Batumelebi | Ajara TV-ის თანამშრომლების შესაძლო დევნაზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა Ajara TV-ის თანამშრომლების შესაძლო დევნაზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა – Batumelebi
RU | GE  

Ajara TV-ის თანამშრომლების შესაძლო დევნაზე ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა – დაიწყოს გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დევნის ფაქტებზე.

„საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან ფაქტობრივად არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, რასაც სჭირდება საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატური შეფასება, გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო უწყებამ აღწერილი ფაქტები სამოქალაქო დავის საგნად მიიჩნია და გამოძიება არ დაიწყო.

„უდავოა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიერ შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა ვერ ჩაითვლება შესაძლო დანაშაულის (დევნის) საკმარის საპასუხო მოქმედებად. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება არ გამორიცხავს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

7 ოქტომბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მედიის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს, სახალხო დამცველის საპასუხო წერილით მიმართა. წერილში, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ „სახალხო დამცველის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ გამოთქმული ვარაუდები ეყრდნობა დაინტერესებული პირების მიერ მიწოდებულ სუბიექტურ მოსაზრებებს და არის ზედაპირული“.

„სახალხო დამცველისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ვარაუდები, რომ თითქოს ჩვენს მაუწყებელში ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და რომ თითქოს ჩვენთან ადგილი აქვს ჟურნალისტთა შევიწროებას, საგრძნობლად აზიანებს არა მარტო ზოგადად მაუწყებლის, არამედ აქ მომუშავე ყველა ჟურნალისტის რეპუტაციას. მსგავს შეფასებებს განსაკუთრებული დამაზიანებელი ეფექტი აქვს საარჩევნო პერიოდში, როცა აჭარის რეგიონის მოსახლეობა სწორედ ჩვენი სატელევიზიო და რადიოარხებისგან ელის პოლიტიკური მოვლენების, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების ამომწურავ და მიუკერძოებელ გაშუქებას. ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებით, მოავლინოთ თქვენი წარმომადგენელი ჩვენს მაუწყებელში, რათა ადგილზე გაეცნოთ მდგომარეობას, შეაფასოთ ჩვენს ჟურნალისტთა პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი, გამოიკვლიოთ, ირღვევა თუ არა გამოხატვის თავისუფლება,“ – წერს გიორგი კოხრეიძე გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ძირითადად პროსახელისუფლებო კადრებითაა დაკომპლექტებული და საბჭო მხარს უჭერს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს, რომელმაც მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირიც, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კარგავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიმდინარეობს არხის პროსახელისუფლებო ტელევიზიად გადაკეთება.

საქართველოში თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com