Batumelebi | როგორ ამოვიცნოთ კანის სოკო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი წარმოქმნა – ექიმის რჩევები როგორ ამოვიცნოთ კანის სოკო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი წარმოქმნა – ექიმის რჩევები – Batumelebi
RU | GE  

როგორ ამოვიცნოთ კანის სოკო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი წარმოქმნა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს კანის, ფრჩხილისა თუ თმის სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციების დიდი ნაწილი არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა დისკომფორტს უქმნის ადამიანს. როგორ ამოვიცნოთ კანის სოკოვანი ინფექციები და როგორია მათი პროფილაქტიკა? – ამ თემაზე მედიცინის დოქტორს, ექიმ-დერმატოვენეროლოგ ნატალია შავდიას ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნატალია, რატომ ჩნდება სოკო?

სოკო ხშირად ნამდვილად უკავშირდება ჰიგიენის წესების დარღვევას, თუმცა გააჩნია რა სახის სოკოა. მიკოზი, რომელიც კანზე ჩნდება, შესაძლოა გაჩნდეს კონტაქტის შედეგად – პირველ რიგში  მსხვილფეხა საქონელთან, ასევე ამ საქონლისგან შინაური ცხოველების, კატების, ძაღლების გავლით გადაედება სოკოს სხვადასხვა სახეობა, მაგალითად, მიკოსპოროზი და ტრიქოპითოზი. ეს ძირითადად ბავშვების მიკოზური ინფექციებია, ზრდასრულებს იშვიათად უვლინდებათ ასეთი პრობლემები.

სოკო ასევე შეიძლება გაჩნდეს იმუნიტეტის დაქვეითების გამო, სხვადასხვა მიმდინარე დაავადების ფონზე, ძირითადად შაქრიანი დიაბეტის ან ენდოკრინული დარღვევებისას, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას. ასევე, სოკო შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ.

  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სხეულზე გამონაყარი არის სოკო და არა ალერგია ან რაიმე სხვა?

ნატალია შავდია

სხვადასხვა სოკოვანი ინფექცია კლინიკურად სხვადასხვაგვარად ვლინდება. კონკრეტული სოკოვანი ინფექცია იცნობა კონკრეტული გამოვლინებით, ექიმისთვის ვიზუალური დათვალიერებაც საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდეს, ეს კანის სოკოვანი დაზიანებაა თუ რაიმე სხვა.

პირველ რიგში, სოკოვანი დაავადება ვლინდება ძლიერი ქავილით, რომელიც შეხებისას უფრო ძლიერდება და ბოლოს პაციენტი ტკივილის სინდრომამდეც მიდის.

მეორე ნიშანია კანზე გამონაყარი ლაქების ან ლაქების ერთობლიობით შექმნილი დიდი ლაქების სახით, როგორც წესი, ასეთი ლაქები მკვეთრი წითელი ან ნარინჯისფერია. ასეთი გამონაყარისთვის სახასიათოა, რომ ცენტრი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე პერიფერია. გარდა ამისა, ეს პერიფერიული ნაწილი შესაძლოა ცოტათი წამოწეული იყოს კანიდან. მაგალითად, ასეთი გამონაყარი ახასიათებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ – საზარდულის ეპიდერმოფიტს, ანუ სოკოვან გამონაყარს საზარდულის მიდამოებში,  ეს გამონაყარი ისე გამოიყურება, თითქოს ფლომასტერით რუკაა შემოხაზული. ასეთ ადგილებს ბუნებრივი ნაოჭების/ნაკეცების ადგილებს ვეძახით. ამ ადგილებში მომატებულია ოფლიანობა და როცა კანის ნაკეცებში ხდება ხახუნი, ვიზუალური დათვალიერებისას შეგვიძლია დავინახოთ სისველე.

ასევე არსებობს გამონაყარი თავის თმიან ნაწილში – მიკოსპორია და ტრიქოპიტია, რაც უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება. ტრიქოპიტია შეიძლება იყოს ჩირქოვანი გამონაყარით და მშრალი მიმდინარეობითაც, ანუ ახასიათებდეს სოკოვანი კერის აქერცვლა. ვიზუალურად ძალიან ადვილია მათი დიაგნოსტირება. თუ გამონაყარი საეჭვოა, მაშინ ვაკეთებთ კანის ანაფხეკს და ისე ვსვამთ დიაგნოზს.

  • შეიძლება სოკოვან დაავადებას ქავილი არ ახასიათებდეს?

არსებობს სოკოს ერთადერთი სახეობა,  ნაირფერი პიტირიაზი, რომელსაც ქავილი არ ახასიათებს. კანზე ასეთი გამონაყარი ძალიან ხშირად გვხვდება, უმეტესად – კისრის მიდამოში მოყავისფრო ფერის ლაქების სახით, ასევე გულმკერდის მიდამოში და ზურგზე. თითქოს მზისგან დარჩენილი ლაქებია, ვიზუალურად ლეოპარდის პრინტს მოგაგონებთ. ეს ერთადერთი სოკოა, რომელიც არ არის გადამდები და რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ახლდეს ქავილი.

  • როგორ ხდება სოკოს მკურნალობა და რა დრო სჭირდება?

პირველ რიგში, ეს არის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც პაციენტი იღებს აბების სახით. თუმცა მედიკამენტის დანიშვნამდე გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, ასევე ვუყურებთ, როგორ მიმდინარეობს დაავადება. შეიძლება კლინიკურად სახეზე იყოს დაავადების ერთი-ორი კერა ან  შეიძლება ძალიან იყოს გავრცელებული. თუ დაავადება არის ერთ ან ორკერიანი, მე მაგალითად, არ დავნიშნავ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს და ვიწყებ გარეგან მკურნალობას. თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.

თუ დაავადება არის გავრცელებული და ძალიან მწვავედ არის გამოხატული კლინიკური სიმპტომები, უცილებლად ინიშნება  სოკოს საწინააღმდეგო საშუალება აბების სახით, ანუ პერორალური მედიკამენტები. პლუს ინიშნება ქავილის საწინააღმდეგო საშუალება და B ჯგუფის ვიტამინები. საერთოდ, სოკო როცა ვითარდება, შეიძლება სახეზე გვქონდეს B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. თუ ხანგრძლივად ვნიშნავთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, ერთი – სამი თვე, მაშინ აუცილებლად ვნიშნავთ ჰეპატოპროტექტორს, ანუ ღვიძლის დამცავ საშუალებას. და რა თქმა უნდა, შინაგანი და გარეგანი მკურნალობა პარალელურად მიმდინარეობს.

როგორ წარიმართება გარეგანი მკურნალობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაშია დაავადება და როგორია მისი კლინიკური მიმდინარეობა.  დერმატოლოგიაში არის ასეთი პრინციპი მშრალზე – მშრალი და სველზე – სველი. თუ ვხედავთ, რომ არის სისველე,  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც პასტის წასმა, არც მალამოს, არც კრემის – გამორიცხულია.  იმ შემთხვევაში, თუ სოკოვანი დაავადება სისველით მიმდინარეობს ან არის ნახეთქები, ეს მწვავე პროცესები უნდა მოვხსნათ და ვნიშნავთ ანელინის საღებავებს. ძირითადად ვიყენებთ მეთილენის ლურჯს, რომელიც ძალიან კარგად ხსნის მწვავე პრობლემებს, მაგალითად, აქვს ქავილის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შემდეგ გადავდივართ სოკოს საწინააღმდეგო მალამოზე და ა.შ.

იმავე პრინციპით ხდება ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობაც. როდესაც ცოტაა გამონაყარი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი არ ინიშნება. თუ პროცესი არის გავრცელებული, რა თქმა უნდა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატი და ძირითადად მიდის სოკოს საწინააღმდეგო ხსნარებით მკურნალობა, ინიშნება მალამოც.

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, გააჩნია სოკოს სახეობას. შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო საშუალება დავნიშნოთ ათი დღე, ორი-სამი კვირა, ონოქომიკოზის დროს, 3-4 თვითაც შეიძლება დაინიშნოს პრეპარატი.

  • შეიძლება თუ არა სოკო თავისით განიკურნოს?

არა, ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ მომხდარა. სოკო, თავისით, მკურნალობის გარეშე არ მორჩება. მესმის, რომ ყოველთვის არ არის საშუალება ექიმთან მისვლის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თვითმკურნალობაც შეიძლება იყოს საზიანო, რადგან ხშირად პაციენტები იყენებენ ისეთ საშუალებებს, რაც არ არის განკუთვნილი სოკოს საწინააღმდეგოდ და ამას შეიძლება მოჰყვეს პროცესის გართულება.

  • როგორია პროფილაქტიკა და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ ხელი არ შეუწყოს სოკოვანი დაავადების განვითარებას?

სოკოს უყვარს ნესტი და სისველე. რა თქმა უნდა, შეიძლება ყოველ დღე დაბანა, მაგრამ არ შეიძლება ყოველ დღე საპნისა და გელის წასმა კანზე იმიტომ, რომ ჩვენს კანს აქვს დამცავი ფუნქცია, ანუ კანის ზედაპირზე მუდმივად არის გამოყოფილი ოფლი და ცხიმი, მათი ნაერთით ჩვენი სხეულის კანზე წარმოიქმნება წყალლიპიდური მანტია, რასაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ. ეს მანტია არის ჩვენი კანის დამცავი, რომ მასში არ შეიჭრას მიკრობები, ჩვენ თუ ყოველდღე ვიბანთ და ღრუბელსა და გელებსაც ვიყენებთ დაბანისას, ვარღვევთ ამ ბარიერს და უფრო ადვილი ხდება ჩვენი კანისთვის, რომ მიიერთოს ნებისმიერი ინფექცია, როგორც სოკო, ისე სხვა ინფექციები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან