259 შემთხვევა დადასტურდა.

პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, 37 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 416 ახალი შემთხვევა 5 ოქტომბერს გამოვლინდა.

1-ლი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში გამოვლენილი კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების დიაგრამაზე ზედიზედ ორიდღიანი კლება აქამდე არ დაფიქსირებულა. გუშინ აჭარაში კორონავირუსის 346, დღეს კი 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თუმცა ეპიდვითარების განსასაზღვრად, ორდღიანი კლება საკმარისი არ არის, საჭიროა დაფიქსირდეს შვიდდღიანი კლების ციკლი.

ამავე თემაზე:

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 8 ოქტომბრის დილის 8 საათამდე შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 7 ოქტომბრის 19:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

    • ნინოშვილის ქუჩა
    • სულიკო ჟღენტის ქუჩა
    • თენგიზ აბულაძის ქუჩა

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს კოვიდინფიცირებულებთან აჭარის კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახებში პაციენტებთან?

რამდენი მათგანია გადამზადებული კოვიდის მკურნალობაზე და მედიცინის რამდენი მუშაკი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით აჭარაში? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.

კითხვებით, აჭარის მთავრობას და აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატულ შტაბს, ოფიციალურად, წერილობით 2020 წლის 25 სექტემბერს მივმართეთ. მთავრობამ კი ჩვენი წერილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს განსახილველად 28 სექტემბერს გადაუგზავნა.

გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა, აჭარის მთავრობისგან პასუხგაუცემელი დარჩა სხვა შეკითხვებიც:

1-ლი სექტემბრიდან დღემდე რამდენი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა აჭარაში?

რამდენი კოვიდპაციენტი გადაიყვანეს აჭარიდან [საქართველოს სხვა რეგიონებში, ან წავიდა საზღვარგარეთ]?

რამდენი ადამიანი ატარებს ტესტირებას აჭარაში [ყველა მედიცინის მუშაკია თუ არა – ექიმი, ექთანი]?

ამ შეკითხვების პასუხად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან დღეს, 7 ოქტომბერს, მოგვწერეს, რომ „აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“.

წერილს ხელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი აწერს.

სტატისტიკური ინფორმაცია, რაც სამინისტროდან მოგვაწოდეს, მუდმივად იცვლება.  აჭარაში, 1-ლი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში კორონავირუსი 5 262 პირს დაუდასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 2 501 პაციენტი, ხოლო სულ, პანდემიის დაწყებიდან აჭარაში გარდაიცვალა 30 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყოველდღიურად გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით დააჯამა.

1-ლი სექტემბრიდან 6 ოქტომბრის მდგომარეობით აჭარაში:

  • კორონავირუსი დაუდასტურდა სულ  5 003 პირს
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 2 221
  • გარდაიცვალა – 25
  • კოვიდკლინიკებში მკურნალობდა – 475 [6 ოქტომბერს]
  • კოვიდსასტუმროში მოთავსებული იყო – 936
  • ბინაზე მკურნალობდა – 1 255
  • სხვაობა – 91

ვინაიდან ოფიციალურად არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი პაციენტი გაიყვანეს აჭარის გარეთ სამკურნალოდ, ამ 91 კოვიდინფიცირებულის საკითხი 6 ოქტომბრისთვის ღიად რჩება – ისინი აჭარაში, სტატისტიკურად, არც კლინიკაში იყვნენ, არც სასტუმროში და არც ბინაზე.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, რეგიონის კოვიდკლინიკებში სულ 578 საწოლია.

სამინისტრომ დღეს, 7 ოქტომბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის კოვიდკლინიკებში არის 472 პაციენტი და 53 თავისუფალი ადგილი. თუ პაციენტების რაოდენობა სწორია, თავისუფალი ადგილების რაოდენობაა არასწორი [ამ ციფრების შედარებით კოვიდკლინიკებში 106 თავისუფალი ადგილი უნდა იყოს].

სამინისტროს წერილის მიხედვით კოვიდკლინიკებია:

  • შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ – 175 საწოლით
  • შპს „მედალფა“ – 63 საწოლით
  • შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლი“ – 30 საწოლით
  • შპს „BROTHERS“-ი – 100 საწოლით
  • შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – 50 საწოლით
  • სს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ – 60 საწოლით
  • შპს „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ – 30 საწოლით
  • სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის ჰოსპიტალი – 70 საწოლით

კოვიდ საკარანტინე სივრცეებად კი, სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაზღვრულია 7 სასტუმრო: „ბიზნესლეჯენდი“, „კოლიზეუმი“, „სქაი თაუერი“, „სითი ჰოტელი“, „ეიფორია“, „ლეგენდა“ და სასტუმრო „გლორია“.

სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსს ბინაზე „1000-ზე მეტი პირი“ მკურნალობს ექიმების დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ; კოვიდსასტუმროებში კი – 886 პირია მოთავსებული [სამინისტროს წერილის მიხედვით, გუშინ, 6 ოქტომბერს, აჭარაში 1 255 პაციენტი იყო ბინაზე].

[red_box]კოვიდის დადასტურების ახალი შემთხვევების სტატისტიკა აჭარაში [1 სექტემბერი – 7 ოქტომბერი]:[/red_box]

  • 1 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 2 სექტემბერი – 26 ახალი შემთხვევა
  • 3 სექტემბერი – 6 ახალი შემთხვევა
  • 4 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 5 სექტემბერი – 13 ახალი შემთხვევა
  • 6 სექტემბერი – 12 ახალი შემთხვევა
  • 7 სექტემბერი – 20 ახალი შემთხვევა
  • 8 სექტემბერი – 21 ახალი შემთხვევა 
  • 9 სექტემბერი – 25 ახალი შემთხვევა 
  • 10 სექტემბერი – 27 ახალი შემთხვევა 
  • 11 სექტემბერი – 39 ახალი შემთხვევა 
  • 12 სექტემბერი – 80 ახალი შემთხვევა 
  • 13 სექტემბერი – 88 ახალი შემთხვევა 
  • 14 სექტემბერი – 108 ახალი შემთხვევა 
  • 15 სექტემბერი – 124 ახალი შემთხვევა 
  • 16 სექტემბერი – 144 ახალი შემთხვევა 
  • 17 სექტემბერი – 126 ახალი შემთხვევა 
  • 18 სექტემბერი – 129 ახალი შემთხვევა 
  • 19 სექტემბერი – 116 ახალი შემთხვევა 
  • 20 სექტემბერი – 128 ახალი შემთხვევა 
  • 21 სექტემბერი – 92 ახალი შემთხვევა
  • 22 სექტემბერი – 137 ახალი შემთხვევა
  • 23 სექტემბერი – 165 ახალი შემთხვევა 
  • 24 სექტემბერი – 164 ახალი შემთხვევა
  • 25 სექტემბერი – 168 ახალი შემთხვევა
  • 26 სექტემბერი – 166 ახალი შემთხვევა
  • 27 სექტემბერი – 193 ახალი შემთხვევა
  • 28 სექტემბერი – 175  ახალი შემთხვევა
  • 29 სექტემბერი – 225  ახალი შემთხვევა
  • 30 სექტემბერი – 235  ახალი შემთხვევა
  • 1 ოქტომბერი – 241  ახალი შემთხვევა
  • 2 ოქტომბერი – 297  ახალი შემთხვევა
  • 3 ოქტომბერი – 360 ახალი შემთხვევა
  • 4 ოქტომბერი – 370 ახალი შემთხვევა
  • 5 ოქტომბერი – 416 ახალი შემთხვევა
  • 6 ოქტომბერი – 348 ახალი შემთხვევა
  • 7 ოქტომბერი – 259  ახალი შემთხვევა
Exit mobile version