მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

08.10.2020 • 4955
გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებს – ეს დასკვნა შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის, ბაზელის უნივერსიტეტისა და სან პაულოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაიდო. კვლევაში გააანალიზეს 92,664 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კლინიკურად და მოლეკულურად დადასტურებული ჰქონდათ Covid-19, გრიპის ვაქცინაციასა და Covid-19 შედეგებს შორის პოტენციური ასოცირების გასაგებად.

მკურნალობაზე დამყოლობის, სიკვდილიანობის და სოციო-დემოგრაფიული ფაქტორების ფართო დიაპაზონის კონტროლით ვნახეთ, რომ პაციენტები, რომლებმაც მიიღეს გრიპის ბოლო ვაქცინა, საშუალოდ 8%-ით უფრო ნაკლებად საჭიროებდნენ ინტენსიურ მკურნალობას; 18%-ით შემცირდა ინვაზიური სუნთქვითი მართვის საჭიროება და 17%-ით შემცირდა სიკვდილიანობა,” – წერია კვლევაში.

კვლევის ანალიზის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ის არის, რომ გრიპის ვაქცინა, რომელიც გაკეთდა Covid 19-ის კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას ან გამოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ, კვლავ ასოცირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

„შესაძლოა, რომ ასეთი გვიანი აცრით გამოწვეული ბუნებრივი იმუნური პასუხი/რეაქცია, იწვევს SARS-CoV-2-ისგან უფრო სწრაფ და ეფექტურ გასუფთავებას, რაც ხელს უშლის ვირუსის პროგრესულ გავრცელებას ფილტვის ქსოვილების ქვედა უბნებზე ან/და ასუსტებს მასპინძლის უკონტროლო, დესტრუქციულ პრო-ანთებით პასუხს, რომელიც გვხვდება COVID 19-ის უფრო გვიან, ხშირად ფატალურ სტადიებში”, – წერია კვლევაში. 

კვლევის ავტორები წერენ, რომ მიმდინარე პანდემიის პირობებში, სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება და აგრესიული კამპანიის წარმოება მთავრობებისა და ჯანდაცვის პროვაიდერების მხრიდან იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას, ისეთი დროულია, როგორც არასდროს.

ამავეს მოწმობს აშშ-ში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა: “გრიპის ვაქცინაცია და COVID-19 სიკვდილიანობა აშშ–ში”.

კვლევის შედეგების თანახმად, გრიპის ვაქცინას ხანდაზმულ მოსახლეობაზე COVID-19 სიკვდილიანობის ნაწილში, პოტენციური დამცავი ეფექტი აქვს, რადგან დადგენილია, რომ COVID 19-ის პარალელურად ადამიანს შესაძლოა სეზონური გრიპიც შეეყაროს – (“COVID-19 პაციენტებში დაფიქსირდა სეზონური რესპირატორული ვირუსული თანაინფექციები, ყველაზე ხშირად გრიპი A და B”). შესაბამისად, გრიპის ვაქცინის გაკეთებას ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტური იყო  ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შესამცირებლად და ასევე, დადებითი ასახვა ჰპოვა ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულ ადამიანებში სიკვდილიანობის შემცირებაზე. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინის მიღება ამ შემოდგომაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ოდესმე, არა მხოლოდ გრიპის რისკის შესამცირებლად, არამედ ჯანდაცვის სფეროში (პანდემიის გამო) ისედაც შეზღუდული რესურსების დასაზოგად.

გრიპის 135 000 ვაქცინა საქართველოში მიმდინარე თვეში შემოვა, მაგრამ მხოლოდ ისეთი რისკის ჯგუფებისთვის, როგორიცაა, პენსიონერები, ორსულები, დიაბეტის მქონე პირები და ა.შ. ხოლო მოსახლეობამ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის, თავად უნდა იზრუნოს ვაქცინაციაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინას სეზონური გრიპით დაავადების რისკი შეუძლია შეამციროს 60%-ით მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. შარშან სეზონური გრიპის ვაქცინა საქართველოში დეფიციტური იყო, ამაზე „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია მოამზადა. იყვნენ აცრის მსურველები, თუმცა ვაქცინა სააფთიაქო ქსელში არ იშოვებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: