მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ხვდება

07.10.2020
თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ხვდება

თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, კაფე-რესტორნებში დასაქმებულები, მათ შორის მუსიკოსები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მეორე დღეა ითხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ვეღარ მუშაობენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მეორე დღეა პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ:

[checklist]

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით;
  • სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას;
  • წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას;
  • ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას;
  • ბავშვების სკოლაში დაბრუნებას;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას;
  • საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას;
  • საზღვრების გახსნას;
  • სამუშაო ადგილების დაბრუნებას.

[/checklist]

თორნიკე რიჟვაძე დღეს, 7 ოქტომბერს, პროტესტის მეორე დღეს მოშიმშილეთა შვიდკაციან ჯგუფს შეხვდა, რომლებმაც გუშინდელი აქციის შემდეგ შიმშილობა გამოაცხადეს და ღამე აჭარის მთავრობის სახლის წინ გაათენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ათ-ათკაციან ჯგუფებთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც აქციის მონაწილეები დათანხმდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რიჟვაძე პროტესტის მონაწილეთა ჯგუფების პრობლემებს ინდივიდუალურად ჩაინიშნავს და შემდეგ მოქალაქეები პასუხებს მიიღებენ.

რიჟვაძე ამ წუთებში მოქალაქეთა მესამე, ათკაციან ჯგუფს ხვდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ აქციის ყველა მონაწილე არ შეხვდება მთავრობის თავმჯდომარეს.

„შესაძლოა დღესვე დასრულდეს შეხვედრები და ყველამ დღეს მოასწროს შესვლა, შესაძლოა ეს გაგრძელდეს ხვალაც” – გვითხრეს პრესსამსახურში.

აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ნათია ლუაშვილის თქმით შიმშილობა დღეს აღარ გაგრძელდება, რადგან მათ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა შეძლეს.

„მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ. მოშიმშილეები, აქციის მონაწილეები აქ, მთავრობის სახლთან ვრჩებით მანამ, სანამ  პროტესტის ყველა მონაწილე არ შევა მთავრობის თავმჯდომარესთან და არ გააცნობს მას საკუთარ პრობლემებს” – ამბობს აქციის მონაწილე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: