სიახლეები

ანზორ ბოლქვაძე ეკომიგრამტებზე: როგორ არ მომხდარა რეაგირება, ღმერთი ზეიდან იყურება

24.10.2020 • 2172
ანზორ ბოლქვაძე ეკომიგრამტებზე: როგორ არ მომხდარა რეაგირება, ღმერთი ზეიდან იყურება

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია -მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. რას აპირებს „ქართული ოცნება“?

კითხვებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში ანზორ ბოლქვაძე პასუხობს.

  • ბატონო ანზორ, წინასაარჩევნო პროგრამაში არაფერი გიწერიათ ეკომიგრანტების შესახებ, თუმცა ალბათ ყოველდღიურად არაერთ ეკომიგრანტს ხვდებით აჭარის სოფლებში. აჭარის მთა მეწყერსაშიში ზონაა. რას ეუბნებით ამ ადამიანებს? 

პირველი რიგის ამოცანაა, რომ გამოვნახოთ ყველა რესურსი და მთა არ დაგვეცალოს. უნდა ჩავატაროთ ის სამუშაოები, რაც კონკრეტული ოჯახისთვისაა საჭირო, ფერდსამაგრი იქნება თუ სხვა. მეორე თემაა, როცა ეკომიგრანტები არიან გადასული სხვა მუნიციპალიტეტში და იქ მიმდინარეობს ქონების გადაცემის სამუშაოები ქულების შესაბამისად. ეს პროცესი მიდის, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს დასაჩქარებელი და დასახვეწია, რადგან ადამიანი, რომელიც წლებია იქ ცხოვრობს და სახლი, სადაც წლებია ცხოვრობს, მისი საკუთრება არ არის, მასაც იმედი ეწურება. ამ წუთში 25 ათასი ლარი გაიცემა ეკომიგრანტებზე იმისთვის, რომ ახალი სახლი იყიდონ. ჩემი წინადადება იქნება, რომ ეს 25-ათასლარიანი პროგრამა მიუღებელია, რადგან ამ ფულით არაფერს ხელი არ ეწყობა.

  • ეკომიგრანტებისთვის გამოყოფილი ეს თანხა უნდა გაიზარდოს? თუ ეს ასეა, რამდენით უნდა გაიზარდოს და რის ხარჯზე? 

რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს. აჯობებს, ხუთი სახლის შეძენას ოთხი შეიძინო და ნაღდი იყოს. უნდა მოხდეს კონკრეტული დათვლა, რამდენია საჭირო… მეორე თემაა, რომ მოსახლეობის ნაწილს დაურიგდა 5 ან 10 ათასი ლარი ერთჯერადი დახმარების სახით, მაგრამ იქ მეწყერი ისევ განვითარდა, ისევ პრობლემაა. ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ. ასე შესაძლოა ფული მისცე ოჯახს, კმაყოფილი იყოს იმ მომენტისთვის, მაგრამ საქმე არ გაკეთდება, ფული ისეთი თემაა, მალე გაქრება და საქმე დარჩება გაუკეთებელი. ეს ფული, რაც გაიცა, საჩუქრად უნდა ჩაეთვალოს. როდესაც გადაწყდება ფინანსური დახმარება ოჯახზე, რეალობა უნდა იყოს გეოლოგის დასკვნა, შემდეგ რაც ხარჯთაღრიცხვით ჯდება, ის უნდა გავაკეთოთ.

  • „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთგან არის საუბარი სტიქიაზე: „პირველად საქართველოში სტიქიური რისკის პრევენციის მიზნით დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემებიო“. რა ადრეულ სისტემაზეა საუბარი, იქნებ განმარტოთ? ჯოჭოს ტრაგედიამ აჩვენა, რომ ოჯახებს წლების განმავლობაში აქვთ გეოლოგების დასკვნები და მათთვის ხელისუფლებამ ვერაფერი შეცვალა – ცოცხლად დაიმარხნენ ადამიანები. 

სტიქია არის ისეთი რამ, როდის რა მოხდება, ადამიანმა არაფერი იცის. დღეს, როცა გერმანიის დახმარებით აჭარის მთიან სოფლებში წყლის და კანალიზაციის სისტემა ეწყობა, ეს არის ზუსტად პრევენცია, ამით შეიზღუდება სტიქია, რადგან ეს კეთდება წესების გათვალისწინებით. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ სანიაღვრე არხები, ბეტონი ხელს უწყობს სტიქიის განვითარებას.

  • ჩვენ ვნახეთ ახალი გზები ქვედა ჯოჭოში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სანიაღვრე არხების გარეშე.

გზებზე სანიაღვრე არხები უნდა გაკეთდეს, ეს აუცილებელია. წყალი, რომელიც მიშვებულია, ყველგან მეწყერს გამოიწვევს, ყველგან იქნება ეს თემა და, რა თქმა უნდა, სანიაღვრე არხებიც ახლა შესაძლოა ერთ ადგილას არ იყოს გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი სანიაღვრე არხი კეთდება. მე შემიძლია ქედაში, შუახევსა და ხულოში ეს თემები ფიზიკურად გაჩვენოთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მეწყერი არ განვითარდეს… რაც შეეხება ქვედა ჯოჭოს, მე მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ამ ოჯახს გეოლოგების დასკვნა ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოიძებნა.

  • თუ იყავით ქვედა ჯოჭოში, ნახავდით დაღუპული ოჯახის მეზობლებს, რომლებსაც წლების წინ გაცემული დასკვნები აქვთ. 

როგორ არ მომხდარა რეაგირება, შეიძლება ასე ყველაფერზე ილაპარაკო, მაგრამ ღმერთი ზეიდან იყურება. გზა მიიყვანეს, წყალი მიიყვანეს, რაც დასჭირდა მისცეს და ახლა მეწყერი თუ განვითარდებოდა, ამის წინასწარი მონაცემები არავის ჰქონდა… უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოფლებში, სადაც სახლებია აშენებული, არავის აქვს გეოლოგის დასკვნა. მშენებლობის დაწყების მომენტისთვის არავინ არავის არაფერს ეკითხება. თუ მშენებლობას გააჩერებ, ყველაზე დიდი მტერი შენ ხარ – აშენებს და შენ არ აშენებიებ. შესაძლოა, იმ ადგილზე, სადაც სახლი არსებობდა, საერთოდ არ იყო ასაშენებელი, ესეც უნდა მოვიკითხოთ. ეს თემები არსებობს და ვისაც უნდა ეწყინოს და ეტკინოს, უნდა გავითვალისწინოთ.

  • მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს ეკომიგრაციის პრობლემაზე, ქვედა ჯოჭოს მაგალითზე რომ ვთქვათ? მე გკითხეთ რეაგირების გარეშე დარჩენილ გეოლოგის დასკვნებზე, გზაზე, რომელსაც სანიაღვრე არხი არ აქვს… 

არ ვიცი ახლა ნამდვილად, ხელვაჩაურის თემაში არ ვარ მე ისეთ სიახლოვეში, რომ გიპასუხოთ. არც ისაა სწორი, რომ ხელმძღვანელისკენ პირდაპირ ხელი გაიშვირონ, შესწავლა უნდა ამ ყველაფერს, პასუხსაგები თუ არის, არავის თავზე ხელს არ გადაუსვამენ.

  • სექტემბერში ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს წაბლანელებმაც. ამ სოფელში 1989 წელს მეწყერმა 21 ოჯახი ჩაიტანა. მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ მივლენ, რადგან ბინები კი აშენდა მათთვის, მაგრამ რემონტის ხარჯი არ აქვთ. 

ეს მათი გადასაწყვეტია, თუ არჩევნებზე არ მივლენ. ყველა წაბლანელმა ძალიან კარგად იცის, რომ როცა არჩილ ხაბაძესთან ეს წინადადება განიხილებოდა, პროექტი იყო თუ რაც იყო, ყველაფერი გავაკეთე, ქველმოქმედებასაც მივაღწიეთ, ჩემი წინადადება იყო ეს, რომ კორპუსები აშენებულიყო. იმის მერე, ხელშეკრულების შიგნით რა გააფორმეს, რაზე შეთანხმდნენ, ეს იყო ამხანაგობა, ეს არის შემდეგი საკითხი.

ბინების რემონტთან არჩევნები რა შუაშია? რადგან არჩევნებია, ამიტომ მიტინგიდა ჩაატარო? ამისთვის მაგიდასთან უნდა დაჯდე და მოილაპარაკო. მაინც და მაინც არჩევნები რომ არის და იმას დაუდრი, ასეც არ არის. სახლი რომ საერთოდ არ იყო და ავაშენე, მაშინ კაი კაცი ვიყავი და ახლა, დღესდღეობით რომ შეიცვალა სიტუაცია, ცუდიდა ვიყო? მე რომ ახლა რამეს დავპირდე წაბლანელებს, ამას კანონი მიკრძალავს. მე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არჩევნების შემდეგ დავსხდებით და დავილაპარაკებთ. პირველად ვხვდები მაგათ  და ვუსმენ თუ? მე მაგათ ძალიან დიდ პატივს ვცემ.

___

თემა სრულად:

ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: