საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურის ვალდებულებები:
- აწვდის ინფორმაციას შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის (მოსწავლე/მასწავლებელი/სკოლის თანამშრომელი) შესახებ;
- გასცემს სამოქმედო რეკომენდაციებს წინამდებარე დოკუმენტში გაწერილი განსხვავებული შემთხვევების დროს;
- COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოკვლეული ინფორმაციის მიწოდებიდან 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს კონტაქტირებულთა რისკების შეფასებას, განუსაზღვრავს მათ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადებს და აღნიშნულის თაობაზე ახდენს სკოლის დირექციის ინფორმირებას, ხოლო არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას წერილობითი სახით, ელ-ფოსტის საშუალებით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები:
სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია:
- განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს მოსწავლეებს/მასწავლებლებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ:
ა) COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;
ბ) კონტაქტების მოსაძიელბლად ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით (იხ. ცხრილი 1);
გ) მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის ძირითადად თანაკლასელებს, რომლებიც გაკვეთილის მსვლელობისას 1 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ. ცალკეულ შემთხვევებში, სკოლის თანამშრომლებს:
გ.ა) მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის იმ თანაკლასელებს, რომელთაც არ ეკეთათ ან არასათანადოდ ეკეთათ პირბადე, მიუხედავად ინფიცირებულის მიერ პირბადის ტარებისა.
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით;
- მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ:
- გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას, კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ;
ბ) მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე.
- მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;
- კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
- სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექიმი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენ მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.
ცხრილი 1. კონტაქტების კლასიფიკაცია ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე
| მაღალი რისკის კონტაქტი (ახლო ექსპოზიცია) |
დაბალი რისკის კონტაქტი |
| პირი, რომელსაც:
· ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით;
· ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან;
· ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: შეხველება)
რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში; |
პირი, რომელსაც:
· ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით;
· იმყოფებოდა COVID-19 ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით;
|
- მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
- დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
- არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.
სასწავლო პროცესში ხელახალი ჩართვის /სკოლაში დაბრუნების პროცედურები:
- დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;
- მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;
- სკოლის მასწავლებლების/თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში ‒ ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მასწავლებლისთვის/ თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ;
- ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი მასწავლებლის/თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის ჯანდაცვის სამინისტროს;
- ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (მასწავლებელი/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე ‒ info@moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროს „კონტაქტის“ ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და „ტექსტის“ ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა);
- თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი პირი ზემოაღნიშნულ მისამართზე (info@moh.gov.ge) აგზავნის ასევე სათანადოდ შევსებულ „განაცხადის ფორმას“, რომელსაც მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროდან.