Batumelebi | ომბუდსმენმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა – საია ომბუდსმენმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა – საია – Batumelebi
RU | GE  

ომბუდსმენმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა – საია

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილ მოადგილის, ჟურნალისტ ნათია ზოიძის საქმესთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა ჟურნალისტის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

საიას განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას ზოგადი წინადადებით მიმართა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის უფლებებს საია იცავს.

ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს მიმართა და ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება მოითხოვა. პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

საიამ ნათია ზოიძის სახელით ასევე მიმართა სახალხო დამცველს და საკითხის შესწავლა სთხოვა. სახალხო დამცველმა საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ,,სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე ახორციელებდა საკუთარი თანამშრომლების შესაძლო დევნას განსხვავებული აზრის, კერძოდ, მათ მიერ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო.“ ამდენად, არსებობდა გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, ნათია ზოიძის და კიდევ 2 ჟურნალისტის საქმეზე დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, უზრუნველყოს აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის წინადადების შესრულება და ნათია ზოიძის საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება“.

ნათია ზოიძემ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა უკანონო თვალთვალი და დევნა. გარდა ამისა, ახალმა მენეჯმენტმა მას ხელშეკრულების პირობები შეუცვალა, რის მიხედვითაც მას საქმიანობის განხორციელება შეეზღუდა, ამიტომ მან დატოვა თანამდებობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან