სიახლეები,ჯანმრთელობა

ფუკუშიმას რეაქტორის წყალმა შეიძლება ადამიანის დნმ დააზიანოს – გრინფისი

26.10.2020 • 2283
ფუკუშიმას რეაქტორის წყალმა შეიძლება ადამიანის დნმ დააზიანოს – გრინფისი

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ იაპონიის ფუკუშიმას რეაქტორის ყველაზე მძიმე ბირთვული კატასტროფიდან ცხრა წლის შემდეგ წყალი, რომელსაც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ, შესაძლოა „წყნარ ოკეანეში გაათავისუფლონ“, რადგან საცავის სივრცე იწურება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წყალთან დაკავშირებით, რომელშიც არსებობს ნახშირბად 14-ის “საშიში” დონე.

ხელისუფლებამ, მათ შორის, ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ წყლის გათავისუფლება ოკეანეში. გეგმას ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები და მეთევზეობის ინდუსტრიის წარმომადგენლები.

დაბინძურებული წყალი, რომელიც შესაძლოა დაზიანებული ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში ჩაეშვას, რადიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც შეუძლია ადამიანის დნმ დააზიანოს – წერია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია გრინფისის ანგარიშში.

გარემოსდამცველთა ჯგუფი ირწმუნება, რომ 1.23 ტონა წყალი, რომელიც ქარხანაში 1000 რეზერვუარში ინახება, რადიოაქტიური იზოტოპის ნახშირბად 14-ის “საშიშ” დოზას შეიცავს, ტრიტიუმის შემცველობასთან ერთად – წერს „გარდიანი“.

„გრინფისის“ ანგარიში – “ფუკუშიმას რადიოაქტიური წყლის კრიზისის რეალობა”, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც იაპონურმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა ახლოსაა დათანხმდეს გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში წყლის ჩაშვების თაობაზე, მიუხედავად ადგილობრივი მეთევზეების წინააღმდეგობისა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს გაანადგურებს მათ საარსებო წყაროს – წერს „გარდიანი“.

“ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის გადადება სამუდამოდ” – თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ. – “ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება”.

ვიდრე მეტი ყურადღება ტრიტიუმს ეთმობა, რომელსაც სადგურის ოპერატორის Tokyo Electric Power-ის [Tepco] ადგილზე განთავსებული ფილტრაციის სისტემა ვერ ფილტრავს, “გრინფის იაპონიამ” და “გრინფის აღმოსავლეთ აზიამ” განაცხადეს, რომ დაკონსერვებული წყალში შემავალი რადიოაქტიური ნახშირბადიც წყნარ ოკეანეში ჩაიღვრებოდა.

ანგარიშში წერია, რომ ნახშირბად 14 კონცენტრირდება თევზში ათასჯერ უფრო მაღალი დონით, ვიდრე ტრიტიუმი. ნახშირბად 14 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის კოლექტიური რადიაციული დოზის მთავარი კონტრიბუტორი და აქვს ადამიანის დნმ-ს დაზიანების პოტენციალი”. გრინფისის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა წყალს რომელიც ცუნამისგან დაზიანებული რეაქტორის გასაცივებლად იყენებენ მოიხსენიებს, როგორც “გასუფთავებულ წყალს” და ისეთ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ის მხოლოდ ტრიტიუმს შეიცავდეს.

თუმცა TEPCO-ს სპიკერმა რიუნოსუკე ტაკანორიმ CNN-თან თქვა, რომ ავზებში გაზომვების შედეგად გაწმენდილ წყალში ნახშირბად 14-ის კონცენტრაცია არის 2–220 ბეკერელი ლიტრზე. ტაკანორის თქმით, “მაშინაც კი, თუ ეს წყალი დაილევა ყოველდღე 2 ლიტრი, წლიური ექსპოზიცია დაახლოებით 0,001-დან 0,11 მილიზივერტამდეა, რაც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო დონე”.

”ნებისმიერი რადიოაქტიური გამონადენი შეიცავს გარკვეულ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის საფრთხეს”, – განუცხადა CNN-ს მანჩესტერის უნივერსიტეტის რადიოქიმიის პროფესორმა ფრენსის ლივენსმა და განმარტა, რომ რისკი გაიზომება იმის მიხედვით, თუ რამდენი ნახშირბადი 14 ჩაეშვება ოკეანეში.

“კატასტროფიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, Tepco და იაპონიის მთავრობა კვლავ ფარავს კრიზისის მასშტაბებს ფუკუშიმა დაიიჩში”, – თქვა მოხსენების ავტორმა და გერმანიის Greenpeace-ის ბირთვულმა სპეციალისტმა, შონ ბურნიმ. – ”მათ წლების განმავლობაში, შეგნებულად დამალეს დეტალური ინფორმაცია დაბინძურებულ წყალში რადიოაქტიური მასალების შესახებ. მათ არ განუმარტეს ფუკუშიმას მოქალაქეებს, ზოგადად იაპონიასა და მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს, რომ დაბინძურებული წყალი, რომელიც წყნარ ოკეანეში უდნა ჩაეშვას, შეიცავს ნახშირბად 14-ის საშიშ დონეს”.

„გარდიანის“ ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა, სავარაუდოდ, წყლის ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს. მედიის ცნობით, პროექტი დაიწყება ყველაზე ადრე 2022 წელს და მის დასრულებას ათწლეულები დასჭირდება. წყალი გამოთავისუფლებამდე Fukushima Daiichi– ში, ქარხნის შიგნით განზავდება, ისე, რომ იგი 40-ჯერ უფრო ნაკლებად კონცენტრირებული იყოს – წერს გაზეთი Yomiuri Shimbun-ი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: