მთავარი,სიახლეები

არ დასტურდება, რომ ბათუმელი ექიმი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

14.11.2020
არ დასტურდება, რომ ბათუმელი ექიმი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმში კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმელი ოჯახის ექიმი, ნინო დიასამიძე, ამბობს, რომ სწრაფი ტესტი, რომლითაც პირველ შემთხვევაში კოვიდი დაუდასტურდა, ცრუ დადებითი იყო.

„ექიმი ვარ, პერიოდულად ვიტესტებოდით ექიმები კოვიდზე. დაახლოებით თვენახევრის წინ სწრაფი ტესტი გამიკეთდა, აღმოჩნდა, რომ ვიყავი დადებითი. რა თქმა უნდა, მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში და 12 დღე ვიყავი სახლში.

ამ ამბიდან თვენახევრის შემდეგ ჩემს მეუღლეს დაუფიქსირდა ტემპერატურა. დაკარგა ყნოსვის და გემოს შეგრძნება. გაიტესტა, აღმოჩნდა დადებითი. მეუღლის ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 11 ნოემბერს, მომცა სიცხე, დავკარგე ყნოსვა მეც. ჩავიტარე PCR ტესტი და აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებული,“ – უთხრა ნინო დიასამიძემ „ბათუმელებს“.

ექიმის თქმით, პირველი შემთხვევა, როდესაც სწრაფმა ტესტმა კოვიდზე დადებითი უჩვენა, ოქტომბრის დასაწყისში იყო.

„პირველად არანაირი სიმპტომი არ მქონდა საერთოდ. ახლა დამეწყო რეალური სიმპტომები. რაც ნიშნავს იმას, რომ მაშინ ჩემი ტესტის პასუხი იყო ცრუ დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ვიყავით ყველა და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია ვირუსი იმ პერიოდში. ახლა კიდევ ოჯახის ხუთივე წევრს კოვიდი გვაქვს.

მე, როგორც ექიმმა, ბოლომდე მივსდიე ამ ამბავს. გავიკეთე ყველა საჭირო კვლევა და არ აღმომაჩნდა ანტისხეულები. პირველ შემთხვევაში კოვიდი რომ მქონოდა, ახლა ანტისხეულები მექნებოდა. ამასთან, გავიკეთე ორჯერ PCR ტესტი. ყველა კვლევით ვლინდება, რომ წინა შემთხვევა იყო ცრუ დადებითი და რეალურად არ მქონია კოვიდი. ამიტომ მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა – რეინფიცირება გამორიცხულია,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ოქტომბრის დასაწყისში გაკეთებული სწრაფი ტესტის პასუხი გადააკონტროლა თუ არა  PCR ტესტით, ექიმი ამბობს, რომ  არა.

„არა, საკონტროლო ტესტი არ გამიკეთებია. მაშინ ვენდე სწრაფი ტესტის პასუხს და უბრალოდ გადავედით თვითიზოლაციაში. 12 დღის შემდეგ გავიკეთე PCR ტესტი და იმან აჩვენა, რომ არ მქონდა. ასევე, ის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველად გავიკეთე, არ იყო ანტიგენზე დაფუძნებული, ამიტომ ცდომილების კიდევ უფრო დიდი შანსი იყო. უბრალოდ მაშინ ბუმი იყო, უამრავ პაციენტთან მიწევდა შეხება, სასწრაფოდ გავერიდე და წავედი თვითიზოლაციაში.

ძალიან მინდა დამშვიდდეს მოსახლეობა. ისედაც პანიკაა. ყველა ახლობელი დავამშვიდე, ყველას ვუთხარი, რომ არ არის პანიკის საფუძველი და არ ყოფილა რეინფიცირება,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: