Batumelebi | მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა – Batumelebi
RU | GE  

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | ნაწილი მეორე | იდეალური ძარცვა

იაგო ხვიჩია 

24 ოქტომბერი, 2020 წელი

“გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან

ბათუმში ბევრი მეგობარი მყავს, მათი და მათი ოჯახების დამსახურებით, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩემთვის ძალიან ახლობელია ეს ქალაქი.

ბათუმში ჩამოსვლა, ყოველთვის ჩემი მეგობრების ნახვის სიხარულსა და მათთან გართობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე ვიცოდი, რომ ამ ქალაქში თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. არ ვიცი რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის კმაყოფილი ვიქნები ამ გადაწყვეტილებით.

როცა მოვდიოდი ვიცოდი, რომ ძალიან დაძაბული არჩევნების წინ, მხოლოდ პოზიტიური საარჩევნო კამპანიის ჩატარება მინდოდა, რადგან ჩემი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენტები, ჩემი მეგობრებიც იყვნენ და მე მათთან ოდნავი დაპირისპირების სურვილიც არ მქონია.

თუმცა, რაც ბათუმში ჩამოვედი მივხვდი, რომ აქ ისედაც აბსურდია ნეგატივზე ააგო კამპანია, თუ ხელისუფლება გალახვას ან დაჩაგვრას არ გიპირებს, იმდენად მშვიდი და საკურორტოა თბილისთან შედარებით აქაური გარემო.

დაუნახაობა იქნება არ ვთქვა, რომ ხელისუფლება აქ ხელს არ გვიშლის წინასაარჩევნო კამპანიაში, არც მე და არც სხვა პარტიებს. ამას არ ველოდი. ფაქტია, რომ გულხელდაკრეფილი არ სხედან და კორონასთან ბრძოლის მერე გაღარიბებული ამომრჩევლის სხვადასხვა ფორმით მოსყიდვით არიან დაკავებული, მაგრამ მთავრობა წინასაარჩევნოდ ფიზიკურად არ ირტყმევინება, რაც წინსვლაა ჩვენნაირი ქვეყნისთვის.

მე არ ვიცი სანამ გასტანს ეს სიმშვიდე, მაგრამ ჯერჯერობით ასეა.

ერთი კვირის წინ ბათუმის ბულვარში ნაციონალური მოძრაობის მიტინგი იყო, ბევრი ხალხი მოვიდა, „კარანტინშიკებმა“ და მთავრობამ ამბავი ატეხეს პოლიტიკური პარტია კორონას ავრცელებსო, ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობა ხალხის დამვირუსებლის როლში გამოეყვანათ, მაგრამ მე მგონი არ გამოუვათ, რაც არ უნდა თქვან არ სჯერა ხალხს ამათი.

ნაციონალური მოძრაობა თავიდან #დარჩისახლში-ს აქტივისტი პარტია იყო და მთავრობის მიერ ხალხის სახლში გამოკეტვას უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა მგონი მიხვდნენ, რომ მიქარეს და კორონაზე ადრინდელი მოწიწების ნაცვლად ცოტა აგდებულად საუბრობენ, თუმცა გაზაფხულის „კორონამიქარვას“ ოფიციალურად ჯერ საჯაროდ არც ერთი პარტია არ აღიარებს. ამიტომაც არიან სასაცილო სიტუაციაში, როცა ამ თემაზე აკრიტიკებენ მთავრობას.

რამდენიმე დღის წინ გირჩის თბილისის შტაბებში შრომის ინსპექცია პოლიციასთან ერთად შევარდა და კაფე ბარების მესაკუთრეებს დაემუქრა, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ კორონათი ხალხის დაშინება უნდათ და გადაწყვიტეს ღამის 10 საათის მერე თბილისის ყველა გასართობი დაწესებულება დახურონ.

ბათუმისგან განსხვავებით, თბილისში კაფე-ბარების მესაკუთრეები ტვ პირველის ეთერიდან შეულამაზებლად ლანძღავდნენ ხელისუფლებას. თან ძალიან დამაჯერებლად.

როგორც ჩანს, თბილისში მთავრობას უკვე აღარ გაუვა ადამიანების კლასტერებად დაყოფა.

ბათუმში კამპანიის ერთი ნაწილი საჯარო საუბრის დაწყება იყო, ლალიმ და მე ამისთვის 2 ფეისბუკგადაცემა მოვიფიქრეთ „საუბარი ლალისთან“ და „გირჩის ბირჟა“, ადგილობრივ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, ვესაუბრებით მათი თვალით დანახულ რეალობასა და მისი გამოსწორების გზებზე.

პერიოდულად თბილისში ჩასვლა მიწევს, რადგან თუ თბილისს გარეთ ხარ მედია სივრციდან იკარგები და ეს წინასაარჩევნოდ დაუშვებელი ამბავია.

ამ ჩასვლაზე, გოგა ხაჩიძემ და პოლსკიმ სიურპრიზი გამიკეთეს და სამეგრელოსადმი მეგრულად მიმართვის ვიდეო ჩამაწერინეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ცხენზე შემჯდარი მივიღებდი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ გავბედე.

ბათუმში ჩამოვედი, ხვალ კოფიშოპის სიმბოლურად გახსნის ივენთი გვაქვს, ჩვენს ოფისს აბრას ვკიდებთ, რომ აქ გაიხსნება პირველი კოფიშოპი საქართველოში.

ამაზე საინტერესო ბათუმის პოლიტიკაში და არტში ახლა არაფერი ხდება, განსხვავებით სამეგრელოსგან.

ორი დღეა საყოველთაო ყურადღების ცენტრი ზუგდიდშია.

იქ ისეთი ამბავი მოხდა, რომელიც მალე მოხვდება მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტების სილაბუსებში: ბანკში ყაჩაღი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი (ლარის კურსს, არც მძარცველები ენდობიან). მიიღო რა მოთხოვნილი თანხა ბანკისაგან, მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, სანაცვლოდ აიყვანა პოლიციის თანამშრომელი და სადღაც ლებარდის ტყეში დანარჩენ მძევლებთან ერთად დატოვა, თვითონ კი დაიკარგა.

პოლიციამ ამ წუთის მონაცემებით, ყაჩაღზე არაფერი იცის, მისი სურათიც კი არ აქვს.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული ავანტიურისტი მიხვდა, რომ წინასაარჩევნოდ ხოცვა ჟლეტა არავის არ აწყობდა და მოითხოვა ისეთი ზომიერი ოდენობის თანხა, რის გამოც ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო ხალხი ხელისუფლებას დაადანაშაულებდა და ბოლოს და ბოლოს ბანკიც არ გარისკავდა საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მან, თავისი გეგმა ცნობილი სერიალის „ქაღალდის სახლი“-ს სცენარის სტილში ააგო, სისტემა გააბითურა თან ოპერაცია უსისხლოდ დაასრულა, რითაც ადამიანებში სიმპათია გააჩინა და უკვალოდ გაუჩინარდა.

აფხაზეთში წავიდაო თქვეს და სადღაც მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ, თუმცა რატომ უნდა გაიქცე ქვეყნიდან, როცა მთავრობის შუამდგომლობით ბანკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოლარი გაქვს და კაცმა არ იცის ვინ ჯანდაბა ხარ.

მეორე ნაწილის დასასრული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი