მთავარი,სიახლეები

რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

08.10.2020 • 26378
რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

მანანა ტარიელაძე 6 დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მის სამედიცინო მაჩვენებლებს ტელეფონით, დისტანციურად აკვირდება. მანანა ყოველდღე იზომავს სიცხეს და თავის მონაცემებს მკურნალ ექიმს აწვდის. აქვს სიცხე – 37 და მეტი. ექიმმა მანანას ანტიბიოტიკი, აზიმაკი დაუნიშნა. კოვიდინფიცირებული ექიმის რეკომენდაციით ამ ანტიბიოტიკს იღებს. კოვიდინფიცირებულ ქალს, სანამ კოვიდსასტუმროში გადაიყვანდნენ, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაც გადაუღეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა მხოლოდ რთულ პაციენტებშია დაშვებული.

„ანტიბიოტიკები არ უნდა დაინიშნოს სავარაუდო COVID-19 პნევმონიის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მსუბუქ სიმპტომებს. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, რეკომენდებულია, გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ინფექციონისტისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი შეთანხმებით,“ – წერია კოვიდის ბინაზე მართვის პროტოკოლში.

ექიმი კარდიოლოგი, არითმოლოგი გურამ მაჩიტიძე მოქალაქეებს ურჩევს, თვითნებურად არ მიიღონ ანტიბიოტიკი. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ექიმთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობა რიგ შემთხვევებში შესაძლოა ზიანის მომტანიც კი იყოს.

  • ბატონო გურამ, რატომ არ არის რეკომენდებული კოვიდპაციენტების ანტიბიოტიკებით მკურნალობა?

კორონავირუსი, როგორც თავად მისი სახელწოდება გვეუბნება, ეს არის ვირუსული ინფექცია, ანტიბიოტიკები კი ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ არ გამოიყენება.

  • რა უკუშედეგი შეიძლება მოჰყვეს მკურნალობის მსგავს მეთოდს?

ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე. სამაგიეროდ, გარკვეული ბაქტერიები გამოიმუშავებენ იმუნიტეტს ანტიბიოტიკების მიმართ, ანუ სწავლობენ მას და როცა მართლა საჭირო ხდება ანტიბიოტიკის დანიშვნა, უკვე ვეღარ მუშაობს წამალი. ამ მოვლენას ეწოდება ანტიბიოტიკორეზისტენტობა და გახლავთ სერიოზული გამოწვევა თანამედროვე მედიცინაში. დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ინფექცია ხდება რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ. საუბარია ბაქტერიულ ინფექციებზე, ანუ ეს გახლავთ მზარდი პრობლემა მთელს მსოფლიოში. ანტიბიოტიკების უმიზეზოდ გამოყენება კი მხოლოდ ართულებს არსებულ სიტუაციას.

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი, ფიქრობენ, რომ თუ ანტიბიოტიკს მიიღებენ, ეს იქნება მათთვის  ერთგვარი დაზღვევა. ეს რამდენად სიმართლეა? რას ურჩევდით ამ ადამიანებს?

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. კოვიდპაციენტებს ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მეორადი ანუ თანდართული ბაქტერიული ინფექცია, რომლის დიაგნოსტიკას სპეციალური ტესტები, კლინიკური სურათი და კვალიფიციური ექიმის მიერ შეფასება სჭირდება. როგორც წესი, ასეთი მეორადი ბაქტერიული გართულებები გვხვდება მძიმე, სარეანიმაციო პაციენტების დაახლოებით 8-10 %-ში. ბინაზე სამართავ მსუბუქ შემთხვევებს და ასიმპტომურ პირებს არანაირი ანტიბიოტიკოთერაპია  არ სჭირდებათ. ეს მათ ზიანს მოუტანს და არა სარგებელს.

  • ზოგადად, ანტიბიოტიკების უკუშედეგზეც რომ გვითხრათ. ხშირად  ექიმის გარეშე თვითონ ინიშნავენ ადამიანები ანტიბიოტიკებს. რამდენად საშიშია ეს  და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს?

გარდა უსარგებლო ფინანსური ხარჯისა, გარდა იმისა, რომ ფულს ხარჯავენ ტყუილად, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ბაქტერიები გამოიმუშავებენ იმუნიტეტს ანტიბიოტიკების მიმართ და როდესაც უკვე ამ პაციენტს ან  თუნდაც სხვა პაციენტთან ჩნდება ანტიბიოტიკი, უკვე ბაქტერია, მიკრობი, არის შეჩვეული ამ ანტიბიოტიკს და ნაკლებ ეფექტურია მის მიმართ დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია. ეს ქმნის პრობლემებს მომავალში. უხშირესად გრიპი და გაციება მიდის მსუბუქად. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ სიცხის დამწევი მედიკამენტები. სითხის  ადეკვატური მიღება, თუ საჭიროა წოლითი რეჟიმი.

  • კოვიდის მართვის ქართულ პროტოკოლში გაწერილია კონკრეტული ჯგუფის ანტიბიოტიკები (დოქსიციკლინი, ამოქსიცილინი), რომელიც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს. რამდენად გამართლებულია ამ ანტიბიოტიკების შეცვლა სხვა მედიკამენტებით?

ვინაიდან, ჯერჯერობით, არ არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ეფექტი კოვიდ 19-ზე შესწავლილი, გაიდლაინი ვერ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციას. თუმცა არსებობს ორი მიდგომა. ექსპერტების ნაწილი ემხრობა ანტიბიოტიკების დაწყებას ზომიერი ან გამოხატული ჰიპოქსიის (ეს არის სისხლში დაბალი სატურაცია) დროს, ნაწილი კი მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული კლინიკური სურათის დროს. მაგალითად, თუ გვაქვს სისხლში გამოხატული ლეიკოციტოზი ან ინფილტრაცია რენტგენზე. ანუ ძალიან ფრთხილობენ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას ექსპერტები და ორად იყოფა მათი აზრი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აქ საუბარია მძიმე ან კრიტიკულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე.

აქ არ არის საუბარი მსუბუქ ან საშუალო და მით უმეტეს, ასიმპტომურ პირებზე. მათ არ სჭირდებათ ანტიბიოტიკი. კოვიდინფექციის მიმდინარეობა დაახლოებით 80 %-ში არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის, 15 % არის მძიმე და 5 %-ია კრიტიკული.

  • თქვენ ასევე საუბრობდით კომპიუტერული ტომოგრაფიის მიზანშეწონილობაზე. როდის უნდა გაუკეთდეს კოვიდინფიცირებულს CT? როდის არ არის რეკომენდებული?

კომპიუტერული ტომოგრაფია CT არის ძალიან ფართოდ გავრცელებული კვლევის მეთოდი თანამედროვე მედიცინაში, თუმცა კოვიდინფექციის სამართავად მას არ აქვს გადამწყვეტი როლი. ამის მიუხედავად ფართოდ იყენებენ. რატომ არ აქვს დიდი როლი კოვიდინფექციის სამართავად? პირველ რიგში, გულმკერდის ტომოგრაფიას ახასიათებს დაბალი სენსიტიურობა. ნორმალური CT კვლევა არ გამორიცხავს კოვიდ 19-ის არსებობას. შეიძლება პაციენტს  ჰქონდეს ფილტვების ნორმალური CT მონაცემი და მას მაინც ჰქონდეს კოვიდი. საუბარია მსუბუქ და ასიმპტომურ პირებში. მას ახასიათებს ასევე დაბალი სპეციფიკურობა. ანუ პათოლოგიური CT მონაცემი არ ნიშნავს აუცილებლად კოვიდ 19-ით ინფიცირებას. მსგავსი CT მონაცემი შეიძლება ჰქონდეს სხვა დაავადებებსაც.

აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაცია რადიოლოგიაში – ამერიკის რადიოლოგთა კოლეჯი არ გვირჩევს გულმკერდის CT კვლევას, როგორც Covid19-ის სკრინინგტესტს ან პირველი რიგის ტესტს უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებში. არამედ ისინი გვაფრთხილებენ, რომ ის უნდა იქნას შემონახული მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ CT კვლევის შესაბამისი კლინიკური ჩვენება. ანუ გვეუბნებიან, რომ გამოიყენეთ გულმკერდის CT კვლევა, ძალიან ფრთხილად, შერჩეულ პაციენტებში და არა მასობრივად. ყველას არ გაუკეთოთ კომპიუტერული ტომოგრაფია იმიტომ, რომ ბევრს არაფერს მოგცემთ და ხშირად იქნება არასაჭირო დასხივების შემთხვევები.

ანალოგიურად არც ერთ თანამედროვე კოვიდპროტოკოლში არ არის, რომ ასიმპტომურ, მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის პაციენტებს უნდა გაუკეთდეს CT კვლევა. CT კვლევა მოწოდებულია მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებში.

რაც შეეხება CT -ზე ფილტვების ანთების, ანუ პნევმონიის დიაგნოსტიკას, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა უბრალოდ CT გადაიღოს და თავი დაიზღვიოს, ხომ არ აქვს კოვიდი. ეს რატომ არ არის მიზანშეწონილი?

რომც ვიპოვოთ ფილტვის ქსოვილის ცვლილებები კატეზე, პირველ  რიგში, ეს არ ნიშნავს პნევმონიას. ეს არ არის ბანალური, ბაქტერიული პნევმონია, რასაც დასჭირდება ანტიბიოტიკი. სინამდვილეში  ეს არის ფილტვების ვირუსული დაზიანება, ანუ კოვიდ ინფექციით ფილტვების დაზიანება და ეს არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული ბაქტერიული პნევმონია.

მეორე რიგში, ეს არ ცვლის მკურნალობის ტაქტიკას და იგივე რჩება. თუ პაციენტს აქვს დაბალი სატურაცია, მას სჭირდება ჟანგბადი, თუ არ აქვს დაბალი სატურაცია, მას არ სჭირდება ჟანგბადი. პაციენტს აქვს ცხელება – მას სჭირდება პარაცეტამოლი. თუ არ აქვს ცხელება, არ სჭირდება პარაცეტამოლი.

მესამე და მნიშვნელოვანი – პაციენტი იღებს მაღალი დოზით დასხივებას. ერთი გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია უდრის დაახლოებით 200 გულ-მკერდის რენტგენს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამხელა დასხივებაზეა საუბარი. პაციენტს ადგება ზიანი. მის ჯანმრთელობას ვაყენებთ არასაჭირო ზიანს. და კიდევ ერთი. ტომოგრაფიის გამეორება კლინიკური გამოჯანმრთელებისას, ასევე არაფრის მომცემი არაა.

რაც შეეხება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ვისაც სჭირდება ჟანგბადი, ვინც იმყოფებიან სტაციონარში, მათთან კი, ნაჩვენებია ტომოგრაფიის გადაღება, თუმცა მისი კონტროლი ყოველ სამ-ოთხ დღეში და ხუთ დღეში ერთხელ, არაფრის მომცემი არაა. იმიტომ, რომ კოვიდინფილტრატების გაწოვას, საუბარია ფილტვებში ფილტრაციის არსებობაზე, ზოგჯერ სჭირდება ექვსი, რვა კვირაც კი და ასე ხშირ-ხშირად, ყოველ ხუთ დღეში ტომოგრაფიის გადაღებას, არანაირი აზრი არ აქვს. ეს გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ზედმეტ დასხივებას და  არანაირად არ გვიცვლის მკურნალობის ტაქტიკას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: