მთავარი,სიახლეები

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

15.11.2020 • 2096
„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“

აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აგრძელებს ბრძოლას, თუმცა გუნდი არ აპირებს ცალკეულ, „პარტიულ ღონისძიებაში“ მონაწილეობას.

„ლელოს“ გუნდმა დატოვა აქცია იმის გამო, რომ ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად, „მიშა ჩამოდი“ შეძახილები, მიშა, როგორც თითქოს მთავარი წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიცური ერთობისა, არ არსებობს, ეს არის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანებით, მაგრამ ორი ძირითადი საკითხის გარშემო“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება ორ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის: ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და ცესკოს ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა.

„არ ვაპირებთ პარტიულ აქციებში და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი, რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს. ჩვენი მთავარი მიზანია შევქნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული, ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს და ეს პრინციპი შეთანხმებული ოპოზიციური პარტიების მიერ.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლება ივანიშვილის მარწუხებისგან და თამარ ჟვანიას გავლენებისგან.

სხვა დამატებითი მოთხოვნები, „მიშა ჩამოდი“ და ასე შემდეგ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი.

…ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ოპოზიციურ ერთობასთან ერთად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს, ეს არის მიუღებელი,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ლელო“ მზად არის ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებაზე და იმ აქციებში მონაწილეობაზე, რომელიც იქნება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაზე დამყარებული და პოზიციური ერთობა შეიძლება დააზარალოს მხოლოდ ერთმა მიდგომამ – „როცა რიგი პარტიები ცდილობენ თავის ორბიტაზე ცდილობენ ამ პროცესის გადაყვანას. ეს ვერ იქნება პარტიული, ეს უნდა იყოს საყოველთაო ბრძოლა, სადაც ჩართულია ყველა პარტია“, – აღნიშნა მან.

„ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც იქნება პარტიების მიერ დაყენებული თვითნებურად, იქნება ჩვენთვის მიუღებელი, პრინციპულად გამოვალთ და ვიტყვით ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ არავის უნდა გაუკვირდეს ოპოზიციური პარტიების აქციებზე შეძახილები „მიშა“ და „მიშა ჩამოდი“, რადგან მიხეილ სააკაშვილმა „დამოუკიდებელი სახელწიფო შექმნა“.

„კი ბატონო, ერთად დგომა, კი ბატონო, დაყვავება, მაგრამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ ყველამ.  …დღეს არ არის „ეს მომწონს – ის მომწონს“ გარჩევის ვითარება. ჩვენ, ასობით ათას ქართველს, ყველას ერთად გვიყვარს საქართველო, მაგრამ ჩვენ, კონკრეტულად ვინც ვართ „ნაციონალური მოძრაობის წევრები“, პატივს ვცემთ და გვიყვარს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი და ის უნდა ჩამოვიდეს,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამავე თემაზე: 

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: