მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

კორონავირუსის პანდემიამ, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა წარმოქმნა. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ, მათ შორის არიან ლგბტ თემის წევრებიც. მათი დიდი ნაწილისთვის უსახლკარობა და სიღარიბე ყოველდღიურობის ნაწილია – უმრავლესობა ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა დარჩა.

“ჩვენმა სახელმწიფომ ამ პანდემიურ კრიზისში ვერ მოახერხა ვერც ერთი სოციალური ჯგუფის დაცვა კრიზისის მავნე შედეგებისგან, მათ შორის, არის ლგბტ ჯგუფი. თემის ძალიან ბევრმა წევრმა დაკარგა სამსახური, რომელიც ამ ჯგუფის დიდი ნაწილისთვის იყო ერთადერთი შემოსავალი: ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი ჰომოფობიური და ტრანსფობიური ფონის გამო, ბევრ ლგბტ ადამიანს არ აქვს არავითარი ოჯახური და ნათესაური მხარდაჭერა და ისინი, სრულიად მარტო, საკუთარი თავის ამარა აღმოჩნდნენ მიტოვებულები”, – ამბობს მარიამ ქაჯაია, სათემო ორგანიზაცია “იდენტობას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.

პანდემიის და განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში მთავარი საჭიროებები, რაც ლგბტ თემის წევრებისთვის გამოიკვეთა, იყო თავშესაფარი და საკვები, მედიკამენტები და ძალადობისგან დაცვა. “ლგბტ თემის წევრებს ისედაც ძალიან უჭირთ ცხოვრება იმ ჰომოფობიური და ტრანსფობიური ფონის გამო, რაც დღეს გვაქვს – ოჯახებში, სამსახურებში, ვიწრო თემსა თუ მთელ ქვეყნაში. ამ ადამიანების უმრავლესობას ოჯახში აქვს ძალადობრივი გარემო, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმა. კარანტინის დროს ადამიანებს მოუწიათ და უწევთ ასეთ ფსიქოლოგიურად მოძალადე ოჯახურ სივიწროვეში ცხოვრება. როდესაც მხარდამჭერთა წრესთან კომუნიკაციაც გაიშვიათებულია, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ პრობლემებზე”, – ამბობს მარიამ ქაჯაია.

პანდემიის პირობებში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობა, რომლებიც თავს ძირითადად სექსსამუშაოთი ირჩენენ, ახლა კი ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ვეღარ მუშაობენ და შესაბამისად ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, ქუჩაში დარჩენის რისკის წინაშე დგანან.

პანდემიის პირველი ტალღისას, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში სათემო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ აქტივისტების დახმარებით ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი შექმნეს. შეგროვებული თანხა თანაბრად გადაუნაწილეს ტრანსგენდერ ადამიანებს, ბინის ქირის, პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების დასაფარად, თუმცა პრობლემის სრულად მოსაგვარებლად ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა. სათემო ორგანიზაციები ახლაც ჩართული არიან ტრანსადამიანებისთვის თანხისა თუ სხვა საჭირო დახმარების მობილიზებასა და განაწილებაში. სახელმწიფო კი ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებს კვლავ უყურადღებოდ ტოვებს.

“სწორედ აქ უნდა გამოეჩინა სახელმწიფოს თავისი უნარები (თუკი მას ასეთი საერთოდ გააჩნია), რომ განესაზღვრა ის ჯგუფები, სადაც მისი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ადამიანები იყვნენ მიტოვებულები სამოქალაქო ინიციატივების ამარა, ურთიერთმხარდაჭერის იმედად, რაც საკმარისი ვერაფრით იქნებოდა. თემი დიდია. ჩვენც არ ვიცნობთ ყველას, ამიტომაც დაუშვებელია ადამიანები დარჩნენ ერთეული ორგანიზაციების თუ საზოგადოების კეთილი ნების იმედად და ეს იყოს  ნორმა”, – ამბობს მარიამ ქაჯაია.

ტრანსგენდერი ადამიანები პანდემიის მეორე ტალღის დროს გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ვიდრე პირველი ტალღისას. ტრანსგენდერი ქალები ერთად ქირაობენ საცხოვრებელს, შეძლებისდაგვარად იზიარებენ ყველა რესურსს, რაც გააჩნიათ და კვლავ სხვებისგან დახმარების იმედად არიან. “ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ პანდემიის გამო, თავიდან კიდევ იყო საშუალება მუშაობის, სხვათა შორის, კარანტინის დროსაც, ახლა ისეთი სიტუაციაა, საერთოდ არ არის არაფერი. ვრისკავდი, რადგან ფული აუცილებლად უნდა მეშოვნა, ალიმენტი მაქვს გადასახდელი. ვიცი, რომ არსებობს ეს ვირუსი, ვიცი, რომ არის საშიშროება, მაგრამ რას ვიზამ,” – ამბობს ანასტასია, ტრანსგენდერი ქალი ბათუმიდან, რომელიც უკვე ორი წელია სექსსამუშაოშია ჩართული.

"რომ შემეძლოს მუშაობა როგორც ქალი, ვიმუშავბედი სხვა სამსახურში" - ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი

ტრანსგენდერი ქალების ნაწილი სექსსამუშაოთი ირჩენს თავს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს მათი არჩევანი არ არის. ანასტასია ამბობს, რომ უმუშევრად ვერ გაჩერდება, მაგრამ მისი გენდერული თვითაღქმისა და გამოხატვის გამო ჩვეულებრივ სამსახურებში არ ამუშავებენ. “მე რომ შემეძლოს ასე, ქალის ფორმით სადმე მუშაობა, ვიმუშავებდი სხვა სამსახურში, ვიქნებოდი უფლებადამცველი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ან ჩავიცვამდი კანონდამცველის ფორმას და შევასრულებდი ჩემს საქმეს, შესაბამისი განათლებაც მაქვს. არიან ადამიანები, ვისაც სურს, რომ იყოს ექიმი, ან კიდევ სხვა, მაგრამ ჩვენნაირებს, ტრანსგენდერებს, არ გვამუშავებენ იქ, სადაც გვინდა. მიმტანად რომ მინდოდა მუშაობა ზაფხულში, არ მიმიღეს. არ ვიტყვი, რომ გარეგნობის გამო, მაგრამ იყო იქ ერთი ადამიანი, ვინც იცოდა ჩემი სიტუაცია. ზიზღია ერთგვარი,” – ამბობს ის.

“ტრანსგენდერი ქალი ნიშნავს, რომ ქალი ხარ, ქალად გრძნობ თავს, მაგრამ სხვები არ გხედავენ ასე, ყველას აქვს აგრესია. ქალობას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში და მე სხვა სამსახურებიც მქონდა, მაგრამ ამ ფორმით არ გამოდის. მე კი ბანკის ვალები მქონდა, ავადმყოფი მამა მყავდა, დედაც ასაკოვანი, რა გამეკეთებინა, მოპარვას მერჩივნა როგორც იქნებოდა ისე მეშრომა და გადამეხადა ყველაფერი. რვა წელი სრულდება, რაც სექსსამუშაოში ვარ ჩართული. თბილისში დაიწყო ყველაფერი… სანამ მშობლები გაიგებდნენ… თუმცა დედა მაინც ყველაფერს ხვდებოდა ყოველთვის. მამა ისე წავიდა, ვერაფერი გაიგო. დედა სულ გვერდში მიდგას, “შენი ცხოვრება შენია, უვარგისი ხარ თუ კარგი ხარ, ჩემი ხარ და მინდიხარო” მითხრა. ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება არის საფრთხე ყოველდღიურად, როდის სად რა მოხდება, არავინ ვიცით, ქუჩაში გადიხარ თუ სახლში – დაცული არასოდეს ხარ, როცა ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არავისზე ნაკლები მეგობრობა და გვერდში დგომა არ ვიცით,” – ამბობს მარი. – “პანდემიამ ძალიან იმოქმედა ყველა ჩვენგანის ყოველდღიურ სარჩოზე, არა მარტო ტრანსგენდერებს და სექსმუშაკებს, ყველას ხელი შეუშალა, გაჩერდა ყველაფერი… ახლაც იგივე ხდება, დავრჩით ზოგი უბინაოდ, მეგობრების ანაბარად. ეს ძალიან დიდი სტრესია, მაინც გეფიქრება – რა იქნება ხვალ…”

ტრანსგენდერი ქალი, ირინკაც რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და სექსსამუშაოთი ირჩენს თავს. ამბობს, რომ პანდემიის გამო ძალიან საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – სახელმწიფოსგან დახმარება ვერ მიიღეს და თავის რჩენის მთავარი წყაროც შეუწყდათ. “პანდემიის დროს კლიენტები ისეც ერიდებოდნენ მოსვლას კორონას შიშით, მაგრამ კარანტინის დროს საერთოდ ვერ ვახერხებდით მუშაობას, რადგან ჩვენთან კლიენტები ძირითადად ღამით მოდიან, რადგან არ უნდათ სხვებმა დაინახონ. ბინის ქირაში 500 ლარს ვიხდი, ბანკის ვალი 400 ლარი მაქვს ყოველთვიურად გადასახდელი, საჭმლის ფულიც ხომ გვინდა სხვა თუ არაფერი… ხარჯი ძალიან ბევრია, მაგრამ შემოსავალი რომ არ არის, ეს არის ყველაზე რთული. სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ყოფილა, არასამთავრობოსგან მივიღეთ ბინის ქირა და საკვების სახით დახმარება, მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო,” – ამბობს ის.

"ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით" - ტრანსგენდერი ქალი

პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთავრობის განცხადებებში ლგბტ თემის საჭიროებები არცერთხელ გაჟღერებულა და მხოლოდ სათემო ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ  მათ ნაწილს – სოციალურად დაუცველებს, დახმარების სახით, საკვები კალათები დაურიგეს. “სახელმწიფოსგან თითქმის არავითარი დახმარება არ მიუღიათ თემის წევრებს, თუ არ ჩავთვლით მთავრობის აპარატის ინიციატივას, თბილისში ერთჯერადად საკვები კალათები დაერიგებინა თემის წევრებისთვის. თუმცა სახელმწიფო იმდენად ბრმაა ამ ჯგუფის საჭიროებების მიმართ და იმდენად ზედაპირული, რომ საერთოდაც დაავიწყდა, რომ თემის წევრები მხოლოდ თბილისში არ ცხოვრობენ, რეგიონებშიც ცხოვრობენ და ამ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება,” – ამბობს მარიამ ქაჯაია.

თანასწორობის მოძრაობის პროექტების ხელმძღვანელი ალა პარუნოვა ამბობს, რომ მთავრობამ უკეთ უნდა განსაზღვროს ყველა სოციალური ჯგუფის, მათ შორის, ლგბტ თემის საჭიროებები იმისთვის, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს არა ერთჯერადად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში: “პანდემიის დროს, ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ლგბტ თემის წევრები, როგორც ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა. თემის წევრების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, რომ ბევრი მათგანი და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანები, დასაქმებული არიან არაფორმალურ სამსახურებში (ტრანსგენდერი ქალების შემთხვევაშ ეს ხშრად არის სექსსამუშაო), შესაბამისად, ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სახელმწიფომ დაგეგმა და ახორციელებს, არ მოიცავს თემის წევრების უდიდეს ნაწილს იქედან გამომდინარე, რომ მათი უმრავლესობა ან თვითდასაქმებულია, ან დასაქმებულია ისეთ სფეროში, სადაც ვერ ამტკიცებს თავის სტატუსს, ამიტომ თემის დიდი ნაწილი დარჩა იმ სერვისების გარეშე, რაც სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით იყო გათვლილი. აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იმისთვის, რომ ასახოს მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უნდა აღმოიფხვრას ზუსტად ის ჩავარდნები, რაც იყო პირველი ტალღის დროს და რამაც გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა დახმარების გარეშე. ასევე, უნდა იყოს გათვალისწინებული მოწყვლადი ჯგუფის სპეციფიური გამოცდილება, რეალობა და საჭიროებები,” – ამბობს ის.

“ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემო აუარესებს ლგბტ თემის მდგომარეობას კრიზისების დროს. მაგალითად, თემის წევრებს ნაკლები მხარდაჭერა აქვთ ოჯახის წევრებისგან ან კარანტინის დროს ოჯახური ძალადობის ატანა უწევთ, რადგანაც ვერსად მიდიან. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ პროაქტიული მუშაობაა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სიძულვილის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე, ასევე, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე” – ალა პარუნოვა.

ლგბტ ადამიანების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების გარდა, რომელიც უშუალოდ კრიზისის საპასუხოდ არის მიმართული, სახელმწიფომ ამ პრობლემების გამომწვევი საფუძვლების აღმოფხვრაზე უნდა იფიქროს, – ამბობს მარიამ ქაჯაია: “კრიზისების დროს მოწყვლადი ჯგუფები რჩებიან განწირულები, ამისთვის საჭიროა პროაქტიული მუშაობა ერთი – სიძულვილის ფონის შესამცირებლად, გენდერული და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და მეორე, – სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება, დაინახოს ადამიანები, დაინახოს მათი პრობლემები, სხვაგვარად ეს პრობლემები გადაუჭრელი დარჩება”.

 

კორონავირუსით აჭარაში 516 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 516 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 249 შემთხვევა, აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აღემატება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას – დაინფიცირდა 3157, გამოჯანმრთელდა – 3230.

ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა  30 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში –  15,  აჭარაში – 5იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში, რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმი / 16.11.2020

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ რეზერვუარს ცეცხლი მოედო, საგანგაშო სიტუაცია აღარ არის. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები.

განახლება: ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ხანძარი უკვე [11:00 სთ.] ლოკალიზებულია:

ბათუმში ტერმინალზე ნავთობის ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო]

 

ბათუმი / 16.11.2020

 

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“

აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აგრძელებს ბრძოლას, თუმცა გუნდი არ აპირებს ცალკეულ, „პარტიულ ღონისძიებაში“ მონაწილეობას.

„ლელოს“ გუნდმა დატოვა აქცია იმის გამო, რომ ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად, „მიშა ჩამოდი“ შეძახილები, მიშა, როგორც თითქოს მთავარი წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიცური ერთობისა, არ არსებობს, ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანებით, მაგრამ ორი ძირითადი საკითხის გარშემო“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება ორ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის: ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და ცესკოს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა.

„არ ვაპირებთ პარტიულ აქციებში და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მთავარი მიზანია შევქნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული, ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს და ეს პრინციპი შეთანხმებული ოპოზიციური პარტიების მიერ.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლება ივანიშვილის მარწუხებისგან და თამარ ჟვანიას გავლენებისგან.

სხვა დამატებითი მოთხოვნები, „მიშა ჩამოდი“ და ასე შემდეგ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი.

…ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს, ეს არის მიუღებელი,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ლელო“ მზად არის ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებაზე და იმ აქციებში მონაწილეობაზე, რომელიც იქნება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაზე დამყარებული და პოზიციური ერთობა შეიძლება დააზარალოს მხოლოდ ერთმა მიდგომამ – „როცა რიგი პარტიები ცდილობენ თავის ორბიტაზე ცდილობენ ამ პროცესის გადაყვანას. ეს ვერ იქნება პარტიული, ეს უნდა იყოს საყოველთაო ბრძოლა, სადაც ჩართულია ყველა პარტია“, – აღნიშნა მან.

„ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც იქნება პარტიების მიერ დაყენებული თვითნებურად, იქნება ჩვენთვის მიუღებელი, პრინციპულად გამოვალთ და ვიტყვით ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ არავის უნდა გაუკვირდეს ოპოზიციური პარტიების აქციებზე შეძახილები „მიშა“ და „მიშა ჩამოდი“, რადგან მიხეილ სააკაშვილმა „დამოუკიდებელი სახელწიფო შექმნა“.

„კი ბატონო, ერთად დგომა, კი ბატონო, დაყვავება, მაგრამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ ყველამ.  …დღეს არ არის „ეს მომწონს – ის მომწონს“ გარჩევის ვითარება. ჩვენ, ასობით ათას ქართველს, ყველას ერთად გვიყვარს საქართველო, მაგრამ ჩვენ, კონკრეტულად ვინც ვართ „ნაციონალური მოძრაობის წევრები“, პატივს ვცემთ და გვიყვარს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი და ის უნდა ჩამოვიდეს,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამავე თემაზე: 

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

 

ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 15 ნოემბერს ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. თუმცა ვარაუდობენ რომ ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.

ვარშალომიძე: მეორე ტურზე უბნებთან მოვაწყოთ სირცხვილის კორიდორები

ოპოზიცია მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე გაავრცელა.

“373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა  უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები,” – უთხრა აქციის მონაწილეებს ლევან ვარშალომიძემ.

ბათუმში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აქცია იმართება დღესაც.

„დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

 

 

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას და, ასევე, უარს აცხადებენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

უკვე ორი კვირაა აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ კონკრეტული შედეგი ჯერ მიღწეული არ არის.

8 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. 

 

მეორე ტურისთვის საოლქო და საუბნო კომისიები 967 ათას ლარს დახარჯავენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 33 ოლქში უნდა გაიმართოს. უშუალოდ საოლქო და საუბნო კომისიების ხარჯები კი, ცესკომ 967 ათას 120 ლარით განსაზღვრა.

მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის განაწილებული თანხა:
წყარო: ცესკო

[31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ჯამში 2 702 456 ლარი იყო გამოყოფილი.]

მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 8 612 110 ლარი გამოიყოფა.

ამ თემაზე:

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

ავსტრიაში კარანტინი მეორედ ცხადდება

ავსტრიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო საყოველთაო კარანტინი მეორედ ცხადდება.

კარანტინი ძალაში სამშაბათს შედის, ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, იკეტება სილამაზის სალონები, მაღაზიებისა და საწარმოების ნაწილი.

პარასკევს ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება.

კარანტინი ავსტრიაში 6 დეკემბრამდე გასტანს.

15 ნოემბრის მონაცემებით, ავსტრიაში ინფიცირების 198 291 შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსით გარდაცვლილია 1746 ადამიანი.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – დროგამოშვებით ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 ნოემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევაა, 334 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა

15 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა  79 678.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა  34 ადამიანი, მათ შორის   თბილისში –  18,  აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 703 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 354 შემთხვევა
  • აჭარა – 410
  • იმერეთი – 398
  • ქვემო ქართლი – 198
  • შიდა ქართლი – 153
  • გურია – 60
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248
  • კახეთი – 126
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 26
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

დღეის მონაცემებით, 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ქვეყანაში 735 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 334 პირი.

3 280 პაციენტი კოვიდსასტუმროშია, 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საქართველოში ამჟამად საკარანტინო სივრცეშია 2 326 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 ადამიანი.

კოვიდის 410 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 8 პაციენტი

15 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

გასულ 24 საათში საქართველოში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში 926 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა 98 ადამიანი.

ასევე, აჭარაში 1 551 ინფიცირებული მკურნალობს კოვიდსასტუმროებში. აჭარაში საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1 204 პაციენტი. 

არ დასტურდება, რომ ბათუმელი ექიმი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმში კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმელი ოჯახის ექიმი, ნინო დიასამიძე, ამბობს, რომ სწრაფი ტესტი, რომლითაც პირველ შემთხვევაში კოვიდი დაუდასტურდა, ცრუ დადებითი იყო.

„ექიმი ვარ, პერიოდულად ვიტესტებოდით ექიმები კოვიდზე. დაახლოებით თვენახევრის წინ სწრაფი ტესტი გამიკეთდა, აღმოჩნდა, რომ ვიყავი დადებითი. რა თქმა უნდა, მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში და 12 დღე ვიყავი სახლში.

ამ ამბიდან თვენახევრის შემდეგ ჩემს მეუღლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. გაიტესტა, აღმოჩნდა დადებითი. მეუღლის ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 11 ნოემბერს, მომცა სიცხე, დავკარგე ყნოსვა მეც. ჩავიტარე PCR ტესტი და აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებული,“ – უთხრა ნინო დიასამიძემ „ბათუმელებს“.

ექიმის თქმით, პირველი შემთხვევა, როდესაც სწრაფმა ტესტმა კოვიდზე დადებითი უჩვენა, ოქტომბრის დასაწყისში იყო.

„პირველად არანაირი სიმპტომი არ მქონდა საერთოდ. ახლა დამეწყო რეალური სიმპტომები. რაც ნიშნავს იმას, რომ მაშინ ჩემი ტესტის პასუხი იყო ცრუ დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ვიყავით ყველა და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია ვირუსი იმ პერიოდში. ახლა კიდევ ოჯახის ხუთივე წევრს კოვიდი გვაქვს.

მე, როგორც ექიმმა, ბოლომდე მივსდიე ამ ამბავს. გავიკეთე ყველა საჭირო კვლევა და არ აღმომაჩნდა ანტისხეულები. პირველ შემთხვევაში კოვიდი რომ მქონოდა, ახლა ანტისხეულები მექნებოდა. ამასთან, გავიკეთე ორჯერ PCR ტესტი. ყველა კვლევით ვლინდება, რომ წინა შემთხვევა იყო ცრუ დადებითი და რეალურად არ მქონია კოვიდი. ამიტომ მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა – რეინფიცირება გამორიცხულია,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ოქტომბრის დასაწყისში გაკეთებული სწრაფი ტესტის პასუხი გადააკონტროლა თუ არა  PCR ტესტით, ექიმი ამბობს, რომ  არა.

„არა, საკონტროლო ტესტი არ გამიკეთებია. მაშინ ვენდე სწრაფი ტესტის პასუხს და უბრალოდ გადავედით თვითიზოლაციაში. 12 დღის შემდეგ გავიკეთე PCR ტესტი და იმან აჩვენა, რომ არ მქონდა. ასევე, ის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველად გავიკეთე, არ იყო ანტიგენზე დაფუძნებული, ამიტომ ცდომილების კიდევ უფრო დიდი შანსი იყო. უბრალოდ მაშინ ბუმი იყო, უამრავ პაციენტთან მიწევდა შეხება, სასწრაფოდ გავერიდე და წავედი თვითიზოლაციაში.

ძალიან მინდა დამშვიდდეს მოსახლეობა. ისედაც პანიკაა. ყველა ახლობელი დავამშვიდე, ყველას ვუთხარი, რომ არ არის პანიკის საფუძველი და არ ყოფილა რეინფიცირება,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

ქობულეთში, სოფელ ხალაში 30 წლის კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 30 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს, ჩვენი ინფორმაციით ადგილზე მუშაობს პოლიცია. სოფლიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ მკვლელი თანასოფლელია. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიტში ოთხი პირი მონაწილეობდა, მათ შორის ერთი დაკავებულია ხოლო ორი გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება.

უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  45,86 პროცენტია.

„ოცნების“ პროპორციული სიის მიხედვით უმაღლეს საბჭოში შედიან მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელიც სიაში პირველ ნომრად ჩაწერეს, ჩვენი ინფორმაციით, ის მანდატზე უარს იტყვის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს.

შემდეგ მოდის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სავარაუდოდ მას ისევ იგივე პოსტზე წარდგენენ.

სიის მესამე ნომერია მოქმედი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაზე, სავარაუდოდ ისიც იტყვის უარს მანდატზე და შეინარჩუნებს მინისტრის პოსტს. მის მოადგილეს თინათინ ზოიძეს კი ჩვენი ინფომაციით ახალ უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრებენ.

უმაღლეს საბჭოში შედიან ასევე:  გიორგი მანველიძე – წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნადიმ ვარშანიძე  – ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე,  ფატი ხელვაში – წინა მოწვევის პარლამენტის წევრი და ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრები დავით თედორაძე, ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე.

იმ შემხვევაში თუ აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაზე და ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრი ჯაბა ფუტკარაძე უარს იტყვიან მანდატებზე, უმაღლეს საბჭოში შესვლას შეძლებენ პროპორციული სიით #12 მარინე გვინიძე – „ბათუმის წყლის“ დირექტორი და #13 ილია ვერძაძე, რომელიც ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია.

არჩევნების მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 8,61 მილიონი ლარი დაიხარჯება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა.

ამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 8 612 110 ლარი გამოიყოფა.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

მეორე ტურისთვის ემზადება მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტიები კი ამ დრომდე არ ცნობენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არც მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება არჩევნებში ბიუჯეტიდან, ცესკოს საბოლოო ანგარიშში აისახება.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 760 700 ლარი იყო გამოყოფილი:

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

20 000 ლარი შვიდწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის – აჭარის სამინისტროს ტენდერი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადასაღებად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 20 ათასი ლარი დაიხარჯება.

ტენდერის პირობის მიხედვით, ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს და არ უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები.

ამასთან, „ანიმაციური ფლიმის გადაღების პროცესში სავალდებულოა ხულოსა და ბათუმში არსებული ანიმაციური სტუდიების აღსაზრდელების ჩართულობა [თითოეული მუნიციპალიტეტიდან 3 ბავშვი]“.

სამინისტრო დააფინანსებს სხვადასხვა მომსახურებას, რომელთა შორის, მაგალითად, „სცენარისტის მომსახურებაში იგულისხმება მის მიერ ერთ-ერთი ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი ფილმის სცენარის წარდგენა, შინაარსით „სიკეთე“; ფილმის სცენარი უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან; სხვა დანარჩენ მომსახურებაში იგულისხმება ფილმის გადაღებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა – გადაღებისთვის საჭირო ვიდეო/ფოტო კამერები, სამონტაჟო ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა და ასე შემდეგ“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს შეწყდება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მაგალითად, გამარჯვებულმა ფილმი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა გადაიღოს.

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.

ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ.

„თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,  15 და  16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს:  2 51-00-51 (შიდა 0).“ – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ამომრჩეველთა ნაწილმა, ისე მოხდება მეორე ტურშიც. ანუ მაჟორიტარულ არჩევნებში ამჯერად მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში აღმოჩნდებიან 18-19 და 20 ნოემბერს.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური აჭარაში ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება:

28-ე მაჟორიტარული ოლქი [ბათუმი]

  • №5 – ლევან ვარშალომიძე
  • №41 – რესან კონცელიძე

30-ე მაჟორიტარული ოლქი[ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო]

  • №5 – მიშა ბოლქვაძე
  • №41 – ანზორ ბოლქვაძე

უმღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარულ ოქლში [#28]  წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მეორე ტურში გადავიდნენ ტიტე აროშიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“

უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ასევე #30-ე [ხელვაჩაური, შუახევი, ქედა,ხულო] მაჟორიტარულ ოლქში სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე [წინა მოწვევის  უმაღლესი საბჭოს წევრი ] და „ქართული ოცნებიდან“ ფრიდონ ფუტკარაზე – შუახევის ყოფილი მერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე არ ცნობენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და არც მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების სია:

 

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

 

 

მეორე ტურში გასული კანდიდატები

№1 – მთაწმინდა, კრწანისი №2 – შალვა შავგულიძე

№41 – ბექა ოდიშარია

 

№2 – ვაკე

 

№2 – ელენე ხოშტარია

№41 – ნოდარ ტურძელაძე

 

№3 – საბურთალო

 

№24 – ალექსანდრე ელისაშვილი

№41 – დავით სერგეენკო

 

№4 – ისანი

 

№5 – ხატია დეკანოიძე

№41 – კახა კახიშვილი

 

№5 – სამგორი

 

№5 – ლევან ხაბეიშვილი

№41 – სოზარ სუბარი

 

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი

 

№36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

№41 – გიორგი ვოლსკი

 

№7 – ნაძალადევი

 

№10 – შალვა ნათელაშვილი

№41 – მიხეილ ყაველაშვილი

 

№8 – გლდანი

 

№5 – ნიკანორი მელია

№41 – ლევან კობიაშვილი

 

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

 

№5 – გიორგი ბოტკოველი

№41 – ირაკლი ქადაგიშვილი

 

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

 

№5 – ცეზარი ჩოჩელი

№41 – შალვა კერესელიძე

 

№12 – რუსთავი, გარდაბანი

 

№5 – დავით კირკიტაძე

№41 – ნინო ლაცაბიძე

 

№16 – ხაშური, ქარელი

 

№5 – ნატო ჩხეიძე

№41 – ზაალ დუგლაძე

 

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი №5 – კახა გეწაძე

№41 – ბეჟან წაქაძე

 

№23 – ქუთაისი

 

№5 – გრიგოლ ვაშაძე

№41 – ზაზა ლომინაძე

 

№27 – ზუგდიდი №5 – მალხაზ ჯალაღონია

№41 – ირაკლი ჩიქოვანი

 

№28 – ბათუმი

 

№5 – ლევან ვარშალომიძე

№41 – რესან კონცელიძე

 

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო №5 – მიშა ბოლქვაძე

№41 – ანზორ ბოლქვაძე

 

 

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური

 

საარჩევნო ოლქი

 

 

მეორე ტურში გასული კანდიდატები

№59 – ქუთაისი №5 – გრიგოლი შუშანია

№41 – იოსები ხახალეიშვილი

 

 

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი კირთაძე და ტიტე აროშიძე – უსკო

უმღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ინფორმაციით ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში [#28] წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მეორე ტურში გადავიდნენ ტიტე აროშიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“

ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და პერიოდულად ამომრჩეველთან შეხვედრების შესახებ ფეისბუქზეც პოსტავს, გიორგი კითაძე კი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს და ის ბრძოლას არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადების მოთხოვნით, აქციებზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აგრძელებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათივე მტკიცებით ამას ის შემაჯამებელი ოქმებიც აჩვენებს, რაც საუბნო კომისიებმა ოლქებში გადააგზავნეს, მათგან უმეტესობაში დისბალანსი ფიქსირდებოდა.

მეორე ტური ჩატარდება ასევე #30-ე [ხელვაჩაური, შუახევი, ქედა და ხულო] მაჟორიტარულ ოლქში სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე – წინა მოწვევის  უმაღლესი საბჭოს წევრი და „ქართული ოცნებიდან“ ფრიდონ ფუტკარაზე – შუახევის ყოფილი მერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით #29 [ქობულეთი] მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მოიგო ცოტნე ანანიძემ „ქართული ოცნებიდან“, ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარე იყო.

გაერთიანებულ ოპოზიციას აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მანდატი შეხვდება – უსკო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება და გაერთიანებულ ოპოზიციას შვიდი მანდატი შეხვდება.  უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33, 96 პროცენტს , ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო,  რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  45, 86 პროცენტია.

ამ მონაცმების შესაბამისად პროპორციული სიის მიხედვით უმაღლეს საბჭოში მოხვდებიან  ელგუჯა ბაგრატიონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“,  რომელიც არის ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის სიაში პირველი ნომერია.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე,  გია აბულაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ისიც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია, შემდეგ მოდის მედეა ვასაძე, როგორც უპარტიო წევრი; ლევან ანთაძე –  უსკოსთვის წარდგენილ სიაში ისიც უპარტიო წევრად არის ჩაწერილი, თუმცა ამავდროულად ლევან ანთაძე ბათუმის საკრებულოს წევრია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მეექვსე ნომერია ირაკლი ჩავლეიშვილი – „ რესპუბლიკელების“ ერთერთი ლიდერი აჭარაში და მამული სურმანიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს: „ შვიდი მანდატი გადმოგვიგდო ბიძინამ, მაგრამ არ ვაპირებთ უმაღლეს საბჭოში შესვლას და არც მეორე ტურში მონაწილეობას“ გვითხრა გიორგი კირთაძემ, რომელიც ამავდროულად გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის სამაჟორიტარო ოლქში.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხდებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ისინი შედეგებს აქციებით აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ, ისინი არ აპირებენ ასევე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.

აჭარის უმაღლეს საბჭოში  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა დღეს ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აქციით გააპროტესტესტეს.

20 ათასი ლარი რესპუბლიკურზე საინფორმაციო წარწერის მონტაჟისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კლინიკის ახალ შენობაზე საინფორმაციო წარწერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 20 ათასი ლარია, რომლითაც შენობაზე 2 წარწერა [საინფორმაციო დაფა] უნდა განთავსდეს.

შენობაზე წარწერები: „გადაუდებელი მიმღები-EMERGENCY“ და „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL“, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს.

საინფორმაციო დაფებზე უნდა მოეწყოს ელექტროგანათება. შრიფტის ზომები, ფერები, ესკიზი და სხვა დეტალები ტენდერის დოკუმენტებს თან ახლავს.

ფოტომონტაჟი ტენდერიდან

პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფო სხვადასხვა აპარატურას, მედიკამენტებს, სამედიცინო მოწყობილობებსა  და ავეჯს გადაუდებელი აუცილებლობით-ტენდერის გარეშე პერიოდულად ყიდულობს.

შენობა, რომლის აღჭურვა დაწყებულიც კი არ იყო, ცხელების ცენტრად, შემდეგ კი კოვიდკლინიკად გადაკეთდა. საწოლების რაოდენობა კი, 178-იდან 212-მდე გაიზარდა.

14 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.  ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი.

ამ თემაზე:

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

 

ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. პარალელურად, დღეს, 14 ნოემბერს, უსკოს სხდომაც იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

უსკოს დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება.

უსკომ უნდა მიიღოს ასევე განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ არანაირი შემაჯამებელი ოქმები უსკოში არ უნდა შედგეს. „ივანიშვილის მონებო“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ჯაიანმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაონამ“ გადალახა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

აჭარაში კორონავირუსის 603 შემთხვევა გამოვლინდა, 7 გარდაიცვალა – 14 ნოემბრის მონაცემები

14 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი.  ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი.

ამ დროისთვის აჭარაში  890 ინფიცირებული პირი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 121 შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო 88 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

ბათუმში კოვიდსასტუროში 1 551  პირი მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 1 309 პირი იმყოფება. 

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

კორონავირუსის 3 504 დადასტურებული ახალი შემთხვევა – 14 ნოემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში  გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 163 პირი   – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 76 658-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა  58 674-მდე.

მთავრობის ინფორმაციით:

  • ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა  33 ადამიანი, მათ შორის  თბილისში –  10,  აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა.
  • დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა – 603, იმერეთი – 619, ქვემო ქართლი – 122, შიდა ქართლი – 140, გურია – 94, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 97, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
  • ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 890, იმერეთში – 1 049. მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 121, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30. 3 361 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 282 – იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეშია 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში – 32.
  • სულ  6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 14 897 პირი.
  • დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში – 18 460, იმერეთში – 4 921.

ანალიზების აღება სახლში გამოძახებით – ბათუმში, თბილისში, ფოთსა და ქუთაისში

კორონავირუსის პანდემიის პირობებში კლინიკები გადატვირთულია. საპროფილაქტიკო, საბაზისო კვლევების ჩასატარებლად ბევრი ადამიანი თავს იკავებს საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებში მისვლისგან, ვირუსის გადადებისა და გავრცელების შიშით. კლინიკებსა და ლაბორატორიებში, რომლებსაც დავუკავშირდით, ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ანალიზების გასაკეთებლად ლაბორატორიის შინ გამოძახება სურს. შესაბამისად, ამ მომსახურების მსურველმა ლაბორატორიაში 1-2  დღით ადრე მაინც უნდა დარეკოს ჩასაწერად. ანალიზების საფასურს ზოგ ლაბორატორიაში შინ მომსახურების ფასიც ემატება, ზოგან კი სახლში ვიზიტი უფასოა და მხოლოდ ანალიზის ფასს იხდით.

გთავაზობთ ბათუმში, თბილისში, ფოთსა და ქუთაისში რამდენიმე კლინიკას, საიდანაც საბაზისო, სისხლისა და შარდის ანალიზების გასაკეთებლად ლაბორატორიის შინ გამოძახებას შეძლებთ.

  • სამედიცინო ცენტრი „ციტო“ 

სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ლაბორატორია სახლში გამოძახებით ხელმისაწვდომია როგორც თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკსა და გორში, სადაც ე.წ. ლაბ-ექსპრესებია განთავსებული.

„ციტოს“ ლაბორატორიაში სისხლის ანალიზის საფასური 25 ლარია, შარდის – 15. ანალიზების ფასს შინ გამოძახების საფასურიც ემატება დანიშნულების ადგილამდე მანძილის მიხედვით. ბათუმში, მაგალითად, ქალაქის ტერიტორიაზე ანალიზის ფასს ბინაზე მომსახურების 10 ლარი ემატება, მაგრამ ბენზეში, ჩაქვსა და მახინჯაურში გამოძახების შემთხვევაში ეს ფასი შედარებით გაიზრდება.

ჩაწერა 1 დღით ადრეა აუცილებელი. ზემოთჩამოთვლილი ანალიზების გარდა ბინაზე მისვლით აკეთებენ ნებისმიერ სხვა ანალიზს, რაც ლაბორატორია „ციტოშია“ ხელმისაწვდომი.

ნებისმიერი ქალაქიდან, ლაბორატორიის შინ გამოძახების მსურველებმა ჩასაწერად უნდა დარეკონ ნომერზე: +995 (32) 229-06-71

  • სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“

„მრჩეველის“ ლაბორატორია შინ შეგიძლიათ გამოიძახოთ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სისხლის საერთო ანალიზის საფასური 20,99 ლარია, შარდის ანალიზის – 17,25 ლარი. ადგილზე მისვლის სერვისი სასურველ მისამართზე უფასოა და იხდით მხოლოდ ანალიზის თანხას.

სასურველია 1 ან 2 დღით ადრე ჩაწერა, რისთვისაც მსურველებმა თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან უნდა დარეკონ ნომერზე:  +995 (32) 293-10-00

  • „მედცენტრი“

ბათუმის ტერიტორიაზე სახლში კლინიკა „მედცენტრის“ ლაბორატორიის გამოძახებაცაა შესაძლებელი. სისხლის ანალიზი აქ 15 ლარი ღირს, შარდის – 12, რასაც გამოძახების საფასური, 30 ლარი ემატება ბათუმში, სასურველ მისამართზე. „მედცენტრიდან“ ლაბორატორიის გამოსაძახებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზს ნომერზე: 0422 22 60 60ვ

  • „ემდილაბი“

ლაბორატორია „ემდილაბი“ ქუთაისშია. ქალაქის მცხოვრებლებს ანალიზების გასაკეთებლად ლაბორატორიის გამოძახება შინ შეუძლიათ.

სისხლის ანალიზი „ემდილაბში“ 13 ლარი, შარდის კი – 8 ლარი ღირს. ანალიზების საფასურს ბინაზე მომსახურების 8 ლარი ემატება. შესაძლებელია მისვლა ქუთაისთან ახლომდებარე სოფლებშიც – ქალაქიდან 15, 20 წუთის სავალზე.

საბაზისო ანალიზების გარდა „ემდილაბის“ ლაბორატორიიდან ბინაზე კეთდება სხვა ანალიზებიც, რაც ლაბორატორიაშია ხელმისაწვდომი. აქ ამბობენ, რომ შინ გამოძახების სერვისზე მოთხოვნა მაღალია და ქუთაისში მცხოვრებლებმა მითითებულ ნომერზე ჩასაწერად 2 დღით ადრე უნდა დარეკონ ნომერზე:  +995 (431) 23 71 71

  • „ავერსი“

„ავერსის“ ლაბორატორიის სახლში გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და ფოთში.

ანალიზების საფასურს შინ მომსახურების საფასურიც ემატება, თუმცა კლინიკაში გვეუბნებიან, რომ ანალიზებისა და შინ გამოძახების ფასის დასახელება არ სურთ. „ავერსის“ ლაბორატორიის სახლში გამოძახების მსურველებმა 2 დღით ადრე, ჩასაწერად უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: +995 (32) 250 07 00

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

საქართველოში, სხვადასხვა კლინიკაში დაახლოებით 18 ათასი ექთანი მუშაობს.  ექთნების სახელფასო ანაზღაურება საათში 2 ლარიდან იწყება. ერთ კლინიკაში მომუშავე ექთნის საშუალო ხელფასი 320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს. იმის გამო, რომ ხელფასი არასდროს ჰყოფნით ექთნები ყვებიან, რომ რამდენიმე კლინიკაში მუშაობენ. ეს ნიშნავს გადაბმულ მორიგეობას, მუდმივ სტრესს და გადაღლას.

„მიტოვება მინდოდა ჩემი პროფესიის. მაღაზიის გაკეთება. უბრალოდ ახლა, ამ კოვიდის გამო ვერ მივატოვებ“, „ჩემი შვილები არასდროს დასასვენებლად არ წამიყვანია, რადგან არასდროს მქონია ამის საშუალება“, „ერთ კლინიკაში დაღლილი ექთანი მეორე კლინიკაში არ უნდა მიდიოდეს სამუშაოდ“,  –  ამბობენ ექთნები.

ექთნებს არ სურთ, მათი ვინაობის გასაჯაროება, რადგან ფიქრობენ, პრობლემებზე ღიად საუბარი მათ სამსახურს დააკარგვინებს.

მეორე არგუმენტი კი ისაა, რომ საქართველოს კლინიკებში მომუშავე ათასობით ექთანია მათ მსგავს ან უფრო ცუდ  სიტუაციაში. ექთნები ამბობენ, რომ მათ მიერ მოყოლილი ისტორიები, შეგვიძლია ქვეყნის მასშტაბით კლინიკებზე განვავრცოთ და ზოგად სურათს დავინახავთ.

ექთნები ყველაზე საჭირო რგოლია სამედიცინო პერსონალში, ყველაზე მცირე ანაზღაურებით. ანაზღაურება საათში 6 ლარამდე გაეზარდათ იმ ექთნებს, რომლებიც კოვიდპაციენტებთან მუშაობენ. თუმცა ეს სამუშაო რისკის შემცველია.

ექთანი #00001

ჩემს ერთ სამუშაო დღეს მოგიყვებით, რომ მიხვდეთ რამდენად რთულია საქმე, რომელსაც ვაკეთებ. მე ვმუშაობ ქირურგიულ განყოფილებაში. როდესაც კლინიკაში პაციენტი შემოდის, წვება განყოფილებაში, მიმართულების ექიმი გვიწერს დანიშნულებას და ამის შემდეგ, დანიშნულების შესრულება მთლიანად არის ექთნის მოვალეობა.

Ექთანი #00001 by Batumelebi/Netgazeti

მიდიხარ, ეცნობი პაციენტს, ექიმი გიწერს რა გამოკვლევა სჭირდება. აკეთებ გამოკვლევას, მათ შორის ლაბორატორიულსაც. ანალიზებსაც ჩვენ ვღებულობთ, კარდიოგრამის გადაღება უნდა, იმასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვამზადებთ საოპერაციოდ. ამას ერთი ქირურგიული პაციენტის  შემთხვევაში ვამბობ, თორემ ჩვენთან არის მრავალი მიმართულება. ნევროლოგიური, ტრავმატოლოგიური, უროლოგიური. ზოგადი ქირურგიის და  ყველა მიმართულების პაციენტს სჭირდება თავისებური მოვლა. ვინც ვმუშაობთ, ყველამ ვიცით, რომელი მიმართულების პაციენტს რა სჭირდება. ჩვენ ვამზადებთ საოპერაციოდ, მიგვყავს საოპერაციოში და… ოპერაციის შემდგომ პაციენტს სჭირდება სულ სხვანაირი მოვლა.

ოპერაციის შემდგომ პაციენტის ჰემოდინამიკას ვაკვირდებით – აუცილებელია წნევის, პულსის და ტემპერატურის კონტროლი. ინფუზური თერაპია, ანტიბიოტიკური თერაპია.

გაითვალისწინეთ, რომ ერთ ექთანს ერთი პაციენტი არ ჰყავს. ერთდროულად ვუვლით 10-15 პაციენტს. განსაკუთრებული სირთულეა, როცა ზოგჯერ გვყავს პირველი დონის პაციენტი. ეს ნიშნავს, რომ რეანიმაციული ღონისძიებები არა, მაგრამ ინტენსიური თერაპია სჭირდება. ასეთ მძიმე პაციენტებსაც ვუვლით. დღევანდელი პროტოკოლით როგორაა იცით? დამლაგებელი/დამხმარე არ გვყავს. არის კლინიკაში დამლაგებელი, მაგრამ მას ერთი მეტრის რადიუსში პაციენტთან მისვლის უფლება არ აქვს, ამიტომ პაციენტს მთლიანად უვლის მედდა. იქნება ეს პამპერსის გამოცვლა, საფენის გამოცვლა, ნახვევის გამოცვლა. ყველა მანიპულაცია, რაც კი დაკავშირებულია მძიმე, საშუალო თუ მსუბუქ პაციენტთან, ყველაფერს აკეთებს მედდა.

ჩვენ არ გვაქვს დასვენების და შესვენების რეჟიმი – 24 საათის განმავლობაში შეიძლება 2 საათი ექთნებმა ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და პოსტზე დარჩეს რიგითი ექთანი, ან დაისვენოს ცოტა.

ექთანი არის კლინიკის გული. ექიმი აძლევს დანიშნულებას და მერე ყველაფერი ექთნის ხელშია. ზოგჯერ ექიმი შემოვლაზე რომაა პაციენტი ვერ ცნობს, რომ ის მისი ექიმია, რადგან ექიმი გაესაუბრება ერთხელ და 24 საათი უვლის ექთანი. რა თქმა უნდა, შრომის ანაზღაურება არის მიზერული. ექთანს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, უზარმაზარი შრომა და ძალიან დაბალი ანაზღაურება. მე ჩემი ხელფასი, 1 თვის  განმავლობაში [8 მორიგეობა] გამომდის 380 ლარი. 7 მორიგეობაში 320 ლარი. ეს მიზერული თანხაა. ამ რვა მორიგეობაზე ვიმატებ ოთხ ან ხუთ მორიგეობას და 600 მაქსიმუმ 650 ლარი გამომივიდეს.

ექთანი #00002

ჩემი შრომის ანაზღაურება საათში 3 ლარია. „ევექსის“ კლინიკაში როცა ვმუშაობდი, საათში 2,40 მქონდა. დღის ექთნები ვართ რვასაათიან სამუშაო გრაფიკზე და მორიგე ექთნები 16 და 24 საათიან გრაფიკზე.

მე, პირადად, ეგ ხელფასი არ მყოფნის, ამიტომ ხან ჩემს კლინიკაში ვითხოვ დამატებით საათებს, ხან სხვა კლინიკებში დავდივარ და იქ ვმუშაობ.

დაღლილები ვართ მუდმივად. დაღლილი ექთანი კიდევ კი იცით, რამდენი შეცდომა შეიძლება დაუშვას ადამიანმა.

3 ლარით როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს? ექთნები ერთი კლინიკიდან მეორეში რომ დარბიან, გგონიათ მათ სიამოვნებთ? მაგრამ 380 ლარით ადამიანი ვერ იარსებებს.

Ექთანი #00002 by Batumelebi/Netgazeti

ანაზღაურება არის ძალიან ცუდი. რასაც ჰქვია ჩვენი შრომა არის დაუფასებელი. არასდროს სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან რაიმე დახმარება არ გვქონია.

რამდენჯერაც რამეს ვიტყვით, გვეუბნებიან კერძოა, კერძოა… ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია სტანდარტი დააწესოს, რომ კლინიკამ ვერ გადაუხვიოს იმ სტანდარტს და ჩვენ ვირულად ვერ გვაშრომოს. განსაზღვრონ ერთმა ექთანმა რამდენ პაციენტს უნდა მოუაროს – 10 პაციენტს? 12 პაციენტს? დამხმარე უნდა ჰყავდეს თუ არ უნდა ჰყავდეს?

სტანდარტის დაწესებას ვითხოვთ იმიტომ,  რომ ვერც მთავარმა  ექიმმა, ვერც დირექტორმა და ვერც უფროსმა ექთანმა ვერ უნდა გადაუხვიოს ამ სტანდარტს.

ჩემს განყოფილებაში 26 საწოლია, რომელზეც ორი ექთანია განაწილებული. 13-13 პაციენტი ხვდება თითოს. სტანდარტულად ასეა – ამ 13 პაციენტიდან 5 გაეწერება, ხუთი ახალი შემოდის. ექთანი მანიპულაციასაც თვითონ აკეთებს, პაციენტის გამოცვლაც მას ავალია, საწოლის დამუშავებაც, ანალიზების აღებაც, რენტგენზე წაყვანა-მოყვანა. პამპერსი, ყველაფერი ექთანზეა. ამას გარდა, რაც იმუშავა ის ხარჯი უნდა დაწეროს და მერე კომპიუტერში შეიყვანოს.

ექთანი #00003

კოვიდცენტრის ექთანს სამუშაო ოთახამდე ორი ზონის გავლა უწევს, ერთი ზონა, სადაც სამუშაო ფორმას იცვამს, მეორე ზონაში სპეციალურ აღჭურვილობას იცვამს და საბოლოოდ სამუშაოდ ბოქსებში გადის. ყველაზე მცირე ერთ ექთანს 12 პაციენტი აბარია. 12 საათიანი გრაფიკი გვაქვს. საათში 6 ლარია კოვიდცენტრის ექთანის ანაზღაურება.

Ექთანი #00003 by Batumelebi/Netgazeti

კოვიდის პირველი ტალღის დროს ვმუშაობდი – ანაზღაურება საათში 2,60 ლარი იყო. მაშინ კლინიკაში დავინფიცირდი. ძალიან მძიმედ ვიყავი. კოვიდის მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა, თუმცა შემდგომი რეაბილიტაციისთვის არანაირი თანხა არ გამოუყვია – არც კლინიკას და არც სახელმწიფოს. ექთნების შრომა მძიმეა. არ გვაქვს დაზღვევა. არ ვსარგებლობთ არანაირი პრივილეგიით. კოვიდის მეორე ტალღაზე სამუშაო გრაფიკიც  შეიცვალა და შრომის ანაზღაურებაც. 12 საათი ვმუშაობ, შემდეგ 24 საათი ვისვენებ. საათში 6 ლარი მაქვს ანაზღაურება.

პანდემიის გამო ოჯახში ყველა უმუშევარი დარჩა. ამიტომ ვცდილობ დამატებითი სამსახური ვიპოვო. სხვა კოვიდკლინიკებში არის ვაკანსიები და იქ ვაპირებ დამატებით ვიმუშაო.

ძალიან დიდი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ერთ ექთანზე 15-17 პაციენტი მოდის.

ექთანი #00004

ჩემი სახელი და გვარი არ გამოაქვეყნოთ. ისედაც ცუდად გვაქვს საქმე, ისე გააკეთოთ, რომ სამსახურიდან არ გამაგდონ.

განყოფილებაში ვმუშაობ. საათში სამი ლარი მაქვს ანაზღაურება. 8 საათს ვმუშაობ დღეში, მაგრამ ეს მუშაობა არაა. ეს კატასტროფული მუშაობაა. ერთი მათრახი აკლია ჩვენს ხელისუფლებას, რომ მონებად გვათრიხინონ. თუ სირბილი არ იცი, აქ ვერ იმუშავებ. თუ სირბილი იცი, მოასწრებ შენს საქმეს, თუ არადა ვერ მოასწრებ. წამოხვალ ისევ გაუკეთებელი… დაუმთავრებელი.

დამოკიდებულება არის ასეთი – თუ გინდათ იმუშავეთ, თუ არადა წადით სახლში. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.

 

Ექთანი #00004 by Batumelebi/Netgazeti

რესპირატორები დაუთმეთ სამედიცინო პერსონალს – ზახაშვილი მოქალაქეებს

დღეს, 13 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პირდაპირი ჩართვისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირბადეების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხათუნა ზახაშვილის თქმით, უმჯობესია მოსახლეობამ რესპირატორები სამედიცინო პერსონალს დაუთმოს და მრავალჯერადი გამოყენების პირბადით ისარგებლონ.

„ნიღბებიდან ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რა თქმა უნდა, რესპირატორებია მიჩნეული, თუმცა მოსახლეობის გამოყენებისთვის ეს რესპირატორები არ არის მოწოდებული და პირდაპირი მოწოდებებია ჩვენზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, რომ რესპირატორები დავუთმოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს.

შესაბამისად, რესპირატორების ხმარებით ნუ შეიწუხებთ თავს და ნურც წაართმევთ ამ შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალს, რომლისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი გადარჩენილი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის დაცვაა. თქვენ და მეც უნდა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ან მრავალჯერადი ნიღაბი,“ – ამბობს ზახაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი რეგულაცია ირღვევა ყველაზე ხშირად კოვიდუსაფრთხოების ნორმებიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ყველაზე მეტი დარღვევა არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი“.

„არადა, ვსაუბრობთ, რომ ამაზე დიდი დამცველობითი უნარი, ჯერჯერობით არაფერს არ აქვს პირბადის გარდა. თუკი ჩვენ პირბადის მოხმარების მაჩვენებელს ავიყვანთ 95 პროცენტამდე, ინფიცირების მაჩვენებელს შევამცირებთ დაახლოებით 70 პროცენტით. ევროპაზე დაიდო ეს პროგნოზი და თუ ეს მაჩვენებელი დაიდება, თებერვლისთვის ევროპაში 266 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ გვენდეთ და დაგვიჯერეთ, პირბადე ყველან, ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ,“- ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, მოწოდებას პირბადის გაკეთებაზე ხშირად აშარჟებენ მოქალაქეები, რაც არასწორია. „არავინ გეტყვით, რომ თუ სოფელში ხართ და მარტო მიდიხართ ტყეში, გაიკეთოთ იქ პირბადე, მაგრამ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში უნდა ვიაროთ პირბადით,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ნიღაბი იმ შემთხვევაშია სწორად გამოყენებული, თუ ის ერთდროულად ფარავს ცხვირს, პირსა და ჩამოდის ნიკაპის ქვეშ. ასევე, ნიღაბი რამდენიმე შრისგან უნდა იყოს დამზადებული და მჭიდროდ უნდა გვადგეს სახეზე.

პოლიციამ ბათუმში ქალის მკვლელობის ფაქტზე კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს – ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

ფოტო: შს სამინისტროს ვიდეომასალიდან 

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება – პროექტის ღირებულება 174,8 მილიონი აშშ დოლარია 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თანხმობისთვის მიმართა. შესყიდვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობას ეხება. პროექტის ღირებულება 174 837 546 აშშ დოლარია.

„აღნიშნული ღირებულება მოიცავს „ბაზრის კვლევის“ ფარგლებში დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ თბოსადგურის მშენებლობის Lump sum ფასს [144 837 546 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით გარდა, იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ს განაკვეთისა] და 30 000 000 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენს „მესამე თბოსადგურის“ სამშენებლო სამუშაოებთან/მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით „კორპორაციასა“ და „მიმწოდებელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დღგ-ს და იმპორტის გადასახადის საორიენტაციო მოცულობას, საიდანაც შემსყიდველის მიერ აღნიშნული გადასახადების გადახდა განხორციელდება ფაქტიურად არსებული ოდენობების შესაბამისად“ – განმარტავს კორპორაცია.

კორპორაცია ხელშეკრულების გაფორმებას თურქულ კომპანია CALIK ENERJI A. S.-თან გეგმავს.  „გარდაბანი 3“-ის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის სავარაუდო ვადად კი განისაზღვრება პერიოდი – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა. CALIK ENERJI-იმ გარდაბანში ააშენა ასევე 230-მეგავატიანი თბოსადგური „გარდაბანი 1“.

ხელშეკრულება გაფორმდება მას შემდეგ, როცა კორპორაცია მიიღებს შესყიდვების სააგენტოს თანხმობას, ხოლო საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის განკარგულებას.

„ფასთა გამოკითხვის პროცედურაში საუკეთესო წინადადების წარმომდგენ სუბიექტთან ხელშეკრულებას „კორპორაცია“ გააფორმებს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან გარკვეული პერიოდის (რამდენიმე თვე) შემდეგ, ხელშეკრულებაში თავდაპირველი შემსყიდველი მხარე – „კორპორაცია“ ჩანაცვლდება „მესამე თბოსადგურის“ პროექტის უშუალოდ განხორციელების მიზნით „კორპორაციის“ მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მომავალში დაფუძნებული შვილობილი კომპანიით,“ – აცხადებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 სექტემბრის განკარგულების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „… ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპების გათვალისწინებით, აუცილებელია, 2023 წლისათვის ექსპლუატაციაში იქნეს შეყვანილი ახალი 250 მგვტ („მესამე თბოსადგურის“ თავდაპირველი სიმძლავრე განისაზღვრა 250 მგვტ-ით, ხოლო მოგვიანებით 272 მგვტ-ით) სიმძლავრის თბოსადგური. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იგეგმება ენგურჰესის (რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემისათვის წარმოადგენს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილ და იაფ წყაროს) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც ქვეყნის ენერგოსისტემას მოაკლდება ელექტროენერგიის მძლავრი წყარო და საჭირო გახდება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება. ახალი თბოსადგურის არსებობის შემთხვევაში, ენგურჰესისაგან მიუღებელი ელექტროენერგიის შევსება/დაბალანსება შედარებით იოლად მოხდება“.

კორპორაციის განაცხადის მიხედვით, 2015 წელს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანიამ – შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაასრულა 230 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის („პირველი თბოსადგური“) მშენებლობა, რომელიც იმავე წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 2019 წლის ბოლოს კი დასრულდა ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოსადგურის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი განახორციელა ,,კორპორაციის“ შვილობილმა კომპანია შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2“-მა.

__________________________

მთავარი ფოტო: თბოსადგური გარდაბანში /ფოტო: შპს „გარდაბნის თბოსადგური“

 

აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იქ, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დღეს, 13 ნოემბერს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პოლიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, ხეებს შორის თოკის გაბმის საშუალებას არ აძლევდა, სადაც მათ იმ ოქმების ჩამოკიდება სურდათ, რომლებით, მათივე თქმით, გაყალბებულია.

„ათეულობით ოქმი მოვიტანეთ. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ოქმებია ძირითადად აქ წარმოდგენილი, ციხეზე დაიკარგა 45 ბიულეტენი, ასევე არის მეორე უბანი, სადაც 400 ბიულეტენი გაატანეს და აქაც 45 ბიულეტენი დაკარგულია.  ეს არის ოქმები, სადაც ნათლად ჩანს, სად რამდენი ხმა არის მოპარული „ქართული ოცნების“ მიერ,“- ამბობს გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც აქციაზე იმყოფება.

პოლიცია აქციის მონაწილებს მთავრობის შენობასთან თოკის გაბმის საშუალებას არ აძლევდა

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია კვირას ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არჩევნების შედეგების გამოქვეყნების დღიდან მართავენ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. აქ აქციის მონაწილეები ღამითაც რჩებიან.

„გაყალბებული ოქმები გამოვფინეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობასთან.

ქუთაისში 102 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

102 წლის ქალმა ქუთაისში კორონავირუსი დაამარცხა, ის ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას ხვალ კლინიკიდან გაწერენ.

102 წლის ქალი ორი კვირის წინ მოათავსეს კლინიკაში.

დღეს, 13 ნოემბერს, კორონავირუსით დაინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 37.

ქართველი პედაგოგები თვითშეფასებით უსწრებენ ფრანგ, ესტონელ და ფინელ კოლეგებს

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) სრული ვერსია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მასწავლებლების თვითშეფასების მაჩვენებელსაც ასახავს. კვლევა 2018 წლის პერიოდს მოიცავს და აჩვენებს, რომ ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაღალია.

ამ კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით საქართველო, მაგალითად, უტოლდება ინგლისს და მასთან ერთად TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის მე-14 პოზიციაზეა.

2013 წელს ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება 84.8 პროცენტი იყო, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 5.4 პროცენტით არის გაზრდილი. მაშინ, როცა, მაგალითად, საფრანგეთში, კვლევის ციკლში მასწავლებელთა თვითშეფასება 23 პროცენტით არის შემცირებული.

საქართველოს მასწავლებლების თვითშეფასება გაცილებით მაღალია, მაგალითად, იმ ქვეყნების მასწავლებლებთან შედარებით, როგორიცაა: ფინეთი, სინგაპური, იაპონია, კორეა და ესტონეთი.

ეს მაშინ, როცა კვლევის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ მოსწავლეების ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვას, ვიდრე ამას TALIS-ის საშუალო მასწავლებელი აკეთებს.

მასწავლებლები ასევე საშუალოდ შედარებით ცოტა დროს უთმობენ მოსწავლეების ნაშრომების გასწორებას, ზოგად ადმინისტრაციულ საქმიანობასა და მასწავლებლებთან ჯგუფებში მუშაობას. პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართვა, მშობლებთან და მეურვეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობაში ჩართვა (მაგალითად, სპორტი და კულტურული ღონისძიებები სკოლის შემდეგ), სხვა სამუშაო.

TALIS ინფოგრაფიკა

საქართველოში საგნის სწავლების ნაკლები თვითრწმენა მასწავლებელთა მხოლოდ 5 პროცენტს აქვს, ხოლო პედაგოგიკაში მოუმზადებლად თავს მხოლოდ 10 პროცენტი მიიჩნევს.

მასწავლებლად მუშაობის სტაჟის მიხედვით

საქართველო TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის კვლავ მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. საქართველოში ერთსა და იმავე სკოლაში მუშაობის საშუალო სტაჟი 2013 წელს 18 წელი იყო, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა 18.7.

საქართველოში მასწავლებლების ურთიერთშეფასება არასოდეს ხდება მხოლოდ 8 პროცენტის შემთხვევაში, მაშინ როდესაც TALIS-ში მონაწილე ქვეყნების მასწავლებელთა 36.7% ამბობს, რომ მასწავლებელთა ურთიერთშეფასებას მათი პრაქტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს.

საერთაშორისო კვლევა PISA 2018-ის მიხედვით, ტრადიციულად მაღალი მიღწევების მქონე ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებსა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (OECD ქვეყნებში) ეს მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებს. „შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებელთა ურთიერთშეფასებისა და უკუკავშირის საჭიროება ამ ქვეყნებში შედარებით ნაკლებად დგას და მასწავლებლების საქმიანობის ეფექტურობა და წარმატება უფრო მეტად ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობას და ურთიერთნდობას“, – წერია კვლევაში.

სტრესი სამუშაო ადგილზე

საქართველოს მასწავლებლების 4.9 პროცენტი ამბობს, რომ დიდ სტრესს განიცდის სამუშაო ადგილზე. დაახლოებით 44 პროცენტს კი სამსახურის გამო დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის.

საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დაახლოებით 5%-მდე მიიჩნევს, რომ სამსახური უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. „საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა სამსახურით უკმაყოფილება მაღალი არ არის, თუმცა მასწავლებელთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პედაგოგის სპეციალობა დაფასებული არ არის“.

___

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

შოთა არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას

გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს.

გადამწყვეტი და ისტორიული მატჩის წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა შეფასებები სხვადასხვაგვარი იყო. საკუთარ დამოკიდებულებაზე შოთა არველაძეც წერს სოციალურ ქსელში:

„შეხვედრა “დინამო არენაზე”, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გულშემატკვირთა გარეშე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათის შემდეგ გარეთ გადაადგილება აკრძალულია, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ფეხბურთელებს “დინამო არენასთან” ქომაგობდნენ.

ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს”, – წერს ყოფილი ფეხბურთელი.

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური მეტრი წიაღისეულის [ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება] მოპოვების უფლება აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, ამავე კომპანიას კიდევ აქვს მოქმედი ლიცენზია, რომლითაც ახალი კარიერის მახლობლად რამდენიმე წელია მოიპოვებს წიაღისეულს. ეს კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

აუქციონის პირობების თანახმად, კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განახორციელოს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით; უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით.

კომპანია ასევე ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:

  • ობიექტის ექსპლოატაციის პერიოდში მოხსნილი ფუჭი ქანი დასაწყობდეს, რათა გამოირიცხოს მისი ჩაყრა მდინარის ხეობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მდინარის შეგუბება და ასევე ქვათაცვენისა და ღვარცოფული პროცესების განვითარება.
  • ობიექტის ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით დამუშავების შემთხვევაში შერჩეული უნდა იქნას მუხტების ოპტიმალური სიდიდე, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს აფეთქებისაგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა);
  • ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

კომპანიამ ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

აუქციონის პირობის მიხედვით, „ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს [ასეთის არსებობის შემთხვევაში] უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება“.

აღსანიშნავია, რომ სოფელ დოლოგანთან, იქ, სადაც შპს „რასე“ წიაღისეულს უკვე მოიპოვებს, რამდენჯერმე ჩამოწვა მეწყერი, მაგალითად, 2015 წელს მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა და არსებობდა დასახლებული ტერიტორიის დატბორვის საშიშროება.

ტერიტორია, სადაც წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა, სოფელ დოლოგანთან და სოფელ ჭინკაძეებთან მდებარეობს / ფოტო: აუქციონიდან

სოფელ დოლოგანთან ახლოს ერთ-ერთ კარიერზე [სოფელ ჭინკაძეებთან] 2018 წელს კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭი დაიღუპა. წიაღისეულს აქ შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ მოიპოვებდა.

სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი] კი, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ფიზიკურმა პირმა ლევან ხოზრევანიძემ 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ამ ლიცენზიანტს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადრე გვითხრეს, რომ იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია.

ამ თემაზე:

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

Exit mobile version