ბათუმი,მთავარი,სიახლეები

პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

08.10.2020 • 1739
პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

აჭარაში კოვიდპაციენტებს, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 8 კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტებისთვის კი, ჯამში, 615 საწოლია გამოყოფილი [თუმცა, აქედან 80 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში – გათვლილია მხოლოდ იმ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ]. საწოლების რაოდენობა „ბათუმელებმა“ უშუალოდ კოვიდკლინიკებში გადაამოწმა.

615 საწოლიდან დღეს, 8 ოქტომბერს, დღის 2 საათისთვის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 78 საწოლი, აქედან: 31 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში, დანარჩენი 47 საწოლი კი, დანარჩენ კლინიკებში ერთად აღებული.

საწოლების რაოდენობა და თავისუფალი ადგილები აჭარის კოვიდკლინიკებში [8 ოქტომბრის დღის 2 საათისთვის]
  • „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ – სულ 180 საწოლი. თავისუფალი საწოლები, როგორც კლინიკაში გვითხრეს, დღის განმავლობაში არ რჩება. „შემომსვლელთა რაოდენობა აჭარბებს გაწერილი პაციენტების რაოდენობას. თითქმის ყველა კლინიკიდან, სადაც პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, აქ მოჰყავთ. როგორც კი გავწერთ პაციენტს, ვიღებთ სხვას“, – ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
  • „მედალფა“ – სულ 65 საწოლი. „შევივსებით, 64 წევს, 1 გზაშია და არ რჩება თავისუფალი საწოლი“, – გვითხრეს კლინიკაში.
  • „ბათუმის სამშობიარო სახლი“ – სულ 30 საწოლი. აქედან თავისუფალია 9 საწოლი.
  • „BROTHERS“-ი [ბაუ] – სულ 100 საწოლი. ყველა საწოლი დაკავებულია.
  • „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“ – სულ 60 საწოლი, კლინიკის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოთავსებულია 50 პაციენტი და 5 პაციენტს ელოდებიან: „რჩება 5 საწოლი თავისუფალი“, – გვითხრეს კლინიკაში.
  • „ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ – სულ 30 საწოლი. „წევს 26 პაციენტი, 4-ს გავწერთ, თუმცა გადაცემული გვაქვს ინფორმაცია და დარჩენილ 8 ადგილზე რამდენს მივიღებთ დღის ბოლომდე, ზუსტად ვერ გეტყვით“, – გვითხრეს კლინიკაში.
  • „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის ჰოსპიტალი – სულ 70 საწოლი. თავისუფალია 25 საწოლი.
  • „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“ – სულ 80 საწოლი. „ამ დროისთვის წევს 49 კოვიდპაციენტი. ჩვენ მხოლოდ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებს ვიღებთ, რომელთაც დაუდასტურდებათ კორონავირუსი, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. წინასწარ მობილიზება მოვახდინეთ, გვქონდა 50 საწოლი და 30 დავამატეთ, ამიტომ, ასეთი პაციენტებისთვის 31 ადგილი არის თავისუფალი“, – გვითხრეს კლინიკაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, აჭარში კოვიდკლინიკებში, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, მკურნალობს 472 პაციენტი, რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.

ამ თემაზე:

მედპერსონალიდან რამდენი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: