მთავარი,სიახლეები

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

08.10.2020 • 1228
თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, თუმცა მთავარი ფაქტორი იყო დრო. რა ჩანს დღეს, როცა სოციალური მოთხოვნებით კონკრეტული ჯგუფები ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ?

ეს აჩვენებს იმას, რომ ადამიანები ჯანმრთელობის პრევენციის თვალსაზრისით ვირუსის არსებობას და თანაცხოვრებას მეტნაკლებად შეეჩვივნენ. ადამიანები აღარ არიან პანიკაში, ადამიანები მიხვდნენ, რომ უწევთ ვირუსთან თანაცხოვრება და თუ ისინი დაიცავენ შესაბამის პრევენციულ ზომებს, შეუძლიათ თავის დაცვა. ასევე საზოგადოება მიხვდა, რომ ვირუსმა განიცადა გარკვეული მუტაცია, ის განსაკუთრებით ვერაგი არ არის, თუ ხარ ჯანმრთელი და ახალგაზრდა, შეიძლება ვირუსი გადაიტანო, როგორც გრიპი… როგორც კი განელდა ჯანმრთელობის საფრთხე, წინა პლანზე წამოიწია სოციალური მხარის შედეგებმა, გამწვავდა ეს საკითხები, განსაკუთრებით იმ ტერიტორიულ ერთეულებზე, სადაც კონკრეტული შეზღუდვებია და ეს შეზღუდვები შემოსავლების წყაროებს ურტყამს, ამან გამოიწვია სწორედ უკმაყოფილება, საპროტესტო აქციები. თუ პანდემიის მასშტაბები გაიზარდა და მოედო სხვა რეგიონებს, ეს საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდება, რასაც თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, ეს ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას.

  • ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით დააზარალა ეკონომიკა. ეს არ იქნება დამაჯერებელი ამომრჩევლისთვის?

პროტესტის განეიტრალებაში ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არის წარუმატებელი. ის არგუმენტები, რაც მათ მოჰყავთ, რომ „ჩვენ ვიყავით შეკავების ეტაპზე და ახლა გადავდივართ თანაცხოვრების ეტაპზე, ვცდილობდით, რომ სოციალური შეზღუდვები ყოფილიყო მაქსიმალურად ფრთხილი და მოზომილი“ – ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მუშაობს, მაგრამ ვერც წარმატებით მუშაობს. თუ უფრო მასშტაბური გახდება პანდემია და მივალთ ახალ კარანტინამდე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად წააგებს. ჯერ არ ვიცით ოქტომბრის ბოლომდე ასეთი მასშტაბური იქნება ეს შეზღუდვები, თუ არა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას აწყობს არჩევნების გადადება. პირიქით, მისთვის იდეალური იქნებოდა, საერთოდ 15 ოქტომბერს ჩატარებულიყო არჩევნები, რაც შეიძლება მალე, ვიდრე ეს სოციალური პროტესტი არ არის საყოველთაო, მასშტაბური და მხოლოდ წერტილოვანი პროტესტით შემოიფარგლება.

  • რამდენად მუშაობს სოციალური პროტესტი ამ დროს ოპოზიციის სასარგებლოდ? 

თუ ეს მუშაობს ხელისუფლების საზიანოდ, თითქმის ავტომატურად მუშაობს ოპოზიციის სასარგებლოდ. შესაძლოა, ამომრჩეველი სახლში დარჩეს, მაგრამ ეს არაა ერთადერთი რეაქცია. რეალურად, სახლში დარჩენა უფრო აწყობს ხელისუფლებას, რადგან გაბრაზებულმა ადამიანმა შესაძლოა გააძლიეროს ოპოზიციური რიგები.

  • ბათუმში კონკრეტული ჯგუფები გამოვიდნენ სოციალური მოთხოვნებით. აჭარის მთავრობა აქციის მონაწილეებს პრობლემების ინდივიდუალურ შესწავლას დაჰპირდა. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების ასეთი რეაქცია? 

ეს არის დროის გაწელვის და დამშვიდების ტაქტიკა, რადგან ობიექტურად ძალიან რთულია ინდივიდუალურად ამ პრობლემების შესწავლა და შემდეგ ამისთვის პოლიტიკის მორგება. ის, რომ ინდივიდუალურად შეისწავლიან ქეისებს, პრაქტიკულად განუხორციელებელია. ეს ფუჭად გასროლილი ტყვიის ამბავს ჰგავს, რომელიც რეალურ შედეგს არ მოიტანს. ადამიანები კიდევ უფრო გაღარიბდებიან.

  • ფიქრობთ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი გაიზრდება იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლოს? 

თუ შეზღუდვებს მოხსნიან, შედარებით დაიწყება მოძრაობა, ხალხი დასაქმდება, ეს არის მუდმივი, რუტინული პინგ-პონგის თამაში და ამ ვითარებაში ვიქნებით ახლა: ისევ იქნება პროტესტი, შემდეგ ხელისუფლებიდან დამამშვიდებელი რეაქცია, ისევ პროტესტი… ეს დაემსგავსება პინგ-პონგის თამაშს.

  • რამდენად ეცდება ხელისუფლება ისევ იმის ხაზგასმას, რომ პანდემიის პირობებში ეფექტური მართვა აჩვენეს? 

დღეს წავიკითხე ბატონი თენგიზ ცერცვაძის შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის და წამყვან ევროპულ ქვეყნების ხელისუფლებებზე მეტად ეფექტურად იქცევა, მან სიმძიმის ცენტრი გადაიტანა პრემიერზე და თქვა, რომ ეს არის, პირველ რიგში, ხელისუფლების და პრემიერის დამსახურება. ასე რომ, მაშველი რგოლი ხელისუფლებას ისევ ჰყავს.

  • ეს რამდენად გადამწყვეტი შესაძლოა იყოს ამ არჩევნებისთვის? 

ასე მკაცრად არ შემიძლია ამის თქმა, რომ გადამწყვეტი იქნება, მაშველი რგოლი არის, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოვა. მას უმრავლესობაში მოსვლის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის. ასე რომ, არჩევნებზე ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: