მთავარი,სიახლეები

77 000 ბავშვი შიმშილობს – 5 პარტიის გეგმა შემდეგ 4 წელში

24.10.2020 • 1481
77 000 ბავშვი შიმშილობს –  5 პარტიის გეგმა შემდეგ 4 წელში

სიღარიბე ერთადერთი გამოწვევაა, რომლის უარყოფას, შეფუთვას, შელამაზების მცდელობას, აზრი არ აქვს და ამის გააზრება იმ პოლიტიკურმა გუნდმაც მოახერხა, რომელიც რვა წელია ქვეყანას მართავს. ის ამავე დროს გვარწმუნებს, რომ ბევრ ისეთ წარმატებას მიაღწია, რაზეც ვერ ვიოცნებებდით, ის რომ არ აგვერჩია.

იუნისეფის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში  77 000 ბავშვი დიდი ხანია თითებზე აღარ ითვლის დღეებს, როცა მშიერმა დაიძინა. ადამიანები „არსებობის საშუალებას“ მოწყალების სახით ან ქუჩაში პროტესტით ითხოვენ და ზოგჯერ უკიდურეს ფორმებსაც მიმართავენ ყურადღების მისაქცევად. ამის პარალელურად „ოცნების“ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა და ინვესტიციების შემოდინება გაიზარდა. ამას ციფრები არ ამტკიცებს.

„სიღარიბე უნდა დავძლიოთ, უფრო დიდი ტემპებით და უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაციისას. მაინც როგორ? – მმართველი პარტია თუ მისი კანდიდატები ამ საკითხზე აღარც კი საუბრობენ.

რას გეგმავენ სხვა პარტიები და რამდენად რეალურია მათი ხედვა? – ამ თემაზე კიდევ ოთხ პარტიას ვკითხეთ.

ენმ: „ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, ყველაფერი ეკონომიკასთან მიდის“ 

ეკონომიკის სტიმულირებით ქვეყნის გადარჩენა, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო პროგრამის მიხედვით გადასახადების შემცირებასა და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გადის. რეფორმების შემდეგ კი ამომრჩეველს 10 მილიარდის ღირებულების ინვესტიციას ჰპირდებიან, ამ თანხის პროპორციული სამუშაო ადგილებით.

პროგრამაში არსად წერია, რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ დაცდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს და რამდენად რეალურია ოპოზიციის გეგმა? – კითხვებს გიორგი კირთაძე პასუხობს, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

  • ბატონო გიორგი, საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს და ეს მონაცემი წლიდან წლამდე იზრდება. როგორია ამ გამოწვევის დაძლევის თქვენეული გეგმა?

სიღარიბე რომ დავძლიოთ, ერთადერთი გამოსავალი არის ეკონომიკური წინსვლა, რისთვისაც აუცილებელია ინვესტიცია, ბევრი სამუშაო ადგილი და ამაში არაფერი ორიგინალური არ არის. სიღარიბე პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ ამ ქვეყანაში კარგავენ სამუშაო ადგილებს, უფასურდება ლარი, ეკონომიკა რთულ დღეშია და მიდის უარესობისკენ.

  •  პროგრამის თანახმად 10-მილიარდიან ინვესტიციაზე გაქვთ გათვლა, მაგრამ წლები დაგჭირდებათ ამ ოდენობის ინვესტიციის მოსაზიდად…

რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ გვეტყვის, რომ 31 ოქტომბრიდან ერთ თვეში ეს პრობლემა გადაწყდება, უნდა მივხდეთ, რომ გვატყუებს. 77 000 ბავშვი შიმშილობს, როგორც მახსოვს, ბოლო მონაცემებით. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, ბევრი რეფორმის გატარება, პოლიტიკური სტაბილურობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კრიმინალის მოსპობა, კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ასე შემდეგ. საქართველოში შესაძლებელია, რაღაცა სწრაფი ტემპებით წავიდეს წინ ივანიშვილის გარეშე.

  • მაინც რა ტემპს, რა ვადას ვარაუდობთ?

ის, რომ კორუფცია ქვეყანაში არ იყოს, ინვესტორისთვის ნორმალური გარემოს შექმნა სწრაფად არის შესაძლებელი, რაც უფრო სწრაფად გავატარებთ ამ რეფორმებს, ინვესტიციებიც უფრო სწრაფად შემოვა. გადაწყვეტილების მიღება თუ სწრაფად მოხერხდება, მალევე დაიწყება სიღარიბის შემცირება. ბიძინასავით რომ ჩამოგითვალოთ – ერთ წელიწადში და ორ წელიწადში, ამას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ, მაგრამ მარტივი ამბავია, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები უნდა მუშაობდნენ ქვეყნისთვის და არა საკუთარი ოჯახებისთვის. გადასახადების შემცირება ნიშნავს, რომ მეტი ფული დარჩება ხალხს. თუ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს და უკეთესად იცხოვრებს, ვისაც ბანკის კრედიტი აქვს.

  • ეს ბავშვები თუ გადაურჩნენ მძიმე ყოფას, მომავალშიც უმეტესად სიღარიბისთვის არიან განწირულები. დახმარება, რასაც მათ ოჯახებს სთავაზობენ, ერთჯერად „ამოსუნთქვაზეა“ გათვლილი. როგორ მოახერხებთ, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, წვდომა ყველა შესაბამის სერვისზე?

კითხვის კონტექსტით ისევ მიმიყვანეთ ეკონომიკასთან, კრიმინალისა და კორუფციის შემცირება უნდა მოხერხდეს იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ათმილიარდიან ინვესტიციაზე როცა ვსაუბრობთ, ამას შევძლებთ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო და არ გვექნება კორუფცია.

როცა ვამბობთ, რომ  როიალკარიბიანის იახტკლუბს გავხსნით ბათუმში, გარდა იმისა, რომ ტურისტები შემოვლენ, ეს ნიშნავს დასაქმების ადგილების შექმნასაც. ვამბობთ, რომ გონიოს პოლიგონზე ტურისტული ცენტრი გაიხსნება, ამას ბევრი ამბავი არ სჭირდება, სახელმწიფომ უნდა გამოყოს ფული კომუნიკაციების მისაყვანად და შემდეგ არა მგონია პრობლემა გახდეს ინვესტორის დაინტერესება, ეს ნიშნავს 10 000 სამუშაო ადგილს პირდაპირ და ირიბად მხოლოდ ამ ადგილზე. როცა გვაქვს სტაბილური სამუშაოები ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველი, არავის უხარია 250 ლარი სახელმწიფოსგან დახმარების სახით. თუ ექნება 1000 ლარი ხელფასი, სახელმწიფო მას არ გადაუხდის 250 ლარს, მაგრამ იცხოვრებს ბევრად უკეთესად.

  • ბავშვისთვის კომპიუტერის შეძენის, ინტერნეტის ჩართვის, წიგნების ყიდვის შესაძლებლობაზე გეკითხებით?

რაც შეეხება განათლებას, თუ ბავშვს სახლში არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი, დღეს, როცა სკოლები დაკეტილია, განათლებას ვერ იღებენ ბავშვები სამწუხაროდ. ვისაც აქვს, ისიც ვერ იღებს, ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია ეს გითხრათ. ამიტომაც რაც შეიძლება სწრაფად არის ეს საკითხები გადასაწყვეტი. ყველა ოჯახს დისტანციური სწავლების დროს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი, ინტერნეტთან წვდომა, რომ გაკვეთილებს დაესწრონ ბავშვები. უახლოეს ერთ წელში, მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყნის, თუმცა ჩვენ კრიზისის პირობებში ვართ, ახლა ახალი სამუშაოების შექმნის კვალდაკვალ ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე, რომ არსებული სამუშაოები შევინარჩუნოთ.

  • წერთ, რომ თითოეულ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს დააფინანსებთ 1500 ლარიანი ვაუჩერით, ასევე 2000 ლარიან ვაუჩერს გაითვალისწინებთ ყველა მოსწავლისთვის, უფასო სადილსაც ჰპირდებით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს. დაანგარიშებული გაქვთ ეს თანხა? – გამოდის, რომ ორშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ბაღის აღსაზრდელი და სკოლის მოსწავლე 3500 ლარით აფინანსებთ. გარდა ამისა, რამდენიმე ტიპის დახმარების გაორმაგებას გეგმავთ – როგორ აპირებთ ამ თანხის გამოთავისუფლებას 100 დღეში, როგორც ამას ამომრჩეველს ჰპირდებით?

ჩვენ გვქონდა დათვლილი ბაღების ხარჯი და  ბიუჯეტი თანხების გაზრდის გარეშეც იძლეოდა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლის შესაძლებლობას. ამას მოჰყვებოდა ასევე კერძო ბაღების განვითარება, ბათუმის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სრულიად შესაძლებელი. რაც შეეხება სხვა დაპირებებს, ბიუროკრატიის ხარჯი ძალიან ბევრია, ვიღაცები ამბობენ, რომ ამ ხარჯის შემცირებით მილიარდის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი. ჩემი აზრით, ბევრად მეტის გამოთავისუფლება შეიძლება. ამ ხარჯების სწორად მიმართვა არის ზუსტად გაწერილი ჩვენს პროგრამაში.

  • ჯანდაცვის სერვისებსაც, რომ შევეხოთ ამომრჩეველს ჰპირდებით მედიკამენტების ფასების განახევრებას. თავისუფალი ბაზრის შეზღუდვას აპირებთ რაიმე რეგულაციით, თუ როგორ?გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აკრიტიკებდით, თქვენი საარჩევნო პროგრამის მიხედვით კი ის ძალაში რჩება და ემატება 400 ლარიანი დაზღვევა – ასეა?

ვაკრიტიკებდით ბევრი არასაჭირო ხარჯის გამო, არათუ წამლების ფასი უნდა დაიწიოს, არამედ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ხარისხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ წამლების შეძენა უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. დიახ, სადაც უაზროდ არის ფასები გაზრდილი, უნდა მოხდეს მისი რეგულაციაც.

[yellow_box]ლელო: ჩვენი წარმატების ნიშნული იქნება ნული სოციალურად დაუცველი საქართველოში, მარშალის გეგმა ოთხწლიანია[/yellow_box]

ანა ნაცვლიშვილი. ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან

როგორ მოახერხებს  „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს.

  • ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე?

ამ დრომდე საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად იყო აგებული პარადიგმაზე, რომ გვყავს ღარიბი ადამიანები, სოციალურად დაუცველები და გვეყოლება, შეიძლება მათმა რიცხვმა მოიმატოს კიდეც, მაგრამ ჩვენ მათ შევთავაზებთ პირობითად 20 ლარით მეტ კომპენსაციას, ძირითადად პოლიტიკა იყო ასეთი. „ლელო“ მათ სთავაზობს ფუნდამენტურ სიახლეს. ჩვენი მიზანი და წარმატება იმით არ გაიზომება, რომ 20 ან 50 ლარით მეტს მივცემთ სოციალურად დაუცველს, ჩვენი წარმატების ნიშნული იქნება ნული სოციალურად დაუცველი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მოხერხდება, მაგრამ პოლიტიკა უნდა წავიდეს აქეთკენ.

დავნერგავთ პოლიტიკას, რომელიც ადამიანებს კი არ ჩატოვებს სიღარიბეში და შემდეგ ამ სიღარიბით მათთან ვაჭრობას გააბამს, რაც საარჩევნო პროცესებში ნათლად ჩანს. ჩვენ ადამიანს გავაძლიერებთ და მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოიტოვოს უკან სიღარიბე როგორც მოვლენა, ის და მისი შთამომავლობა გადავიდეს საშუალო ფენაში. ლელოს ხელისუფლებისთვის საზომი იქნება საშუალო ფენის გაათმაგება. ჩვენ ვისწრაფვით დემოკრატიისკენ, ეკონომიკის ფეხზე დაყენებით, რისი ერთ-ერთი მთავარი გზაც არის ინვესტიციების მოზიდვა, ეს ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს.

  •  რომ დააკონკრეტოთ, როგორ გააკეთებთ ამას, რა იქნება პირველი ეტაპი, მეორე და ასე შემდეგ?

თუ ჩვენ ვერ შევქმნით საშუალო ფენას, მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მაგრამ ვერ შევინარჩუნებთ საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყანას, რომელიც ყველგან არის სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი… მხოლოდ სიტყვა სტაბილურობას არ ვიყენებ განზრახ, რადგან სტაბილურობა ჭაობია, ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება. თუ ადამიანებს აქვთ 3000 და მეტი ხელფასი, შეუძლიათ ყოველთვიური საჭიროებები დაიკმაყოფილონ, მისაღები ხარისხით და დანაზოგის კეთებაზეც იფიქრონ. ოთხ წელიწადში აი ასეთი ხალხი უნდა იყოს 600 000. აღარ უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველებად იწოდებიან და იღებენ სახელმწიფოსგან სამადლო თანხას, რომელიც არაფერს ჰყოფნის. სიღარიბე, როგორც ასეთი, არის სტრუქტურული პრობლემა და მოვლენა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ვხედავთ განათლების რეფორმას, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც საშუალო ფენის შექმნას, ვერც შეჯიბრობით პროცესში ჩაბმას, უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ვერ გავხდებით, თუ ადგილზე არ გვეყოლება კვალიფიციური, მსოფლიო დონის სპეციალისტები.

დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის წინაშე, მათ შორის ქუთაისში ეს უკიდურესად იგრძნობა [ბათუმისა და თბილისისგან განსხვავებით], არის ბრეინდრეინი – ტვინების და ფიზიკური ძალის გადინება. აქ არაფერი არ არის, რომ ხალხი დაამაგროს. ჩვენ გვაქვს აქცენტი დასავლურ ინვესტიციებზე, რადგან დასავლურ ინვესტიციას არ მოჰყავს თავისი მუშახელი, ის ადგილობრივ მუშახელს ასაქმებს, შემოაქვს კორპორატიული კულტურა, რაც ნიშნავს სამუშაო ეთიკის ცნებას, დამსაქმებელი ზრუნავს დასაქმებულის უსაფრთხოებაზე, სოციალურ პაკეტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ  გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ინვესტიციის მიზიდულობის ცენტრი, საერთაშორისო საფონდო ბირჟა და რეგიონის დონის ლოჯისტიკური ჰაბი. ამან, სხვა პროექტებთან ერთად, უნდა შექმნას 200 000 სამუშაო ადგილი, მაგრამ თუ ამ შესაძლებლობებს არ დავახვედრებთ საჭირო დონის სპეციალისტებს, ჩვენი პროექტები ვერ განხორციელდება. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება განათლების სისტემის რეფორმა, თანამედროვე ცოდნა, სადაც მნიშვნელოვანია გქონდეს პრაქტიკული უნარები.

  • რამდენ ხანში აისახება თქვენი გეგმა ბავშვებზე, რომლებიც დღეს შიმშილობენ და არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არაფერს ვამბობთ ლეპტოპზე, ინტერნეტთან წვდომაზე, წიგნებზე…

დღეს სახელმწიფო ასეთ ოჯახებს აძლევს დახმარებას პროდუქტისთვის და არ ზრუნავს მათ მიიღონ ხარისხიანი განათლებაზე. სწირავს ამ ბავშვებს, იშვიათი ინდივიდუალური გამონაკლისის გარდა, ვერასდროს გახდნენ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ანუ სულ ჩარჩნენ სიღარიბეში. ამაზეა დღეს პოლიტიკა აწყობილი, ეს უნდა შევცვალოთ 180 გრადუსით. იმის მიუხედავად, რა სოციალური და ეკონომიკური ბეგრაუნდის ოჯახში იბადება ბავშვი, ისე უნდა იყოს მოწყობილი განათლების სისტემა, რომ მან არავისზე ნაკლები განათლება არ მიიღოს. ჩვენი გრძელვადიანი პროგრამა არის ის, რომ ოთხი წლის შემდეგ ნული სოციალურად დაუცველი გვყავდეს, მაგრამ მოკლევადიანი არის ის, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვეუბნებით გადაგამზადებ, პროფესიას შეგძენ, პროგრამას გაგიკეთებ და შევეცდები, რომ დაგასაქმო და მუშაობის დაწყებიდან 2 წელი სოციალური დახმარება არ მოგეხსნება, ეს არის ჩვენი ხედვა, გაძლიერება მოკლევადიან პერსპექტივაში და 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა 4 წელიწადში. როცა ვამბობთ სამუშაო ადგილებს, არ ვგულისხმობთ 200 და 300 ლარიან სამუშაო ადგილებს. ეს ხელფასი არ არის, მე ამას ვეძახი დანახარჯის ანაზღაურებას. სიღარიბიდან უნდა ამოვიყვანოთ ადამიანი და გადავიყვანოთ საშუალო ფენაში, ჩვენ გვინდა, რომ 4 წელიწადში ეს იყოს მოსახლეობის 30 პროცენტი.

  • სიტყვა კრახს ხშირად იყენებთ ხოლმე „ლელოს“ ლიდერები დღევანდელი ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად – ასევე აცხადებთ, რომ ამ პარტიას აქვს ამბიცია და უნარი, მალე ამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, როგორ?

მარშალის გეგმა რასაც ითვალისწინებს, ეს არის ოთხი წლის გეგმა, მაგრამ სოციალურად დაუცველს ვეუბნებით, რომ როგორც კი ვიწყებთ, ორი წელი არ მოგეხსნება ეს დახმარება, ასევე ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა შშმ პირებზე, რაც არის დღეს საკმაოდ დიდი ჯგუფი – მათი ნაწილი სრულწლოვანების მიღწევამდე იღებს სახელმწიფო დახმარებას. ამ ადამიანების 90 პროცენტი დღეს ეკონომიკური პროცესებიდან არის უბრალოდ გარიყული. ის და მისი ოჯახი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკჯგუფია, რომ სიღარიბეში იყოს, რადგან გაცილებით მეტ თანხებს მოითხოვს შშმ პირის მომსახურება, სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ. ამ ჯგუფთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის დასაქმება შესაბამისი სტრუქტურებისთვის საგადასახადო შეღავათების მიცემის გზით, შშმ პირის დასაქმება იქნება წახალისებული საკანონმდებლო დონეზე.

როდესაც ვსაუბრობდი სიღარიბის დაძლევის მთავარ ინსტრუმენტზე, ხარისხიანი განათლების სისტემაზე წვდომის აუცილებლობაზე… სახელმწიფომ არსებული რესურსების უკეთ განაწილებით უნდა შეძლოს, რომ მიეშველოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ისინი ვერ დაგველოდებიან, ვიდრე იქნება წლიურად 50 000 სამუშაო ადგილი. მეტი შემწეობა უნდა მივცეთ, რომელიც მარტო საკვებს კი არ ჰყოფნის, არამედ მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ არ ჩამორჩნენ.

  • ეკონომიკა კრიზისშია, მაინც რა რესურსის უკეთ გადანაწილებას გულისხმობთ?

ფული რომელიც ჩინოვნიკების და მათთან დაახლოებული პირების ჯიბეებში ილექება ტენდერების გზით ეს უნდა გადაიკეტოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მცირე ეფექტური მთავრობა, მაგრამ ეს ხალხი უმუშევრად  კი არ დავტოვოთ… სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორში უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და თანდათან  შემცირდეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანების წილი. ამ ხალხმა უნდა გადაინაცვლოს კერძოს სექტორში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ 50 000 სამუშაო ადგილზე, ეს არის კერძო სექტორში .

ერთიც – „ლელოს“ გეგმას ქვეყანაში არსებული ფულადი რესურსის, იმ ფინანსური დანაზოგების, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რეალურ ეკონომიკაში, საქართველოს ბანკებში ჩაშვებას. პლუს საპენსიო ფონდში დაზოგილი თანხების ნაწილის გამოყენებას საგარანტიო ფონდებად. ჩვენ გვაქვს გეგმაში რამდენიმე საგარანტიო ფონდის შექმნა, მათ შორის ერთი ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. გვექნება ასევე აიტი ტექნოლოგიების განვითარების ხელშემწყობი ფონდი.

პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ სოციალურად დაუცველებს ბიზნესის დაწყებაში დავეხმარებით“

გოჩა თევდორაძე

საოჯახო ბიზნესი საჩუქრად, ჯანდაცვა და განათლება უფასოდ – „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო გეგმის მიხედვით ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფული გავა, ვიდრე შევა. რას გაწვდება ბიუჯეტი და რით შეივსება ის, რამდენად რეალურია გეგმა? – კითხვებს ამ პარტიის აღმასრულებელ მდივანი, გოჩა თევდორაძე პასუხობს.

  • ბატონო გოჩა, როგორ შეცვლით ქვეყანაში სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებლებს?

ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველ საფეხურზე მაინც, სკოლებში იყოს უფასო კვება ბავშვებისთვის. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამას უთუოდ განვახორციელებთ. ჩვენ გვქონდა ასევე უსახლკარობის დაძლევის პროგრამა – ვთვლით, რომ ბიუჯეტიდან შეიძლება ოთხი პროცენტის აღება, რითაც დაიწყება უფასო ბინათმშენებლობა მათთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ანალოგიურად ახალდაქორწინებულებისთვის შეიძლება მრავალწლიანი უპროცენტო სესხი, რომლის გადასახადიც არ აღემატება 100 დოლარს.

რაც შეეხება სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევას, იმ ოჯახებისთვისაც ვინც მრავალშვილიანია, თუ მათ აქვთ ბიზნესგეგმა, ჩვენ ვთვლით, რომ ხუთი პროცენტი ბიუჯეტიდან უნდა იყოს აღებული, რაც დაახლოებით 500 მილიონი ლარია.

  • კონკურსი უნდა გამოაცხადოთ იდეების დასაფინანსებლად, თუ დაწერილი ბიზნესგეგმები უნდა შესთავაზოთ. ბიზნესის მართვას ხომ შესაბამისი ცოდნა სჭირდება?

სხვადასხვა ტიპის, დღეს მაგალითად სველი ხელსახოცი იქნება თუ ზოგადად ხელსახოცები, რაც საქართველოში მოიხმარება, ყველა არის შემოტანილი. არცერთის წარმოება ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, არადა მარტივი დანადგარით შეიძლება ამის წარმოება და შესაძლებელია 600 ოჯახი დაკავდეს ამით, შესწავლილი გვაქვს ჩვენ საქართველოს ბაზარი. საოჯახო  ბიზნესის შესაქმნელად უნდა მოვუძებნოთ ოჯახს ფართობიც, შესაბამისი გადაიარაღება-დანადგარებიც, სახელმწიფო უნდა შევიდეთ მართვაში, დავეხმარებით მენეჯმენტის განხორციელებაში. ორი-სამი წლის შემდეგ კი, როდესაც ბიზნესი ფეხზე დადგება, უკვე გამოვიდეთ აქედან და დავუტოვოთ ოჯახს წარმატებული ბიზნესი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიზნესი უკვე ფეხზე დადგება, თავად ხდება დამსაქმებელი. ის დამატებით ასაქმებს კიდევ ორ-სამ ოჯახს. გამოვა, რომ 300 000 ოჯახი მაინც უკვე იქნება დასაქმებული.

  • დარწმუნებული ხართ, რომ ეს პროექტები გაამართლებს, როცა ამხელა რესურსი უნდა ჩადოთ ბიუჯეტიდან?

რა თქმა უნდა, რისკები გათვლილია, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ ყველა ეს პროექტი გაამართლებს. ვამბობთ, რომ ბიზნესს ყოველთვის აქვს თავისი რისკი, ამიტომ სახელმწიფო ეხიდება იმაშიც, რომ მენეჯმენტი განახორციელოს სწორი, ვიდრე წარმატებული არ გახდება ბიზნესი. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველი 20 000 ოჯახიდან დაახლოებით 15 000 ოჯახი იქნება წარმატებული ყოველწლიურად.

  • ბიზნესიდეებზე  კონკურსი უნდა გამოაცხადოთ, თუ თქვენ თვითონ უნდა შესთავაზოთ მოსახლეობას?

ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე და გამოვკვეთეთ 50 მიმართულება, სადაც ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქტით. ეს მიმართულებები ჩვენ თვითონ მოვძებნეთ, თუმცა შეიძლება დამატებით არსებობდეს ისეთი იდეები, რომლებიც ჩვენ მოკვლევის პროცესში ვერ აღმოვაჩინეთ. შეიძლება რომ სააგენტო შეიქმნას სპეციალური, რომელიც ამ წინადადებას განიხილავს.

  • რა თანხა დაუჯდება ეს ბიუჯეტს, გაწვდება ამდენს ბიუჯეტი? 

გითხარით, რომ ეს იქნება ბიუჯეტის 5 %, დაახლოებით 500 მილიონი ლარია, რომლითაც შეიძლება ყოველწლიურად 20 000-მდე ოჯახმა ბიზნესი დაიწყოს. არანაკლებ 30-80 ათასი ლარით უნდა დაფინანსდეს თითოეული საოჯახო ბიზნესი. ეს ყველაფერი ჩვენი ეკონომისტების მიერ არის დათვლილი – თავისუფლად შეიძლება 500 მილიონი ლარის აღება საოჯახო ბიზნესისთვის.

  • დავუბრუნდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებიც განათლების მიღებას ვერ ახერხებენ.

ჩვენ ვთქვით, რომ დაწყებით საფეხურზე მაინც, ერთჯერადი კვება სკოლის ბუფეტებში იქნება უფასო. წიგნების გადაცემისა და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგების პროგრამა პირველკლასელებისთვის დღეს საქართველოს ხელისუფლებას ისედაც აქვს. სწავლა ყველა საფეხურზე უნდა იყოს უფასო, ბაკალავრიატიც. დამატებით ჩვენ გვაქვს პროგრამა ახალგაზრდებისთვის, იმ ქვეყნებთან, სადაც სახელმწიფო მიაღწევს შეთანხმებას, თანხები სწავალა-განათლებისთვის რადიკალურად მცირდება, მათ ექნებათ იქ ცხოვრების საშუალება, ასევე სახელმწიფოსგან დაფინანსებული.

  • ამ ყველაფერთან ერთად აპირებთ საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რამდენად გამოსვლადია ეს?

ჩვენ მაღალი გადასახადების მომხრე არასდროს ვყოფილვართ. ცხადია, რამდენიმე სახის გადასახადი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადასახადებით უნდა დავახრჩოთ ბიზნესი. ამის გარდა, ამ ხელისუფლების პირობებშიც ვხედავთ, რომ ბიზნესი მონოპოლიზირებულია. თუ ამ წნეხისგან ბიზნესს გავათავისუფლებთ და შევქმნით სამართლიან გარემოს, ცხადია ეს გამოიწვევს უფრო  მეტი ინვესტიციის მოზიდვას.

  • სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ბიზნესიდეებზე გაქვთ გათვლილი?

ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ციფრული ეკონომიკა უნდა განვითარდეს: ისეთი დაწესებულება, როგორიც არის „ეფლი“, მილიარდობით არის მისი ბრუნვა, ასეთი საწარმოების შექმნას არ სჭირდება ჰექტრობით ტერიტორია. ციფრული ეკონომიკის ხვედრითი წილი უფრო მეტია განვითარებულ ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტს არანაკლებს აწარმოებენ, მაგრამ ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა თანდათან მცირდება. ამიტომ ჩვენ ეს მიმართულება უნდა ავირჩიოთ.

„ევროპული საქართველო“: „სიღარიბე ვერ დაიძლევა სამ თვეში. ეს, უბრალოდ,  ტყუილია“ 

 

მცირე მთავრობა, ბიუროკრატიის ხარჯიდან 2 მილიარდის გამოთავისუფლება და სოციალური პაკეტის გაორმაგება, საგადასახადო შეღავათებით ეკონომიკის სტიმულირება, 100 000 სამუშაო ადგილი – ეს „ევროპული საქართველოს“ გეგმებში. როგორ დააბალანსებს შემოსავლები ხარჯებს, ამაზე სერგი კაპანაძე გვესაუბრა.

  • ბატონო სერგი, ეკონომიკის გაძლიერების თქვენი გეგმა, როგორ და რა ვადაში უნდა აისახოს სიღარიბის ზღვას მიღმა მყოფ ოჯახებზე?

ჩვენი პროგრამა ორკომპონენტიანია, ერთი ეკონომიკური, მეორე სიღარიბის დაძლევის. რადგანაც მეორეზე მეკითხებით, გეტყვით, რომ აქ არის მნიშვნელოვანი ბიუჯეტში ვნახოთ ის თანხები, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარება ასი პროცენტით გაიზრდება. ამისი რესურსი  ბიუჯეტში არის, ეს არის დაახლოებით ორ მილიარდამდე არასწორი ხარჯი.

იმის გამო, რომ ტენდერებიდან ხდება ფულის მოტეხვა, შესაძლებელია რამდენიმე ასეულ მილიონის დაზოგვა. ასევე არის ხარჯები, რომელიც უკავშირდება სსიპებსა და აიპებში დასაქმებულების ხარჯებს; ხარჯები, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა პროგრამას, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ფულის მოცემა. შესაბამისად, ჩვენი სოციალური პაკეტის ღირებულება დაახლოებით სამი მილიარდი ლარი და ორი მილიარდი შეიძლება გამოთავისუფლდეს ბიუროკრატიული ხარჯებიდან.

პრივატიზაციის გარდა, ჩვენ ვგეგმავთ წამგებიან სახელმწიფო საწარმოებში დაახლოებით ერთ მილიარდის ინვესტიციების მოზიდვას. ესეც იქნება გამოყენებული ამ მიმართულებით. რეალურად ჩვენი გათვლები არის დაფუძნებული ძალიან კონკრეტულ გეგმაზე – შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც დღეს უბრალოდ გაფლანგულია.

  • სოციალური პაკეტის გაორმაგება ალბათ მოკლევადიანი გეგმაა. დავუშვათ ამით გადაიჭრება ამ ოჯახებში სრულფასოვნად კვების პრობლემა, მაგრამ ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს. 

იმისთვის, რომ სიღარიბე დაიძლიოს, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა დანარჩენი, რომ სიღარიბე დაიძლევა სამ თვეში, ეს უბრალოდ  ტყუილია და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმე მოვატყუოთ. სიღარიბის დაძლევას სჭირდება კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, მეტი ფულის დატოვებას ხალხში. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ შევამციროთ გადასახადები, ამაში იგულისხმება ყველა გადასახადი, როგორც ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს არის საშემოსავლო გადასახადი და სხვები, მათ შორის აქციზის ღირებულება შემცირება 25 პროცენტით, რაც გამოიწვევს ფასების შემცირებას.

ის საგადასახდო პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ოჯახს საშუალოდ 2000 ლარს დაუტოვებს წლის განმავლობაში, ასევე გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას, რეალურად ეს არის ბიუჯეტის გადაკეთება ისე, რომ ფული შევიდეს არა მთავრობასთან, არამედ დარჩეს ხალხს. ეს ყველაფერი ჩვენი გათვლით გამოიწვევს დაახლოებით 100 000 სამუშაო ადგილის შექმნას და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ორ თვეში მოგვარდება სიღარიბის პრობლემა არასერიოზულია.

ფული თუ რჩება ხალხში, მათ უფრო მეტი შემოსავალი აქვთ უფრო მეტი მყიდველუნარიანობა  და საშუალება, რომ თვითონაც მეტი ფული დაიტოვონ. გარდა ამისა, ბიზნესმა კიდევ მეტი ახალი სამუშაო ადგილებს შექმნის.

  • 100 000 ახალ სამუშაო ადგილს ქმნით კერძო სექტორში, ბევრი ადამიანი კი დაკარგავს სამუშაოს საჯარო სექტორში, მცირე მთავრობის გეგმის მიხედვით…

სამუშაო ადგილები შექმნა სახელმწიფოს ხარჯზე, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დამართო ეკონომიკას. ეგ არის ხალხისგან აღებული ფულით ბიუროკრატების დაფინანსება, რომელიც დოვლათს არ ქმნის. დოვლათის შექმნის გარეშე საბჭოთა კავშირში იყო, როცა სახელმწიფო აფინანსებდა სამუშაო ადგილებს და როგორ დამთავრდა ყველამ კარგად ვიცით. საქართველოს უნდა ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. თუ კერძო სექტორი ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, მაშინ ცუდად არის საქმე.

  • ბიუროკრატიის ხარჯის გამოთავისუფლება, სოციალური პაკეტის გაორმაგებისა და საგადასახადო შეღავათების ფონზე, შემოსავალ-გასავალს როგორ დააფინანსებს?

ზუსტად დაგითვალეთ, ეს ბალანსდება კონკრეტული ხარჯების შემცირებიდან, ინვესტიციების შემოსვლიდან, მასშტაბური პროექტების პრივატიზაციიდან და საგარეო დახმარებიდან. როგორც კი ეს გამოიწვევს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც გარდაუვალია, შემდეგ, რა თქმა უნდა, მალევე გეწყება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: