მთავარი,სიახლეები

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი? – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას

08.10.2020 • 1715
რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი?  – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას

 თამარ ჟამურაშვილი, პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების თანამშრომელი ფეისბუქზე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წერს: 

„მეორე ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ ისევ დაგვემატა ზაფხულში დროებით დახურული „კორონასთვის შექმნილი“ განყოფილებები… ისევ იწყება კოლეგების სხვა განყოფილებებიდან ჩვენთან გადმონაწილება… სისტემის მომზადების ბოლო აკორდებია და ხვდები როგორ მძიმდება ჰაერი… როგორ ნაცრისფრად და ბუნდოვნად გეჩვენება მოახლოებული თეთრი ზამთარი.

უსაფრთხობის და დაცულობის შეგრძნება ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს მედპერსონალისთვის. განაწილებული დავალებები, ყოველდღიური აპდეითი, რამდენი პაციენტი შემოვიდა, ამათგან რამდენი მძიმე, რამდენი საწოლია დარჩენილი და რომელ განყოფილებებში, რომელი კლინიკა ერთვება მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ეტაპზე თუ საწოლები აღარ გვეყო…

სისტემა თუ ხელს არ გიწყობს, თუ უამრავ განყენებულ პრობლემაზე გეფიქრება, რომელიც შენი მოსაგვარებელი არ არის და შესაბამისად, ვერც აგვარებ. თუ ყოველდღე შენი კოლეგები ინფიცირდებიან, იმიტომ, რომ ელემენტარული ღონისძიებები და ტრენინგები ჩატარებული არ არის, თუ ყოველ დღე სისტემის კოლაფსის გეშინია, შეუძლებელია პაციენტებზე და შენს ჭეშმარიტ დავალებაზე კონცენტრირების მოხდენა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მონოკლონური ანტისხეულები შეიძლება კვლევის ფარგლებში შემოვიდეს. ძალიან გამიხარდა! ისევე გამიხარდა, როგორც მაისში, როცა „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთო საქართველო. დღეს ოქტომბერია… კვირებია ვარკვევ, საქართველოს რომელი კლინიკები მონაწილეობენ კვლევაში და ვისთან შევიდა რემდესივირი? მოგეხსენებათ, ეს ერთადერთი დაშვებული მედიკამენტია COVID-19-ის სამკურნალოდ.

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე ეს მედიკამენტი?

რატომ არ ჩავრთეთ ამდენი პაციენტი კვლევაში და რატომ არ ვუმკურნალეთ პაციენტებს ერთადერთი დაშვებული მედიკამენტით?

რატომ დარჩა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობა?

როგორ შეგვიძლია კმაყოფილებით გათანგულნი და ამაყნი ვიყოთ იმის გამო, რომ „ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით საქართველოს მიეცემა საშუალება“… არც ეს რეკომენდაცია და არც თვითკმაყოფილება გადაგვირჩენს პაციენტებს.

ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით რატომ არ შევიძინეთ ინფლუენცას [გრიპის] მეტი ვაქცინა? 300 000 ერთეული მხოლოდ რისკჯგუფებს არ ფარავს, არა თუ ყველა დანარჩენს. ERS-კონგრესზე წარმოდგენილი მონაცემებით [იხილეთ სურათი] ბრაზილიაში 92 664 პაციენტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ COVID19 ინფლუენცა აცრილ პაციენტებში უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის. რატომ არ შევიძინეთ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა წელს მაინც?!

ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, რატომ არ შევიძინეთ HighFlow აპარატები, რომლებიც COVID19-ის სამკურნალოდ უბრალოდ (!!) აუცილებელია, ამ აპარატების გარეშე ძალიან სწრაფად ხდებიან პაციენტები საინტუბაციო, რაც, როგორც უკვე ვიცით, ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.

რატომ ვაკეთებთ ყოველდღიურად ასობით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ვასხივებთ ყოვლად უმიზეზოდ და უმიზნოდ პაციენტებს მსუბუქი მიმდინარეობით (რაც ონკოლოგიური დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის), ვხარჯავთ ამაში ფულს და არ ვატარებთ სინამდვილეში აუცილებელ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ღონისძიებებს?

აქ ხომ არ არის საუბარი პჯდ-ს ტრენინგზე, რომელიც მარტის მერე „იწყება“ და დღემდე, კახეთში, მაგალითად, მხოლოდ 7 ოჯახის ექიმია დატრენინგებული. აქ ხომ აღარ არის საუბარი ექიმთა უწყვეტ განათლებაზე და რეგულარულ ვებინარებზე.

საუბარია ერთადერთ მედიკამენტზე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება და ყველანაირი წინაპირობა არსებობს მისი შემოტანის. საუბარია სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადის აპარატებზე, 10 ინტენსიურ საწოლზე ერთი მაინც რომ შეგვეძინა, უკვე დაეტყობოდა ქართულ რეალობას და ვაქცინის არარსებობა კი მთელი ზამთარი დაგვეტყობა.

ეს პათოსი არ არის, ეს რეალობაა. დიდი ხანი ვიკავებდი თავს და ვიმედოვნებდი, არ მომიწევდა ასეთი შინაარსის ტექსტის დაწერა, მაგრამ ნელ-ნელა გვიანდება.

რატომ არის საუბარი იმაზე, რომ აჭარაში „მძიმე პაციენტების მართვა ჭირს“? რატომ განვიკითხავთ ბათუმის რესპუბლიკურს პაციენტის გადაწვენის გამო? იმისთვის, რომ ზამთრის ბოლოს მედპერსონალს დაბრალდეს პაციენტების „ვერ მართვა“, როცა სინამდვილეში სისტემა სრულიად არასტაბილური და მოუმზადებელია?!

იმედია, აწ დარჩენილი მწირი დრო სისტემის მომზადების ნაცვლად ჩემთვის წერილების წერაში არ დაიხარჯება. უდიდესი პატივისცემით, მაგრამ დრო აღარ ითმენს!

_______________

ტექსტი ქვეყნდება ავტორთან შეთანხმებით, სტილის დაცვით. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: