მთავარი,სიახლეები

491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

26.10.2020 • 1544
491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან 638 681 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, წერია, რომ კომპენსაცია ბაგრატ მანველიძესაც ერგება.

სეტყვისგან მიყენებულ ზიანის კომპენსაცია მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ ჩაერიცხა. ისინი თვეებს განმავლობაში ელოდნენ ამ თანხას. დაზარალებულთა ნაწილს კი, ამ დრომდე კომპენსაცია არ მიუღია.

„კი, ჩამერიცხა ეს ფული, მე ვენახის ბაღი მაქვს და დამიზიანა სეტყვამ… რის საშუალებაც იყო, ის მომცეს, პრეტენზია არ მაქვს,“ – უთხრა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება 27 აგვისტოთი თარიღდება. ქედის მერი, ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ ამ დრომდე ტექნიკური დეტალები ზუსტდებოდა და ქედაში კომპენსაცია უკვე ყველამ მიიღო.

ბაგრატ მანველიძე 2019 წელს აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, როცა იგი მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დააკავეს. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაგრატ მანველიძე დამნაშავედ მიიჩნია და პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ასევე დააჯარიმა 20 ათასი ლარით.

ბაგრატ მანველიძის შვილი – გიორგი მანველიძე უმაღლესი საბჭოს წევრია. იგი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-5 ნომერია 31 ოქტომბრის არჩევნებში. გიორგი მანველიძის ოჯახი ზღვასთან ახლოს მრავალბინიან სახლს აშენებს.

ბაგრატ მანველიძის ოჯახს ასევე უკავშირდება უკანონო მშენებლობა ახვლედიანის ქუჩაზეც, რომელიც სასამართლომაც ვერ შეაჩერა.

იმ პირების სია, ვინც კომპენსაციას მიიღებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: