მთავარი,სიახლეები

მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

16.11.2020 • 1999
მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

კორონავირუსის პანდემიამ, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა წარმოქმნა. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ, მათ შორის არიან ლგბტ თემის წევრებიც. მათი დიდი ნაწილისთვის უსახლკარობა და სიღარიბე ყოველდღიურობის ნაწილია – უმრავლესობა ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა დარჩა.

“ჩვენმა სახელმწიფომ ამ პანდემიურ კრიზისში ვერ მოახერხა ვერც ერთი სოციალური ჯგუფის დაცვა კრიზისის მავნე შედეგებისგან, მათ შორის, არის ლგბტ ჯგუფი. თემის ძალიან ბევრმა წევრმა დაკარგა სამსახური, რომელიც ამ ჯგუფის დიდი ნაწილისთვის იყო ერთადერთი შემოსავალი: ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი ჰომოფობიური და ტრანსფობიური ფონის გამო, ბევრ ლგბტ ადამიანს არ აქვს არავითარი ოჯახური და ნათესაური მხარდაჭერა და ისინი, სრულიად მარტო, საკუთარი თავის ამარა აღმოჩნდნენ მიტოვებულები”, – ამბობს მარიამ ქაჯაია, სათემო ორგანიზაცია “იდენტობას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი.

პანდემიის და განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში მთავარი საჭიროებები, რაც ლგბტ თემის წევრებისთვის გამოიკვეთა, იყო თავშესაფარი და საკვები, მედიკამენტები და ძალადობისგან დაცვა. “ლგბტ თემის წევრებს ისედაც ძალიან უჭირთ ცხოვრება იმ ჰომოფობიური და ტრანსფობიური ფონის გამო, რაც დღეს გვაქვს – ოჯახებში, სამსახურებში, ვიწრო თემსა თუ მთელ ქვეყნაში. ამ ადამიანების უმრავლესობას ოჯახში აქვს ძალადობრივი გარემო, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმა. კარანტინის დროს ადამიანებს მოუწიათ და უწევთ ასეთ ფსიქოლოგიურად მოძალადე ოჯახურ სივიწროვეში ცხოვრება. როდესაც მხარდამჭერთა წრესთან კომუნიკაციაც გაიშვიათებულია, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ პრობლემებზე”, – ამბობს მარიამ ქაჯაია.

პანდემიის პირობებში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობა, რომლებიც თავს ძირითადად სექსსამუშაოთი ირჩენენ, ახლა კი ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ვეღარ მუშაობენ და შესაბამისად ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, ქუჩაში დარჩენის რისკის წინაშე დგანან.

პანდემიის პირველი ტალღისას, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში სათემო ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ აქტივისტების დახმარებით ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი შექმნეს. შეგროვებული თანხა თანაბრად გადაუნაწილეს ტრანსგენდერ ადამიანებს, ბინის ქირის, პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების დასაფარად, თუმცა პრობლემის სრულად მოსაგვარებლად ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა. სათემო ორგანიზაციები ახლაც ჩართული არიან ტრანსადამიანებისთვის თანხისა თუ სხვა საჭირო დახმარების მობილიზებასა და განაწილებაში. სახელმწიფო კი ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებს კვლავ უყურადღებოდ ტოვებს.

“სწორედ აქ უნდა გამოეჩინა სახელმწიფოს თავისი უნარები (თუკი მას ასეთი საერთოდ გააჩნია), რომ განესაზღვრა ის ჯგუფები, სადაც მისი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ადამიანები იყვნენ მიტოვებულები სამოქალაქო ინიციატივების ამარა, ურთიერთმხარდაჭერის იმედად, რაც საკმარისი ვერაფრით იქნებოდა. თემი დიდია. ჩვენც არ ვიცნობთ ყველას, ამიტომაც დაუშვებელია ადამიანები დარჩნენ ერთეული ორგანიზაციების თუ საზოგადოების კეთილი ნების იმედად და ეს იყოს  ნორმა”, – ამბობს მარიამ ქაჯაია.

ტრანსგენდერი ადამიანები პანდემიის მეორე ტალღის დროს გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ვიდრე პირველი ტალღისას. ტრანსგენდერი ქალები ერთად ქირაობენ საცხოვრებელს, შეძლებისდაგვარად იზიარებენ ყველა რესურსს, რაც გააჩნიათ და კვლავ სხვებისგან დახმარების იმედად არიან. “ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ პანდემიის გამო, თავიდან კიდევ იყო საშუალება მუშაობის, სხვათა შორის, კარანტინის დროსაც, ახლა ისეთი სიტუაციაა, საერთოდ არ არის არაფერი. ვრისკავდი, რადგან ფული აუცილებლად უნდა მეშოვნა, ალიმენტი მაქვს გადასახდელი. ვიცი, რომ არსებობს ეს ვირუსი, ვიცი, რომ არის საშიშროება, მაგრამ რას ვიზამ,” – ამბობს ანასტასია, ტრანსგენდერი ქალი ბათუმიდან, რომელიც უკვე ორი წელია სექსსამუშაოშია ჩართული.

ტრანსგენდერი ქალების ნაწილი სექსსამუშაოთი ირჩენს თავს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს მათი არჩევანი არ არის. ანასტასია ამბობს, რომ უმუშევრად ვერ გაჩერდება, მაგრამ მისი გენდერული თვითაღქმისა და გამოხატვის გამო ჩვეულებრივ სამსახურებში არ ამუშავებენ. “მე რომ შემეძლოს ასე, ქალის ფორმით სადმე მუშაობა, ვიმუშავებდი სხვა სამსახურში, ვიქნებოდი უფლებადამცველი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ან ჩავიცვამდი კანონდამცველის ფორმას და შევასრულებდი ჩემს საქმეს, შესაბამისი განათლებაც მაქვს. არიან ადამიანები, ვისაც სურს, რომ იყოს ექიმი, ან კიდევ სხვა, მაგრამ ჩვენნაირებს, ტრანსგენდერებს, არ გვამუშავებენ იქ, სადაც გვინდა. მიმტანად რომ მინდოდა მუშაობა ზაფხულში, არ მიმიღეს. არ ვიტყვი, რომ გარეგნობის გამო, მაგრამ იყო იქ ერთი ადამიანი, ვინც იცოდა ჩემი სიტუაცია. ზიზღია ერთგვარი,” – ამბობს ის.

“ტრანსგენდერი ქალი ნიშნავს, რომ ქალი ხარ, ქალად გრძნობ თავს, მაგრამ სხვები არ გხედავენ ასე, ყველას აქვს აგრესია. ქალობას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში და მე სხვა სამსახურებიც მქონდა, მაგრამ ამ ფორმით არ გამოდის. მე კი ბანკის ვალები მქონდა, ავადმყოფი მამა მყავდა, დედაც ასაკოვანი, რა გამეკეთებინა, მოპარვას მერჩივნა როგორც იქნებოდა ისე მეშრომა და გადამეხადა ყველაფერი. რვა წელი სრულდება, რაც სექსსამუშაოში ვარ ჩართული. თბილისში დაიწყო ყველაფერი… სანამ მშობლები გაიგებდნენ… თუმცა დედა მაინც ყველაფერს ხვდებოდა ყოველთვის. მამა ისე წავიდა, ვერაფერი გაიგო. დედა სულ გვერდში მიდგას, “შენი ცხოვრება შენია, უვარგისი ხარ თუ კარგი ხარ, ჩემი ხარ და მინდიხარო” მითხრა. ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება არის საფრთხე ყოველდღიურად, როდის სად რა მოხდება, არავინ ვიცით, ქუჩაში გადიხარ თუ სახლში – დაცული არასოდეს ხარ, როცა ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არავისზე ნაკლები მეგობრობა და გვერდში დგომა არ ვიცით,” – ამბობს მარი. – “პანდემიამ ძალიან იმოქმედა ყველა ჩვენგანის ყოველდღიურ სარჩოზე, არა მარტო ტრანსგენდერებს და სექსმუშაკებს, ყველას ხელი შეუშალა, გაჩერდა ყველაფერი… ახლაც იგივე ხდება, დავრჩით ზოგი უბინაოდ, მეგობრების ანაბარად. ეს ძალიან დიდი სტრესია, მაინც გეფიქრება – რა იქნება ხვალ…”

ტრანსგენდერი ქალი, ირინკაც რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და სექსსამუშაოთი ირჩენს თავს. ამბობს, რომ პანდემიის გამო ძალიან საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – სახელმწიფოსგან დახმარება ვერ მიიღეს და თავის რჩენის მთავარი წყაროც შეუწყდათ. “პანდემიის დროს კლიენტები ისეც ერიდებოდნენ მოსვლას კორონას შიშით, მაგრამ კარანტინის დროს საერთოდ ვერ ვახერხებდით მუშაობას, რადგან ჩვენთან კლიენტები ძირითადად ღამით მოდიან, რადგან არ უნდათ სხვებმა დაინახონ. ბინის ქირაში 500 ლარს ვიხდი, ბანკის ვალი 400 ლარი მაქვს ყოველთვიურად გადასახდელი, საჭმლის ფულიც ხომ გვინდა სხვა თუ არაფერი… ხარჯი ძალიან ბევრია, მაგრამ შემოსავალი რომ არ არის, ეს არის ყველაზე რთული. სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ ყოფილა, არასამთავრობოსგან მივიღეთ ბინის ქირა და საკვების სახით დახმარება, მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო,” – ამბობს ის.

პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთავრობის განცხადებებში ლგბტ თემის საჭიროებები არცერთხელ გაჟღერებულა და მხოლოდ სათემო ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ  მათ ნაწილს – სოციალურად დაუცველებს, დახმარების სახით, საკვები კალათები დაურიგეს. “სახელმწიფოსგან თითქმის არავითარი დახმარება არ მიუღიათ თემის წევრებს, თუ არ ჩავთვლით მთავრობის აპარატის ინიციატივას, თბილისში ერთჯერადად საკვები კალათები დაერიგებინა თემის წევრებისთვის. თუმცა სახელმწიფო იმდენად ბრმაა ამ ჯგუფის საჭიროებების მიმართ და იმდენად ზედაპირული, რომ საერთოდაც დაავიწყდა, რომ თემის წევრები მხოლოდ თბილისში არ ცხოვრობენ, რეგიონებშიც ცხოვრობენ და ამ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება,” – ამბობს მარიამ ქაჯაია.

თანასწორობის მოძრაობის პროექტების ხელმძღვანელი ალა პარუნოვა ამბობს, რომ მთავრობამ უკეთ უნდა განსაზღვროს ყველა სოციალური ჯგუფის, მათ შორის, ლგბტ თემის საჭიროებები იმისთვის, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს არა ერთჯერადად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში: “პანდემიის დროს, ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ლგბტ თემის წევრები, როგორც ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა. თემის წევრების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, რომ ბევრი მათგანი და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანები, დასაქმებული არიან არაფორმალურ სამსახურებში (ტრანსგენდერი ქალების შემთხვევაშ ეს ხშრად არის სექსსამუშაო), შესაბამისად, ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სახელმწიფომ დაგეგმა და ახორციელებს, არ მოიცავს თემის წევრების უდიდეს ნაწილს იქედან გამომდინარე, რომ მათი უმრავლესობა ან თვითდასაქმებულია, ან დასაქმებულია ისეთ სფეროში, სადაც ვერ ამტკიცებს თავის სტატუსს, ამიტომ თემის დიდი ნაწილი დარჩა იმ სერვისების გარეშე, რაც სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით იყო გათვლილი. აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იმისთვის, რომ ასახოს მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უნდა აღმოიფხვრას ზუსტად ის ჩავარდნები, რაც იყო პირველი ტალღის დროს და რამაც გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა დახმარების გარეშე. ასევე, უნდა იყოს გათვალისწინებული მოწყვლადი ჯგუფის სპეციფიური გამოცდილება, რეალობა და საჭიროებები,” – ამბობს ის.

“ჰომოფობიური და ტრანსფობიური გარემო აუარესებს ლგბტ თემის მდგომარეობას კრიზისების დროს. მაგალითად, თემის წევრებს ნაკლები მხარდაჭერა აქვთ ოჯახის წევრებისგან ან კარანტინის დროს ოჯახური ძალადობის ატანა უწევთ, რადგანაც ვერსად მიდიან. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ პროაქტიული მუშაობაა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სიძულვილის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე, ასევე, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე” – ალა პარუნოვა.

ლგბტ ადამიანების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების გარდა, რომელიც უშუალოდ კრიზისის საპასუხოდ არის მიმართული, სახელმწიფომ ამ პრობლემების გამომწვევი საფუძვლების აღმოფხვრაზე უნდა იფიქროს, – ამბობს მარიამ ქაჯაია: “კრიზისების დროს მოწყვლადი ჯგუფები რჩებიან განწირულები, ამისთვის საჭიროა პროაქტიული მუშაობა ერთი – სიძულვილის ფონის შესამცირებლად, გენდერული და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და მეორე, – სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება, დაინახოს ადამიანები, დაინახოს მათი პრობლემები, სხვაგვარად ეს პრობლემები გადაუჭრელი დარჩება”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: