აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დღეს, 21 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში აჭარაში ამომრჩეველთა 30,27% -მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, სულ 73 833-მა ამომრჩეველმა.
არჩევნების მეორე ტური აჭარაში ორ ოლქში მიმდინარეობდა.
№28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, უსკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა – ამომრჩეველთა 24,35 პროცენტმა. ბათუმის №28 ოლქში 147 291 ამომრჩეველია.
პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, ბათუმის ოლქში აქტივობა 55,15 % იყო.
უსკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში – 52,08 %; ხოლო ყველაზე მცირე – ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში – 24,35%.
კენჭისყრის პროცესი უკვე დასრულდა და ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“, რაზეც ევროსასამართლომ ორი დღის წინ დაადგინა, რომ დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, [მიუხედავად იმისა, რომ როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა], არჩევნების დღეს ასეთი თემების წამოწევა მმართველი პარტიის დისკრედიტაციას ემსახურება. მისი თქმით, აქვს თუ არა რაიმე შემხებლობა ამ საქმესთან რესან კონცელიძეს – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტში, ეს მომავალში გაირკვევა.
„რამდენადაც ვიცი, ბატონმა რესანმა ამ საკითხზე დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რა შემხებლობაში იყო, ან საერთოდ თუ იყო. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიპასუხებთ, თუკი კიდევ არსებობს რაიმე კითხვები ამ ქეისის ირგვლივ.
ეს საქმე და სხვებიც, არის ზეიმი სამართლიანობის და პასუხისმგებლობის ნაწილში, ყველას, როგორც წარსულში ასევე მომავალში დაეკისრება პასუხისმგებლობა. მაგრამ, უმჯობესია წინასაარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს, რადგან ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა არჩევნების დღის დისკრედიტაციის, მათ შორის ამ კონკრეტული ქეისის მოყვანა“, – განაცხადა რიჟვაძე.
შეგახსენებთ, რომ 23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. ფოტომასალების მიხედვით, შავაძე წამებით მოკლეს. როინ შავაძის საქმის გამოძიება თავის დროზე აჭარის პოლიციამ დაიწყო, სადაც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა რესან კონცელიძეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ამ მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, 2020 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“.
დღეს, 21 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დაკეტვამდე 1 საათით ადრე ხმაური იყო ბათუმის მერიასთან.
ოპოზიციური მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრები საპროტესტო სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რა დროსაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათი დაჯარიმება სცადეს.
„იმოქმედეს“ ერთ-ერთი წევრის, ბექა მექვაბიშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა მათ ერთ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
„იმოქმედეს“ კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი დუმბაძე კი ამბობს, რომ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, თენგიზ მესხიძემ მისთვის სტიკერების წართმევა სცადა.
„სტიკერებს ვაკრავდით, რა დროსაც მოვიდა ვიღაც კაცი, ფორმა არ ეცვა და სცადა სტიკერების წართმევა. მერე დაიწყო ვიდეოს გადაღება და დაგვემუქრა, ამ ვიდეოს გადავაგზავნი სადაც საჭიროა და ყველას ჯარიმების მოგივათო, ” – ამბობს გიორგი დუმბაძე.
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე თენგიზ მესხიძე ამბობს, რომ მან და მისმა თანამშრომლებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს.
„15 წუთიანი ვიდეო მაქვს გადაღებული. ყველაფერი არის ამ ვიდეოზე. ამას გადავაგზავნი სასამართლოში, მივაწვდი პოლიციასაც და იქ არის ყველაფერი, ვინ ვისზე ძალადობდა და ვინ იტყუება. სტიკერები, რომელიც გააკრეს, სანდასუფთავებას ჩამოვახსნევინეთ. ჩვენი აქ ყოფნის დროს ისევ მოვიდნენ და აკრავდნენ, მოვუწოდეთ წესრიგის დაცვისკენ. მაინც გააკრეს. ამის შემდეგ დავაფიქსირეთ ფაქტი და შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი,”- ამბობს თენგიზ მესხიძე.
„იმოქმედეს“ აქტივისტებმა სტიკერები წარწერით – „არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე“, ბათუმის მერიის წინ მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე გააკრეს.
საპროტესტო სტიკერები
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლება უკანონოდ უსმენს. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს.
კერძოდ, „ალტერნატივამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციაა, დღეს, 21 ნოემბერს, გამოაქვეყნა საარჩევნო ბიულეტენები წარწერით: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“.
ფოტო: „ალტერნატივა“
წარწერებიანი ბიულეტენების ფეისბუქზე გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თბილისში ბრიფინგი გამართა და იმ ადამიანების ვინაობა დაასახელა, ვინც ბიულეტენებზე წარწერები გააკეთა.
„გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მინდა დავასახელო ის ადამიანები, ვისაც სთხოვა აჭარის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე. ესენი არიან, ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე და ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ მითხრეს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხათუნა ბერიძის თქმით, მდინარაძის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს უთვალთვალებს.
„ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება გვისმენს, რადგან თუ ეს ამბავი გაიშიფრებოდა, ეს იქნებოდა ამის მტკიცებულება“- ამბობს ხათუნა ბერიძე.
მისი თქმით, ექსპერიმენტი შემდეგ რამეს ითვალისწინებდა:
„უნდა დაეწერათ ორი ერთნაირი ტექსტი ბიულეტენზე და გამოეგზავნათ ჩემთვის ფეისბუკში. თუ ეს ინფორმაცია გაჟღერდებოდა და იტყოდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებდით ამას, ნათელი იქნებოდა, რომ გვისმენდნენ.
ბევრი ადამიანი არ ჩაგვირთავს, რადგან უფრო მარტივი ყოფილიყო სიტუაციის კონტროლი, ამიტომ წარწერები სამ ადამიანს უნდა გაეკეთებინა, გადაეღო ფოტო და გამოეგზავნა ჩემთვის“-ამბობს ხათუნა ბერიძე.
ხათუნა ბერიძის თქმით, აღნიშნული წარწერები ბიულეტინზე მიზანმიმართულად, იმის გასარკვევად გააკეთეს, უსმენდა თუ არა „ქართული ოცნება“ მათ.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ ზუსტად ის ადამიანები დაასახელა ბრიფინგზე, ვისაც მათ სთხოვეს ამ წარწერების გაკეთება. „ესენი იყვნენ ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე და იანა ზაიცევა. თუ არ გვისმენენ, საიდან გაიგეს სახელები“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.
ხათუნა ბერიძე მიიჩნევს, რომ უშიშროების სამსახურები მის სოციალურ ქსელებსაც აკონტროლებენ და ტელეფონსაც. მისი თქმით, ფარული მოსმენების გარეშე, აღნიშნული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებამდე ვერანაირად ვერ მივიდოდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაიდოს პედაგოგების საგნობრივი გამოცდები, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო. საბოლოო გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, სმს-ს შეტყობინება უკვე დაუგზავნეს გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, დამკვირვებლებსა და კურატორებს, ვისთანაც ყოველწლიურად თანამშრომლობს ცენტრი.
თუმცა, როგორც ცენტრში ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცდების გაუქმებაზე უნდა მიიღოს საქართველოს განათლების სამინისტრომ. „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ გამოცდების ცენტრში.
საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ონლაინ ტარდება. კინოფესტივალი მაყურებლებს ფოტოკონკურსში – #biaffathome სთავაზობს მონაწილეობას.
კონკურსანტმა უნდა გაგზავნოს ფოტო კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე(მესიჯის სახით) ან ელ.ფოსტაზე – biaffbatumi@gmail.com. ფოტოს უნდა მიეთითოს ფოტოს ავტორის სახელი და ფეისბუქპროფილის გვერდი [იოლად დასაკავშირებლად].
ფოტო დაკავშირებული უნდა იყოს BIAFF კინოფესტივალის ციფრულფორმატთან, ანუ ფოტო ასახავდეს პროცესს, თუ როგორ უყურებენ ფილმს მაყურებლები – იქნება ეს სახლში, მეგობრებთან თუ სხვა გარემოში. ასევე, ფოტოზე შეიძლება გამოყენებული იყოს BIAFF-ის ატრიბუტიკაც [ლოგო, მაისური და ა.შ.].
კონკურში მონაწილე ფოტო გამოქვეყნდება ბათუმის კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე ფოტოკონკურსისთვის შექმნილ ცალკე ფოტო ალბომში, ჰეშთეგით – #biaffathome. შემდეგ კი ამ ფოტოალბომში გამოქვეყნებული ფოტო [და არა პროფილზე ცალკე ატვირთული] შეიძლება გააზიაროთ თქვენს ფეისბუქპროფილზე იგივე ჰეშთეგით – #biaffathome. ფოტოს „მოწონება“/LIKE უნდა მოხდეს უშუალოდ კინოფესტივალის ფოტოალბომში დადებულ ფოტოზე.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია 25 ნოემბრის ჩათვლით.
გამარჯვებული გამოცხადება 28 ნოემბერს.
ფოტოკონკურსში ორი პრიზი გაიცემა.
აუდიტორიის პრიზი გამოვლინდება ე.წ. LIKE-ებით. ანუ გამარჯვებული იქნება ფოტო, რომელიც მეტ მოწონებას, LIKE-ს დააგროვებს.
BIAFF-ისპრიზი – კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ არჩეული ერთი ფოტო.
კინოფესტივალის ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
2021 წლის კინოფესტივალზე დასწრების პაკეტი – ორკაციანი სასტუმრო ნომერი (4 ღამით). ეს პრიზი არის განკუთვნილი არაბათუმელი მონაწილეებისთვის.
ფოტოკონკურსის ბათუმელი მონაწილის შემთხვევაში პრიზი პარფიუმერიის მაღაზიის 150-ლარიანი ვაუჩერია.
ასევე, ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჩანთა, მაისური და პირბადე [წლევანდელი, და, ასევე 2021 წლის ფესტივალის] და BIAFF 20201 კინოფესტივალის – გახსნა-დახურვის ცერემონიის 2-კაციანი და ფესტივალის დახურვის წვეულების 2-კაციანი მოსაწვევი.
ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანი ნებული შაშიკაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა.
„ამომრჩეველმა ხმა მისცა უბანზე და გარეთ როცა გავიდა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დახმარება ვეღარ მოასწრეს, უცებ გარდაიცვალა“, – ამბობს კომისიის მდივანი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. გარდაცვლილი ამომრჩეველი დაახლოებით 60 წლის კაცია.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, 15 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ორ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, ჯამში 18,73 პროცენტია.
უსკოს ცნობით, ბათუმის #28 ოლქში 15 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 15,25%-მა, სულ 22 452 -მა ამომრჩეველმა.
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქში კი, უსკოს ცნობით, 15 საათის მონაცემებით ხმა მისცა ამომრჩევლების 24,02%-მა, სულ 23 229 ამომრჩეველმა.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში საუბნო კომისიები ბათუმში არასრული შემადგენლობით მუშაობენ. გარდა იმისა, რომ კვალიფიციურმა ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიებიდან პროტესტის ნიშნად გაითხოვეს მათი წარმომადგენლები, საარჩევნო კომისიებს წევრები ავადმყოფობის გამოც გამოაკლდათ.
ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო ერთი ან ორი წევრი თითქმის ყველა საუბნო-საარჩევნო კომისიას აკლია.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს გაერთიანებული ოპოზიცია, შესაბამისად კომისიებს გამოაკლდათ წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“, რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, ისინი უბანზე მუშაობას აგრძელებენ.
შესაბამისად, დღეს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურს უმეტესწილად ცხრა ან რვაწევრიანი კომისიები ატარებენ, მათგან ექვსი საარჩევნო ოლქის შერჩეული პირია, სამი წევრი – „ოცნებიდან“ და ერთიც – „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. კომისიის ერთი ან ორი წევრი ავადმყოფობის გამო ვერ მუშაობს.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, ბიულეტენზე ოპოზიციის კანდიდატებიცაა წარმოდგენილი.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
რამაზ სეფერთელაძე ბათუმის #63-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია.
დღეს, 21 ნოემბერს, ის თავის 85-ე დაბადების დღეს საარჩევნო უბანზე ხვდება, მას ყუთის დაცვა ევალება.
რამაზ სეფერთელაძეს ამავე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
იგი არჩევნებზე კომუნისტების დროიდან მუშაობს, მაშინ როცა არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა, მაგრამ „ახლა სხვა დროაო“ – ამბობს.
რამაზ სეფერთელაძე ამბობს, რომ აგიტატორები კომუნისტებსაც ჰყავდათ: „ახლა რომ კოორდინატორები ქვია, მაშინ აგიტატორები იყვნენ, დადიოდნენ და აგიტაციას ატარებდნენ, რომ ხალხი მოსულიყო არჩევნებზე“.
რამაზ სეფერთელაძე
რამაზ სეფერთელაძეს დღესაც უდევს ბლოკნოტი ჯიბეში, სადაც ციფრები ჯერ კიდევ პირველი ტურის მიმდინარეობისას მოინიშნა. ამბობს, რომ დღეს აქტივობა ძალიან დაბალია: „პირველ ტურში აქ ათი საათისთვის 100 ამომრჩეველი იყო მისული, დღეს 43 მოვიდა“.
დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ხულოში, სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად კვლავ არ მიდის არჩევნებზე.
ამ ორ სოფელში ამომრჩევლებმა არც პირველ ტურში არ მიიღეს მონაწილეობა.
როგორც სოფელ წაბლანას კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო შანთაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა. წაბლანაში 600 ამომრჩეველია.
„მხოლოდ კომისიის წევრებმა მივეცით ხმა. ჯერ ერთი ამომრჩეველიც არ მოსულა უბანზე“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე უარი თქვეს წაბლანას მეზობელ სოფელში, წაბლიანში მცხოვრებმა ადამიანებმაც, სადაც 300 ამომრჩეველია. აქ საარჩევნო უბანი პირველ ტურშიც ცარიელი იყო და მეორე ტურშიც იგივე მდგომარეობაა.
სოფლის მოსახლეობის პროტესტი ხელისუფლების გულგრილობას უკავშირდება. სოფელ წაბლანაში 1989 წელს მეწყერი ჩამოწვა და 19 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა წაბლანელებს, რომ მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე იზრუნებდა.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, მთავრობამ ეს პირობა ნაწილობრივ შეასრულა, რადგან ერთი კორპუსი, რომელიც ააშენა, არ გაარემონტა. მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია კანონის შესაბამისად [ისე, როგორც დევნილების შემთხვევაში] მათთვის გადაცემული ბინებიც გაარემონტოს.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, დილის 12 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ორ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, ჯამში 8,58 პროცენტია.
ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო სამი არჩევნების 12 საათის მონაცემებთან შედარებით.
მაგალითისთვის, 31 ოქტომბრის [პირველი ტური] არჩევნებზე დღის 12 საათზე ხმა სამივე ოლქში უკვე მიცემული ჰქონდა ამომრჩევლის 17,76 პროცენტს. 2016 წლის არჩევნებზე [პირველი ტური] – 19, 35 პროცენტს, 20016 წლის არჩევნების მეორე ტურზე კი – 20,47 პროცენტს.
დღეს, 21 ნოემბერს, ყველაზე დაბალი აქტივობაა ბათუმში, სადაც 12 საათის მონაცემებით ხმა მისცა 7,14%-მა, სულ 10 504 -მა ამომრჩეველმა.
შედარებით მაღალი აქტივობა კი ქედის ოლქშია, სადაც – 13, 17%-მა, სულ 2067 ამომრჩეველმა მისცა ხმა დღის 12 საათის მონაცემებით.
არჩევნების მეორე ტური ბათუმის საარჩევნო უბანზე. ფოტო: „ბათუმელები“
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
_____________
ფოტოზე: არჩევნები ბათუმის #76 უბანზე. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა საჯარო სივრცეში, მე-12 კლასელმა კობა ჟღენტმა შექმნა. აპლიკაციას უკვე 14 500 გამომწერი ჰყავს და პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში, აპლიკაციით უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც დაინტერესდნენ. როგორც კობა გვეუბნება, აპლიკაციის შექმნას თითქმის მთელი წელი დასჭირდა. ახლა ის ჰაგიოგრაფიის ნაწილზე მუშაობს.
„ზოგადად, ძველი ქართულის გაგება არა მარტო სკოლაში, უნივერსიტეტშიც კი უჭირთ ხოლმე, ამიტომ ეს აპლიკაცია ეხმარება ადამიანს უკეთ გაიგოს ცალკეული სტროფის შინაარსი. აპლიკაციაში, პირველ მთავარ გვერდზე მოცემულია „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი ტექსტი, თუ მკითხველს უჭირს შინაარსის გაგება, გაასრიალებს და მიიღებს ტექსტის ადაპტირებულ ვერსიას. გვერდით მენიუში დამატებულია ლექსიკონის გვერდი, სადაც სიტყვები ანბანის და შინაარსის მიხედვით არის დალაგებული“, – ამბობს კობა.
კობას ტექსტის ადაპტირებაში ბებია, შორენა მახაჭაძე დაეხმარა, რომელიც ფილოლოგი და რუსთველოლოგია.
„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია.
„რა თქმა უნდა, გამოხმაურება ძირითადად პოზიტიურია, თუმცა იყო ისეთი კომენტარებიც ვინც წერდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გამარტივება არ შეიძლება, ეს გააუფასურებს მას და ასე შემდეგ. იმ ადამიანებს, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი, აპლიკაცია არც კი ჰქონდათ ჩამოწერილი ისე აფასებდნენ. რეალურად, აპლიკაცია კი არ აუფასურებს ტექსტს, არამედ ორიგინალის უკეთ გაგებაში ეხმარება“, – გვეუბნება კობა.
„ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაცია პირველია, რომელიც კობამ საჯარო სივრცეში გამოიტანა, თუმცა მანამდეც ქმნიდა პატარა, პერსონალურ პროექტებს. მისი თქმით, ქართული განათლების სისტემა ნაკლებად ეხმარება მოსწავლეს კომპიუტერული ტექნოლოგების უკეთ დაუფლებაში, ამიტომ კობა, როგორც გვეუბნება, ფაქტობრივად თვითნასწავლია ამ საკითხში. სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გეგმავს და ფიქრობს, რომ ეს უფრო დაეხმარება არა მარტო ამ აპლიკაციის გაუმჯობესებაში, არამედ ახალი თემების შექმნაშიც.
„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია.
კობას აზრით, კარგი იქნებოდა აპლიკაციაში ხმოვანი ვერსიის დამატებაც, რაც ძალიან დაეხმარება უსინათლო, მცირედმხედველ ადამიანებს. მისი თქმით, ხმოვანი ვერსია კარგი იქნება მგზავრობის დროსაც, როცა წაკითხვა ნაკლებად მოსახერხებელია.
აპლიკაციას კარგი გამოხმაურება აქვს ეთნიკური უმცირესობებს შორისაც.
„მწერდნენ, რომ ქართულის გაგება ისედაც რთულია მათთვის და ეს აპლიკაცია დაეხმარებათ ტექსტის უკეთ გააზრებაში. უცხოეთიდან მივიღე ასევე ბევრი შეტყობინება, მწერდნენ [ემიგრანტები], რომ ეს ჩვენთვის გადარჩენასავით იქნებაო, რადგან ყველგან არ არის იმის შესაძლებლობა „ვეფხისტყაოსანი“ რომ იყიდო. ამჟამად მხოლოდ ქართული ტელეფონის ნომრით შეიძლება აპლიკაციაზე დარეგისტრირება და ითხოვენ, რომ უცხოური ნომრითაც იყოს შესაძლებელი და ამაზე ვმუშაობ“, – ამბობს კობა.
ის ახლა აპლიკაციის ჰაგიოგრაფიულ ნაწილზე მუშაობს, რომელიც 3 ნაწარმოებს მოიცავს – „შუშანიკის წამებას“, „აბოს წამებას“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“.
კობას თქმით, „შუშანიკის“ ტექნიკური ნაწილი უკვე ჩაშვებულია. სამომავლოდ კი, სურს შექმნას აპლიკაციები ქართული პოეზიისა და სხვა ჟანრის ლიტერატურისთვის. ეს, მისი აზრით, ერთგვარი ელექტრონული სახლი იქნება ლიტერატურის მოყვარულთათვის და კარგი რესურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის.
კობა ჟღენტი წლების განმავლობაში ბათუმში ცხოვრობდა და სწავლობდა. ამჟამად ის თბილისში, „ნიუსქულში“ აგრძელებს სწავლას, სამომავლოდ კი უმაღლესი განათლების მიღებას ამერიკაში აპირებს.
21 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსისგან განიკურნა 3 851 პირი.
24 საათის განმავლობაში 33 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. მათ შორის: თბილისში – 17 აჭარაში – 5, იმერეთში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 927 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 30.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 948 ადამიანს. მათგან 5 976 პირი მკურნალობს საავადმყოფოში.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორი ტურში, დილის ათი საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა ასეთია:
ბათუმის N28 საარჩევნო ოლქი – 4201 ამომრჩეველი, 2,85%
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს N30 ოლქი – 3934 ამომრჩეველი, 4,06%
არჩევნების პირველ ტურში, 31 ოქტომბერს, ამ ოლქებში აქტივობა გაცილებით მაღალი იყო. უსკოს ცნობით, ბათუმში 31 ოქტომბერს დილის ათი საათისთვის უკვე 10 340 ამომრჩეველს ჰქონდა ხმა მიცემული [7,02%], ხოლო #30 ოლქში – 7499 ამომრჩეველს [7.75%].
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ორი ღამით მოხსნილია შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე.
მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.
საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.
21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ბათუმის #28 და ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს #30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველს ორ ბიულეტენს გადასცემენ.
ყვითელი ბიულეტენი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.
ბათუმის #28 ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ლევან ვარშალომიძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და რესან კონცელიძე [ქართული ოცნება].
#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან მიშა ბოლქვაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ანზორ ბოლქვაძე [„ქართული ოცნება“].
რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, მეორე ტური მიმდინარეობს ორ ოლქში.
ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს ტიტე აროშიძეს [„ქართული ოცნება“] ან გიორგი კირთაძეს [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“].
#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები არიან გია აბულაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ფრიდონ ფუტკარაძე [„ქართული ოცნება“].
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ამომრჩევლებმა არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პირველ ტურში კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმების სათანადო რაოდენობა – არჩევნებზე მისულთა ხმების 50%-ზე მეტი.
არჩევნების მეორე ტური საქართველოში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
საქართველოში ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას, ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.
არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან, პირველი ნოემბრიდან დღემდე საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ოპოზიციის განცხადებით, ისინი მეორე ტურში არ მონაწილეობენ და ითხოვენ: 1. ხელახალ არჩევნებს 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
„გაყალბებულია“ – წარწერა ბათუმის #17 საარჩევნო უბანთან. არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
21 ნოემბერს, მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება.
ცესკოს ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210.
არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
ბათუმის #28 ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ლევან ვარშალომიძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და რესან კონცელიძე [ქართული ოცნება].
#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან მიშა ბოლქვაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ანზორ ბოლქვაძე [„ქართული ოცნება“].
რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, მეორე ტური მიმდინარეობს ორ ოლქში.
ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს ტიტე აროშიძეს [„ქართული ოცნება“] ან გიორგი კირთაძეს [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“].
#30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები არიან გია აბულაძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] და ფრიდონ ფუტკარაძე [„ქართული ოცნება“].
ევროსასამართლომ ბათუმში, 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჭრილში სათავისოდ გამოყენება გუშინვე სცადა ხელისუფლებამ – ხელისუფლების მთავარი აქცენტი იყო ის, რომ სერჟანტი წინა ხელისუფლების დროს მოკლეს. ხელისუფლებამ გვერდი აუარა სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ეფექტურ გამოძიების პრობლემაზეა საუბარი და რის გამოც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება – როინ შავაძის მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ საქმე გამოძიებული არ არის, ამ საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი კი, მაგალითად, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
რა წერს ევროსასამართლო „როინ შავაძის საქმეზე“ და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ? – „ბათუმელები“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნონა წოწორიას ესაუბრა. იგი ამჟამად ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორია ტუნისსა და ლიბიაში.
ქალბატონო ნონა, ევროსასამართლო „როინ შავაძის საქმეზე“ რა კონტექსტში ეხება ეფექტურ გამოძიებას, როცა დადგინდა ევროკონვენციით გათვალისწინებული მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების დარღვევა?
მეორე მუხლს, ანუ სიცოცხლის უფლებას სასამართლო განიხილავს ორ საფუძველზე: იყო თუ არა ადამიანის გარდაცვალება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მეორე – ეფექტური გამოძიება ჩატარდა თუ არა.
მთავრობა აღიარებს იმას, რომ როინ შავაძე გარდაიცვალა პოლიციელების ხელში, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით, თუმცა ფაქტების ინტერპრეტაცია მოსარჩელის და სახელმწიფოს მხრიდან განსხვავდება. მოსარჩელე [მოკლული სერჟანტის ცოლი. ავტ.] ამტკიცებს, რომ როინ შავაძე გახდა წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, ხოლო მთავრობა ამბობს, რომ სერჟანტი, მართალია გარდაიცვალა პოლიციელების ხელში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ის დააკავეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის.
მთავრობა ამტკიცებს, რომ ის გაქცევას აპირებდა და გაქცევის დროს მოხდა მისი ლიკვიდაცია. ფაქტი, რომ ადამიანის გარდაცვალება მოხდა სამართალდამცავების ხელში, სადავო არ არის, მაგრამ ინტერპრეტაცია არის სადავო. საქმე ევროსასამართლოში წარიმართა ევროკონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად. შესაძლოა, საჩივარი თავდაპირველად იყო სხვა მუხლებზეც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში სხვა მუხლები არ ფიგურირებს. ვვარაუდობ, რომ თუ საჩივარში თავის დროზე სხვა მუხლები იყო წარმოდგენილი, ის დასაშვებობის ეტაპზე ამოირიცხა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკონვენციის მეორე მუხლი ფუნდამენტური უფლებაა. ის იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მისი დარღვევის ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა სასამართლომ სხვა მუხლების განხილვა საჭიროდ აღარ ჩათვალოს.
ჩემთვის უცხო და საინტერესო ამ საქმეში არის ის, რომ თუკი ტრადიციულად სასამართლო პირველ საკითხად ადგენს გარდაცვალებაში რამდენად არის სახელმწიფოს პასუხისმგებელობა, ამ შემთხვევაში მან პირიქით დაიწყო მსჯელობა. უფრო კონკრეტულად კი – ჩატარებული გამოძიება იყო თუ არა ეფექტური. ვერ ვიტყვი, რომ პირველი პრეცედენტია. შესაძლოა, სხვა შემთხვევაც არსებობს საკითხის ასე განხილვის, მაგრამ ეს ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
კონკრეტულად რის გამო მიიჩნია ევროსასამართლომ, რომ გამოძიება ეფექტურად არ ჩატარდა „როინ შავაძის საქმეზე“?
ევროსასამართლო ძალიან კრიტიკულია ჩატარებული გამოძიების ხარისხზე და ამას რამდენიმე საფუძველი აქვს. უპირველესი პრობლემა არის ის, რომ როცა ინციდენტი მოხდა და აშკარად პოლიცია იყო ამაში ჩარეული, გამოძიება უნდა ჩაეტარებინა არა პოლიციას, არამედ პროკურატურას. ეს ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და ევროსასამართლოს სტანდარტებს. გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციურად და ფაქტობრივად. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მაგალითი, როცა გამოძიება ჩაატარა იმავე უწყებამ, რომლის თანამშრომლებიც შესაძლებელია პასუხისმგებელი ყოფილიყვნენ კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე.
ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ხშირად პირველადი საგამოძიებო მოქმედებები განსაზღვრავს გამოძიების შემდგომ ბედს. ამიტომაც, სასამართლო ყოველთვის ძალიან კრიტიკულად უყურებს ამ მომენტს. პრობლემა ვერ მოაგვარა გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემამ. გადაწყვეტილებიდან ასევე ჩანს, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმის პროკურატურისთვის გადაცემის შემდეგ.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც ეხება ეფექტურ გამოძიებას, არის დაზარალებულთან დამოკიდებულება. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, ის პროცესში ვერ ჩაერთო სამოქალაქო მოსარჩელედ. შედეგად, მოსარჩელეს არ ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია ამ საქმეში ის, რომ არათუ მხარეს, არამედ სასამართლოსაც კი არ მიაწოდეს საქმის მასალები. 2012 წლის პირველ ნოემბერს მიმართა მოსარჩელემ ევროსასამართლოს. საქმის წარმოება ისე დასრულდა, რომ სასამართლოს ხელთ არ ჰქონდა საქმის მასალები, რაც სასამართლოსთვის ინდიკაციაა არაეფექტური გამოძიების. არც დაზარალებულს და არც სასამართლოს ხელი არ მიუწვდებოდა სამედიცინო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რასაც უნდა დაედგინა რისგან დადგა გარდაცვალების ფაქტი და წარმოადგენდა საკვანძო მტკიცებულებას. სასამართლო პირდაპირ ამბობს, უცნობია, კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარესო. დაზარალებულმა ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა სასამართლოს, მისი დათვალიერებაც შედგა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო არ არის საექსპერტო დაწესებულება.
სასამართლომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გამოძიების გაჭიანურებას არაეფექტურობის შეფასებისას.
რაც შეეხება არსებით ნაწილს – რის საფუძველზე დარწმუნდა ევროსასამართლო, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება „როინ შავაძის საქმეში“?
როცა გარდაცვალება დგება პოლიციელების, ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლების ხელში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის გაცილებით მეტი. მან უნდა აჩვენოს, როგორ განვითარდა მოვლენები და დეტალურად განმარტოს ფაქტები. როდესაც სახელმწიფო ამას დასაბუთებულად და ამომწურავად ვერ აკეთებს, ამ შემთხვევაში სასამართლო მეორე მუხლის დარღვევას ადვილად ადგენს. ამ კონკრეტულ საქმეში ვერსია, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ, არ დასტურდებოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებით. ანუ, ვერსია, რომ როინ შავაძე გაქცევის დროს გარდაიცვალა, არ აღმოჩნდა სარწმუნო სასამართლოსთვის. ამასვე ამტკიცებდა მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაკავების ფაქტს შეესწრნენ. ყველაფერ ამას გამოძიების არაეფექტურობა დაემატა.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში სამართლამდაცველს ადამიანი შემოაკვდეს. მთავრობამ ამ დროს უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ფატალური შედეგი გარდაუვალი იყო და რომ ის ლეგიტიმური ძალის გამოყენებას მოჰყვა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გარდაცვალების ფაქტისთვის დიდი ალბათობით არ დადგება.
რამდენად კრიტიკულია ევროსასამართლო ამ საქმეზე საქართველოს მიმართ?
სასამართლოს ენა ამ საქმეზე არის მძიმე. იშვიათად მინახავს, სასამართლოს ეთქვას, რომ საგამოძიებო ორგანოების უარი მოსარჩელის პროცესში ჩართვაზე მიზანმიმართულ უარს ჰგავსო. სასამართლო იყენებს სიტყვას Deliberate [განზრახ, მიზანმიმართულად]. პირადად მე არ მახსოვს, რომ ეს სიტყვა გამომეყენებინოს რომელიმე გადაწყვეტილებაში.
სხვათა შორის, ამავე სიტყვას იყენებს სასამართლო გამოძიების გაჭიანურების ნაწილშიც, რაც დღემდე არ დასრულებულა. სასამართლო ამბობს, რომ როცა ასე ჭიანურდება პროცესი, ეს ზოგჯერ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას ნიშნავს და მიუხედავად საბოლოო შედეგისა, გამოძიების არაეფექტურობაზე მიანიშნებს. ეს ყველაფერი კარგად მიუთითებს სასამართლოს განწყობას და დამოკიდებულებაზე.
როგორი უნდა იყოს „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს რეაგირება? ამ საქმეს როცა შსს იძიებდა, მაშინდელი ხელმძღვანელი პირი – რესან კონცელიძე ახლა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმში, ამ საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
ეს გადაწყვეტილება როდესაც შევა ძალაში, ანუ მთავრობა თუ არ გაასაჩივრებს სამი თვის თავზე, ამის შემდეგ დაიწყება აღსრულების პროცედურა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტი ზედამხედველობს გადაწყვეტილების აღსრულებას ის საქართველოს მთავრობასთან იქონიებს კომუნიკაციას და ამ კოორდინაციის ფარგლებში დადგინდება – რა არის ამ გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტური გზა. ცალსახაა, რომ რადგანაც აქ გამოძიების ეფექტურობა არის სერიოზული პრობლემა, სახელმწიფოს დაევალება, რომ ის დაასრულოს. ეფექტური გამოძიება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა სიმართლის დასადგენად და პასუხისმგებაში მისცეს დამნაშავე პირები. სხვათა შორის, მხარეებს და არასამთავრობო ორგანიზაციეებსაც შეეძლებათ წარადგინონ საკუთარი პოზიციები აღსრულების პროცესში.
რა ფორმით უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირების, რომლებსაც 12 წელია არ დაუსრულებიათ ამ საქმის გამოძიება, ან როგორც ევროსასამართლო მიიჩნევს – „განზრახ“ ხელს უშლიდნენ ეფექტურ გამოძიებას?
ვერ გეტყვით. სტრასბურგის სასამართლოს ენა და მინიმუმ ორჯერ გადაწყვეტილებაში ნახსენები სიტყვა deliberate, თითქოს გვაძლევს მინიშნებას, რომ აღსრულების პროცესში ამ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება, თუმცა, ამას მხოლოდ გეგმის ნახვის შემდეგ ვნახავთ, როცა აღსრულების დეპარტამენტი კონკრეტულ ვალდებულებებს დაუდგენს მთავრობას.
ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურებაზე 6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
ამ დავალებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკური პირობა ასეთია:
„პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გაფართოვებამდე საზღვრებში.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, გონიო-კვარიათის და დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ყოველდღიური მონიტორინგი და პირუტყვის მოძრაობის აღკვეთა ცენტრალურ ქუჩებსა და გზატკეცილებზე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის სეზონზე [1-ლი მაისიდან – 30 სექტემბერის ჩათვლით] 08:00 საათიდან 21:00 საათამდე.
ამისათვის პრეტენდენტმა ქალაქ ბათუმსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე უნდა განათავსოს არანაკლებ 50 მეველე და უზრუნველყოს უმეთვალყურეოდ მოძრავი პირუტყვის დაჭერა.
მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, ტენდერში გამარჯვებულმა ზედამხედველს უნდა წარუდგინოს მეველეთა დისლოკაცია და სამუშაო გრაფიკი“.
ტენდერის პირობის მიხედვით, ქუჩების, მოედნების, ეზოებისა და სანაპირო ზოლის დაგვა-დასუფთავება უნდა განხორციელდეს ხელით;
ასფალტირებული ქუჩების, მოედნებისა და მწვანე საფარის შემთხვევაში დახვეტა უნდა განხორციელდეს ცოცხის საშუალებით, ხოლო არაასფალტირებული და გადათხრილი ქუჩებისა და სანაპირო ზოლის შემთხვევაში როგორც ცოცხით, ასევე ხელით.
უნდა მოხდეს დაყრილი ნაგავის მოგროვება-აკრეფა და მათი ჩაყრა სანაგვე ურნებსა და კონტეინერებში.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველთვიურად თვეში ერთჯერ ნაგავშემკრები კონტეინერების ტრანსპორტირება მათ საბაზო ტერიტორიაზე, გარეცხვა წყლის ჭავლით (წნევით) და შემდგომ მათი განთავსება დისლოკაციის ადგილებზე. ასევე ქალაქის ქუჩებისა და მოედნების მორწყვა და სხვა სამუშაოები.
მომსახურება მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
ტენდერში წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 096 649 ლარია.
2021 წელს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის გატანაზე, ასევე თოვლის გატანის მომსახურებაზე ბათუმის მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 855 800 ლარია. ამ ტენდერშიც წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება.
დღეს, 20 ნოემბერს, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის წერეთლის გამზირის ფილიალში მძევლები აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 9 ადამიანი ჰყავს.
ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.
“წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოხდა თავდასხმა. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალსიტებთან.
დაახლოებით ერთი თვის წინ, 22 ოქტომბერს ზუგდიდში, ბანკის შენობაში შეიჭრა შეიარაღებული პირი და 19 პირი აიყვანა მძევლად. დაახლოებით 23:00 საათზე მან ბანკის შენობა დატოვა – მოთხოვნილ თანხასა [სავარაუდოდ 500 ათასი დოლარი] 3 მძევალთან ერთად. მოგვიანებით მან მძევლებიც გაათავისუფლა და გაუჩინარდა.
შს სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულია ბადრი ესებუა – ყოფილი ჯარისკაცი. მას დღემდე ეძებენ.
პოლონეთმა და უნგრეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და ევროკავშირის 7-წლიანი, დასამტკიცებელი ბიუჯეტი დაბლოკა, რაც თითქმის 2 ტრილიონ ევროს შეადგენს. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამის ხარჯები, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს პანდემიის შემდგომ პერიოდში.
ევროპული მედიის ცნობით, ვარშავამ და ბუდაპეშტმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბიუჯეტის დოკუმენტი შეიცავს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის გასაკონტროლებლად.
ბიუჯეტის განსახილველად შეხვედრა ვიდეოკონფერენციაზე გაიმართა. ევროსაბჭოს წარმომადგენელმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის ფინანსური პაკეტი, რომელიც წევრ ქვეყნებში ეკონომიკის მხარდასაჭერადაა გამოყოფილი უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენისთვის. მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დროულად მოხდეს ამ ფინანსების განკარგვა.
ევროკავშირში ბიუჯეტის დაგეგმვა ემყარება შვიდწლიან ციკლს – ქვეყნები ამტკიცებენ გენერალურ ფინანსურ გეგმას, შემდეგ კი, მის ფარგლებში, ყალიბდება წლიური ბიუჯეტი.
ნოემბრის დასაწყისში ევროპულმა საბჭომ განსაზღვრა, რომ კანონის უზენაესობის დაცვა პირველად ხდება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფინანსების განაწილებისას.
ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და 95%-მდე ეფექტურია.
ამ იმედისმომცემი ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინების უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კონსპირაციების თეორიების მომხრეებზე.
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხოების გატესტვის დროს ეხება. კერძოდ – როგორ შეიმუშავეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ასე სწრაფად, როცა ცნობილია, რომ, ზოგადად, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება?
ამ კითხვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი, ექიმი სუმია სვამინათანი, სპეციალურ ვიდეოში პასუხობს და ამბობს, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნისას, ეკონომია არ გაკეთებულა მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კვლევის ვადებზე, მეცნიერებმა და მწარმოებლებმა დრო დახარჯეს ვაქცინის შემუშავების პროცედურულ ასპექტებში.
„საქმე ის არ არის, რომ ვაქცინის უსაფრთხოების ან ეფექტურობის კვლევის დრო მცირდება. ეს მნიშვნელოვანია და არ შეიძლება მისი დათმობა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დრო მოვიგოთ პროცედურულ ასპექტებში, ცოტაც – ბიუროკრატიულ ასპექტებსა და წარმოებაში”, – ამბობს ის.
სოუმია სვამინათანის თქმით, ვაქცინის შემუშავების საწყის ეტაპებზეც კი, მწარმოებელი კომპანიები უკვე ფიქრობდნენ გზებზე, როგორ ეწარმოებინათ ვაქცინის მილიარდობით დოზა ერთდროულად:
„რა თქმა უნდა, გაკეთდა რამდენიმე დიდი ინვესტიცია წარმოების სიმძლავრეში და ასევე, მარეგულირებლები სისტემატიურად მეთვალყურეობენ პირველ და მეორე ფაზებს, ამიტომაც მოვახერხეთ ვადების შემცირება”.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეაჩერა. 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები კი მოქმედია ვადის ამოწურვამდე.
ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ნოემბერს შევიდა.
„COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ცვლილება 20 ნოემბერს ამოქმედდა და ის 2020 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
ბათუმში, კლინიკა მედცენტრში, 73 წლის ექიმი, ილია ბერიძე გარდაიცვალა კორონავირუსით. ის კლინიკაში 14 ნოემბერს გადაიყვანეს და ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა დადასტურებული Covid 19. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება.
კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს ფილტვის ქსოვილის 80%-იანი, მძიმე დაზიანება ჰქონდა.
მედცენტრის რეანიმაციის ხელმძღვანელის, ზვიად ბახტაძის თქმით, ილია ბერიძის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისას უმძიმესი იყო.
ილია ბერიძეც ამ კლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობდა.
ილია ბერიძის გარდა ბოლო ორ დღეში აჭარაში კიდევ 2 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ბათუმში ოპოზიცია საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებს აღარ მოაწყობს, ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება ახლახან [14:40] გააკეთეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მათი ინფორმაციით „სუსი პროვოკაციების მოწყობას გეგმავს“.
“აქციები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, საპროტესტო მუხტი არ დაეცემა, მაგრამ ხვალ სირცხვილის კორიდორი არ იქნება. სახელებით და გვარებით ვიცით ის ხალხი, ვინც აპირებდა ხვალ ჩვენს დარბევას”, – თქვა გიორგი კირთაძემ.
“მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში მიდიოდა იმ ხალხის მობილიზება, ვისაც ხვალ საარჩევნო უბნებთან მდგარი აქტივისტები უნდა დაერბია. ლელო საქართველოსთვის თავიდანვე ემიჯნებოდა სირცხვილის დერეფნებს. ამ ინფორმაციის შემდეგ კი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ კორიდორები არ იქნება“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა აჭარაში, ირაკლი კუპრაძემ.
ოპოზიციის მიერ საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც გამოეხმაურა.
ხვალ, 21 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აჭარაში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ორ მაჟორიტარულ ოლქში – ბათუმში, ასევე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში.
შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა.
ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ გათვალისწინებულ მუხლების შესაბამისად [სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – 141-ე მუხლები], 2020 წელს კი, ამავე მუხლებით 18-დან 25 წლამდე 46 პირის დევნა დაიწყო.
სტატისტიკაში გვხვდებიან არასრულწლოვნებიც – შარშან და წელსაც სექსუალური ხასიათის დანაშაული, პროკურატურის ინფორმაციით, 3-3 მოზარდს ჩაუდენია.
სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულები არიან 65 წელს გადაცილებული ადამიანებიც. ასეთი წელს სულ 5 პირია, გასულ წელს იყო 4.
სექსუალური ხასიათის დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირად დანაშაული ჩადენილია სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველთან. 2020 წლის 16 ნოემბრამდე 37 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს – 77.
არასრულწლოვანი დაზარალებულებიც ყველაზე მეტია 140-ე და 141-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ორივე მუხლი 16 წლამდე პირთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. შარშან ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულის შედეგად სულ 132 არასრულწლოვანი დაზარალდა, წელს – 83.
ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომლის პაციენტი კოვიდით დაინფიცირდება, ვალდებულია ამავე სტაციონარში უმკურნალოს მას. სტაციონარი ასევე ვალდებულია, თავად უმკურნალოს მისსავე სამედიცინო პერსონალს, დაინფიცირების შემთხვევაში.
მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ 19 ნოემბერს შეიტანა.
„ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვა იზოლირებულ გარემოში, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრად დაცვით.
ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებითი ღონისძიების სახით გათავისუფლდეს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სანებართვო დანართის ფლობის ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
20 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 41 პაციენტი.
ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს.
პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.
მთლიანობაში კი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 2020-2024 წლებში ჯამში 86 მილიონი ლარია გაწერილი:
2020 წელი – 16 მილიონი
2021 წელი – 30 მილიონი
2122 წელი – 10 მილიონი
2023 წელი – 20 მილიონი
2024 წელი – 10 მილიონი
აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამისთვის 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„აღნიშნული 30 მილიონი უნდა მოხმარდეს სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის დასრულებას მომავალ წელს. როცა იქვე მცხოვრებ ოჯახებს ბინები გადაეცემათ და გამოთავისუფლდება ტერიტორია, შემდეგ დაიწყება პროექტირება [შედგება ხარჯთაღრიცხვა] და დამატებით ახალი კორპუსების მშენებლობა. დეტალები პროექტირებისას დაზუსტდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
პროგრამაში, რომელიც აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს, აღნიშნულია, რომ „დასრულებულია ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპის მშენებლობა და შემუშავებულია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი“.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა, ბინების რაოდენობა რჩება იგივე, რაც თავიდანვე იყო გათვლილი – ჯამში 1 550 ბინა. პროგრამის მიხედვით, 2021 წელს უნდა დასრულდეს 582 ბინა, ხოლო 2023 წლისთვის, დამატებით კიდევ 968 ბინა.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა აჭარის მთავრობის სახლთან ერთი თვის წინ აქცია გამართეს მოთხოვნით – მთავრობამ ჩამოაყალიბოს კონკრეტული კრიტერიუმები, რომ თითოეულმა ოჯახმა იცოდეს, უწევს თუ არა საცხოვრებელი ბინა და როდის.
„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი ნანა მეგრელიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ნამდვილად პრობლემაა თანამშრომლებისთვის ტესტის ჩატარება“.
სამკერვალოს თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენ სოციალური ქსელით ვესაუბრეთ და არ სურთ ვინაობის გამხელა, ამბობენ, რომ ფაბრიკაში პერიოდულად მუშაობენ თანამშრომლები მაღალი ტემპერატურით.
„უნდა გქონდეს ბიულეტენი, რომ საპატიოდ ჩაგეთვალოს გაცდენა, ბიულეტენს ვერ გაძლევს ექიმი, რადგან ტესტს ვერ იკეთებ… სიცხეც რომ გქონდეს, წახვიდე უნდა ბათუმში და იმხელა რიგში ჩადგე… თუ ბიულეტენი არ გაქვს და სამსახურს გააცდენ, 50 ლარი ჩამოგეჭრება ხელფასიდან. მე პირადად პარაცეტამოლის ამბავი არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით მაგაზე,“ – გვითხრა ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელმა.
სოფელ ბობოყვათის ოჯახის ექიმი, მარიკა კაპანაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ სოფელში კორონავირუსი ბევრ ადამიანს დაუდასტურდა და რთული სიტუაციაა. ექიმი აღნიშნავს, რომ სამკერვალოს ოთხი თანამშრომელი გარდაიცვალა სექტემბრიდან ამ დრომდე. ისინი ქობულეთის სხვადასხვა სოფელში ცხოვრობდნენ და ბობოყვათის სამკერვალოში მუშაობდნენ.
„ბიულეტენი ვერ გაიცემა, თუკი ტესტის პასუხი არ ექნება პაციენტს, ესაა პრობლემა,“ – გვითხრა მარიკა კაპანაძემ.
„ეს პრობლემაა, მაგრამ თუკი სამკერვალოს თანამშრომელს აქვს სიმპტომები, ჩვენ მას მაინც ვუხსნით საავადმყოფო ფურცელს ორი კვირით, თითქოს აქვს კორონავირუსი, სხვანაირად არ გამოდის… ტესტი 150 ლარი ღირს, ვისაც მაღალი ტემპერატურა აქვს, მას უფასოდ უკეთებენ, მაგრამ ბათუმში უნდა ჩავიდეს, ესეც პრობლემაა,“ – ამბობს ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის ექიმი, ნანა მეგრელიშვილი. მას ვკითხეთ, ფაბრიკის თანამშრომლებიდან რამდენს აქვს ახლა საავადმყოფო ფურცელი, რამდენმა გადაიტანა კორონავირუსი და სულ რამდენი თანამშრომელია?
„ვერ გეტყვით მე ციფრებს, ჩემამდე ყველა ინფორმაცია არ მოდის… დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი საავადმყოფო ფურცელია გახსნილი, აქამდე მეტი იყო, მაგრამ ბევრი გამოჯანმრთელდა და გამოვიდა“, – აღნიშნა სამკერვალოს ექიმმა ნანა მეგრელიშვილმა.
ნანა მეგრელიშვილის თქმით, სამკერვალოს დაინფიცირებული თანამშრომლების უმრავლესობა სახლში მკურნალობდა. „იცით, რომ კლინიკებში არაა ადგილი, ვერ გადაჰყავთ, მაგრამ ანალიზით დადასტურებული იყო… გარდაცვალებაზეც მე ვერ გეტყვით. ვიცი, რომ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა ნოემბერში,“ – დასძინა ნანა მეგრელიშვილმა.
სამკერვალოს ექიმი ირწმუნება, რომ სიცხეც რომ არ ჰქონდეს თანამშრომელს, მას საავადმყოფო ფურცელს უხსნის და სახლში მკურნალობს.
„ბათუმელებმა“ სცადა სამკერვალოს მენეჯმენტთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას გია ლომინაძემ არ უპასუხა – ის ამ კომპანიის მენეჯერია.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კომპანიებს დამატებითი ღირებულების გადასახადი [დღგ] ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ, „რაც დიდი შეღავათია ბიზნესისთვის“. როგორც „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურში გაარკვია, საუბარია არა დღგ-ს სრულად დაბრუნებაზე, არამედ დღგ-ს დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურ დაბრუნებაზე.
ამ ზედმეტობის უკან დაბრუნება კი, კომპანიას/გადამხდელს დღემდეც შეეძლო, თუმცა ამისთვის მას ელექტრონულად, განცხადებით უნდა მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის. თანხა კი 24 საათში უბრუნდებოდათ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომატურად უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყველა ასეთი ზედმეტობა, რომელიც 17 ნოემბრიდან წარმოიშობა; მიუხედავად იმისა, გადამხდელი განცხადებით მოითხოვს თუ არა მის უკან დაბრუნებას.
„დღგ-ს გადამხდელები ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვში აბარებენ დეკლარაციას. თუ გადამხდელის მიერ, პროდუქციის შესყიდვისას გადახდილი დღგ მეტია მის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე დარიცხულ დღგ-ზე [ანუ რაც გადასახდელი აქვს], ასეთ შემთხვევაში სხვაობა არის ზედმეტად გადახდილი თანხა. ეს ზედმეტად გადახდილი თანხა კი, გადამხდელს ავტომატურად ერიცხება მის მიერვე rs.ge-ზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე,“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.
„როცა საქონელს ვყიდულობ, იმაში ვიხდი დღგ-ს, მაგრამ მეც ხომ გავყიდე საქონელი, რომელზეც უნდა დამერიცხოს დღგ [რაც გადასახდელი მაქვს], თუ გადახდილი მეტია დარიცხულზე, ეს სხვაობა უკან მიბრუნდება. ანუ, ამ შემთხვევაში ხარჯი მეტი მაქვს, ვიდრე შემოსავალი. მაგალითად, ვიყიდე 5 ათასი ლარის საქონელი, ამ თანხაში 762 ლარი და 71 თეთრი არის დღგ, რაც გადავიხადე. მაგრამ გავყიდე, ვთქვათ, 3 ათასი ლარის, მეტი ვერა. ასეთ შემთხვევაში ჩემი რეალიზაციიდან გადასახდელმა დღგ-მ, რაც უნდა დამერიცხოს, შეადგინა 457 ლარი და 63 თეთრი. გამოდის რომ 305 ლარი და 8 თეთრი ჩემ მიერ არის ზედმეტად გადახდილი დღგ, ეს სხვაობა ჯდება ჩემს ბარათზე და ამ თანხას სახელმწიფო უკვე ავტომატურად უკან მიბრუნებს. ასე მოხდება ყველა დეკლარაციის წარდგენის დროს, თუ მექნება ზედმეტად გადახდილი დღგ. ამ დრომდეც შემეძლო განცხადება დამეწერა და დამებრუნებინა, მაგრამ ფაქტობრივად არ ვიბრუნებდი, ვცდილობდი თანხა მქონოდა პლუსში. ახლა კი, რასაც დამიბრუნებენ, შემიძლია ეს თანხა გამოვიყენო ან ისევ ბიუჯეტში დავაბრუნო ჩემს ბარათზე“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთ კომპანიაში.
შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ მხოლოდ იმ გადამხდელებს, რომლებსაც შესაბამისი რისკების პროგრამის საფუძველზე აქვთ ე.წ. მწვანე ბარათი, ანუ ურისკო გადამხდელებს [რისკების პროგრამით ხდება გადამოწმება, რომ გადამხდელს ყველაფერი წესრიგში აქვს].
რაც შეეხება გადამხდელებს, რომლებიც არ არიან „მწვანე ბარათის“ მფლობელები, მათ აქვთ საშუალება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება განცხადებით მოითხოვონ.
შესაძლოა დღგ-ს გადამხდელს ზედმეტად გადახდილი თანხის მოდულში უფიქსირდებოდეს გარკვეული თანხა, მაგრამ ის ავტომატურად უკან არ დაუბრუნდეს. ასეთ შეთხვევაში მანაც უნდა მიმართოს განცხადებით შემოსავლების სამსახურს.
„ასეთ დროს, ანუ განცხადებით მომართვისას, საჭირო იქნება დამატებითი შესწავლა, რისთვისაც მაქსიმალური ვადა არის 2 კვირა. ამ შესწავლის შედეგად გადამხდელს შესაძლოა რაღაც დოკუმენტების დაზუსტებაც მოსთხოვონ. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა გადამხდელს შეიძლება გაუნულდეს და აღარ დარჩეს ზედმეტობა ან დარჩეს და უკან დაუბრუნდეს,“ – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ავტომატურად დაბრუნება ეხება 2020 წლის 16 ნოემბრიდან წარმოშობილ ზედმეტად გადახდილ თანხებს (ე.წ. ,,მწვანე ბარათზე“, შესაბამის რისკზე დაფუძნებული მიდგომით მიღებული შესამცირებლად გაანგარიშებული დღგ-ის თანხას). რაც შეეხება 2020 წლის 16 ნოემბრამდე დეკლარირებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს, რაც ასახულია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნული თანხა პირს შეუძლია დაიბრუნოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველზე ან მიმართოს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად“.
—–
„კოვიდ19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიც არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს.“ – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური… 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან, დაუბრუნდა 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარამდე იქნება.“
დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესში ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით შევიდა.
ახალი ცვლილებით: „2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ ასახული ზედმეტობა, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის ფარგლებში, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის გარეშე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე“.
დღგ-ს დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის 14 თებერვალს დაამტკიცა.
დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის წინ ერთგვარად გააფრთხილა აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხვალ, არჩევნების მეორე ტურზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს.
„ვიწრო არ დარჩეს ეს დერეფანი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
„რაც შეეხება განცხადებას ნაცმოძრაობის მხრიდან, რომ სირცხვილის დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, დეპუტატებს, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო.
ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ, ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, იქნება პრევენციულ ღონისძიებას დაქვემდებარებული,“ – თქვა მან.
რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ლევან ვარშალომიძეს:
„ყველას გავახსენებ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერები მათი ჩვეული ხელწერით, აგრძელებენ ქალებს, ბავშვებს ამოფარებული, პოლიტიკურ დესტრუქციას.
ძალიან მალეა ის დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა იქნება ერთ-ერთ ობლასტში სააკაშვილის მხრიდან განათხოვრებული, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში“.
ლევან ვარშალომიძე მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა. საარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვამდე ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისს ხელმძღვანელობდა.
მთავრობის სხდომა აჭარის მთავრობის სახლში ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რიჟვაძის პირდაპირ ჩართვაში ისმოდა შეძახილების ხმაც აქციიდან.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ოპოზიციის გადაწყვეტილებისა, არ შევიდეს საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ეს აჭარაში არც უმაღლეს საბჭოს და არც მთავრობას ხელს არ შეუშლის.
რიჟვაძემ აღნიშნა, რომ „ღრმად სულერთია“, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ბარიერი გადალახა.
„ამომრჩევლისთვის ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული ხმა, მათ მიერ დაფიქსირებული ნება იქნას შესაბამისად რეალიზებული.
ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაციონალური მოძრაობა მაქვს მხედველობაში და ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს, ისე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები არ შეექმნას“, – განაცხადა რიჟვაძემ.