გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ იაპონიის ფუკუშიმას რეაქტორის ყველაზე მძიმე ბირთვული კატასტროფიდან ცხრა წლის შემდეგ წყალი, რომელსაც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ, შესაძლოა „წყნარ ოკეანეში გაათავისუფლონ“, რადგან საცავის სივრცე იწურება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წყალთან დაკავშირებით, რომელშიც არსებობს ნახშირბად 14-ის “საშიში” დონე.
ხელისუფლებამ, მათ შორის, ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ წყლის გათავისუფლება ოკეანეში. გეგმას ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები და მეთევზეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
დაბინძურებული წყალი, რომელიც შესაძლოა დაზიანებული ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში ჩაეშვას, რადიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც შეუძლია ადამიანის დნმ დააზიანოს – წერია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია გრინფისის ანგარიშში.
გარემოსდამცველთა ჯგუფი ირწმუნება, რომ 1.23 ტონა წყალი, რომელიც ქარხანაში 1000 რეზერვუარში ინახება, რადიოაქტიური იზოტოპის ნახშირბად 14-ის “საშიშ” დოზას შეიცავს, ტრიტიუმის შემცველობასთან ერთად – წერს „გარდიანი“.
„გრინფისის“ ანგარიში – “ფუკუშიმას რადიოაქტიური წყლის კრიზისის რეალობა”, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც იაპონურმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ახლოსაა დათანხმდეს გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში წყლის ჩაშვების თაობაზე, მიუხედავად ადგილობრივი მეთევზეების წინააღმდეგობისა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს გაანადგურებს მათ საარსებო წყაროს – წერს „გარდიანი“.
“ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის გადადება სამუდამოდ” – თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ. – “ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება”.
ვიდრე მეტი ყურადღება ტრიტიუმს ეთმობა, რომელსაც სადგურის ოპერატორის Tokyo Electric Power-ის [Tepco] ადგილზე განთავსებული ფილტრაციის სისტემა ვერ ფილტრავს, “გრინფის იაპონიამ” და “გრინფის აღმოსავლეთ აზიამ” განაცხადეს, რომ დაკონსერვებული წყალში შემავალი რადიოაქტიური ნახშირბადიც წყნარ ოკეანეში ჩაიღვრებოდა.
ანგარიშში წერია, რომ ნახშირბად 14 კონცენტრირდება თევზში ათასჯერ უფრო მაღალი დონით, ვიდრე ტრიტიუმი. ნახშირბად 14 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის კოლექტიური რადიაციული დოზის მთავარი კონტრიბუტორი და აქვს ადამიანის დნმ-ს დაზიანების პოტენციალი”. გრინფისის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა წყალს რომელიც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ მოიხსენიებს, როგორც “გასუფთავებულ წყალს” და ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ის მხოლოდ ტრიტიუმს შეიცავდეს.
თუმცა TEPCO-ს სპიკერმა რიუნოსუკე ტაკანორიმ CNN-თან თქვა, რომ ავზებში გაზომვების შედეგად გაწმენდილ წყალში ნახშირბად 14-ის კონცენტრაცია არის 2–220 ბეკერელი ლიტრზე. ტაკანორის თქმით, “მაშინაც კი, თუ ეს წყალი დაილევა ყოველდღე 2 ლიტრი, წლიური ექსპოზიცია დაახლოებით 0,001-დან 0,11 მილიზივერტამდეა, რაც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო დონე”.
”ნებისმიერი რადიოაქტიური გამონადენი შეიცავს გარკვეულ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის საფრთხეს”, – განუცხადა CNN-ს მანჩესტერის უნივერსიტეტის რადიოქიმიის პროფესორმა ფრენსის ლივენსმა და განმარტა, რომ რისკი გაიზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ნახშირბადი 14 ჩაეშვება ოკეანეში.
“კატასტროფიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, Tepco და იაპონიის მთავრობა კვლავ ფარავს კრიზისის მასშტაბებს ფუკუშიმა დაიიჩში”, – თქვა მოხსენების ავტორმა და გერმანიის Greenpeace-ის ბირთვულმა სპეციალისტმა, შონ ბურნიმ. – ”მათ წლების განმავლობაში, შეგნებულად დამალეს დეტალური ინფორმაცია დაბინძურებულ წყალში რადიოაქტიური მასალების შესახებ. მათ არ განუმარტეს ფუკუშიმას მოქალაქეებს, ზოგადად იაპონიასა და მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს, რომ დაბინძურებული წყალი, რომელიც წყნარ ოკეანეში უდნა ჩაეშვას, შეიცავს ნახშირბად 14-ის საშიშ დონეს”.
„გარდიანის“ ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა, სავარაუდოდ, წყლის ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს. მედიის ცნობით, პროექტი დაიწყება ყველაზე ადრე 2022 წელს და მის დასრულებას ათწლეულები დასჭირდება. წყალი გამოთავისუფლებამდე Fukushima Daiichi– ში, ქარხნის შიგნით განზავდება, ისე, რომ იგი 40-ჯერ უფრო ნაკლებად კონცენტრირებული იყოს – წერს გაზეთი Yomiuri Shimbun-ი.
ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა 25 ოქტომბერს აქცია გამართეს სომხეთის საკონსულოსთან. აქცია ბოლო თვეში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებოდა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, მალე დამყარდეს მშვიდობა და შეჩერდეს აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია ყარაბაღის მოსახლეობაზე,“ – ამბობს არტურ ოგანესიანი, აჭარის სომეხთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი.
აქციის ორგანიზატორი აჭარის სომხური დიასპორა იყო.
აქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმშიაქცია სომხეთის საკონსულოსთან ბათუმში
27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.
სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.
სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 638 681 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, წერია, რომ კომპენსაცია ბაგრატ მანველიძესაც ერგება.
სეტყვისგან მიყენებულ ზიანის კომპენსაცია მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ ჩაერიცხა. ისინი თვეებს განმავლობაში ელოდნენ ამ თანხას. დაზარალებულთა ნაწილს კი, ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღია.
„კი, ჩამერიცხა ეს ფული, მე ვენახის ბაღი მაქვს და დამიზიანა სეტყვამ… რის საშუალებაც იყო, ის მომცეს, პრეტენზია არ მაქვს,“ – უთხრა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება 27 აგვისტოთი თარიღდება. ქედის მერი, ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ ამ დრომდე ტექნიკური დეტალები ზუსტდებოდა და ქედაში კომპენსაცია უკვე ყველამ მიიღო.
ბაგრატ მანველიძე 2019 წელს აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, როცა იგი მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დააკავეს. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაგრატ მანველიძე დამნაშავედ მიიჩნია და პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე დააჯარიმა 20 ათასი ლარით.
ბაგრატ მანველიძის შვილი – გიორგი მანველიძე უმაღლესი საბჭოს წევრია. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-5 ნომერია 31 ოქტომბრის არჩევნებში. გიორგი მანველიძის ოჯახი ზღვასთან ახლოს მრავალბინიან სახლს აშენებს.
ბაგრატ მანველიძის ოჯახს ასევე უკავშირდება უკანონო მშენებლობა ახვლედიანის ქუჩაზეც, რომელიც სასამართლომაც ვერ შეაჩერა.
კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4, და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
კლინიკებში, კოვიდსასტუმროებში და ბინაზე მყოფ პაციენტებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს სპეცსიაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ავტომატურად შეიყვანს შესაბამისი უწყებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან სპეცჯგუფები 31 ოქტომბერს მათ ადგილზე მიაკითხავენ.
რაც შეეხება თვითიზოლაცაში მყოფ პირებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე უწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა, ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მიმართავენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“.
[შენიშვნა:აღნიშნული ვადა დღეს ცესკომ 27 ოქტომბრის დღის 2 საათამდე გადაწია. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს შეუძლია აღნიშნულ ნომერზე დარეკოს 27 ოქტომბერსაც, დილის 10 საათიდან დღის 2 საათამდე].
აჭარაში დღეს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, კოვიდპაციენტებს 9 კლინიკა და 4 კოვიდსასტუმრო ემსახურება; ხოლო სხვადასხვა სასტუმროში 49 საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.
ცესკოს განმარტებით, არჩევნების დღეს სპეცჯგუფები მიაკითხავენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მთავრობის მიერ შედგენილ თვითიზოლაციაში მყოფი პირების სიაში იქნებიან. ვინც იზოლაციაში თავისი სურვილით იმყოფება და არ არის დაფიქსირებული თუნდაც 112-ში, მათ სპეცსიაში არ შეიყვანენ და ადგილზე ხმის მისაცემად არ მიაკითხავენ.
„იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის მათთან მიტანის შესახებ აცნობებენ ცესკოს, გადამოწმდება იმ სიების მეშვეობით, რომლებსაც კომისიას მთავრობა მიაწვდის. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი არ იქნება შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიაში, ის ვერ იქნება შეყვანილი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის შედგენილ სპეციალურ სიაში. ადამიანებთან, ვინც 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში, მათთან გადასატან ყუთს ვერ მიიტანენ“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ „ნეტგაზეთთან“.
ნახეთ აჭარაში იმ უბნების მისამართები, რომლებიც კოვიდპაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურება:
სპეციალურ სიებში ასევე მოხვდებიან სპეცჯგუფში მყოფი ცესკოს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლები, რათა მათ იქვე მისცენ ხმა.
როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, ნახეთ ამ ბმულზე:
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა – დაიწყოს გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე.
„საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, რასაც სჭირდება საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატური შეფასება, გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო უწყებამ აღწერილი ფაქტები სამოქალაქო დავის საგნად მიიჩნია და გამოძიება არ დაიწყო.
„უდავოა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიერ შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება შესაძლო დანაშაულის (დევნის) საკმარის საპასუხო მოქმედებად. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება არ გამორიცხავს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
7 ოქტომბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მედიის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს, სახალხო დამცველისსაპასუხო წერილით მიმართა. წერილში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ „სახალხო დამცველის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ გამოთქმული ვარაუდები ეყრდნობა დაინტერესებული პირების მიერ მიწოდებულ სუბიექტურ მოსაზრებებს და არის ზედაპირული“.
„სახალხო დამცველისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ვარაუდები, რომ თითქოს ჩვენს მაუწყებელში ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და რომ თითქოს ჩვენთან ადგილი აქვს ჟურნალისტთა შევიწროებას, საგრძნობლად აზიანებს არა მარტო ზოგადად მაუწყებლის, არამედ აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტის რეპუტაციას. მსგავს შეფასებებს განსაკუთრებული დამაზიანებელი ეფექტი აქვს საარჩევნო პერიოდში, როცა აჭარის რეგიონის მოსახლეობა სწორედ ჩვენი სატელევიზიო და რადიოარხებისგან ელის პოლიტიკური მოვლენების, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ამომწურავ და მიუკერძოებელ გაშუქებას. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებით, მოავლინოთ თქვენი წარმომადგენელი ჩვენს მაუწყებელში, რათა ადგილზე გაეცნოთ მდგომარეობას, შეაფასოთ ჩვენს ჟურნალისტთა პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი, გამოიკვლიოთ, ირღვევა თუ არა გამოხატვის თავისუფლება,“ – წერს გიორგი კოხრეიძე გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ძირითადად პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული და საბჭო მხარს უჭერს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს, რომელმაც მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება.
საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გაგრძელდება და პანდემიის პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, ნოემბერში დადგება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, განაცხადა საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე.
„რომ შევაჯამო, ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ პიკი სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირას გვექნება და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მთავარია სიტუაცია მართვადია და უნდა იყოს მართვადი,“ – განაცხადა მან.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვისა და სამედიცინო პერსონალის მობილიზების მნიშვნელობას.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის მართვაში.
26 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს. „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა,“ – აღნიშნულია დიაგნოზში.
ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 86 წლის ქალი, რომელიც 21 ოქტომბერს შეიყვანეს კლინიკაში. დიაგნოზი: „ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი იშემიური ინსულტი“.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია.
„ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კოვიდი გახდა უკვე გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ სიკვდილიანობის მესამე მიზეზი ბოლო კვირის განმავლობაში.
კორონავირუსმა ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიკვდილიანობით სიმსივნეებს, ალცჰეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“, – განაცხადა დღეს, 26 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა საერთაშორისო ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ანალიზს.
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და მზად არიან, დაეხმარონ ექიმებს.
ჩხენკელის თქმით, სტუდენტების მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და „სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ექიმებს დახმარება, იქ დაეხმარებიან“.
მიხეილ ჩხენკელმა განცხადება დღეს, 26 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ასევე დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა, რომ გადამზადება ეხება მე-5, მე-6 კურსის სტუდენტებსა და რეზიდენტებს.
„პანდემია ომზე ნაკლები არ არის, ამიტომ როცა საჭიროა სრული სამედიცინო პერსონალი უნდა მობილიზდეს. სტუდენტები ექიმების ასისტენტებად მომზადდებიან და გაივლიან კურსს, თუ რა უნდა იცოდნენ კოვიდზე“ – ამბობს გამყრელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის – პ.ქ.-ის და ავსტრალიის მოქალაქის – ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს, ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,“ – აცხადებს შსს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აღნიშნულ ფაქტზე 1 პირის დაკავება, გუშინვე, 25 ოქტომბერს, დაადასტურეს. გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, თუმცა ოჯახი თავდასხმასა და დაყაჩაღებაზე საუბრობს:
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ ამ დრომდე არ იციან, შედგება თუ არა ეს შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან.
„არჩევნებიდან გამომდინარე, დღეს არის ბოლო ვადა, როცა მთავრობას შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რა გააკეთეს – ამის საკითხავად მოვედით. ვითხოვთ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის, ველოდებით შესასვლელში. ადგილზეა პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც იცავენ მთავრობის სახლს. ვდგევართ პოლიციელებთან ერთად,“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, გიორგი გორგილაძემ.
უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია 6 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ:
საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0%-ით
გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამოეხმაურათორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, საბავშვო ბაღის, სკოლის მოსწავლის და სტუდენტის ვაუჩერული დაფინანსება. ყველა პარტია, მათ შორის ის, ვისაც უკვე აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია, განათლების სფეროს დაფინანსების მილიონობით ლარით ზრდაზე ლაპარაკობს. რამდენად რეალურია პარტიული დაპირებები და რატომ ჰგავს ხშირ შემთხვევაში მათი საარჩევნო გზავნილები ერთმანეთს?
ამ არჩევნებზე საკმაოდ გულუხვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაპირებებში. სხვა ოპონენტებისგან განსხვავებით, ის არ ერიდება კონკრეტულ ციფრებზე საუბარს და ამბობს, რომ მაგალითად, 1 500 ლარით უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ სკოლამდელი ბავშვი და მშობელი თვითონ გადაწყვეტს, სად წაიყვანოს შვილი – კერძო თუ საჯარო საბავშვო ბაღში.
პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი და აჭარის ყოფილი განათლების მინისტრი გია აბულაძე ამბობს, რომ დაფინანსების გაზრდა კონკურენტულ გარემოს შექმნის და სახელმწიფოს აღარ მოუწევს ბევრი საბავშვო ბაღის აშენება. „დღეს ყველა რესურსი მიმართულია კაპიტალური ხარჯებისკენ, საბავშვო ბაღები მაინც არ ჰყოფნით ბავშვებს. რაც აშენებულა, იქაც არ არის სათანადო პირობები, 40-50 ბავშვი ჰყავთ ერთ ოთახში. ამ ვაუჩერით კი მშობელს შესაძლებლობა ექნება ბავშვი კერძო ბაღში წაიყვანოს“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.
სასკოლო ვაუჩერის 2 ათასი ლარით გაზრდას ჰპირდებიან სკოლის მოსწავლეებსაც. გია აბულაძის თქმით, ბაღების მსგავსად, აქაც კონკურენციის პრინციპი იმუშავებს და კერძო სკოლები გაცილებით მეტი ბავშვის მიღებას შეძლებენ.
ენმ ხელფასების გაზრდას მასწავლებლებსაც ჰპირდება. მათი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საბაზო ხელფასი 2 000 ლარიდან უნდა იწყებოდეს. მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის კი უნდა აშენდეს მასწავლებლის სახლი მაღალმთიან აჭარაშიც. „პედაგოგებისთვის ორი ტიპის ტრენინგები იქნება, ერთი მოკლევადიანი და მეორე, ზამთრის და ზაფხულის სკოლები“, – ამბობს აბულაძე. რაც შეეხება სკოლების დეცენტრალიზაციას, აბულაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სკოლა დამოუკიდებელი იყოს დირექტორის არჩევაშიც.
„სკოლამ უნდა გამოაცხადოს კონკურსი და დირექტორს ამის საფუძველზე აირჩევს სამეურვეო საბჭო“, – ამბობს ის.
ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე ხშირად ისმოდა კრიტიკა იმის თაობაზე, რომ სკოლაში პოლიციური სისტემა დაინერგა და სახელმწიფო აკონტროლებდა არა მარტო დირექტორებს, – ჯერ მანდატურის სამსახურის სისტემით, ასევე ატარებდა რეპრესიულ პოლიტიკას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე დირექტორების და მასწავლებლების მიმართ.
გია აბულაძე ნაწილობრივ აღიარებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა დამაზიანებელია საგანმანათლებლო სისტემისთვის.
„მართალია, ანგელოზები არ ვყოფილვართ. მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტროს ქირურგიული ჩარევების უფლება არ უნდა ჰქონდეს სკოლაში“, – ამბობს ის.
ენმ-ს საერთო პროგრამისგან აჭარის ნაწილი იმით განსხვავდება, რომ მოსწავლის კვების ვაუჩერის დაფინანსების პროგრამას სწორედ ამ რეგიონიდან დაიწყებენ.
რეგიონის სკოლებს ენმ ბიბლიოთეკებით, ჭკვიანი კლასებითა და კომპიუტერებით აღჭურვას ჰპირდება, მასწავლებლებს კი – ლეპტოპებს და ინტერნეტს.
რაც შეეხება სტუდენტების განათლებას, საარჩევნო დაპირების მიხედვით, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო გრანტი – 2 500 ნაცვლად 4 500 ლარით უნდა დაფინანსდეს სტუდენტი.
მსოფლიოს ტოპათეულში შემავალ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს კი ენმ 100%-იან სახელმწიფო დაფინანსებას ჰპირდება. გია აბულაძეს ვკითხეთ, ხომ არ არის ეს პოპულისტური განაცხადი იმ ფონზე, როცა ლარი გაუფასურებულია, მსგავს უნივერსიტეტებში კი ძალიან მაღალია სწავლის გადასახადი?
აბულაძე ამბობს, რომ ამისთვის ისინი ტბელ აბუსერიძის სახელობის ფონდის დაარსებას გეგმავენ, რომელიც განათლებაზე იქნება ორიენტირებული და საჭირო ფინანსებს სწორედ აქედან მოიძიებენ. „მე ბევრ ქართველს ვიცნობ უცხოეთში, ვინც სიამოვნებით ჩარიცხავს ამ ფონდში თანხას“, – ამბობს ის.
ენმ-ს განათლების საარჩევნო ბიუჯეტი სამი მილიონი ლარით მეტი იქნება დღეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით. „ზრდა კი დაგეგმილია წლების მიხედვით, როცა დავიწყებთ საგადასახადო რეფორმებს და დეფიციტს შევავსებთ“, – ამბობს ის.
პოლიტიკური პარტია „ლელოც“ ამბობს, რომ განათლების ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, თუმცა ენმ-სგან განსხვავებით, კონკრეტული ციფრების დასახელებას ერიდება. პარტიის წევრი ფიქრია ჩიხრაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლასა და უნივერსიტეტში მუშაობამ მისცა საშუალება, უკეთ გაცნობოდა სისტემაში არსებულ პრობლემებს. ჩიხრაძის აზრით, დღეს არსებული სისტემის ერთ-ერთი ნაკლი არის ის, რომ რეფორმა არ არის გრძელვადიანი.
„რეფორმა მინიმუმ ათ წელზე უნდა იყოს გათვლილი, დღეს კი რეფორმა არ არის უწყვეტ ციკლზე მორგებული და მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება“, – ამბობს ის.
უმთავრესი პრიორიტეტი, რაც „ლელოს“ საგანმანათლებლო რეფორმაში ესახება და რასაც იმეორებენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, არის სკოლის დეცენტრალიზაცია.
განათლების სამინისტრო კი მხოლოდ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არ უნდა წყვეტდეს დირექტორების დანიშვნის ან გათავისუფლების საკითხს. ამ ბერკეტის გამოყენებით, როგორც ჩიხრაძე ამბობს, სკოლა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა. „წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორების მასიური გათავისუფლებაც სწორედ ამაზე მეტყველებს. სამინისტრო თავიდან იშორებს მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს“, – გვეუბნება ჩიხრაძე.
მის თქმით, იქნება ეს ონი, ყაზბეგი თუ ლენტეხი, სკოლის დირექტორის შერჩევაში არა სამინისტრო, არამედ ადგილობრივი თემი უნდა მონაწილეობდეს. „დეპოლიტიზაციას მოჰყვება დეცენტრალიზაცია, სკოლებს მაქსიმალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ როგორც სახელმძღვანელოების შერჩევაში, ასევე ბიუჯეტის მართვაშიც. ბიუჯეტს კი უნდა აკონტროლებდეს სამეურვეო საბჭო“, – მიიჩნევს ჩიხრაძე.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების გრიფირებას, „ლელოს“ მიაჩნია, რომ გრიფირების დეპარტამენტი ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი და მას სამინისტრო არ უნდა აკონტროლებდეს. „დღეს ყველა სისტემა, იქნება ეს სამინისტრო, რესურსცენტრები თუ მასწავლებლის სახლი, სკოლას აწევს“.
მასწავლებლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ წახალისების სისტემა უნდა იყოს შენარჩუნებული, თუმცა ის, ვინც მაღალი ქულებით აბარებს გამოცდას, ვერ ხვდება მაღალანაზღაურებად კვოტაში.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, „ლელოს“ პოზიციაა, რომ უნივერსიტეტები სტუდენტებს დასაქმების ბაზრის კვლევის საფუძველზე უნდა იღებდნენ. „თუმცა ეს იმიტომ ვერ ხერხდება, რომ დაფინანსება მიბმულია სტუდენტზე და უნივერსიტეტები მზად არიან დაბალი მოსწრების სტუდენტები მიიღონ. ამიტომ გვყავს დღეს ათეულობით პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ვერ საქმდებიან და გვაქვს პროფესიები, რაზეც მოთხოვნაა, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს.
ყველაფერი უნდა ემყარებოდეს კვლევებს. მაგალითად, კერძო სტრუქტურიდან და საჯარო სამსახურებიდან ყოველწლიურად უნდა ვიცოდეთ მონაცემები, სად არის დასაქმების შესაძლებლობა. რეფორმა მარტო განათლების სფეროში ამოგლეჯილ რეფორმას არ გულისხმობს, არამედ იმასაც ჩვენ ასეულათასობით სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ კერძო სექტორში და პროფესიების არჩევანიც უმაღლესებისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით უნდა ხდებოდეს“, – ამბობს ჩიხრაძე.
ენმ-სგან განსხვავებით, „ლელო“ საარჩევნო პროგრამაში არ აპელირებს ციფრებზე, თუმცა ამბობს, რომ „600 ათას ადამიანს უნდა ჰქონდეს 3 ათასზე მეტი ლარი შემოსავალი თვეში“.
„ჩვენ გვინდა გავაჩინოთ საშუალო ფენა და ამ ფენაში მოვიაზრებთ მასწავლებლებს, პოლიციელებს და ექიმებს. ჯერ ეკონომიკური საფუძველი უნდა გავაჩინოთ. სხვა ყველაფერი – იქნება ეს პენსიის გაზრდა, განათლებაში და სხვა სისტემაში არის ძალიან ლოზუნგური, თუკი ამას არ აქვს ეკონომიკური საფუძველი“, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ლელო“ აქცენტს აკეთებს რექტორების დანიშვნის ფორმაზეც. მათი პოზიციაა, რომ პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შემდეგ, პირი არ უნდა ინიშნებოდეს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელად რამდენიმე წლის მანძილზე, რადგან ეს ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტის ავტონომიურობას. „უნივერსიტეტის რექტორი არ უნდა ძრწოდეს განათლების ან რომელიმე მინისტრის დაძახებაზე. შეიძლება, რომ სასამართლო რეფორმა იხილებოდეს და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ამ განხილვაში საერთოდ არ მონაწილეობდეს? მაშინ როდესაც ამდენი სამართლის ფაკულტეტია“, – ამბობს ჩიხრაძე.
საარჩევნო პროგრამაში ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ „ლელოს“ პროგრამაში გვხვდება. პარტიის აზრით, მნიშვნელოვანია დისტანციური განათლების დანერგვა ამ რეგიონებში, რადგან მოსწავლეებმა შეძლონ ქართული ენის სწავლება და იმ პედაგოგებმა დასაქმება, რომლებიც ამ საგანს ასწავლიდნენ სკოლებში. მათი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა სკოლაა. ენმ-სა და „ლელოს“ მსგავსად, მათაც მიაჩნიათ, რომ სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი და კონკურენტუნარიანი. „ამ ორ პრინციპზე აიგება სკოლა“, – ამბობს პარტიის წარმომადგენელი, სერგო რატიანი.
სხვა პარტიების მსგავსად, „ევროპული საქართველოც“ მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორი უნდა აირჩიოს სამეურვეო საბჭომ, სადაც უმრავლესობა უნდა ჰქონდეს მშობლებს და არა სამინისტროს. „როდესაც გამგებელი დაუძახებს დირექტორს და ეტყვის, რომ ჩაერთე საარჩევნო კამპანიაში, დირექტორი ეტყვის, რომ შენ არ ხარ ჩემი დამქირავებელი. ჩვენ დირექტორს და მასწავლებლებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური ზეწოლისგან“, – ამბობს რატიანი.
„ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ 2 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს როგორც არჩევანს, ასევე კერძო სექტორის განვითარებას.
მასწავლებლების კვალიფიკაციას რაც შეეხება, „ევსაქებს“ მიაჩნიათ, რომ მასწავლებელი უნდა აბარებდეს საკვალიფიკაციო გამოცდებს, „შემდეგ კი აქაც კონკურენცია დაალაგებს ყველაფერს“.
„ევსაქები“ ასევე ემხრობიან ეროვნული გამოცდების ფორმატის შენარჩუნებას, რადგან, როგორც სერგო რატიანი ამბობს, კორუფციის რისკის ზონიდან ჯერ კიდევ არ არის ქვეყანა გამოსული. „შესაძლებელია ევროპული მოდელის განხილვაც, როცა სკოლის ნიშნების საფუძველზე არჩევენ აბიტურიენტებს. შეიძლება არსებობდეს ეროვნული გამოცდის მსგავსი დამამთავრებელი გამოცდა, რასაც უნივერსიტეტები დაუმატებენ სამოტივაციო გასაუბრებას და რომელიმე კონკრეტულ საგანს, რაც მათ მიაჩნიათ სავალდებულოდ“.
რატიანი „სისტემის სიმახინჯედ“ მიიჩნევს პროგრამული დაფინანსების გაჩენას ე.წ. უფასო ფაკულტეტებისთვის, „რადგან ის არა მხოლოდ გრანტის უსამართლო განაწილებაა, არამედ არარაციონალური ფულის ხარჯვაც. წარმოიდგინეთ, რომ აბარებ ბიზნესადმინისტრირებაზე და იღებ გაცილებით მაღალ ქულას, ვიდრე ის, ვინც უფასო ფაკულტეტზე. ამ დროს ის იღებს 100-პროცენტიან დაფინანსებას, შენ კი შეიძლება 70-პროცენტიანიც ვერ მიიღო. ბოლოს და ბოლოს, აუდიტის სამსახურმა შეაფასა ეს სისტემა, როგორც არაეფექტური. ტყუილად გადაყრილი ფულია, რადგან სტუდენტების 50 პროცენტი, ვინც ამ ფაკულტეტებზე აბარებს, შემდეგ მაინც სხვაგან გადადის.
რომ არა უსამართლო დაფინანსება, სტუდენტების გაცილებით მეტი რაოდენობა მიიღებდა უფრო მაღალ გრანტს და მიგვაჩნია, რომ ეს დაფინანსება 8 ათას ლარზე მეტი უნდა იყოს. სკოლაში სპეციალისტი არ წავა მხოლოდ იმის გამო, რომ უფასო ფაკულტეტზე ისწავლა, არამედ მასწავლებლის მაღალი ხელფასის გამო“, – ამბობს რატიანი.
მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მეცნიერების განვითარება სურს, მას შეუძლია სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე დააფინანსოს სამეცნიერო კვლევები.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ევროპული განათლება უნდა მიიღონ და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა წავიდეს ევროპაში. პარტიის წარმომადგენელი ვაჟა ოთარაშვილი ამბობს, რომ ქართული განათლების სისტემა ლიბერალური ღირებულებების გამო არ მოსწონს. მისი აზრით, საბჭოთა განათლების სისტემა ბევრად გამართული და ეფექტური იყო, ვიდრე დღეს არსებული, რადგან „დღევანდელი განათლების შესახებ მიღებული კანონი სოროსის მიერ არის ნაკარნახევი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივია“.
კითხვაზე, თუ რას მიიჩნევს ის ანტიეროვნულად, ვაჟა ოთარაშვილი ზოგადად ამბობს, რომ ეს კანონი ამცირებს პროფესორ-მასწავლებელთა ღირსებას და არც ცოდნას აძლევს ბავშვებს.
ოთარაშვილის თქმით, არასწორია ისიც, რომ სკოლებს სახელმძღვანელოების არჩევის უფლება აქვთ, არ ისწავლება სკოლაში გრამატიკა და ზოგიერთი საგნები, მაგალითად, მათემატიკის სწავლება საათებზეა დამოკიდებული. „ყველა საგანში უნდა იყოს თითო სახელმძღვანელო და არა სხვადასხვა“, – ამბობს ოთარაშვილი.
ოთარაშვილის აზრით, შეცდომა იყო სკოლიდან პენსიონერი პედაგოგების გაშვებაც, რადგან ისინი ბავშვებს ეროვნული სულისკვეთებით ზრდიდნენ. „ახალი მასწავლებლები კი ლიბერალურ ღირებულებებზე არიან აღზრდილი“.
ამის მიუხედავად, ოთარაშვილი ამბობს, რომ მოსწონს ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის განათლების მოდელები, ქართული მოდელი კი აქეთკენ არ მიდის.
ოთარაშვილს სკოლის 12 კლასიც დროის ფლანგვად მიაჩნია, „რადგან ფაქტობრივად ზედა კლასებში არც ერთი მოსწავლე არ დადის, არასწორი იყო კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების მოხსნა და ეს უნდა აღდგეს“.
რაც შეეხება პედაგოგის კვალიფიკაციას, ოთარაშვილი მომხრეა, რომ პედაგოგიური ინსტიტუტები ამოქმედდეს ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში და იქ მომზადდნენ მასწავლებლები.
რაც შეეხება მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამას განათლების რეფორმაზე, ამ თემაზე ისინი არ საუბრობენ.
Partiebi.ge-ზე გამოქვეყნებულ „პროგრამაში“ კი „ქართულ ოცნება“ მშრალად ამბობს, რომ გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები, გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, მასწავლებელთა ხელფასები, პროფესიული განათლების ბიუჯეტი, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი კონცეპტუალური მოდელი ჩამოყალიბდება თუ რა, ამაზე არ არის იქ საუბარი.
აქცენტი კეთდება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის Erasmus+ -ით მოსარგებლე პირების რაოდენობის გაზრდაზე, სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობაზე და საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური პერსონალის თანამშრომლობის გაზრდაზე ქართულ სამეცნიერო სივრცესთან. საარჩევნო პროგრამაშია შეტანილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბება და თანამედროვე სამეცნიერო ცენტრის შექმნა ამ ბაზაზე.
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს“ – აღნიშნულია პრესრელიზში.
უჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიუჩხოს ხეობა, კასკადოვანი ჩანჩქერები. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით 2015 წლიდან მუშაობს და „დღემდე, სააგენტოს მიერ მთიან აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტია მარკირებული. გრძელდება მუშაობა ჩირუხში ტურისტული პროდუქტის შექმნის, მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონების, ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტის მიმართულებით“.
ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს, მათი და მათი ოჯახების დამსახურებით, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს ქალაქი.
ბათუმში ჩამოსვლა, ყოველთვის ჩემი მეგობრების ნახვის სიხარულსა და მათთან გართობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ამ ქალაქში თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის კმაყოფილი ვიქნები ამ გადაწყვეტილებით.
როცა მოვდიოდი ვიცოდი, რომ ძალიან დაძაბული არჩევნების წინ, მხოლოდ პოზიტიური საარჩევნო კამპანიის ჩატარება მინდოდა, რადგან ჩემი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენტები, ჩემი მეგობრებიც იყვნენ და მე მათთან ოდნავი დაპირისპირების სურვილიც არ მქონია.
თუმცა, რაც ბათუმში ჩამოვედი მივხვდი, რომ აქ ისედაც აბსურდია ნეგატივზე ააგო კამპანია, თუ ხელისუფლება გალახვას ან დაჩაგვრას არ გიპირებს, იმდენად მშვიდი და საკურორტოა თბილისთან შედარებით აქაური გარემო.
დაუნახაობა იქნება არ ვთქვა, რომ ხელისუფლება აქ ხელს არ გვიშლის წინასაარჩევნო კამპანიაში, არც მე და არც სხვა პარტიებს. ამას არ ველოდი. ფაქტია, რომ გულხელდაკრეფილი არ სხედან და კორონასთან ბრძოლის მერე გაღარიბებული ამომრჩევლის სხვადასხვა ფორმით მოსყიდვით არიან დაკავებული, მაგრამ მთავრობა წინასაარჩევნოდ ფიზიკურად არ ირტყმევინება, რაც წინსვლაა ჩვენნაირი ქვეყნისთვის.
მე არ ვიცი სანამ გასტანს ეს სიმშვიდე, მაგრამ ჯერჯერობით ასეა.
ერთი კვირის წინ ბათუმის ბულვარში ნაციონალური მოძრაობის მიტინგი იყო, ბევრი ხალხი მოვიდა, „კარანტინშიკებმა“ და მთავრობამ ამბავი ატეხეს პოლიტიკური პარტია კორონას ავრცელებსო, ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობა ხალხის დამვირუსებლის როლში გამოეყვანათ, მაგრამ მე მგონი არ გამოუვათ, რაც არ უნდა თქვან არ სჯერა ხალხს ამათი.
ნაციონალური მოძრაობა თავიდან #დარჩისახლში-ს აქტივისტი პარტია იყო და მთავრობის მიერ ხალხის სახლში გამოკეტვას უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა მგონი მიხვდნენ, რომ მიქარეს და კორონაზე ადრინდელი მოწიწების ნაცვლად ცოტა აგდებულად საუბრობენ, თუმცა გაზაფხულის „კორონამიქარვას“ ოფიციალურად ჯერ საჯაროდ არც ერთი პარტია არ აღიარებს. ამიტომაც არიან სასაცილო სიტუაციაში, როცა ამ თემაზე აკრიტიკებენ მთავრობას.
რამდენიმე დღის წინ გირჩის თბილისის შტაბებში შრომის ინსპექცია პოლიციასთან ერთად შევარდა და კაფე ბარების მესაკუთრეებს დაემუქრა, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ კორონათი ხალხის დაშინება უნდათ და გადაწყვიტეს ღამის 10 საათის მერე თბილისის ყველა გასართობი დაწესებულება დახურონ.
ბათუმისგან განსხვავებით, თბილისში კაფე-ბარების მესაკუთრეები ტვ პირველის ეთერიდან შეულამაზებლად ლანძღავდნენ ხელისუფლებას. თან ძალიან დამაჯერებლად.
როგორც ჩანს, თბილისში მთავრობას უკვე აღარ გაუვა ადამიანების კლასტერებად დაყოფა.
ბათუმში კამპანიის ერთი ნაწილი საჯარო საუბრის დაწყება იყო, ლალიმ და მე ამისთვის 2 ფეისბუკგადაცემა მოვიფიქრეთ „საუბარი ლალისთან“ და „გირჩის ბირჟა“, ადგილობრივ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, ვესაუბრებით მათი თვალით დანახულ რეალობასა და მისი გამოსწორების გზებზე.
პერიოდულად თბილისში ჩასვლა მიწევს, რადგან თუ თბილისს გარეთ ხარ მედია სივრციდან იკარგები და ეს წინასაარჩევნოდ დაუშვებელი ამბავია.
ამ ჩასვლაზე, გოგა ხაჩიძემ და პოლსკიმ სიურპრიზი გამიკეთეს და სამეგრელოსადმი მეგრულად მიმართვის ვიდეო ჩამაწერინეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ცხენზე შემჯდარი მივიღებდი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ გავბედე.
ბათუმში ჩამოვედი, ხვალ კოფიშოპის სიმბოლურად გახსნის ივენთი გვაქვს, ჩვენს ოფისს აბრას ვკიდებთ, რომ აქ გაიხსნება პირველი კოფიშოპი საქართველოში.
ამაზე საინტერესო ბათუმის პოლიტიკაში და არტში ახლა არაფერი ხდება, განსხვავებით სამეგრელოსგან.
ორი დღეა საყოველთაო ყურადღების ცენტრი ზუგდიდშია.
იქ ისეთი ამბავი მოხდა, რომელიც მალე მოხვდება მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტების სილაბუსებში: ბანკში ყაჩაღი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი (ლარის კურსს, არც მძარცველები ენდობიან). მიიღო რა მოთხოვნილი თანხა ბანკისაგან, მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, სანაცვლოდ აიყვანა პოლიციის თანამშრომელი და სადღაც ლებარდის ტყეში დანარჩენ მძევლებთან ერთად დატოვა, თვითონ კი დაიკარგა.
პოლიციამ ამ წუთის მონაცემებით, ყაჩაღზე არაფერი იცის, მისი სურათიც კი არ აქვს.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული ავანტიურისტი მიხვდა, რომ წინასაარჩევნოდ ხოცვა ჟლეტა არავის არ აწყობდა და მოითხოვა ისეთი ზომიერი ოდენობის თანხა, რის გამოც ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო ხალხი ხელისუფლებას დაადანაშაულებდა და ბოლოს და ბოლოს ბანკიც არ გარისკავდა საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მან, თავისი გეგმა ცნობილი სერიალის „ქაღალდის სახლი“-ს სცენარის სტილში ააგო, სისტემა გააბითურა თან ოპერაცია უსისხლოდ დაასრულა, რითაც ადამიანებში სიმპათია გააჩინა და უკვალოდ გაუჩინარდა.
აფხაზეთში წავიდაო თქვეს და სადღაც მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ, თუმცა რატომ უნდა გაიქცე ქვეყნიდან, როცა მთავრობის შუამდგომლობით ბანკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოლარი გაქვს და კაცმა არ იცის ვინ ჯანდაბა ხარ.
ხელვაჩაურში პოლიციამ დააკავა დღეს მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პირი – ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
25 ოქტომბერს, გამთენიისას, ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახს დაესხნენ თავს, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით. მძარცველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოჯახის წევრს, შუა ხნის კაცს სცემეს. იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი თავდასხმასა და დაყაჩაღებაზე საუბრობს, გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. სამინისტროში გვითხრეს, რომ სამართალდამცავები საქმეზე ჯერ ისევ მუშაობენ.
როგორ მოახერხებს „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ამ პარტიის „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს.
ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე?
ამ დრომდე საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად იყო აგებული პარადიგმაზე, რომ გვყავს ღარიბი ადამიანები, სოციალურად დაუცველები და გვეყოლება, შეიძლება მათმა რიცხვმა მოიმატოს კიდეც, მაგრამ ჩვენ მათ შევთავაზებთ პირობითად 20 ლარით მეტ კომპენსაციას, ძირითადად პოლიტიკა იყო ასეთი. „ლელო“ მათ სთავაზობს ფუნდამენტურ სიახლეს. ჩვენი მიზანი და წარმატება იმით არ გაიზომება, რომ 20 ან 50 ლარით მეტს მივცემთ სოციალურად დაუცველს, ჩვენი წარმატების ნიშნული იქნება ნული სოციალურად დაუცველი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მოხერხდება, მაგრამ პოლიტიკა უნდა წავიდეს აქეთკენ.
დავნერგავთ პოლიტიკას, რომელიც ადამიანებს კი არ ჩატოვებს სიღარიბეში და შემდეგ ამ სიღარიბით მათთან ვაჭრობას გააბამს, რაც საარჩევნო პროცესებში ნათლად ჩანს. ჩვენ ადამიანს გავაძლიერებთ და მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოიტოვოს უკან სიღარიბე როგორც მოვლენა, ის და მისი შთამომავლობა გადავიდეს საშუალო ფენაში. ლელოს ხელისუფლებისთვის საზომი იქნება საშუალო ფენის გაათმაგება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ, ეკონომიკის ფეხზე დაყენებით, რისი ერთ-ერთი მთავარი გზაც არის ინვესტიციების მოზიდვა, ეს ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს.
რომ დააკონკრეტოთ, როგორ გააკეთებთ ამას, რა იქნება პირველი ეტაპი, მეორე და ასე შემდეგ?
თუ ჩვენ ვერ შევქმნით საშუალო ფენას, მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მაგრამ ვერ შევინარჩუნებთ საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყანას, რომელიც ყველგან არის სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი… მხოლოდ სიტყვა სტაბილურობას არ ვიყენებ განზრახ, რადგან სტაბილურობა ჭაობია, ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება. თუ ადამიანებს აქვთ 3000 და მეტი ხელფასი, შეუძლიათ ყოველთვიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ, მისაღები ხარისხით და დანაზოგის კეთებაზეც იფიქრონ. ოთხ წელიწადში აი ასეთი ხალხი უნდა იყოს 600 000. აღარ უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველებად იწოდებიან და იღებენ სახელმწიფოსგან სამადლო თანხას, რომელიც არაფერს ჰყოფნის. სიღარიბე, როგორც ასეთი, არის სტრუქტურული პრობლემა და მოვლენა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ვხედავთ განათლების რეფორმას, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც საშუალო ფენის შექმნას, ვერც შეჯიბრობით პროცესში ჩაბმას, უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ვერ გავხდებით, თუ ადგილზე არ გვეყოლება კვალიფიციური, მსოფლიო დონის სპეციალისტები.
დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის წინაშე, მათ შორის ქუთაისში ეს უკიდურესად იგრძნობა [ბათუმისა და თბილისისგან განსხვავებით], არის ბრეინდრეინი – ტვინების და ფიზიკური ძალის გადინება. აქ არაფერი არ არის, რომ ხალხი დაამაგროს. ჩვენ გვაქვს აქცენტი დასავლურ ინვესტიციებზე, რადგან დასავლურ ინვესტიციას არ მოჰყავს თავისი მუშახელი, ის ადგილობრივ მუშახელს ასაქმებს, შემოაქვს კორპორატიული კულტურა, რაც ნიშნავს სამუშაო ეთიკის ცნებას, დამსაქმებელი ზრუნავს დასაქმებულის უსაფრთხოებაზე, სოციალურ პაკეტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ინვესტიციის მიზიდულობის ცენტრი, საერთაშორისო საფონდო ბირჟა და რეგიონის დონის ლოჯისტიკური ჰაბი. ამან, სხვა პროექტებთან ერთად, უნდა შექმნას 200 000 სამუშაო ადგილი, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობებს არ დავახვედრებთ საჭირო დონის სპეციალისტებს, ჩვენი პროექტები ვერ განხორციელდება. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება განათლების სისტემის რეფორმა, თანამედროვე ცოდნა, სადაც მნიშვნელოვანია გქონდეს პრაქტიკული უნარები.
რამდენ ხანში აისახება თქვენი გეგმა ბავშვებზე, რომლებიც დღეს შიმშილობენ და არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არაფერს ვამბობთ ლეპტოპზე, ინტერნეტთან წვდომაზე, წიგნებზე…
დღეს სახელმწიფო ასეთ ოჯახებს აძლევს დახმარებას პროდუქტისთვის და არ ზრუნავს მათ მიიღონ ხარისხიანი განათლება. სწირავს ამ ბავშვებს, იშვიათი ინდივიდუალური გამონაკლისის გარდა, ვერასდროს გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ანუ სულ ჩარჩნენ სიღარიბეში. ამაზეა დღეს პოლიტიკა აწყობილი, ეს უნდა შევცვალოთ 180 გრადუსით. იმის მიუხედავად, რა სოციალური და ეკონომიკური ბეგრაუნდის ოჯახში იბადება ბავშვი, ისე უნდა იყოს მოწყობილი განათლების სისტემა, რომ მან არავისზე ნაკლები განათლება არ მიიღოს. ჩვენი გრძელვადიანი პროგრამა არის ის, რომ ოთხი წლის შემდეგ ნული სოციალურად დაუცველი გვყავდეს, მაგრამ მოკლევადიანი არის ის, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვეუბნებით გადაგამზადებ, პროფესიას შეგძენ, პროგრამას გაგიკეთებ და შევეცდები, რომ დაგასაქმო და მუშაობის დაწყებიდან 2 წელი სოციალური დახმარება არ მოგეხსნება, ეს არის ჩვენი ხედვა, გაძლიერება მოკლევადიან პერსპექტივაში და 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა 4 წელიწადში. როცა ვამბობთ სამუშაო ადგილებს, არ ვგულისხმობთ 200 და 300-ლარიან სამუშაო ადგილებს. ეს ხელფასი არ არის, მე ამას ვეძახი დანახარჯის ანაზღაურებას. სიღარიბიდან უნდა ამოვიყვანოთ ადამიანი და გადავიყვანოთ საშუალო ფენაში, ჩვენ გვინდა, რომ 4 წელიწადში ეს იყოს მოსახლეობის 30 პროცენტი.
სიტყვა კრახს ხშირად იყენებთ ხოლმე „ლელოს“ ლიდერები დღევანდელი ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად – ასევე აცხადებთ, რომ ამ პარტიას აქვს ამბიცია და უნარი, მალე ამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, როგორ?
მარშალის გეგმა რასაც ითვალისწინებს, ეს არის ოთხი წლის გეგმა, მაგრამ სოციალურად დაუცველს ვეუბნებით, რომ როგორც კი ვიწყებთ, ორი წელი არ მოგეხსნება ეს დახმარება, ასევე ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა შშმ პირებზე, რაც არის დღეს საკმაოდ დიდი ჯგუფი – მათი ნაწილი სრულწლოვნების მიღწევამდე იღებს სახელმწიფო დახმარებას. ამ ადამიანების 90 პროცენტი დღეს ეკონომიკური პროცესებიდან არის უბრალოდ გარიყული. ის და მისი ოჯახი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკჯგუფია, რომ სიღარიბეში იყოს, რადგან გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს შშმ პირის მომსახურება, სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ. ამ ჯგუფთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის დასაქმება შესაბამისი სტრუქტურებისთვის საგადასახადო შეღავათების მიცემის გზით, შშმ პირის დასაქმება იქნება წახალისებული საკანონმდებლო დონეზე.
როდესაც ვსაუბრობდი სიღარიბის დაძლევის მთავარ ინსტრუმენტზე, ხარისხიანი განათლების სისტემაზე წვდომის აუცილებლობაზე… სახელმწიფომ არსებული რესურსების უკეთ განაწილებით უნდა შეძლოს, რომ მიეშველოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ისინი ვერ დაგველოდებიან, ვიდრე იქნება წლიურად 50 000 სამუშაო ადგილი. მეტი შემწეობა უნდა მივცეთ, რომელიც მარტო საკვებს კი არ ჰყოფნის, არამედ მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ არ ჩამორჩნენ.
ეკონომიკა კრიზისშია, მაინც რა რესურსის უკეთ გადანაწილებას გულისხმობთ?
ფული, რომელიც ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეებში ილექება ტენდერების გზით, ეს უნდა გადაიკეტოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მცირე ეფექტური მთავრობა, მაგრამ ეს ხალხი უმუშევრად კი არ დავტოვოთ… სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორში უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და თანდათან შემცირდეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანების წილი. ამ ხალხმა უნდა გადაინაცვლოს კერძო სექტორში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ 50 000 სამუშაო ადგილზე, ეს არის კერძო სექტორში .
ერთიც – „ლელოს“ გეგმას ქვეყანაში არსებული ფულადი რესურსის, იმ ფინანსური დანაზოგების, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რეალურ ეკონომიკაში, საქართველოს ბანკებში ჩაშვებას. პლუს საპენსიო ფონდში დაზოგილი თანხების ნაწილის გამოყენებას საგარანტიო ფონდებად. ჩვენ გვაქვს გეგმაში რამდენიმე საგარანტიო ფონდის შექმნა, მათ შორის ერთი ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. გვექნება ასევე აიტიტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი ფონდი.
შს სამინისტრო ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარი “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს“ – ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.
25 ოქტომბრის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 714 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. აჭარაში 75 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 25 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
დღეის მონაცემებით, აჭარაში 1247 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, 10245 ადამიანი კი რეგიონში თვითიზოლაციაშია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, დღეს აჭარაში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დღეს, 25 ოქტომბერს, 15-დან 19 საათამდე ბათუმის N1 პოლიკლინიკა მიიღებს მოქალაქეებს კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებისთვის.
„ვისაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გთხოვთ მიმართოთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ბათუმის #1 პოლიკლინიკა ტბელ აბუსერიძის ქუჩის N2-ში მდებარეობს, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან.
25 ოქტომბერს, გამთენიიისას, ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახს დაესხნენ თავს, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით. მძარცველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოჯახის წევრი, შუა ხნის კაცს სცემეს, რომელსაც ამ დროს გაეღვიძა. იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი თავდასხმაზე საუბრობს, გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. სამინისტროში გვითხრეს, რომ სამართალდამცავები საქმეზე ჯერ ისევ მუშაობენ.
თინეიჯერი მოჭადრაკე, რომელმაც ახლახანს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, დეა ბედოშვილია.
დეა 6 წლის ასაკიდან თამაშობს ჭადრაკს. აჭარის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიუღია, როგორც მსოფლიო მასშტაბის, ასევე ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებზე.
“ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია. მას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მომზადება სჭირდება და შრომა, ძალიან ბევრი შრომა. ჭადრაკმა მასწავლა მარცხთან შეგუება, შეცდომებზე სწავლა და ფეხზე წამოდგომა. თავიდან ტურნირის შედეგები არცთუ ისე კარგი მქონდა, მაგრამ ამან მეტი სტიმული მომცა და რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც ბრძოლისუნარიანობა შემძინა“, – გვითხრა გოგონამ.
დეასთვის ჭადრაკი სპორტთან ერთად ხელოვნებაცაა. ამბობს, რომ მისითვის ჭადრაკის თითოეული სვლა ცხოვრებას ჰგავს: “ჭადრაკში მუდმივად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ ამ გადაწყვეტილებებით წარიმართება თამაში, ასევეა ცხოვრებაშიც. თითოეული გადაწყვეტილება შენ მომავალზე მოქმედებს.”
ბათუმელი თინეიჯერი ჭადრაკის გარდა, ხატვითაც არის გატაცებული. ხატავს პორტრეტებს და კარიკატურებს. სამხატვრო აკადემიაც დაამთავრა. თუმცა ახლა ხატვისთვის ბევრი დრო არ რჩება. ფიქრობს, რომ მისი ასაკის მოზარდებისთვის მთავარი სხვადასხვა საგანში ცოდნის ამაღლებაა, ბევრი კითხვა და სწავლა.
თავისი შეხედულება აქვს თანამედროვეობასა და ღირებულებებზე: “ქართველი ხალხი ყოველთვის გამოვირჩეოდით პატრიოტული სულისკვეთებით. უამრავი გმირი დაბადებულა, რომლებიც გაუტეხავად იბრძოდნენ სამშობლოსთვის. სწორედ შეუპოვარმა ბრძოლამ გადაარჩინა ქართული გენი და კულტურა. ბოლო დროს სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები. შეიცვალა ხედვა და ერთი შეხედვით – ღირებულებებიც. თუმცა ჩემი გადასახედიდან, ჩვენ პატრიოტიზმს და თავდადებას სხვა ფორმებით გამოვხატავთ.”
ერთადერთი, რაც მას თავის გარშემო არ მოსწონს, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. “ჩვენს ასაკში ძალიან ბევრი ისტორია მსმენია ბულინგის შესახებ. მის მიმართაც ბევრი გულგრილია. ასევე ხშირია კრიტიკა. ობიექტური კრიტიკა სასარგებლოა და სტიმულს გაძლევს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ადამიანების კრიტიკა შეურაცხყოფაში გადადის. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ მეტ სიყვარულს და სითბოს გამოვხატავთ”.
დეა ბათუმში, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” სწავლობს.
ამბობს, რომ სკოლა ძალიან მოსწონს: “ის გამორჩეულია მეგობრული ატმოსფეროთი და ურთიერთგაგებით, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლის მხრივაც, ვფიქრობ, საუკეთესო სკოლაა. გაკვეთილები ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად გადის. დისტანციურადაც მშვენივრად ვახერხებთ გაკვეთილების ჩატარებას. ყველა მასწავლებელს მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო”.
სამომავლოდ სურს ადამიანის ფსიქოლოგია და ასევე ფილოსოფია შეისწავლოს. ესეც კარგად გამოუვა, რადგან იცის, რომ წარმატების მისაღწევად მთავარია შრომაა – “ვფიქრობ, თუ ადამიანი მთელ გულს ჩადებს იმ საქმეში, რაც მას უყვარს, ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.”
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეთა ამ ზონებში/ზონებიდან ტრანსპორტირებისთვის და სხვადასხვა მომსახურებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სასტუმროებთან და კერძო კომპანიებთან ჯამში 67 343 203 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. თანხას კი, გაწეული მომსახურების მიხედვით უხდის.
კოვიდსასტუმროების შემთხვევაშიც ხელშეკრულებებს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია აფორმებს.
9 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 674 ლარზე იყო გაფორმებული. მას შემდეგ, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ტურიზმის ადმინისტრაციამ, დამატებით, ჯამში 37 994 906 ლარზე გააფორმა ხელშეკრულებები სასტუმროებთან; მარტიდან-ოქტომბრამდე პერიოდში კი, ჯამში 2 200 000 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული ტრანსპორტით მომსახურებაზე, ხოლო დასუფთავების, კვების, სამედიცინო მოწყობილობების მომსახურებაზე – ჯამში 1 172 623 ლარზე.
„ბათუმელებმა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან სექტემბერში წერილობით მეორედ გამოითხოვა ინფორმაცია, იმ დროისთვის ფაქტობრივად გადახდილი თანხების შესახებ. თუმცა, ადმინისტრაციისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, სავალდებულო კარანტინში მინიმუმ 4 000 პირი იმყოფება, კოვიდსასტუმროებში კი, 2000-მდე პაციენტი.
საქართველოს მთავრობის 28 იანვრის დადგენილებით, სწორედ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა“.
ამ შესყიდვებზე კი ხელშეკრულებებს ტურიზმის ადმინისტრაცია ძირითადად გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე აფორმებს.
2020 წლის 10 აგვისტოდან, აღნიშნული მომსახურებით უკვე უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც სარგებლობენ, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესების მიზეზით დაექვემდებარებიან სავალდებულო იზოლაციას/კარანტინს.
მთავრობის 23 ოქტომბრის დადგენილებით კი, ასეთი მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლებიც, რომლებიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებენ.
საკარანტინო ზონებისთვის ფულს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც ხარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან. ამ კუთხით დეპარტამენტმა 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 9,5 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. მათ შორის:
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტიდან
15 სექტემბრიდან დღემდე პარიოდში დეპარტამენტმა სასტუმროს მომსახურებაზე დამატებით კიდევ გააფორმა ხელშეკრულებები, ჯამში 1 622 900 ლარზე.
შესაბამისად, აჭარის ბიუჯეტიდან საკარანტინო ზონებისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სულ 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებისთვის ფული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდანაც იხარჯება, მარტო ბათუმის ბიუჯეტიდან გაზაფხულზე ამ კუთხით ხელშეკრულებები 188 500 ლარზე იყო გაფორმებული.
საკარანტინო ზონებისთვის, მთავრობამ ოქტომბრის თვეში დამატებით 15 მილიონი ლარი გადაურიცხა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ თანხის გამოყოფა კი – ბიუჯეტში „ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის“ გათვალისწინებული სახსრებიდან – ეკონომიკის სამინისტროს დაევალა.
[„ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის“ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 440 მილიონი ლარის ხარჯია გათვალისწინებული. 2021 წლისთვის კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 35 მილიონი ლარი.]
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ მოგვაწოდეს მონაცემები თუ რამდენი დაიხარჯა ფაქტობრივად საკარანტინო სივრცეებისთვის, შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მონაცემების შეჯერებით გამოდის, რომ ხელშეკრულებები ჯამში, სულ ცოტა 78,5 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ვინაიდან ოქტომბრის თვეში ტურიზმის ადმინისტრაციას დამატებით კიდევ გამოეყო 15 მილიონი ლარი, ზემოთ აღნიშნული 78,5 მილიონი ლარი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ უკვე დახარჯულია.
25 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 12 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა“.
ამავე კლინიკაში გუშინ საღამოს გარდაიცვალა 66 წლის ქალი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, დიალეზდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი“.
ასევე გუშინ, ბათუმის სამედიცინო ცენტრში 72 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით, მას კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი – „კოვიდ 19, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის 21 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 ოქტომბერს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
____________
ფოტოზე: შემოდგომა ბათუმის ცენტრალურ პარკში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
25 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი და გამოჯანმრთელდა –604.
დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 28431 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 10767. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 201 ადამიანი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 4112 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3766, კოვიდსასტუმროში კი – 2268.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარკვეული პირები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და სთავაზობენ პრეპატარს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.
„გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას“-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ზარების განხორციელების შემთხვევაში მოქალაქემ ის ნომერი, საიდანაც დაუკავშირდებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადასცეს.
აჭარის მთავრობა ზღვის პირზე, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე 11 235 კვ.მ. მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. აუქციონი 5 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ქონების საწყისი ფასი 5 მილიონ 450 000 ლარია, ბიჯი 150 000 ლარი.
აუქციონის მთავარი პირობა გასაყიდ ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაა, ზღვაზე გასასვლელი ბილიკით.
კომპლექსში განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ან სარეაბილიტაციო ცენტრი, შენობას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომი და სკვერი.
საერთო ჯამში შემძენმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში პროექტში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ეს ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე ადრეც ჰქონდა ორჯერ გამოტანილი, სხვა შემთხვევებში ნაკვეთები განმეორებით აუქციონზე სამინისტროს შემცირებული ფასით გამოაქვს, ამ შემთხვევაში კი ფასი მილიონით გაზრდილია.
„ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 10 მილიონი ლარი მიიღო მიიღო, აქედან 8 მილიონი წინასაარჩევნო რეკლამაში დახარჯა, ხოლო 39 888 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გადაუხდია – ეს ინფორმაცია სახელწიფო აუდიტის შუალედურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც 12 ოქტომბრის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს. ექვსმა პარტიამ, ჯამში, რეკლამისთვის უკვე 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საარჩევნოდ.
სახელისუფლებო პარტიას მსხვილ თანხას ძირითადად სამშენებლო კომპანიები სწირავენ, შემდეგ ისინი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ და მაღალბიუჯეტიან კონტრაქტებს აფორმებენ, ან კიდევ, ხელსაყრელი პირობებით იღებენ მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში მრავალბინიანი კორპუსის ასაშენებლად.
შემოწირულობის მიმღებთა შორის თანხის ოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა ახალდაფუძნებული პარტია „ლელო“, თუმცა „ოცნებისგან“ განსხვავებით ამ პარტიას შრომის ანაზღაურების სახით გაცილები მეტი დაუხარჯავს – ლელოს შემოწირულობები 2 მილიონ 599 290 ლარია, საიდანაც რეკლამისთვის 1 მილიონ 793 ათას 441 ლარი დაუხარჯავს, ხოლო შრომის ანაზღაურების სახით, 242 942 ლარი აქვს გაცემული პარტიას.
შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: პარტიას 2 მილიონ 295 309 ლარი შესწირეს, აქედან 1 მილიონ 864 982 რეკლამისთვის დახარჯეს, შრომის ანაზღაურებისთვის კი 9 523 ლარი გაუციათ.
2 მილიონ 015 505 ლარი მიიღო შეწირულობის სახით „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“, აქედან 1 მილიონ 773 088 ლარი რეკლამისთვის დახარჯეს, ხოლო 3 824 შრომის ანაზღაურებისთვის.
შემდეგ მოდის „პატრიოტთა ალიანსი“ – პარტიამ შეწირულობის სახით 1 მილიონ 886,805 ლარი მიიღო, აქედან 953 478 რეკლამისთვის გამოიყენა.
1 646 295 ლარი შეწირეს „ევროპულ საქართველოს“, პარტიამ თითქმის სრული თანხა – 1 მილიონ 634 575 ლარი რეკლამისთვის გამოიყენა.
სხვა პარტიების მონაცემები, კი რომელთა შეწირულობები შედარებით მცირეა ასე გამოიყურება:
საერთო ჯამში, პარტიებმა შეწირულობების სახით 22 მილიონ 973 913 ლარი მიიღეს. 2020 წლის არჩევნებში სულ 62 სუბიექტი, 49 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და 11 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.
წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია -მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. რას აპირებს „ქართული ოცნება“?
ბატონო ანზორ, წინასაარჩევნო პროგრამაში არაფერი გიწერიათ ეკომიგრანტების შესახებ, თუმცა ალბათ ყოველდღიურად არაერთ ეკომიგრანტს ხვდებით აჭარის სოფლებში. აჭარის მთა მეწყერსაშიში ზონაა. რას ეუბნებით ამ ადამიანებს?
პირველი რიგის ამოცანაა, რომ გამოვნახოთ ყველა რესურსი და მთა არ დაგვეცალოს. უნდა ჩავატაროთ ის სამუშაოები, რაც კონკრეტული ოჯახისთვისაა საჭირო, ფერდსამაგრი იქნება თუ სხვა. მეორე თემაა, როცა ეკომიგრანტები არიან გადასული სხვა მუნიციპალიტეტში და იქ მიმდინარეობს ქონების გადაცემის სამუშაოები ქულების შესაბამისად. ეს პროცესი მიდის, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს დასაჩქარებელი და დასახვეწია, რადგან ადამიანი, რომელიც წლებია იქ ცხოვრობს და სახლი, სადაც წლებია ცხოვრობს, მისი საკუთრება არ არის, მასაც იმედი ეწურება. ამ წუთში 25 ათასი ლარი გაიცემა ეკომიგრანტებზე იმისთვის, რომ ახალი სახლი იყიდონ. ჩემი წინადადება იქნება, რომ ეს 25-ათასლარიანი პროგრამა მიუღებელია, რადგან ამ ფულით არაფერს ხელი არ ეწყობა.
ეკომიგრანტებისთვის გამოყოფილი ეს თანხა უნდა გაიზარდოს? თუ ეს ასეა, რამდენით უნდა გაიზარდოს და რის ხარჯზე?
რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს. აჯობებს, ხუთი სახლის შეძენას ოთხი შეიძინო და ნაღდი იყოს. უნდა მოხდეს კონკრეტული დათვლა, რამდენია საჭირო… მეორე თემაა, რომ მოსახლეობის ნაწილს დაურიგდა 5 ან 10 ათასი ლარი ერთჯერადი დახმარების სახით, მაგრამ იქ მეწყერი ისევ განვითარდა, ისევ პრობლემაა. ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ. ასე შესაძლოა ფული მისცე ოჯახს, კმაყოფილი იყოს იმ მომენტისთვის, მაგრამ საქმე არ გაკეთდება, ფული ისეთი თემაა, მალე გაქრება და საქმე დარჩება გაუკეთებელი. ეს ფული, რაც გაიცა, საჩუქრად უნდა ჩაეთვალოს. როდესაც გადაწყდება ფინანსური დახმარება ოჯახზე, რეალობა უნდა იყოს გეოლოგის დასკვნა, შემდეგ რაც ხარჯთაღრიცხვით ჯდება, ის უნდა გავაკეთოთ.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთგან არის საუბარი სტიქიაზე: „პირველად საქართველოში სტიქიური რისკის პრევენციის მიზნით დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემებიო“. რა ადრეულ სისტემაზეა საუბარი, იქნებ განმარტოთ? ჯოჭოს ტრაგედიამ აჩვენა, რომ ოჯახებს წლების განმავლობაში აქვთ გეოლოგების დასკვნები და მათთვის ხელისუფლებამ ვერაფერი შეცვალა – ცოცხლად დაიმარხნენ ადამიანები.
სტიქია არის ისეთი რამ, როდის რა მოხდება, ადამიანმა არაფერი იცის. დღეს, როცა გერმანიის დახმარებით აჭარის მთიან სოფლებში წყლის და კანალიზაციის სისტემა ეწყობა, ეს არის ზუსტად პრევენცია, ამით შეიზღუდება სტიქია, რადგან ეს კეთდება წესების გათვალისწინებით. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ სანიაღვრე არხები, ბეტონი ხელს უწყობს სტიქიის განვითარებას.
ჩვენ ვნახეთ ახალი გზები ქვედა ჯოჭოში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სანიაღვრე არხების გარეშე.
გზებზე სანიაღვრე არხები უნდა გაკეთდეს, ეს აუცილებელია. წყალი, რომელიც მიშვებულია, ყველგან მეწყერს გამოიწვევს, ყველგან იქნება ეს თემა და, რა თქმა უნდა, სანიაღვრე არხებიც ახლა შესაძლოა ერთ ადგილას არ იყოს გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი სანიაღვრე არხი კეთდება. მე შემიძლია ქედაში, შუახევსა და ხულოში ეს თემები ფიზიკურად გაჩვენოთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მეწყერი არ განვითარდეს… რაც შეეხება ქვედა ჯოჭოს, მე მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ამ ოჯახს გეოლოგების დასკვნა ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოიძებნა.
თუ იყავით ქვედა ჯოჭოში, ნახავდით დაღუპული ოჯახის მეზობლებს, რომლებსაც წლების წინ გაცემული დასკვნები აქვთ.
როგორ არ მომხდარა რეაგირება, შეიძლება ასე ყველაფერზე ილაპარაკო, მაგრამ ღმერთი ზეიდან იყურება. გზა მიიყვანეს, წყალი მიიყვანეს, რაც დასჭირდა მისცეს და ახლა მეწყერი თუ განვითარდებოდა, ამის წინასწარი მონაცემები არავის ჰქონდა… უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოფლებში, სადაც სახლებია აშენებული, არავის აქვს გეოლოგის დასკვნა. მშენებლობის დაწყების მომენტისთვის არავინ არავის არაფერს ეკითხება. თუ მშენებლობას გააჩერებ, ყველაზე დიდი მტერი შენ ხარ – აშენებს და შენ არ აშენებიებ. შესაძლოა, იმ ადგილზე, სადაც სახლი არსებობდა, საერთოდ არ იყო ასაშენებელი, ესეც უნდა მოვიკითხოთ. ეს თემები არსებობს და ვისაც უნდა ეწყინოს და ეტკინოს, უნდა გავითვალისწინოთ.
მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს ეკომიგრაციის პრობლემაზე, ქვედა ჯოჭოს მაგალითზე რომ ვთქვათ? მე გკითხეთ რეაგირების გარეშე დარჩენილ გეოლოგის დასკვნებზე, გზაზე, რომელსაც სანიაღვრე არხი არ აქვს…
არ ვიცი ახლა ნამდვილად, ხელვაჩაურის თემაში არ ვარ მე ისეთ სიახლოვეში, რომ გიპასუხოთ. არც ისაა სწორი, რომ ხელმძღვანელისკენ პირდაპირ ხელი გაიშვირონ, შესწავლა უნდა ამ ყველაფერს, პასუხსაგები თუ არის, არავის თავზე ხელს არ გადაუსვამენ.
სექტემბერში ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს წაბლანელებმაც. ამ სოფელში 1989 წელს მეწყერმა 21 ოჯახი ჩაიტანა. მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ მივლენ, რადგან ბინები კი აშენდა მათთვის, მაგრამ რემონტის ხარჯი არ აქვთ.
ეს მათი გადასაწყვეტია, თუ არჩევნებზე არ მივლენ. ყველა წაბლანელმა ძალიან კარგად იცის, რომ როცა არჩილ ხაბაძესთან ეს წინადადება განიხილებოდა, პროექტი იყო თუ რაც იყო, ყველაფერი გავაკეთე, ქველმოქმედებასაც მივაღწიეთ, ჩემი წინადადება იყო ეს, რომ კორპუსები აშენებულიყო. იმის მერე, ხელშეკრულების შიგნით რა გააფორმეს, რაზე შეთანხმდნენ, ეს იყო ამხანაგობა, ეს არის შემდეგი საკითხი.
ბინების რემონტთან არჩევნები რა შუაშია? რადგან არჩევნებია, ამიტომ მიტინგიდა ჩაატარო? ამისთვის მაგიდასთან უნდა დაჯდე და მოილაპარაკო. მაინც და მაინც არჩევნები რომ არის და იმას დაუდრი, ასეც არ არის. სახლი რომ საერთოდ არ იყო და ავაშენე, მაშინ კაი კაცი ვიყავი და ახლა, დღესდღეობით რომ შეიცვალა სიტუაცია, ცუდიდა ვიყო? მე რომ ახლა რამეს დავპირდე წაბლანელებს, ამას კანონი მიკრძალავს. მე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არჩევნების შემდეგ დავსხდებით და დავილაპარაკებთ. პირველად ვხვდები მაგათ და ვუსმენ თუ? მე მაგათ ძალიან დიდ პატივს ვცემ.
საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილ მოადგილის, ჟურნალისტ ნათია ზოიძის საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა ჟურნალისტის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
საიას განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას ზოგადი წინადადებით მიმართა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის უფლებებს საია იცავს.
ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს მიმართა და ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება მოითხოვა. პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.
საიამ ნათია ზოიძის სახელით ასევე მიმართა სახალხო დამცველს და საკითხის შესწავლა სთხოვა. სახალხო დამცველმა საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ,,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე ახორციელებდა საკუთარი თანამშრომლების შესაძლო დევნას განსხვავებული აზრის, კერძოდ, მათ მიერ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო.“ ამდენად, არსებობდა გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი.
სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, ნათია ზოიძის და კიდევ 2 ჟურნალისტის საქმეზე დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, უზრუნველყოს აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის წინადადების შესრულება და ნათია ზოიძის საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება“.
ნათია ზოიძემ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა უკანონო თვალთვალი და დევნა. გარდა ამისა, ახალმა მენეჯმენტმა მას ხელშეკრულების პირობები შეუცვალა, რის მიხედვითაც მას საქმიანობის განხორციელება შეეზღუდა, ამიტომ მან დატოვა თანამდებობა.
„ლელოს“ წევრებმა ბათუმის #მე-10 და #53-ე საარჩევნო უბნებზე „ოცნების“ სააგიტაციო მასალა დააფიქსირეს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში ივანე ფირცხალაიშვილმა და ალექსანდრე მილორავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განმარტებით, „ეს ფაქტი გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ და ცენტრალური საარჩევნო კომისია ტანდემში მოქმედებენ.“
ბრიფინგი პარტიის ოფისში
პარტიის წევრების თქმით, ორივე საარჩევნო უბანი ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის შენობაში ისეთ ადგილზეა განთავსებული, სადაც დაინტერესებული პირი აუცილებლად გაივლის, თუ მას რომელიმე საუბნო კომისიის სივრცეში სურს მოხვედრა:
„ოცნების“ სააგიტაციო მასალა შესასვლელში, თერმოსკრინინგისთვის საჭირო ნივთებთან ერთადაა დალაგებული.“
პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის გამო დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ შესაბამისი სტრუტურებისგან. მათივე განმარტებით, სკოლის შენობაში განთავსებულია ვიდეოკამერები, რომლის დახმარებითაც მარტივად დადგინდება, ვინ განათავსა ეს მასალები საარჩევნო უბნების შესასვლელში.
პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მოუწოდეს დაინტერესდნენ და შეაფასონ ეს ფაქტი.
„ბათუმელები“ დავუკავშირდა ბათუმის #მე-10 საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის სივრცე შესავლელიდან მოშორებითაა და სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„არ ვიცით, ვინ განათავსა და როდის სკოლის დარაჯის მაგიდაზე, რომელმაც თავადაც არ იცის, საიდან გაჩნდა ეს მასალები. ცდილობდა დაკავშირებოდა მეორე დარაჯს, რომელიც წინა დღით მუშაობდა, რომ მისგან გაეგო, ვინ განათავსა ეს მასალები მაგიდაზე. მერწმუნეთ, არცერთი პარტიის მომხრე არ ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი კანონის ჩარჩოში იყოს მოქცეული. შენობის გარეთ გამიჭირდება კონტროლი“, – უთხრა „ბათუმელებს მანანა ქოობულაძემ, კომისიის თავმჯდომარემ სატელეფონო საუბარში.
სიღარიბე ერთადერთი გამოწვევაა, რომლის უარყოფას, შეფუთვას, შელამაზების მცდელობას, აზრი არ აქვს და ამის გააზრება იმ პოლიტიკურმა გუნდმაც მოახერხა, რომელიც რვა წელია ქვეყანას მართავს. ის ამავე დროს გვარწმუნებს, რომ ბევრ ისეთ წარმატებას მიაღწია, რაზეც ვერ ვიოცნებებდით, ის რომ არ აგვერჩია.
იუნისეფის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 77 000 ბავშვი დიდი ხანია თითებზე აღარ ითვლის დღეებს, როცა მშიერმა დაიძინა. ადამიანები „არსებობის საშუალებას“ მოწყალების სახით ან ქუჩაში პროტესტით ითხოვენ და ზოგჯერ უკიდურეს ფორმებსაც მიმართავენ ყურადღების მისაქცევად. ამის პარალელურად „ოცნების“ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა და ინვესტიციების შემოდინება გაიზარდა. ამას ციფრები არ ამტკიცებს.
„სიღარიბე უნდა დავძლიოთ, უფრო დიდი ტემპებით და უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაციისას. მაინც როგორ? – მმართველი პარტია თუ მისი კანდიდატები ამ საკითხზე აღარც კი საუბრობენ.
რას გეგმავენ სხვა პარტიები და რამდენად რეალურია მათი ხედვა? – ამ თემაზე კიდევ ოთხ პარტიას ვკითხეთ.
ენმ: „ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, ყველაფერი ეკონომიკასთან მიდის“
ეკონომიკის სტიმულირებით ქვეყნის გადარჩენა, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო პროგრამის მიხედვით გადასახადების შემცირებასა და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გადის. რეფორმების შემდეგ კი ამომრჩეველს 10 მილიარდის ღირებულების ინვესტიციას ჰპირდებიან, ამ თანხის პროპორციული სამუშაო ადგილებით.
პროგრამაში არსად წერია, რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ დაცდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს და რამდენად რეალურია ოპოზიციის გეგმა? – კითხვებს გიორგი კირთაძე პასუხობს, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ბატონო გიორგი, საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს და ეს მონაცემი წლიდან წლამდე იზრდება. როგორია ამ გამოწვევის დაძლევის თქვენეული გეგმა?
სიღარიბე რომ დავძლიოთ, ერთადერთი გამოსავალი არის ეკონომიკური წინსვლა, რისთვისაც აუცილებელია ინვესტიცია, ბევრი სამუშაო ადგილი და ამაში არაფერი ორიგინალური არ არის. სიღარიბე პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ ამ ქვეყანაში კარგავენ სამუშაო ადგილებს, უფასურდება ლარი, ეკონომიკა რთულ დღეშია და მიდის უარესობისკენ.
პროგრამის თანახმად 10-მილიარდიან ინვესტიციაზე გაქვთ გათვლა, მაგრამ წლები დაგჭირდებათ ამ ოდენობის ინვესტიციის მოსაზიდად…
რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ გვეტყვის, რომ 31 ოქტომბრიდან ერთ თვეში ეს პრობლემა გადაწყდება, უნდა მივხდეთ, რომ გვატყუებს. 77 000 ბავშვი შიმშილობს, როგორც მახსოვს, ბოლო მონაცემებით. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, ბევრი რეფორმის გატარება, პოლიტიკური სტაბილურობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კრიმინალის მოსპობა, კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ასე შემდეგ. საქართველოში შესაძლებელია, რაღაცა სწრაფი ტემპებით წავიდეს წინ ივანიშვილის გარეშე.
მაინც რა ტემპს, რა ვადას ვარაუდობთ?
ის, რომ კორუფცია ქვეყანაში არ იყოს, ინვესტორისთვის ნორმალური გარემოს შექმნა სწრაფად არის შესაძლებელი, რაც უფრო სწრაფად გავატარებთ ამ რეფორმებს, ინვესტიციებიც უფრო სწრაფად შემოვა. გადაწყვეტილების მიღება თუ სწრაფად მოხერხდება, მალევე დაიწყება სიღარიბის შემცირება. ბიძინასავით რომ ჩამოგითვალოთ – ერთ წელიწადში და ორ წელიწადში, ამას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ, მაგრამ მარტივი ამბავია, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები უნდა მუშაობდნენ ქვეყნისთვის და არა საკუთარი ოჯახებისთვის. გადასახადების შემცირება ნიშნავს, რომ მეტი ფული დარჩება ხალხს. თუ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს და უკეთესად იცხოვრებს, ვისაც ბანკის კრედიტი აქვს.
ეს ბავშვები თუ გადაურჩნენ მძიმე ყოფას, მომავალშიც უმეტესად სიღარიბისთვის არიან განწირულები. დახმარება, რასაც მათ ოჯახებს სთავაზობენ, ერთჯერად „ამოსუნთქვაზეა“ გათვლილი. როგორ მოახერხებთ, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, წვდომა ყველა შესაბამის სერვისზე?
კითხვის კონტექსტით ისევ მიმიყვანეთ ეკონომიკასთან, კრიმინალისა და კორუფციის შემცირება უნდა მოხერხდეს იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ათმილიარდიან ინვესტიციაზე როცა ვსაუბრობთ, ამას შევძლებთ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო და არ გვექნება კორუფცია.
როცა ვამბობთ, რომ როიალკარიბიანის იახტკლუბს გავხსნით ბათუმში, გარდა იმისა, რომ ტურისტები შემოვლენ, ეს ნიშნავს დასაქმების ადგილების შექმნასაც. ვამბობთ, რომ გონიოს პოლიგონზე ტურისტული ცენტრი გაიხსნება, ამას ბევრი ამბავი არ სჭირდება, სახელმწიფომ უნდა გამოყოს ფული კომუნიკაციების მისაყვანად და შემდეგ არა მგონია პრობლემა გახდეს ინვესტორის დაინტერესება, ეს ნიშნავს 10 000 სამუშაო ადგილს პირდაპირ და ირიბად მხოლოდ ამ ადგილზე. როცა გვაქვს სტაბილური სამუშაოები ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველი, არავის უხარია 250 ლარი სახელმწიფოსგან დახმარების სახით. თუ ექნება 1000 ლარი ხელფასი, სახელმწიფო მას არ გადაუხდის 250 ლარს, მაგრამ იცხოვრებს ბევრად უკეთესად.
ბავშვისთვის კომპიუტერის შეძენის, ინტერნეტის ჩართვის, წიგნების ყიდვის შესაძლებლობაზე გეკითხებით?
რაც შეეხება განათლებას, თუ ბავშვს სახლში არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი, დღეს, როცა სკოლები დაკეტილია, განათლებას ვერ იღებენ ბავშვები სამწუხაროდ. ვისაც აქვს, ისიც ვერ იღებს, ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ეს გითხრათ. ამიტომაც რაც შეიძლება სწრაფად არის ეს საკითხები გადასაწყვეტი. ყველა ოჯახს დისტანციური სწავლების დროს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი, ინტერნეტთან წვდომა, რომ გაკვეთილებს დაესწრონ ბავშვები. უახლოეს ერთ წელში, მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყნის, თუმცა ჩვენ კრიზისის პირობებში ვართ, ახლა ახალი სამუშაოების შექმნის კვალდაკვალ ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე, რომ არსებული სამუშაოები შევინარჩუნოთ.
წერთ, რომ თითოეულ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დააფინანსებთ 1500 ლარიანი ვაუჩერით, ასევე 2000 ლარიან ვაუჩერს გაითვალისწინებთ ყველა მოსწავლისთვის, უფასო სადილსაც ჰპირდებით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს. დაანგარიშებული გაქვთ ეს თანხა? – გამოდის, რომ ორშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ბაღის აღსაზრდელი და სკოლის მოსწავლე 3500 ლარით აფინანსებთ. გარდა ამისა, რამდენიმე ტიპის დახმარების გაორმაგებას გეგმავთ – როგორ აპირებთ ამ თანხის გამოთავისუფლებას 100 დღეში, როგორც ამას ამომრჩეველს ჰპირდებით?
ჩვენ გვქონდა დათვლილი ბაღების ხარჯი და ბიუჯეტი თანხების გაზრდის გარეშეც იძლეოდა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლის შესაძლებლობას. ამას მოჰყვებოდა ასევე კერძო ბაღების განვითარება, ბათუმის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სრულიად შესაძლებელი. რაც შეეხება სხვა დაპირებებს, ბიუროკრატიის ხარჯი ძალიან ბევრია, ვიღაცები ამბობენ, რომ ამ ხარჯის შემცირებით მილიარდის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი. ჩემი აზრით, ბევრად მეტის გამოთავისუფლება შეიძლება. ამ ხარჯების სწორად მიმართვა არის ზუსტად გაწერილი ჩვენს პროგრამაში.
ჯანდაცვის სერვისებსაც, რომ შევეხოთ ამომრჩეველს ჰპირდებით მედიკამენტების ფასების განახევრებას. თავისუფალი ბაზრის შეზღუდვას აპირებთ რაიმე რეგულაციით, თუ როგორ?გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აკრიტიკებდით, თქვენი საარჩევნო პროგრამის მიხედვით კი ის ძალაში რჩება და ემატება 400 ლარიანი დაზღვევა – ასეა?
ვაკრიტიკებდით ბევრი არასაჭირო ხარჯის გამო, არათუ წამლების ფასი უნდა დაიწიოს, არამედ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ხარისხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ წამლების შეძენა უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. დიახ, სადაც უაზროდ არის ფასები გაზრდილი, უნდა მოხდეს მისი რეგულაციაც.
[yellow_box]ლელო: ჩვენი წარმატების ნიშნული იქნება ნული სოციალურად დაუცველი საქართველოში, მარშალის გეგმა ოთხწლიანია[/yellow_box]
ანა ნაცვლიშვილი. ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან
როგორ მოახერხებს „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს.
ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე?
ამ დრომდე საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად იყო აგებული პარადიგმაზე, რომ გვყავს ღარიბი ადამიანები, სოციალურად დაუცველები და გვეყოლება, შეიძლება მათმა რიცხვმა მოიმატოს კიდეც, მაგრამ ჩვენ მათ შევთავაზებთ პირობითად 20 ლარით მეტ კომპენსაციას, ძირითადად პოლიტიკა იყო ასეთი. „ლელო“ მათ სთავაზობს ფუნდამენტურ სიახლეს. ჩვენი მიზანი და წარმატება იმით არ გაიზომება, რომ 20 ან 50 ლარით მეტს მივცემთ სოციალურად დაუცველს, ჩვენი წარმატების ნიშნული იქნება ნული სოციალურად დაუცველი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მოხერხდება, მაგრამ პოლიტიკა უნდა წავიდეს აქეთკენ.
დავნერგავთ პოლიტიკას, რომელიც ადამიანებს კი არ ჩატოვებს სიღარიბეში და შემდეგ ამ სიღარიბით მათთან ვაჭრობას გააბამს, რაც საარჩევნო პროცესებში ნათლად ჩანს. ჩვენ ადამიანს გავაძლიერებთ და მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოიტოვოს უკან სიღარიბე როგორც მოვლენა, ის და მისი შთამომავლობა გადავიდეს საშუალო ფენაში. ლელოს ხელისუფლებისთვის საზომი იქნება საშუალო ფენის გაათმაგება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ, ეკონომიკის ფეხზე დაყენებით, რისი ერთ-ერთი მთავარი გზაც არის ინვესტიციების მოზიდვა, ეს ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს.
რომ დააკონკრეტოთ, როგორ გააკეთებთ ამას, რა იქნება პირველი ეტაპი, მეორე და ასე შემდეგ?
თუ ჩვენ ვერ შევქმნით საშუალო ფენას, მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მაგრამ ვერ შევინარჩუნებთ საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყანას, რომელიც ყველგან არის სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი… მხოლოდ სიტყვა სტაბილურობას არ ვიყენებ განზრახ, რადგან სტაბილურობა ჭაობია, ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება. თუ ადამიანებს აქვთ 3000 და მეტი ხელფასი, შეუძლიათ ყოველთვიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ, მისაღები ხარისხით და დანაზოგის კეთებაზეც იფიქრონ. ოთხ წელიწადში აი ასეთი ხალხი უნდა იყოს 600 000. აღარ უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველებად იწოდებიან და იღებენ სახელმწიფოსგან სამადლო თანხას, რომელიც არაფერს ჰყოფნის. სიღარიბე, როგორც ასეთი, არის სტრუქტურული პრობლემა და მოვლენა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ვხედავთ განათლების რეფორმას, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც საშუალო ფენის შექმნას, ვერც შეჯიბრობით პროცესში ჩაბმას, უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ვერ გავხდებით, თუ ადგილზე არ გვეყოლება კვალიფიციური, მსოფლიო დონის სპეციალისტები.
დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის წინაშე, მათ შორის ქუთაისში ეს უკიდურესად იგრძნობა [ბათუმისა და თბილისისგან განსხვავებით], არის ბრეინდრეინი – ტვინების და ფიზიკური ძალის გადინება. აქ არაფერი არ არის, რომ ხალხი დაამაგროს. ჩვენ გვაქვს აქცენტი დასავლურ ინვესტიციებზე, რადგან დასავლურ ინვესტიციას არ მოჰყავს თავისი მუშახელი, ის ადგილობრივ მუშახელს ასაქმებს, შემოაქვს კორპორატიული კულტურა, რაც ნიშნავს სამუშაო ეთიკის ცნებას, დამსაქმებელი ზრუნავს დასაქმებულის უსაფრთხოებაზე, სოციალურ პაკეტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ინვესტიციის მიზიდულობის ცენტრი, საერთაშორისო საფონდო ბირჟა და რეგიონის დონის ლოჯისტიკური ჰაბი. ამან, სხვა პროექტებთან ერთად, უნდა შექმნას 200 000 სამუშაო ადგილი, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობებს არ დავახვედრებთ საჭირო დონის სპეციალისტებს, ჩვენი პროექტები ვერ განხორციელდება. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება განათლების სისტემის რეფორმა, თანამედროვე ცოდნა, სადაც მნიშვნელოვანია გქონდეს პრაქტიკული უნარები.
რამდენ ხანში აისახება თქვენი გეგმა ბავშვებზე, რომლებიც დღეს შიმშილობენ და არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არაფერს ვამბობთ ლეპტოპზე, ინტერნეტთან წვდომაზე, წიგნებზე…
დღეს სახელმწიფო ასეთ ოჯახებს აძლევს დახმარებას პროდუქტისთვის და არ ზრუნავს მათ მიიღონ ხარისხიანი განათლებაზე. სწირავს ამ ბავშვებს, იშვიათი ინდივიდუალური გამონაკლისის გარდა, ვერასდროს გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ანუ სულ ჩარჩნენ სიღარიბეში. ამაზეა დღეს პოლიტიკა აწყობილი, ეს უნდა შევცვალოთ 180 გრადუსით. იმის მიუხედავად, რა სოციალური და ეკონომიკური ბეგრაუნდის ოჯახში იბადება ბავშვი, ისე უნდა იყოს მოწყობილი განათლების სისტემა, რომ მან არავისზე ნაკლები განათლება არ მიიღოს. ჩვენი გრძელვადიანი პროგრამა არის ის, რომ ოთხი წლის შემდეგ ნული სოციალურად დაუცველი გვყავდეს, მაგრამ მოკლევადიანი არის ის, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვეუბნებით გადაგამზადებ, პროფესიას შეგძენ, პროგრამას გაგიკეთებ და შევეცდები, რომ დაგასაქმო და მუშაობის დაწყებიდან 2 წელი სოციალური დახმარება არ მოგეხსნება, ეს არის ჩვენი ხედვა, გაძლიერება მოკლევადიან პერსპექტივაში და 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა 4 წელიწადში. როცა ვამბობთ სამუშაო ადგილებს, არ ვგულისხმობთ 200 და 300 ლარიან სამუშაო ადგილებს. ეს ხელფასი არ არის, მე ამას ვეძახი დანახარჯის ანაზღაურებას. სიღარიბიდან უნდა ამოვიყვანოთ ადამიანი და გადავიყვანოთ საშუალო ფენაში, ჩვენ გვინდა, რომ 4 წელიწადში ეს იყოს მოსახლეობის 30 პროცენტი.
სიტყვა კრახს ხშირად იყენებთ ხოლმე „ლელოს“ ლიდერები დღევანდელი ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად – ასევე აცხადებთ, რომ ამ პარტიას აქვს ამბიცია და უნარი, მალე ამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, როგორ?
მარშალის გეგმა რასაც ითვალისწინებს, ეს არის ოთხი წლის გეგმა, მაგრამ სოციალურად დაუცველს ვეუბნებით, რომ როგორც კი ვიწყებთ, ორი წელი არ მოგეხსნება ეს დახმარება, ასევე ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა შშმ პირებზე, რაც არის დღეს საკმაოდ დიდი ჯგუფი – მათი ნაწილი სრულწლოვანების მიღწევამდე იღებს სახელმწიფო დახმარებას. ამ ადამიანების 90 პროცენტი დღეს ეკონომიკური პროცესებიდან არის უბრალოდ გარიყული. ის და მისი ოჯახი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკჯგუფია, რომ სიღარიბეში იყოს, რადგან გაცილებით მეტ თანხებს მოითხოვს შშმ პირის მომსახურება, სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ. ამ ჯგუფთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის დასაქმება შესაბამისი სტრუქტურებისთვის საგადასახადო შეღავათების მიცემის გზით, შშმ პირის დასაქმება იქნება წახალისებული საკანონმდებლო დონეზე.
როდესაც ვსაუბრობდი სიღარიბის დაძლევის მთავარ ინსტრუმენტზე, ხარისხიანი განათლების სისტემაზე წვდომის აუცილებლობაზე… სახელმწიფომ არსებული რესურსების უკეთ განაწილებით უნდა შეძლოს, რომ მიეშველოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ისინი ვერ დაგველოდებიან, ვიდრე იქნება წლიურად 50 000 სამუშაო ადგილი. მეტი შემწეობა უნდა მივცეთ, რომელიც მარტო საკვებს კი არ ჰყოფნის, არამედ მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ არ ჩამორჩნენ.
ეკონომიკა კრიზისშია, მაინც რა რესურსის უკეთ გადანაწილებას გულისხმობთ?
ფული რომელიც ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეებში ილექება ტენდერების გზით ეს უნდა გადაიკეტოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მცირე ეფექტური მთავრობა, მაგრამ ეს ხალხი უმუშევრად კი არ დავტოვოთ… სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორში უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და თანდათან შემცირდეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანების წილი. ამ ხალხმა უნდა გადაინაცვლოს კერძოს სექტორში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ 50 000 სამუშაო ადგილზე, ეს არის კერძო სექტორში .
ერთიც – „ლელოს“ გეგმას ქვეყანაში არსებული ფულადი რესურსის, იმ ფინანსური დანაზოგების, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რეალურ ეკონომიკაში, საქართველოს ბანკებში ჩაშვებას. პლუს საპენსიო ფონდში დაზოგილი თანხების ნაწილის გამოყენებას საგარანტიო ფონდებად. ჩვენ გვაქვს გეგმაში რამდენიმე საგარანტიო ფონდის შექმნა, მათ შორის ერთი ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. გვექნება ასევე აიტი ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი ფონდი.
საოჯახო ბიზნესი საჩუქრად, ჯანდაცვა და განათლება უფასოდ – „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო გეგმის მიხედვით ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფული გავა, ვიდრე შევა. რას გაწვდება ბიუჯეტი და რით შეივსება ის, რამდენად რეალურია გეგმა? – კითხვებს ამ პარტიის აღმასრულებელ მდივანი, გოჩა თევდორაძე პასუხობს.
ბატონო გოჩა, როგორ შეცვლით ქვეყანაში სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებლებს?
ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველ საფეხურზე მაინც, სკოლებში იყოს უფასო კვება ბავშვებისთვის. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამას უთუოდ განვახორციელებთ. ჩვენ გვქონდა ასევე უსახლკარობის დაძლევის პროგრამა – ვთვლით, რომ ბიუჯეტიდან შეიძლება ოთხი პროცენტის აღება, რითაც დაიწყება უფასო ბინათმშენებლობა მათთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ანალოგიურად ახალდაქორწინებულებისთვის შეიძლება მრავალწლიანი უპროცენტო სესხი, რომლის გადასახადიც არ აღემატება 100 დოლარს.
რაც შეეხება სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევას, იმ ოჯახებისთვისაც ვინც მრავალშვილიანია, თუ მათ აქვთ ბიზნესგეგმა, ჩვენ ვთვლით, რომ ხუთი პროცენტი ბიუჯეტიდან უნდა იყოს აღებული, რაც დაახლოებით 500 მილიონი ლარია.
კონკურსი უნდა გამოაცხადოთ იდეების დასაფინანსებლად, თუ დაწერილი ბიზნესგეგმები უნდა შესთავაზოთ. ბიზნესის მართვას ხომ შესაბამისი ცოდნა სჭირდება?
სხვადასხვა ტიპის, დღეს მაგალითად სველი ხელსახოცი იქნება თუ ზოგადად ხელსახოცები, რაც საქართველოში მოიხმარება, ყველა არის შემოტანილი. არცერთის წარმოება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, არადა მარტივი დანადგარით შეიძლება ამის წარმოება და შესაძლებელია 600 ოჯახი დაკავდეს ამით, შესწავლილი გვაქვს ჩვენ საქართველოს ბაზარი. საოჯახო ბიზნესის შესაქმნელად უნდა მოვუძებნოთ ოჯახს ფართობიც, შესაბამისი გადაიარაღება-დანადგარებიც, სახელმწიფო უნდა შევიდეთ მართვაში, დავეხმარებით მენეჯმენტის განხორციელებაში. ორი-სამი წლის შემდეგ კი, როდესაც ბიზნესი ფეხზე დადგება, უკვე გამოვიდეთ აქედან და დავუტოვოთ ოჯახს წარმატებული ბიზნესი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიზნესი უკვე ფეხზე დადგება, თავად ხდება დამსაქმებელი. ის დამატებით ასაქმებს კიდევ ორ-სამ ოჯახს. გამოვა, რომ 300 000 ოჯახი მაინც უკვე იქნება დასაქმებული.
დარწმუნებული ხართ, რომ ეს პროექტები გაამართლებს, როცა ამხელა რესურსი უნდა ჩადოთ ბიუჯეტიდან?
რა თქმა უნდა, რისკები გათვლილია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ ყველა ეს პროექტი გაამართლებს. ვამბობთ, რომ ბიზნესს ყოველთვის აქვს თავისი რისკი, ამიტომ სახელმწიფო ეხიდება იმაშიც, რომ მენეჯმენტი განახორციელოს სწორი, ვიდრე წარმატებული არ გახდება ბიზნესი. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველი 20 000 ოჯახიდან დაახლოებით 15 000 ოჯახი იქნება წარმატებული ყოველწლიურად.
ბიზნესიდეებზე კონკურსი უნდა გამოაცხადოთ, თუ თქვენ თვითონ უნდა შესთავაზოთ მოსახლეობას?
ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე და გამოვკვეთეთ 50 მიმართულება, სადაც ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქტით. ეს მიმართულებები ჩვენ თვითონ მოვძებნეთ, თუმცა შეიძლება დამატებით არსებობდეს ისეთი იდეები, რომლებიც ჩვენ მოკვლევის პროცესში ვერ აღმოვაჩინეთ. შეიძლება რომ სააგენტო შეიქმნას სპეციალური, რომელიც ამ წინადადებას განიხილავს.
რა თანხა დაუჯდება ეს ბიუჯეტს, გაწვდება ამდენს ბიუჯეტი?
გითხარით, რომ ეს იქნება ბიუჯეტის 5 %, დაახლოებით 500 მილიონი ლარია, რომლითაც შეიძლება ყოველწლიურად 20 000-მდე ოჯახმა ბიზნესი დაიწყოს. არანაკლებ 30-80 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს თითოეული საოჯახო ბიზნესი. ეს ყველაფერი ჩვენი ეკონომისტების მიერ არის დათვლილი – თავისუფლად შეიძლება 500 მილიონი ლარის აღება საოჯახო ბიზნესისთვის.
დავუბრუნდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებიც განათლების მიღებას ვერ ახერხებენ.
ჩვენ ვთქვით, რომ დაწყებით საფეხურზე მაინც, ერთჯერადი კვება სკოლის ბუფეტებში იქნება უფასო. წიგნების გადაცემისა და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგების პროგრამა პირველკლასელებისთვის დღეს საქართველოს ხელისუფლებას ისედაც აქვს. სწავლა ყველა საფეხურზე უნდა იყოს უფასო, ბაკალავრიატიც. დამატებით ჩვენ გვაქვს პროგრამა ახალგაზრდებისთვის, იმ ქვეყნებთან, სადაც სახელმწიფო მიაღწევს შეთანხმებას, თანხები სწავალა-განათლებისთვის რადიკალურად მცირდება, მათ ექნებათ იქ ცხოვრების საშუალება, ასევე სახელმწიფოსგან დაფინანსებული.
ამ ყველაფერთან ერთად აპირებთ საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რამდენად გამოსვლადია ეს?
ჩვენ მაღალი გადასახადების მომხრე არასდროს ვყოფილვართ. ცხადია, რამდენიმე სახის გადასახადი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადასახადებით უნდა დავახრჩოთ ბიზნესი. ამის გარდა, ამ ხელისუფლების პირობებშიც ვხედავთ, რომ ბიზნესი მონოპოლიზირებულია. თუ ამ წნეხისგან ბიზნესს გავათავისუფლებთ და შევქმნით სამართლიან გარემოს, ცხადია ეს გამოიწვევს უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას.
სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ბიზნესიდეებზე გაქვთ გათვლილი?
ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ციფრული ეკონომიკა უნდა განვითარდეს: ისეთი დაწესებულება, როგორიც არის „ეფლი“, მილიარდობით არის მისი ბრუნვა, ასეთი საწარმოების შექმნას არ სჭირდება ჰექტრობით ტერიტორია. ციფრული ეკონომიკის ხვედრითი წილი უფრო მეტია განვითარებულ ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტს არანაკლებს აწარმოებენ, მაგრამ ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა თანდათან მცირდება. ამიტომ ჩვენ ეს მიმართულება უნდა ავირჩიოთ.
„ევროპული საქართველო“: „სიღარიბე ვერ დაიძლევა სამ თვეში. ეს, უბრალოდ, ტყუილია“
მცირე მთავრობა, ბიუროკრატიის ხარჯიდან 2 მილიარდის გამოთავისუფლება და სოციალური პაკეტის გაორმაგება, საგადასახადო შეღავათებით ეკონომიკის სტიმულირება, 100 000 სამუშაო ადგილი – ეს „ევროპული საქართველოს“ გეგმებში. როგორ დააბალანსებს შემოსავლები ხარჯებს, ამაზე სერგი კაპანაძე გვესაუბრა.
ბატონო სერგი, ეკონომიკის გაძლიერების თქვენი გეგმა, როგორ და რა ვადაში უნდა აისახოს სიღარიბის ზღვას მიღმა მყოფ ოჯახებზე?
ჩვენი პროგრამა ორკომპონენტიანია, ერთი ეკონომიკური, მეორე სიღარიბის დაძლევის. რადგანაც მეორეზე მეკითხებით, გეტყვით, რომ აქ არის მნიშვნელოვანი ბიუჯეტში ვნახოთ ის თანხები, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარება ასი პროცენტით გაიზრდება. ამისი რესურსი ბიუჯეტში არის, ეს არის დაახლოებით ორ მილიარდამდე არასწორი ხარჯი.
იმის გამო, რომ ტენდერებიდან ხდება ფულის მოტეხვა, შესაძლებელია რამდენიმე ასეულ მილიონის დაზოგვა. ასევე არის ხარჯები, რომელიც უკავშირდება სსიპებსა და აიპებში დასაქმებულების ხარჯებს; ხარჯები, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა პროგრამას, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ფულის მოცემა. შესაბამისად, ჩვენი სოციალური პაკეტის ღირებულება დაახლოებით სამი მილიარდი ლარი და ორი მილიარდი შეიძლება გამოთავისუფლდეს ბიუროკრატიული ხარჯებიდან.
პრივატიზაციის გარდა, ჩვენ ვგეგმავთ წამგებიან სახელმწიფო საწარმოებში დაახლოებით ერთ მილიარდის ინვესტიციების მოზიდვას. ესეც იქნება გამოყენებული ამ მიმართულებით. რეალურად ჩვენი გათვლები არის დაფუძნებული ძალიან კონკრეტულ გეგმაზე – შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც დღეს უბრალოდ გაფლანგულია.
სოციალური პაკეტის გაორმაგება ალბათ მოკლევადიანი გეგმაა. დავუშვათ ამით გადაიჭრება ამ ოჯახებში სრულფასოვნად კვების პრობლემა, მაგრამ ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს.
იმისთვის, რომ სიღარიბე დაიძლიოს, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა დანარჩენი, რომ სიღარიბე დაიძლევა სამ თვეში, ეს უბრალოდ ტყუილია და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმე მოვატყუოთ. სიღარიბის დაძლევას სჭირდება კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, მეტი ფულის დატოვებას ხალხში. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ გადასახადები, ამაში იგულისხმება ყველა გადასახადი, როგორც ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს არის საშემოსავლო გადასახადი და სხვები, მათ შორის აქციზის ღირებულება შემცირება 25 პროცენტით, რაც გამოიწვევს ფასების შემცირებას.
ის საგადასახდო პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ოჯახს საშუალოდ 2000 ლარს დაუტოვებს წლის განმავლობაში, ასევე გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას, რეალურად ეს არის ბიუჯეტის გადაკეთება ისე, რომ ფული შევიდეს არა მთავრობასთან, არამედ დარჩეს ხალხს. ეს ყველაფერი ჩვენი გათვლით გამოიწვევს დაახლოებით 100 000 სამუშაო ადგილის შექმნას და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ორ თვეში მოგვარდება სიღარიბის პრობლემა არასერიოზულია.
ფული თუ რჩება ხალხში, მათ უფრო მეტი შემოსავალი აქვთ უფრო მეტი მყიდველუნარიანობა და საშუალება, რომ თვითონაც მეტი ფული დაიტოვონ. გარდა ამისა, ბიზნესმა კიდევ მეტი ახალი სამუშაო ადგილებს შექმნის.
100 000 ახალ სამუშაო ადგილს ქმნით კერძო სექტორში, ბევრი ადამიანი კი დაკარგავს სამუშაოს საჯარო სექტორში, მცირე მთავრობის გეგმის მიხედვით…
სამუშაო ადგილები შექმნა სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დამართო ეკონომიკას. ეგ არის ხალხისგან აღებული ფულით ბიუროკრატების დაფინანსება, რომელიც დოვლათს არ ქმნის. დოვლათის შექმნის გარეშე საბჭოთა კავშირში იყო, როცა სახელმწიფო აფინანსებდა სამუშაო ადგილებს და როგორ დამთავრდა ყველამ კარგად ვიცით. საქართველოს უნდა ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. თუ კერძო სექტორი ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, მაშინ ცუდად არის საქმე.
ბიუროკრატიის ხარჯის გამოთავისუფლება, სოციალური პაკეტის გაორმაგებისა და საგადასახადო შეღავათების ფონზე, შემოსავალ-გასავალს როგორ დააფინანსებს?
ზუსტად დაგითვალეთ, ეს ბალანსდება კონკრეტული ხარჯების შემცირებიდან, ინვესტიციების შემოსვლიდან, მასშტაბური პროექტების პრივატიზაციიდან და საგარეო დახმარებიდან. როგორც კი ეს გამოიწვევს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც გარდაუვალია, შემდეგ, რა თქმა უნდა, მალევე გეწყება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა.