მთავარი,სიახლეები

საფრანგეთში ქართველი მოსწავლის დეპორტაცია აქციით გააპროტესტეს – ფრანგული მედია 

08.10.2020 • 2127
საფრანგეთში ქართველი მოსწავლის დეპორტაცია აქციით გააპროტესტეს – ფრანგული მედია 

30 სექტემბერს საფრანგეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ სენ-ნაზარის პოლიციის მთავარ შენობასთან საფრანგეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს და საქართველოს მოქალაქე დედა-შვილის დეპორტაცია გააპროტესტეს – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

გამოცემის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სერგო ამოევი სენ-ნაზარში 23 სექტემბერს დააკავეს სახლში და დედასთან ერთად ქალაქ რენის იზოლატორში გადაიყვანეს. გამოცემისვე ცნობით, მეორე დღეს ორივე მათგანი საქართველოში დაადეპორტეს. ინფორმაციას ფრანგულ გამოცემასთან ადასტურებს სერგოს მასწავლებელი სენ-ლაზარის ანდრე ბულოშის პროფესიული ლიცეუმიდან.

ფრანგული მედიის ცნობით, ამოევების ოჯახი საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს 2018 წლიდან ითხოვდა, თუმცა თავშესაფარზე მათ უარი მიიღეს 2019 წელს.

19 წლის სერგო ამოევი სენ-ნაზარში დასთან და დედ-მამასთან ერთად ცხოვრობდა.

სერგოს მასწავლებლის თქმით, დედა-შვილის დაკავების მომენტში სერგოს და სკოლაში იყო და ახლა მამასთან ერთად იმალება. მასწავლებლისვე თქმით, თავად სერგოს დაკავების დღეს ლიცეუმში გაკვეთილები არ ჰქონდა.

გამოცემასთან მასწავლებლები სერგოს ახასიათებენ როგორც სამაგალითო, დაინტერესებულ მოსწავლეს, რომელიც წარმატებული და  მონდომებული მოსწავლე იყო. მასწავლებლების ცნობით, მან სამოტივაციო წერილიც შეადგინა პროფესიული მიმართულებით რომ გაეგრძელებინა ნოემბერში სწავლა.

ანდრე ბულოშის ლიცეუმში, სადაც სერგო სწავლობდა, მასწავლებლები გამოცემა  franceinfo-სთან საუბრობენ, რომ მათ სკოლაში პროტესტი დიდია და ტრაურის მდგომარეობაში უწევთ სასწავლო პროცესის გაგრძელება.

„ყოველ ჯერზე, როცა კლასში შევდივარ, მის ცარიელ მერხს ვუყურებ“, – ამბობს სერგო ამოევის ინფორმატიკის მასწავლებელი მოჰამედ კისმი.

მასწავლებელმა ადგილობრივი მედიით განცხადებაც გაავრცელა, რომ მათ სკოლაში იგივე სცენარი კიდევ არაერთხელ განვითარდება, რადგან პრობლემები მუდმივად შეექმნებათ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახებსაც დაურეგულირებელი საემიგრაციო სტატუსი აქვთ.

„რამდენიმე დღეში სხვა მოსწავლეებსაც უსრულდებათ 18 წელი. და რა იქნება მერე? ხვალ კიდევ ერთი იქნება ასეთი. გამოდის, რომ ჩვენი სკოლოს კლასები ნელ-ნელა დაცარიელდება ამ ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ერთადერთი რამ სურდათ: მიეღწიათ აკადემიური წარმატებისთვის და მშვიდად ეცხოვრათ საფრანგეთში.

კი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, საფრანგეთში მათი ინტეგრაციისთვის, მაგრამ როგორც კი 18 წელი უსრულდებათ, ვეუბნებით, რომ წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან“ – ნათქვამია მასწავლებლის განცხადებაში.


მთავარ ფოტოზე: 30 სექტემბრის აქცია ქალაქ სენ-ნაზარში ქართველი დედა-შვილის დეპორტაციის გასაპროტესტებლად/ფოტო: Actu.fr

გადაბეჭდვის წესი


ასევე: