მთავარი,სიახლეები

სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ დაგველოდებიან, მათ სახელმწიფო უნდა მიეშველოს – ანა ნაცვლიშვილი

25.10.2020 • 1285
სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ დაგველოდებიან, მათ სახელმწიფო უნდა მიეშველოს – ანა ნაცვლიშვილი

როგორ მოახერხებს  „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ამ პარტიის „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს.

  • ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე?

ამ დრომდე საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად იყო აგებული პარადიგმაზე, რომ გვყავს ღარიბი ადამიანები, სოციალურად დაუცველები და გვეყოლება, შეიძლება მათმა რიცხვმა მოიმატოს კიდეც, მაგრამ ჩვენ მათ შევთავაზებთ პირობითად 20 ლარით მეტ კომპენსაციას, ძირითადად პოლიტიკა იყო ასეთი. „ლელო“ მათ სთავაზობს ფუნდამენტურ სიახლეს. ჩვენი მიზანი და წარმატება იმით არ გაიზომება, რომ 20 ან 50 ლარით მეტს მივცემთ სოციალურად დაუცველს, ჩვენი წარმატების ნიშნული იქნება ნული სოციალურად დაუცველი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მოხერხდება, მაგრამ პოლიტიკა უნდა წავიდეს აქეთკენ.

დავნერგავთ პოლიტიკას, რომელიც ადამიანებს კი არ ჩატოვებს სიღარიბეში და შემდეგ ამ სიღარიბით მათთან ვაჭრობას გააბამს, რაც საარჩევნო პროცესებში ნათლად ჩანს. ჩვენ ადამიანს გავაძლიერებთ და მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოიტოვოს უკან სიღარიბე როგორც მოვლენა, ის და მისი შთამომავლობა გადავიდეს საშუალო ფენაში. ლელოს ხელისუფლებისთვის საზომი იქნება საშუალო ფენის გაათმაგება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ, ეკონომიკის ფეხზე დაყენებით, რისი ერთ-ერთი მთავარი გზაც არის ინვესტიციების მოზიდვა, ეს ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს.

  •  რომ დააკონკრეტოთ, როგორ გააკეთებთ ამას, რა იქნება პირველი ეტაპი, მეორე და ასე შემდეგ?

თუ ჩვენ ვერ შევქმნით საშუალო ფენას, მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მაგრამ ვერ შევინარჩუნებთ საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყანას, რომელიც ყველგან არის სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი… მხოლოდ სიტყვა სტაბილურობას არ ვიყენებ განზრახ, რადგან სტაბილურობა ჭაობია, ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება. თუ ადამიანებს აქვთ 3000 და მეტი ხელფასი, შეუძლიათ ყოველთვიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ, მისაღები ხარისხით და დანაზოგის კეთებაზეც იფიქრონ. ოთხ წელიწადში აი ასეთი ხალხი უნდა იყოს 600 000. აღარ უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველებად იწოდებიან და იღებენ სახელმწიფოსგან სამადლო თანხას, რომელიც არაფერს ჰყოფნის. სიღარიბე, როგორც ასეთი, არის სტრუქტურული პრობლემა და მოვლენა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ვხედავთ განათლების რეფორმას, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც საშუალო ფენის შექმნას, ვერც შეჯიბრობით პროცესში ჩაბმას, უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ვერ გავხდებით, თუ ადგილზე არ გვეყოლება კვალიფიციური, მსოფლიო დონის სპეციალისტები.

დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის წინაშე, მათ შორის ქუთაისში ეს უკიდურესად იგრძნობა [ბათუმისა და თბილისისგან განსხვავებით], არის ბრეინდრეინი – ტვინების და ფიზიკური ძალის გადინება. აქ არაფერი არ არის, რომ ხალხი დაამაგროს. ჩვენ გვაქვს აქცენტი დასავლურ ინვესტიციებზე, რადგან დასავლურ ინვესტიციას არ მოჰყავს თავისი მუშახელი, ის ადგილობრივ მუშახელს ასაქმებს, შემოაქვს კორპორატიული კულტურა, რაც ნიშნავს სამუშაო ეთიკის ცნებას, დამსაქმებელი ზრუნავს დასაქმებულის უსაფრთხოებაზე, სოციალურ პაკეტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ  გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ინვესტიციის მიზიდულობის ცენტრი, საერთაშორისო საფონდო ბირჟა და რეგიონის დონის ლოჯისტიკური ჰაბი. ამან, სხვა პროექტებთან ერთად, უნდა შექმნას 200 000 სამუშაო ადგილი, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობებს არ დავახვედრებთ საჭირო დონის სპეციალისტებს, ჩვენი პროექტები ვერ განხორციელდება. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება განათლების სისტემის რეფორმა, თანამედროვე ცოდნა, სადაც მნიშვნელოვანია გქონდეს პრაქტიკული უნარები.

  • რამდენ ხანში აისახება თქვენი გეგმა ბავშვებზე, რომლებიც დღეს შიმშილობენ და არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არაფერს ვამბობთ ლეპტოპზე, ინტერნეტთან წვდომაზე, წიგნებზე…

დღეს სახელმწიფო ასეთ ოჯახებს აძლევს დახმარებას პროდუქტისთვის და არ ზრუნავს მათ მიიღონ ხარისხიანი განათლება. სწირავს ამ ბავშვებს, იშვიათი ინდივიდუალური გამონაკლისის გარდა, ვერასდროს გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ანუ სულ ჩარჩნენ სიღარიბეში. ამაზეა დღეს პოლიტიკა აწყობილი, ეს უნდა შევცვალოთ 180 გრადუსით. იმის მიუხედავად, რა სოციალური და ეკონომიკური ბეგრაუნდის ოჯახში იბადება ბავშვი, ისე უნდა იყოს მოწყობილი განათლების სისტემა, რომ მან არავისზე ნაკლები განათლება არ მიიღოს. ჩვენი გრძელვადიანი პროგრამა არის ის, რომ ოთხი წლის შემდეგ ნული სოციალურად დაუცველი გვყავდეს, მაგრამ მოკლევადიანი არის ის, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვეუბნებით გადაგამზადებ, პროფესიას შეგძენ, პროგრამას გაგიკეთებ და შევეცდები, რომ დაგასაქმო და მუშაობის დაწყებიდან 2 წელი სოციალური დახმარება არ მოგეხსნება, ეს არის ჩვენი ხედვა, გაძლიერება მოკლევადიან პერსპექტივაში და 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა 4 წელიწადში. როცა ვამბობთ სამუშაო ადგილებს, არ ვგულისხმობთ 200 და 300-ლარიან სამუშაო ადგილებს. ეს ხელფასი არ არის, მე ამას ვეძახი დანახარჯის ანაზღაურებას. სიღარიბიდან უნდა ამოვიყვანოთ ადამიანი და გადავიყვანოთ საშუალო ფენაში, ჩვენ გვინდა, რომ 4 წელიწადში ეს იყოს მოსახლეობის 30 პროცენტი.

  • სიტყვა კრახს ხშირად იყენებთ ხოლმე „ლელოს“ ლიდერები დღევანდელი ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად – ასევე აცხადებთ, რომ ამ პარტიას აქვს ამბიცია და უნარი, მალე ამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, როგორ?

მარშალის გეგმა რასაც ითვალისწინებს, ეს არის ოთხი წლის გეგმა, მაგრამ სოციალურად დაუცველს ვეუბნებით, რომ როგორც კი ვიწყებთ, ორი წელი არ მოგეხსნება ეს დახმარება, ასევე ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა შშმ პირებზე, რაც არის დღეს საკმაოდ დიდი ჯგუფი – მათი ნაწილი სრულწლოვნების მიღწევამდე იღებს სახელმწიფო დახმარებას. ამ ადამიანების 90 პროცენტი დღეს ეკონომიკური პროცესებიდან არის უბრალოდ გარიყული. ის და მისი ოჯახი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკჯგუფია, რომ სიღარიბეში იყოს, რადგან გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს შშმ პირის მომსახურება, სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ. ამ ჯგუფთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის დასაქმება შესაბამისი სტრუქტურებისთვის საგადასახადო შეღავათების მიცემის გზით, შშმ პირის დასაქმება იქნება წახალისებული საკანონმდებლო დონეზე.

როდესაც ვსაუბრობდი სიღარიბის დაძლევის მთავარ ინსტრუმენტზე, ხარისხიანი განათლების სისტემაზე წვდომის აუცილებლობაზე… სახელმწიფომ არსებული რესურსების უკეთ განაწილებით უნდა შეძლოს, რომ მიეშველოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ისინი ვერ დაგველოდებიან, ვიდრე იქნება წლიურად 50 000 სამუშაო ადგილი. მეტი შემწეობა უნდა მივცეთ, რომელიც მარტო საკვებს კი არ ჰყოფნის, არამედ მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ არ ჩამორჩნენ.

  • ეკონომიკა კრიზისშია, მაინც რა რესურსის უკეთ გადანაწილებას გულისხმობთ?

ფული, რომელიც ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეებში ილექება ტენდერების გზით, ეს უნდა გადაიკეტოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მცირე ეფექტური მთავრობა, მაგრამ ეს ხალხი უმუშევრად  კი არ დავტოვოთ… სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორში უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და თანდათან  შემცირდეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანების წილი. ამ ხალხმა უნდა გადაინაცვლოს კერძო სექტორში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ 50 000 სამუშაო ადგილზე, ეს არის კერძო სექტორში .

ერთიც – „ლელოს“ გეგმას ქვეყანაში არსებული ფულადი რესურსის, იმ ფინანსური დანაზოგების, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რეალურ ეკონომიკაში, საქართველოს ბანკებში ჩაშვებას. პლუს საპენსიო ფონდში დაზოგილი თანხების ნაწილის გამოყენებას საგარანტიო ფონდებად. ჩვენ გვაქვს გეგმაში რამდენიმე საგარანტიო ფონდის შექმნა, მათ შორის ერთი ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. გვექნება ასევე აიტიტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი ფონდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: