მთავარი,სიახლეები

აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?

07.10.2020 • 1511
აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?

უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში, ჯუმბერ ტაკიძე, პირველ რიგში, იმ ადამიანებზე ზრუნვას აპირებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქონება ჩამოართვეს ან უკანონოდ დააპატიმრეს. ჯუმბერ ტაკიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს პოლიციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1996-1998 წლებში კი, ის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯუმბერ ტაკიძე უმუშევარი დარჩა. ახლა იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს და „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ჯუმბერ ტაკიძე ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეორე ნომერია. „ბათუმელები“ მას წინასაარჩევნო გზავნილებზე ესაუბრა.

  • ბატონო ჯუმბერ, რატომ არის თქვენი ყოფნა უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვანი, რა არის თქვენი წინასაარჩევნო გზავნილი? 

მე რასაც ვხედავ ბათუმში, ყველაფერი უნდა შევცვალოთ იქითკენ, რომ ეს ხალხს გამოადგეს. დღეს რაც ხდება, ყველაფერი ადგება ერთეულებს, სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. ორი ბაზრობა შემოვიარე დღეს და ხალხს აქვს სრული უნდობლობა ყველა პარტიის მიმართ, არავისი აღარ სჯერათ. ჩვენი სჯერათ, მაგრამ უმრავლესობას არ უნდა არაფრის გაგონება, რადგან მოატყუა ყველამ, მოატყუეს იმ პარტიებმა, რომლებიც აქამდე იყვნენ და დღემდე არიან.

  • ლოგიკური ხომ არაა ეს უნდობლობა იგივე  „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ, რადგან უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით შესული მერაბ ბლადაძე ამ პარტიას გაემიჯნა, ბათუმის საკრებულოში – არჩილ მამულაძემ დაგტოვათ. უმაღლეს საბჭოში დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი საერთოდ არ გამოცხადდა და დააჯარიმეს კიდეც… 

ეს პარტიის ბრალი კი არაა, ეს ბრალი პირდაპირ იმ ხალხში უნდა მოვძებნოთ, ვინც დატოვა ეს პარტია. თუ მიდიხარ პარტიაში და დგები იქ, სადაც უნდა დადგე, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რაღაც არ მოგეწონათ, ან მოგწონთ, პარტიასთან მოდი, მას ჰყავს თავისი ლიდერები, ლიდერებთან ერთად უნდა იბრძოლო ბოლომდე, რაც აი, მათ პრობლემაში არსებობს… ახლა ვიღაცამ პარტია დატოვა, მაგაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. პარტიის ბრალი არაფერი არ არის.

  • თქვენ რა პრობლემას გააქტიურებთ, თუკი უმაღლეს საბჭოში მოხვდებით? 

პირველი და უმთავრესი არის უსამართლობის განცდა, რაც აქვთ დღეს ადამიანებს. აჭარაში ვისაც ქონება დაკარგული აქვს ან უკანონოდ იყვნენ პატიმრობაში წინა ხელისუფლების დროს, პირველ რიგში, ამ ხალხთან გვექნება საუბარი და აგრეთვე იმ ხალხთან,  რომლებიც ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ, ესენი არიან ჩვენი ვეტერანები და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების  ყოფილი თანამშრომლები – ისინი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ გასული ხელისუფლების მხრიდან და ამ ხელისუფლებამაც არაფერი არ მოუგვარა, უპენსიოდ და უხელფასოდ დატოვეს.

  • უმაღლესი საბჭოს მანდატით კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ? 

ამას დაინახავთ, თუკი მოვხვდები… როდესაც გავიმარჯვებთ, შემდეგ მობრძანდით და გეტყვით, რას ვაპირებ… ჩვენ აჭარიდან დავიწყებთ და მივალთ ცენტრალურ ხელისუფლებამდე, რა თქმა უნდა.

  • თქვენი პარტია უფრო „ნაცმოძრაობის“ კრიტიკითაა დაკავებული, ვიდრე მმართველი პოლიტიკური ძალის. თქვენც გექნებათ მოსმენილი, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ სატელიტია. რა შეგიძლიათ უთხრათ ამომრჩეველს ამ კუთხით?

როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, გახსოვთ, რომ დიდი დამსახურება იყო ამაში ჩვენი პარტიისა. გახსოვთ ალბათ ციხის კადრები საიდან წამოვიდა… აქედან გამომდინარე, გარკვეული წლები შეიმჩნეოდა, რომ ერთ პოზიციაზე იდგნენ, მაგრამ თანდათან, საკადრო პოლიტიკამ ყველაფერი გააფუჭა, ის ძველი კადრები შემოიტოვეს, რომლებიც ხალხს აწამებდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ და ვართ დამოუკიდებელი ჩვენს პრობლემებსა და მიმართულებაშიც.

  • ამბობთ, რომ საკადრო პოლიტიკაა მთავარი პრობლემა. აჭარის რეგიონში რომელი თანამდებობის პირის დანიშვნა იყო პრობლემა, თქვენი აზრით? 

არ მინდა ახლა, მე ამაზე თავს შევიკავებ, მოვა დრო და მე თვითონ ვიტყვი ხმამაღლა.

  • არ მიიჩნევთ საჭიროდ ამომრჩევლის წინასწარ ინფორმირებას? 

ჩვენ ვაყენებთ ფაქტობრივად საქმის კურსში. ცოტა ტელევიზიების მხრიდან ვართ დაბლოკილები, ცენტრალური ტელევიზიები ისე შორიდან გვიყურებენ და არ აშუქებენ ჩვენს შეხვედრებს, ინტერვიუებს… ვიღაც იხდის ტელევიზიებში ფულს, რომ არ გააშუქონ ჩვენი მიმართულება ან „პატრიოტთა ალიანსი“ გაშუქდეს უარყოფით კონტექსტში.

  • „დოსიემ“ გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც თქვენი წინასაარჩევნო კამპანია კრემლისგან 8,5 აშშ ამერიკული დოლარით ფინანსდება. 

ეს არის ზღაპარი, რა უნდა გითხრათ?

  • რატომ გამორიცხავთ, რომ სიმართლე იყოს?

რუსეთს რაში სჭირდება ეს?… არ არსებობს ეს დაფინანსება, რა გვეტყობა დაფინანსებულის, ერთი შემოგვხედეთ. დაფინანსებული ვინცაა, შეხედეთ მათ ბილბორდებს, ადგილი აღარაა, რომ გავაკრათ ჩვენი რეკლამები, ადგილი აღარაა, იმდენი აქვთ გაკრული „ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“ და მისი განაყოფი პარტიების წარმომადგენლებს.

  • თქვენც გქონდათ ბილბორდი, მაგრამ ის ჩამოხიეს, რადგან აჭარა იყო მონიშნული, როგორც თურქეთისგან ოკუპირებული. 

ეს მხატვარმა შეცდომით დახატა. ჩვენი მიზანი ის კი არ იყო, რომ გამოგვეხატა ანექსია, არამედ ის, რომ მოსალოდნელია საშიშროება. დღევანდელ დღეზე არ იყო ეს მიმართული.

  • თქვენი ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ბათუმში ქართველების აღარაფერია და თურქები ხდებიან ყველაფრის მესაკუთრეები. ასეთი დეზინფორმაცია თურქულ ექსპანსიაზე არ გიქმნით უხერხულობას? 

თქვენ ხომ ბათუმელი ხართ? ხომ იცით, რა აქვთ მისაკუთრებული და რა – არა?… მაგალითად, არის ასეთი კომპანია „მეტრო“, გადაიხედეთ ბონის და ბარცხანის ტერიტორიაზე, ვისია ეს ტერიტორია, ვინ განაგებს და მიხვდებით ყველაფერს. გამოდით ქუთაისის ქუჩას გადახედეთ, მერე ბულვარის ბოლოში გადით… ეს შენობები, რაც მრავალსართულიანია, ყველაფერი თურქეთის მოქალაქის საკუთრებაშია. მაგალითად, „ეიფორია“ ვისია?

  • ანუ ფიქრობთ, რომ თურქული ბიზნესი საქართველოში საერთოდ არ უნდა შემოვიდეს? 

არა, ბიზნესი უნდა შემოვიდეს, მაგრამ საკუთრებაში არ უნდა იყოს გადაცემული, არც იჯარით არ უნდა მისცენ 50 წლით. იჯარით მივცეთ, მაგრამ ნახევარი საუკუნით არა. მივცეთ 10-წლიანი იჯარით და შემდეგ შევხედოთ, თუ უნდათ – უნდათ, თუ არა და კარგად იყვნენ.

გასაგებია, ეს არის თქვენი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ქონების მასობრივად შეძენას. სად დასტურდება ეს და თუ არ დასტურდება, რატომ არ გიქმნით ეს უხერხულობას?

თურქული ექსპანსია მარტო საკუთრების გადაცემა ხომ არაა? თქვენ კარგად იცით, რამდენი სკოლაა გახსნილი თურქული, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს. როგორ ამზადებენ იქ ჩვენს ქართველ ბიჭებს და გოგონებს, ეს უკონტროლოდაა დარჩენილი. დაახლოებით 10 -12 უნდა იყოს ასეთი სკოლა მთლიანად აჭარაში… გადამოწმებული მაქვს ეს მონაცემი, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს ახლა, რომ ზუსტად გიპასუხოთ.

  • 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, „პატრიოტთა ალიანსი“ საუბრობდა იმაზე, რომ 40 ათასი თურქი ცხოვრობს ბათუმში. ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ გვერდით ყოველი მესამე ბათუმში უნდა ყოფილიყო თურქი. თქვენი პარტიის ლიდერების გადმოსახედიდან, ბათუმელი ამომრჩეველი ასე მარტივ ტყუილსაც კი ვერ ხვდება. თქვენთვის რატომ არის  მისაღები ამომრჩევლის ასე დანახვა? 

მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, რადგან ზუსტად არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ… მეც წაკითხული მაქვს, მაგრამ 40 ათასი არისო, ამას არ იტყოდნენ. იტყოდნენ, რომ 40 ათასი თუ აგროვდა, მერე ისინი სხვა მოთხოვნებს წამოაყენებენო. 2 ათას თურქს ერთ დღეზე რომ გაუფორმეს მოქალაქეობა, ეს ალბათ გახსოვთ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა მათ ეს მოქალაქეობა და ეს იყო მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში. შესაძლებელია ამის გადამოწმება.

  • რატომ არ გადაამოწმეთ, როცა ესაა თქვენი პარტიის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი? ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც თქვენ პარტიის ლიდერები ამბობენ. 

ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ ასე გაგრძელდა, ეს მოსალოდნელია, თუკი არ მივხედავთ ჩვენს მიწებს, ტერიტორიებს, სკოლებს, განათლების სისტემას… ჩვენ დიქტატორები კი არ ვართ, უცხოელები ვინც კანონიერად განაგებენ ბიზნესებს, არავითარი პრეტენზია არ გვექნება. რაღაც-რაღაცები გარიგებით აქვთ მიღებული, მიყიდული და ასე შემდეგ, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით.

  • დასაქმების თემაზე მინდა გკითხოთ: თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ ადამიანებს უფასოდ დაურიგებენ დანადგარებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება პლასტმასის ბოთლების, მუყაოს ყუთების, ლურსმნების დამზადება… რა გათვლებით იმუშავებს ეს პროგრამა და რამდენი დაიხარჯება ბიუჯეტიდან? 

როგორც ვიცი, სახელმწიფო გაიღებს ამისთვის ხარჯებს, დათვლილია ეს პროგრამა და დაანგარიშებული აქვთ ეკონომისტებს. ეს დანადგარი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა, სადაც შესაძლებელია წარმოება და მოწვეული იქნებიან სპეციალისტები, მუშები და ასე შემდეგ. ეს ადამიანები გადაიხდიან მხოლოდ საშემოსავლოს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: