Batumelebi | „პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია „პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია – Batumelebi
RU | GE  

„პროგრესელი“ გოგო ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია

თინეიჯერი მოჭადრაკე, რომელმაც ახლახანს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო, დეა ბედოშვილია.

დეა 6 წლის ასაკიდან თამაშობს ჭადრაკს. აჭარის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია. საქართველოს სახელით მონაწილეობა მიუღია, როგორც მსოფლიო მასშტაბის, ასევე ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებზე.

“ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია. მას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური მომზადება სჭირდება და შრომა, ძალიან ბევრი შრომა. ჭადრაკმა მასწავლა მარცხთან შეგუება, შეცდომებზე სწავლა და ფეხზე წამოდგომა. თავიდან ტურნირის შედეგები არცთუ ისე კარგი მქონდა, მაგრამ ამან მეტი სტიმული მომცა და რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც ბრძოლისუნარიანობა შემძინა“, – გვითხრა გოგონამ.

დეასთვის ჭადრაკი სპორტთან ერთად ხელოვნებაცაა. ამბობს, რომ მისითვის ჭადრაკის თითოეული სვლა ცხოვრებას ჰგავს: “ჭადრაკში მუდმივად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ ამ გადაწყვეტილებებით წარიმართება თამაში, ასევეა ცხოვრებაშიც. თითოეული გადაწყვეტილება შენ მომავალზე მოქმედებს.”

ბათუმელი თინეიჯერი ჭადრაკის გარდა, ხატვითაც არის გატაცებული. ხატავს პორტრეტებს და კარიკატურებს. სამხატვრო აკადემიაც დაამთავრა. თუმცა ახლა ხატვისთვის ბევრი დრო არ რჩება. ფიქრობს, რომ მისი ასაკის მოზარდებისთვის მთავარი სხვადასხვა საგანში ცოდნის ამაღლებაა, ბევრი კითხვა და სწავლა.

თავისი შეხედულება აქვს თანამედროვეობასა და ღირებულებებზე: “ქართველი ხალხი ყოველთვის გამოვირჩეოდით პატრიოტული სულისკვეთებით. უამრავი გმირი დაბადებულა, რომლებიც გაუტეხავად იბრძოდნენ სამშობლოსთვის. სწორედ შეუპოვარმა ბრძოლამ გადაარჩინა ქართული გენი და კულტურა. ბოლო დროს სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები. შეიცვალა ხედვა და ერთი შეხედვით – ღირებულებებიც. თუმცა ჩემი გადასახედიდან, ჩვენ პატრიოტიზმს და თავდადებას სხვა ფორმებით გამოვხატავთ.”

ერთადერთი, რაც მას თავის გარშემო არ მოსწონს, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. “ჩვენს ასაკში ძალიან ბევრი ისტორია მსმენია ბულინგის შესახებ. მის მიმართაც ბევრი გულგრილია. ასევე ხშირია კრიტიკა. ობიექტური კრიტიკა სასარგებლოა და სტიმულს გაძლევს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ადამიანების კრიტიკა შეურაცხყოფაში გადადის. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ მეტ სიყვარულს და სითბოს გამოვხატავთ”.

დეა ბათუმში, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” სწავლობს.

ამბობს, რომ სკოლა ძალიან მოსწონს: “ის გამორჩეულია მეგობრული ატმოსფეროთი და ურთიერთგაგებით, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლის მხრივაც, ვფიქრობ, საუკეთესო სკოლაა. გაკვეთილები ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად გადის. დისტანციურადაც მშვენივრად ვახერხებთ გაკვეთილების ჩატარებას. ყველა მასწავლებელს მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო”.

სამომავლოდ სურს ადამიანის ფსიქოლოგია და ასევე ფილოსოფია შეისწავლოს. ესეც კარგად გამოუვა, რადგან იცის, რომ წარმატების მისაღწევად მთავარია შრომაა –  “ვფიქრობ, თუ ადამიანი მთელ გულს ჩადებს იმ საქმეში, რაც მას უყვარს, ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი