ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს.
მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საკადრო ცვლილებები – მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილება და ახალი პირების დანიშვნა – გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ჩიქოვანმა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობიდან მაშინ ბადრი ფარტენაძე გაათავისუფლა.
არჩილ ჩიქოვანის 10 თებერვლის ბრძანებით, ლევან ლაზარიაშვილი ა[ა]იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ დირექტორისა და ლიკვიდატორის თანამდებობაზეც დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს.
დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და ო.კ. დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს- ვ.ა-ს და დ.ა-ს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ტ. და ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10 თებერვალს ბათუმში დააკავეს.“ – აცხადებს შსს.
დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა დანიშნეს. აქამდე ამ პოსტზე კოტე ანანიაშვილი მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა.
ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი ესებუამ, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი, ბანკის შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები შს მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს წარუდგინა.
სივრცე ქალური საუბრებისთვის/Space For Female Talk – სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფი და გვერდია მხოლოდ ქალებისთვის. ჯგუფში 100 ათასზე მეტი წევრია. ყოველდღიურად ჯგუფში ასობით პოსტი ქვეყნდება, თითოეულს რამდენიმეათასიანი გამოხმაურება აქვს ხოლმე.
ჯგუფი თითქმის 2 წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი დამფუძნებელი თამარ ფონიავა ამბობს, მალევე გაჩნდა მისი ყალბი ასლები. თამარ ფონიავას თქმით, განუწყვეტელი აგრესიის და მუქარის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დაამზადეს მისი ფეისბუქგვერდის ყალბი ანგარიში, რის საშუალებითაც გამყალბებელი სხვადასხვა ჯგუფში საჯაროდ წერდნენ სექსუალური შინაარსის შემცველ არალოგიკურ სტატუსებსა და კომენტარებს.
სხვისი იდენტობის მოპარვა საქართველოში დანაშაულია.
თამარ ფონიავამ განცხადება კიბერდანაშაულის ფაქტზე უკვე შეიტანა პოლიციაში რამდენიმე დღის წინ.
„ჯერ ჩემი გვერდის ,,სივრცე ქალური საუბრებისთვის“ ასლი გააკეთეს, ჯგუფიც ცალკე, ფეიქექაუნთი მწერდა იმ დღესვე, დამამატე შენს ჯგუფში და ამ ყალბ გვერდს წავშლიო.
სექსუალური შინაარსის პოსტებს რომ წერს შენი სახელით ვიღაც სოცქსელში გასაგებია, რომ ქალების ჯგუფის გამო სურთ ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ ამბავმა, რომ ,,მთავარი არხის“ ლაივზე, როცა სამეგრელოში ბავშვი მოექცა ნანგრევებში, ჩემი სახელით წერდა ყალბი გვერდი საშინელებებს ბავშვზე.
ქუთაისის პოლიციაში მალევე შევიტანე განცხადება. დავურთე სქრინები. მითხრეს, თუ დაიძრა ეს საქმე, დაგიკავშირდებითო. ძალიან გულისხმიერები იყვნენ პოლიციელები, თუმცა მითხრეს, რომ დიდი ალბათობით ვერაფერს გამოარკვევდნენ, რადგან კიბერდანაშაულის დეპარტამენტი ძალიან პატარაა და ასეთ საქმეებს ხელს ნაკლებად კიდებენო.
იმედგაცრუებული წამოვედი. გამოდის, რომ ყველას შეუძლია დაგიშავოს ინტერნეტსივრცეში რამე, თუ მიზანში ამოგიღო. ფეიქექაუნთიდან ჩემი სახელის მატარებელი გვერდი მწერდა კიდეც, რომ მიდი, მიჩივლე, ვერაფერს დამიშავებენო“, – ამბობს თამარ ფონიავა.
ვის და რატომ აღიზიანებს ქალთა დიდი ჯგუფი
ჯგუფის ადმინისტრატორი ამბობს, რომ ქალებმა ჯგუფში უამრავი კაცი ამხილეს, რომლებიც ავიწროებდნენ სექსუალურად არაერთ გოგოს. იყო შემთხვევები, როცა ეს კაცები რამდენიმე ქალმა ერთდროულად ამხილა და ამოიცნო, რის შემდეგაც შევიდა განცხადებები პოლიციაში და ა.შ.
„მერე ასეთი კაცები მწერდნენ, რომ წამეშალა ქალების მიერ მხილებული ისტორიები მათზე და ფოტოები. დამმუქრებიან, უთქვამთ, რომ იარაღი აქვთ და რასაც უნდათ იმას მიზამენ. ზოგი პირიქით, გევედრება, რომ წაშალო მასზე ისტორია ჯგუფში და „ასე აღარ მოიქცევა, მეტს აღარ იზამს“.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, არიან ქალებიც, რომლებიც არღვევენ ჯგუფის წესებს და გააქვთ სქრინები ჯგუფიდან, გააქვთ ქალების ისტორიები, რაც ჩვენი წესებით, დაუშვებელია. დაუშვებელია ასევე რაიმე სახის შეურაცხყოფა. ტრანსფობიური, სექსისტური და სხვების დამცინავი კომენტარები ჯგუფიდან იშლება, ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება. თავდაპირველად წესების დამრღვევ ქალებს ვაფრთხილებთ, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, გვიწევს წავშალოთ. მერე ეს გაბრაზებული კაცები და ქალები, ცხადია, არაფერს კარგს არ წერენ სოციალურ ქსელებში ქალთა ჯგუფზე და მის დისკრედიტაციას ცდილობენ“, – ამბობს თამარ ფონიავა.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 1+4 პროგრამით არიან ჩარიცხულნი უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და განათლების მინისტრს ამ პრობლემის გამოსწორებას სთხოვენ.
სახელმწიფო პროგრამა 1+4 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ირიცხებიან, ოღონდ მათ ოთხის ნაცვლად ხუთი წელი უწევთ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა, რადგან პირველი ერთი წელი ქართული ენის შესწავლას ეთმობა.
სტუდენტებს სახელმწიფო ენის შესწავლაში თანხის გადახდა უწევთ.
„ხელს ვაწერ, რადგან“ – სტუდენტები პეტიციით მიმართავენ განათლების მინისტრს
სტუდენტები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პროგრამა 1+4-ით ჩარიცხულ სტუდენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობა უნდა მისცეს კვოტირების ფარგლებში, დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვენ.
პეტიცია დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ უკვე გავრცელდა და მას ამ დროისათვის 400-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
პეტიციას თან ახლავს კომენტარებიც, სადაც ხელმომწერები, ძირითადად სტუდენტები, წერენ, რატომ სურთ დაფინანსების წესის შეცვლა:
ჟენიკ მკრტჩიანი, ახალქალაქი: „ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიას და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაკულტეტი უფასოა, მე მაინც ვიხდი სწავლის საფასურს. ეს უსამართლობაა“.
როვშან კასუმოვი, ბოლნისი: „ხელს ვაწერ, რადგან მსურს, რომ სახელმწიფომ გადაიხადოს ჩემი სწავლის საფასური. მე ღარიბი ოჯახიდან ვარ“.
ქიუბრა გარაჯაევა, მარნეული: „ხელს ვწერ იმიტომ, რომ ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ“.
მარიამ რაისიანი, ახალქალაქი: „ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ეს იყო ის შანსი, რომელიც საშუალებას აძლევდა სომეხ აბიტურიენტებს, გახდნენ საქართველოს ნაწილი და თავიანთი დანარჩენი ცხოვრება საქართველოსთვის იმუშაონ“.
„ბათუმელები“ ამ პეტიციის ერთ-ერთ ავტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორს კახა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ამ საკითხზე დისკრიმინაციულია.
დისკრიმინაციული ჩანაწერი, როგორც კახა გაბუნია ამბობს, 2013 წლიდან ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სახელმწიფომ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.
„მე ვარ 1+4 პროგრამის ხელმძღვანელი უნივერსიტეტში და სტუდენტებისგან გავიგე, რომ უფასო პროგრამებზე მათ სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. მაშინვე მივმართე განათლების სამინისტროს და იცით როგორი იყო მათი რეაქცია? – „ჩვენ ხომ უმცირესობებს კვოტირებით ვრიცხავთ და კიდევ დამატებით დავაფინანსოთ?“
მათ არც კი ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები უფასოდ არ სწავლობენ.
ქუჩაში რომ გავაჩეროთ ადამიანები და ვკითხოთ, 80 პროცენტი იტყვის, რომ უმცირესობებს უნივერსიტეტში უფასოდ ვასწავლით. ასე ფიქრობს ბევრი ლექტორ-მასწავლებელიც. ჰგონიათ, რომ რადგან მათი უმაღლესში ჩარიცხვის წესი განსხვავებულია, სწავლის გადასახადს არ იხდიან. ეს ასე არ არის“, – ამბობს კახა გაბუნია.
მისი თქმით, მას არაერთხელ უსაუბრია მაღალი თანამდებობის პირებთან ამ პრობლემაზე, თუმცა მხოლოდ გულგრილობას აწყდება.
კახა გაბუნია
„როცა ჩხენკელი პირველად დანიშნეს, ავუხსენი საკითხი, შემპირდა, რომ მოაგვარებდა, თუმცა ერთ თვეში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ბატიაშვილთან ვერ მოვახერხე კომუნიკაცია, ახლა ისევ ჩხენკელია მინისტრი და მინდა, რომ ეს პეტიცია სწორედ მას გავუგზავნოთ“, – ამბობს კახა გაბუნია.
მისი თქმით, მიხეილ ჩხენკელი ინფორმირებული იყო, თუ რას ითხოვდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, აღიარებდა კიდეც დისკრიმინაციულ ჩანაწერს, თუმცა 2020 წლის 11 აგვისტოს მაინც იმავე შინაარსის ბრძანება გამოსცა.
მინისტრის ბრძანებაში წერია:
„დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება“.
ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი რომელიც 1+4-ის მოსამზადებელ პირველ კურსს დაასრულებს, უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე უფასოდ ვერ ისწავლის.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც დაუშვას კვოტირების სისტემა უმცირესობებისთვის, ისევე როგორც უმაღლესში ჩარიცხვის შემთხვევაში აქვს დაშვებული [5-5 პროცენტი – აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისთვის, 1-1 პროცენტი – ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი მოქალაქეებისათვის] და ეს აღმოფხვრის უთანასწორობას“, – ამბობს კახა გაბუნია.
რა შეიცვალა 1+4 ქართული ენის მომზადების პროგრამაში ათი წლის შემდეგ?
„პროგრამა 2010 წლიდან ამუშავდა და ფაქტობრივად, ჰაერზე შეიქმნა. ათი წლის შემდეგ კი, წელს პირველად მიიღო ახალი აკრედიტაცია.
პროგრამა არსებითად გაუმჯობესდა, რადგან წერა-კითხვის, მოსმენის, გრამატიკის კომპონენტები ცალკე მოდულებად ისწავლება, ასევე მართლწერა და პროფესიული ტერმინოლოგია. პროგრამაში გათვალისწინებულია აბიტურიენტების ენის ცოდნის დონეც“, – ამბობს კახა გაბუნია, რომელიც პროგრამის ხელმძღვანელია თსუ-ში.
მისი თქმით, შეიქნა სახელმძღვანელოებიც, რაც აქამდე არ არსებობდა და ნელ-ნელა გვარდება სპეციალისტების პრობლემაც.
კახა გაბუნიას თქმით, რომელიც უნივერსიტეტში მულტილინგვურ პროგრამასაც ხელმძღვანელობს, სწორედ 1+4 პროგრამიდან მიიღეს სტუდენტების ნაკადი ამ პროგრამაზე წელს პირველად, რაც სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლებისთვის პროფესიული რესურსი გახდება.
„26 სტუდენტი გვყავს უკვე პირველ კურსზე. ესეც უფასო პროგრამაა და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არაქართულენოვან სკოლებში სპეციალისტების სერიოზული კრიზისია. ამჯერად მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მოვამზადებთ“, – ამბობს კახა გაბუნია.
მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლების დაახლოებით 2 ათასამდე მასწავლებელი სახელმწიფო ენას ვერ ფლობს. „საბჭოთა კავშირის მერე ამ სკოლებში მასწავლებელი პრაქტიკულად არ მზადდება“, – ამბობს კახა გაბუნია.
ტყუილი თუ გულგრილობა – რატომ არ ცვლის სამინისტრო მიდგომას
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ 2013 წელს, სანამ პირველი ბრძანება გამოვიდოდა, მას ჰქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან და კვოტირებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბრძანებაში არ ჩაწერილა, თუმცა უნივერსიტეტებმა მაინც არ დააფინანსეს კვოტირებული სტუდენტები.
„ამის შემდეგ, კიდევ გვქონდა კომუნიკაცია განათლების ყველა მინისტრსა და მოადგილესთან, რომლებიც ამბობდნენ: „უი, რას ამბობთ, ასეთი რეგულაცია გვაქვს? არც ვიცოდით, აუცილებლად შეიცვლება“. მაგრამ რეალურად, როცა მოდის საგრანტო დაფინანსების თარიღი, ეს მუხლი ისევ ძალაში რჩება.
არ ვიცი იტყუებიან თუ არა, როცა ამბობენ, რომ შეცვლიან, მიზანმიმართულად ხდება თუ ავტომატურად გადადის ეს ბრძანება, მაგრამ ფაქტია, რომ 8 წელია ამ საკითხზე ვმსჯელობთ, განვიხილავთ სამინისტროსთან, მაგრამ არაფერი იცვლება. არავინ იაზრებს, რა შედეგები მოჰყვება ამას“.
შალვა ტაბატაძის თქმით, მას ჯერ არ შეხვედრია სამინისტროში ადამიანი, ვინც დაასაბუთებდა ამ შეზღუდვის მნიშვნელობას.
უფრო მეტიც, ტაბატაძე ამბობს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიღებული აქვს სამოქმედო გეგმა, სადაც ასევე ჩაწერილი იყო ეთნიკური უმცირესობების განათლების დაფინანსების საკითხი, თუმცა საბოლოო ვარიანტიდან ამოიღეს.
„ვინ ამოიღო არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლები არასდროს ყოფილა განათლების სისტემის ნაწილი პროფესიული განვითარების, ქართული ენის სწავლების თუ სკოლის ადმინისტრაციის მომზადების კუთხით.
შალვა ტაბატაძე
„სწორედ ამიტომ დაგვჭირდა სტუდენტთა კვოტირება, რადგან 20 წელიწადში ჩვენ არაქართულენოვან სკოლებში 4-5 ათასი პედაგოგი დაგვჭირდება – საპენსიო ჯილდოს ფარგლებში სისტემიდან 1 450 მასწავლებელი გავიდა და მხოლოდ 250 ახალი კადრი შევიდა სკოლებში. აქედან უმრავლესობას არ აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია.
სწორედ ამიტომ უნდა მოვიზიდოთ უნივერსიტეტში სტუდენტები, რომ მოვამზადოთ ორენოვანი ახალი კადრები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ახალი ცოდნით. სხვა შემთხვევაში, არაქართულენოვან სკოლებში რეფორმა ვერ განხორციელდება.
მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამომავლო პერსპექტივაზე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ სკოლების რეალურად ქართულ სისტემაში ინტეგრირება და რეფორმირება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
იგი ასევე საუბრობს კვოტირებული კურსდამთავრებულების დასაქმების პრობლემაზეც:
„ადგილობრივ საჯარო უწყებებში მათ დასაქმების პრობლემა აქვთ, მაშინ, როცა ადგილზე არ გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები. ეს ადამიანები უნდა გამოვიყენოთ როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე განათლების სისტემაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მარტო იმით კმაყოფილება, რომ თურმე 1+4 პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, საკმარისი არ არის. მთავარია საბოლოო მიზანი“.
შალვა ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო არც იმაზე საუბრობს, რომ კვოტირებით ჩარიცხულთა დიდი ნაწილი სწავლას ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს.
„23 პროცენტს აქვს სულ დამთავრებული 1+4-ის პროგრამა. თბილისში სწავლა და ცხოვრება ძალიან ძვირი უჯდებათ სტუდენტებს, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რადგან ეს რეგიონი თბილისიდან შორსაა, ამიტომ ისინი რუსეთში ან სომხეთში ამჯობინებენ სწავლის გაგრძელებას“.
შალვა ტაბატაძის შეფასებით, სახელმწიფოს სისუსტე და შეცდომაა იმის ვერგააზრება, თუ რა არის საჭირო უმცირესობების ინტეგრაციისთვის და ამის კლასიკური მაგალითია ის, რომ სახელმწიფო კვოტირებულ სტუდენტებს უფასო პროგრამებზე უფასოდ სწავლას უზღუდავს.
„კვოტირების მიზანია, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან აქტიურად ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. რეალურად კი გვაქვს მხოლოდ თვითკმაყოფილება ამ პროგრამის არსებობის გამო, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, ეს ინსტრუმენტი როგორ გამოვიყენოთ შესაბამისი პოლიტიკის გაანალიზებისთვის“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
სად არის პრობლემის სათავე
„ბათუმელები“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელს ნათია მანიას ესაუბრა.
მასწავლებლის აზრით, სახელმწიფოს უცნაური პოლიტიკა აქვს უმცირესობებთან მიმართებაში, რადგან ერთი მხრივ, სახელმწიფო აღიარებს, რომ უმცირესობებს ვერ აძლევს სათანადო განათლებას, რადგან დაინახა 1+4 პროგრამის საჭიროება, თუმცა სკოლის დონეზე განათლების დაბალ დონეს მაინც ვერ ხედავს.
„ზოგი ისეთი მასწავლებელი ასწავლის ქართულს, საერთოდ ვერ ლაპარაკობს ქართულად. მათემატიკას ასწავლის და მიმატება-გამოკლების იქით ვერ მიდის. ფაქტია, რომ სახელმწიფო არანაირად არ ცდილობს გაუნათლებელი მასწავლებელი სკოლას მოაშოროს, მასწავლებელი, რომელმაც თავისი საგნის 4 პროცენტიც კი არ იცის.
შეიძლება ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი მასწავლებელი, როგორც წესი, ძალიან მორჩილია და სახელმწიფოს უნდა, რომ მორჩილებაში ჰყავდეს მასწავლებელი“, – მიიჩნევს ნათია მანია.
პედაგოგის აზრით, თუკი სკოლაში მოსწავლე მინიმუმ A2 ან B1 დონეზე შეისწავლის ქართულს, მას უფრო გაუადვილდება 1+4 პროგრამაში მონაწილეობა, ხოლო თუ ის B2 დონეზე მიიღებს სახელმწიფო ენის ცოდნას, აღარ დასჭირდება 1+4 პროგრამა უნივერსიტეტში ჩასარიცხად:
„უმჯობესია რესურსები დაიხარჯოს სკოლაში, აქ გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება და გაიზარდოს აბიტურიენტთა მომზადება. საბოლოოდ, სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მოსწავლემ ქართული ენა მაღალ დონეზე სკოლაში ისწავლოს და ამისთვის ყველა პირობა უნდა შექმნას“.
ნათია მანია, პედაგოგი
ნათია მანიას თქმით, არაქართულენოვან სკოლებში არა მხოლოდ ქართული ენა ისწავლება დაბალ დონეზე, უმცირესობებმა მშობლიური ენა და ლიტერატურაც კი არ იციან სათანადოდ, რაც ხელს უშლის მოსწავლეების აკადემიურ განვითარებას.
პედაგოგის აზრით, ყველა ტიპის პრობლემის მოგვარებას სჭირდება მოაზროვნე, მცოდნე, პროფესიონალი, მონდომებული და თანამედროვე მასწავლებელი.
„ასეთი მასწავლებლების დიდი დეფიციტია ქვეყანაში. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მასწავლებელს სამოქალაქო პოზიციაც უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს არა მორჩილი და პასიური, არამედ კრიტიკული და ცვლილებებისთვის უნდა მუშაობდეს. თუ სკოლაში ასეთი პედაგოგები იქნებიან, ყველა პრობლემა გამოსწორდება“, – ამბობს ნათია მანია.
მასწავლებლების კვალიფიკაციის გარდა, ის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების პრობლემაზეც საუბრობს.
„პრობლემაა, როცა სახელმწიფო ვერ იაზრებს, რას ნიშნავს ასწავლო შენი ქვეყნის მოქალაქეს სხვა სახელმწიფოში გამოცემული და სხვა სახელმწიფოს განათლების პოლიტიკით აწყობილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოთი. ამ სახელმძღვანელოებში სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ფოტოებია, სხვა სახელმწიფოს ჰიმნია დაბეჭდილი, სულ სხვა აგიტაცია-პროპაგანდაა და ვფიქრობ, ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო“, – ამბობს ნათია მანია.
რას ამბობს მოძრაობა „სალამი“
ქამრან მამადლი, მოძრაობა „სალამის“ აქტივისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს გულგრილობა ამ საკითხზე შესაძლოა გამომდინარეობდეს იქედან, რომ ხშირად გადაწყვეტილებებს ის პირები იღებენ, ვინც არ იცნობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ „საკუთარ ტყავზე არ გამოუცდიათ მსგავსი უთანასწორობა“.
„შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ სამინისტროს დონეზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი არავინ მუშაობს, ვინც დაანახებს მათ უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ხშირად, ბიუროკრატიული ან პოლიტიკური ნაბიჯია გადამწყვეტი და არა რეალური საჭიროებები“, – ამბობს ქამრანი.
ქამრან მამადლი
ის ამბობს, რომ შესაძლოა ვინმემ თქვას, უმცირესობები ისედაც ჰყავს სახელმწიფოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგან მხოლოდ ერთი გამოცდით ირიცხებიან უმაღლესში:
„თუმცა, ამის საჭიროებაც არასწორმა სახელმწიფო პოლიტიკამ და პრობლემის გაუაზრებლობამ მოიტანა.
ჩვენ ვსაუბრობთ არსებითად ჩაგრულ და გარიყულ ჯგუფებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა და სწორედ 1+4 პროგრამა გახდა საჭირო, რომ ეთნიკურ უმცირესობებს დაეწყოთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა. ახლა კი ასეთი ხარვეზის არდანახვა შეუძლებელია“, – ამბობს ქამრან მამადლი.
როგორ ფიქრობთ, რატომ გამოსცა უმცირესობების ინტერესების წინააღმდეგ მინისტრმა ბრძანება, მაშინ, როცა მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია თქვენი მოთხოვნების შესახებ? – ვკითხეთ ქამრანს. ის ამბობს, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.
„ჩვენ, „სალამის“ აქტივისტებმა, შარშან დავიწყეთ ამაზე საუბარი. ვრეკავდით განათლების სამინისტროშიც, უნივერსიტეტებშიც…
ჩვენთვის ორი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი – პირველი ის, რომ 1+4 პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სტუდენტის სტატუსიც კი არ აქვთ პირველ წელს, არ უნდა იხდიდნენ სწავლის საფასურს სახელმწიფო ენის შესწავლაში, მეორე ის, რომ უფასო ფაკულტეტებზე უმცირესობებსაც უფასოდ უნდა შეეძლოთ განათლების მიღება“, – ამბობს ქამრან მამადლი.
რას ამბობს განათლების სამინისტრო
რატომ არ ეძლევათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო იმ ბრძანების გაუქმებას, რომელიც ამ უფლებას უმცირესობების წარმომადგენლებს ართმევს? – „ბათუმელები“ შეეცადა საქართველოს განათლების სამინისტროსგან მიეღო ამ და სხვა კითხვებზე პასუხი.
სამინისტროს წერილობითაც მივაწოდეთ კითხვები, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩის, ასევე საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინის შესახებ. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.
“…გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის უკანონო შემოყვანზე გააძლიერა.
“ჰქონდათ ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა ფარულად შემოიყვანეს საქართველოში სააკაშვილი, ამისთვის ისჯებიან ისინი,” – ამას “ნაციონალური მოძრაობის” და ორგანიზაცია “ალტერნატივას” ლიდერები ჰყვებიან, რომლებიც ასევე პროცესის დაწყებამდე ბათუმის სასამართლოსთან შეიკრიბნენ და დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
იმას, რომ საზღვრის უკანონო კვეთის მიზანი მიგრანტის შემოყვანა იყო, არც პროკურორი ვლადიმერ მგალობლიშვილი გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ეს გამოძიების ცალკე ეპიზოდია, რაზეც ძიება ჯერ არ დასრულებულა.
სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე კი, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მთავარი აქცენტი დაკავებაზე გააკეთა, რაც სასამართლოს შეფასებითაც, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე, უკანონო იყო.
მთავარი ხარვეზი ისაა, რომ დაკავებულებს უფლებები არ განუმარტეს, ხოლო დაკავების შემდეგ შუა ზღვაში გაჩერებულ იახტაზე საათების განმავლობაში დატოვეს.
“ეს ნონსენსია: სასამართლო მიიჩნევდეს დაკავებას უკანონოდ და იმავდროულად პატიმრობაში ტოვებდეს ადამიანებს,” – ეს ადვოკატისთვის მთავარი არგუმენტია, რაც, მისი აზრით, აჩვენებს, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია.
“მათ მოითხოვეს უკრაინული ენის თარჯიმანი და მივიყვანეთ იმ დროს, რაც ოქმშია მითითებული, ამ პროცედურულ დარღვევაზეა მხოლოდ საუბარი,” – აღნიშნა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.
“თარჯიმანი რომ ვერ იქნა დროულად ნაპოვნი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დაკავება კანონიერი იყო? დაკავების დროა ფალსიფიცირებული. ამას ხომ თარჯიმანი არ სჭირდებოდა?” – შეეპასუხა პროკურორს ადვოკატი.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა დაუშვებლად მიეჩნიათ ის მტკიცებულებები, რომლებიც სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკის დროს მტკიცებულებების სახით მიიღეს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაადასტურა, რომ სასამართლოს ეს შეფასება ჰქონდა, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, თუმცა:
“გვაქვს ასეთი რეალობა, რომ დაკავება დასრულდა და შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიება,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.
ადვოკატის აქცენტია ისიც, რომ ბრალდებულების იახტა გონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში გააჩერა საზღვაო პოლიციამ, რომელიც ბათუმის პორტში არ შემოსულა.
“პორტში არ შემოსულან, მიდიოდნენ თურქეთში, საიდან გამოდის საზღვრის უკანონო კვეთა?” – კითხულობს ადვოკატი.
დაცვის მხარის მტკიცებით, ჩხრეკის დროს ვერ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და არც უკანონო თევზჭერას ეწეოდნენ ამ გემით.
პროკურატურა ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა მოტივით დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბრალდებულებმა.
“ეს იყო არა დაკავება, არამედ ტყვეობაში აყვანა,” – დასძინა ბექა ბასილაიამ.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა იმ დასაბუთებით, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლოში უკვე წარმოდგენილია და “არავის სიურპრიზი აღარ ელის”.
“მოწმეებად დასაკითხი მხოლოდ პოლიციელები არიან. დაუჯერებელია, ბრალდებულებმა პოლიციის წარმომადგენლებზე მოახდინონ ზემოქმედება,” – დასძინა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
“ისინი წყალში აპირებდნენ მიმალვას და ხმელეთზე უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ”, – ასე დაიწყო პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ იმის დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გაათავისუფლონ პატიმრობიდან ბრალდებულები.
პროკურორის თქმით, ბრალდებულების იახტას წინ სანაპირო დაცვის ორი კატარღა გადაუდგა და ბაგირზე ჩაიბა.
“ეს ბაგირიც კი გადაჭრეს და ცდილობდნენ გაქცევას…” – დასძინა პროკურორმა.
პროკურორს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა, რომ ვიდრე ის საუბრობდა, ბრალდებულებს ეცინებოდათ.
“ეს უპატივცემულობას კი არ ნიშნავდა, არამედ იმას, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები არ კარგავენ რეალობის აღქმის უნარს…” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
“შესაძლოა, იყოს სიცილის კონტექსტი, შესაძლოა, იყოს სხვა რაღაც…” – აღნიშნა მოსამართლემ.
“ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით გააჩერეს იახტა, რა უშლიდათ ხელს, განეგრძოთ გზა და 2 წუთში თურქეთის საზღვართან იქნებოდნენ,” – განაგრძო ადვოკატმა.
დაცვის მხარეს ამ საქმეში წარმოდგენილი აქვს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაც, სადაც უკრაინის სახელმწიფო შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის მოქალაქეების დაკავების გამო. ასევე აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინას, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებაა,” – თქვა მოსამართლემ.
“მე ათასჯერ ვარ შემოსული ამ გზით, მეზღვაურები ვართ, პროკურორმა ეს არ იცის, მაგრამ რატომ მოხდა ეს, რატომ დაგვაკავეთ?” – ჰკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორს. მას მოსამართლემ უთხრა, რომ არსებითი განხილვა არ დაწყებულა და კითხვებს პროკურორი ჯერ ვერ უპასუხობს.
ბრალდებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ. “ეს თეთრი ძაფით შეკერილი საქმეა,” – დასძინა ბრალდებულმა მიხეილ ბატურინმა.
მოსამართლემ საბოლოოდ აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლაზე უარი თქვა. ამის მთავარ მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ახალი გარემოება არ არსებობს.
“დამისახელეთ ერთი დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც თვლით, რომ, მაგალითად, მიხეილ ბატურინი დანაშაულს ჩაიდენს?” – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისი მტკიცებით, ბრალდებულებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთიათ.
“მაშინ რატომ დასჭირდა მას ეს ფორმა?” – დისკუსიაში შეყოლა ამჯობინა მოსამართლემ.
“რომელი ნორმით იკრძალება წყლიდან შემოსვლა?” – დაჟინებული ტონი დაეტყო ადვოკატს.
“გთხოვთ, ნუ ჩამერევით გადაწყვეტილების მიღებაში,” – ადვოკატს თვალი აარიდა მოსამართლემ.
“რატომ ცდილობთ გაკეთილშობილებას, როცა კითხვებზე პასუხი არ გაქვთ?” – განაგრძო მოსამართლესთან კამათი ადვოკატმა.
“კითხვაზე პასუხი ძალიან კარგად მაქვს,” – უკან აღარ დაიხია მოსამართლემ და სიტუაციის განმუხტვა ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემით დაასრულა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
“პორტის და ნავსადგურში შემოსვლის გარეშე როგორ არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა, რა ვერსია გაქვთ?” – ისევ იკითხა ადვოკატმა. ამჯერად ის ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. სასამართლო სხდომა გრძელდება, გრძელდება საპროტესტო აქციაც სასამართლოს წინ.
სასამართლო პროცესი ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდასასამართლო პროცესი ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდაადვოკატი ბექა ბასილაია და პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე
თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
დავით მჭედლიშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეა 2017 წლიდან. უფლებამოსილების ვადაში მან, როგორც მაღალი რანგის საჯარო მოხელემ, ქონებრივი დეკლარაცია ოთხჯერ შეავსო. ამ დეკლარაციების მიხედვით, ბოლო წლებში მისი და მისი ოჯახის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა გადამოწმებით დადგინდა ისიც, რომ დეკლარაციებში ყველაფერი არ წერია.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ამ პერიოდში დავით მჭედლიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაჩნდა შენობები და გაიზარდა არსებული შენობის მასშტაბი უკანონოდ, მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვების გარეშე.
ქობულეთი, რუსთაველის # 224- ის მიმდებარედ უკანონოდ აშენებული სასტუმრო
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 28 იანვარს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონების ნაწილი – 1560 კვადრატული მეტრი სასტუმრო დავით მჭედლიშვილმა და მისმა მეუღლემ ძირითადად, უმცროსი შვილის სახელზე გადააფორმეს. 2018 წელს ივერი მჭედლიშვილის საკუთრებაში დაარეგისტრირეს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქობულეთში, რუსთაველის # 224- ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს.
დეკლარაციაში სახლის ფართობად 1560,5 კვ.მ.-ია მითითებული, მიწის ნაკვეთი კი 1460კვ.მ-ა. დავით მჭედლიშვილის შვილის სახელზე გადაფორმებული ეს სახლი, სინამდვილეში სასტუმროა. ფოტო: სასტუმრო „სიშელის“ ვებგვერდიდან
რატომ ჩაწერა დეკლარაციებში სასტუმროები საცხოვრებელ სახლებად – ამაზე თავად დავით მჭედლიშვილს ვკითხეთ. სატელეფონო საუბარში მან განგვიმარტა, რომ მათ შორის ერთ-ერთში ცხოვრობენ, ამიტომაც სახლიც არის და სასტუმროც. ზოგან კი მიწის ნაკვეთების ფართობები და შენობების ფართობები ერთმანეთში აერია, შეცდომა დაუშვა, რისთვისაც დააჯარიმეს კიდეც.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს, რომ ეს შენობა უნებართვოდ ააშენა:
„ახალი არ აგვიშენებია, ძველი შენობაა, ადრე აშენებული. ძველი ნებართვებიც იქნება ალბათ, ჩვენ ავაშენეთ და შვილმა დაასრულა“.
სინამდვილეში, სასტუმროს მშენებლობა ამ ნაკვეთზე 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დაასრულა ისე, რომ შესაბამისი ნებართვები ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურს გაცემული არ აქვს. დეკლარაციაში არც მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ჩანაწერი იძებნება. საჯარო რეესტრით კი დასტურდება, რომ დეკლარაციის შევსებისას დავით მჭედლიშვილს შენობებისა და მიწის ნაკვეთების ფართობები ერთმანეთში არ არევია.
დავით მჭედლიშვილი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. ფოტო: დავით მჭედლიშვილის ფეისბუქგვერდიდან
გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, არც დავით მჭედლიშვილი და არც მისი შვილი [ივერი მჭედლიშვილი] – ამ კონკრეტული ქონების მესაკუთრე უნებართვო მშენებლობისთვის ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არათუ არ დაუჯარიმებია, მითითებაც კი არ მიუციათ. ზემდგომი სტრუქტურის პირველი პირის უკანონო ქმედება ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ვერ ან არ შენიშნეს.
„ბათუმელები“ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, მინდია რომანაძეს დაუკავშირდა და საკრებულოს თავმჯდომარის კუთვნილ მისამართებზე უნებართვო მშენებლობების გადამოწმება სთხოვა.
ის ჯერ შეგვპირდა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას და დაგვიკავშირდებოდა, შემდეგ ტელეფონი გამორთო, მეორე დღეს კი გვითხრა, რომ შვებულებაშია და გვირჩია არქიტექტურის სამსახურს დავკავშირებოდით. იმავე კითხვებით მივმართეთ როგორც ქობულეთის არქიტექტურის სამსახურს, ასევე მერიის პრესსამსახურს, თუმცა რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად მათგან პასუხები ვერ მივიღეთ. ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ კი ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი სასტუმრო უკანონოდ ააშენა, კიდევ ერთ შენობას კი რეკონსტრუქცია ჩაუტარა და დააშენა ასევე უკანონოდ.
უკანონოდ აშენებულ 1560 კვადრატულ მეტრ შენობაში მჭედლიშვილებს საოჯახო სასტუმრო seashell [„სიშელი“] აქვთ მოწყობილი. იძებნება ამ სასტუმროს ვებგვერდიც, რომლის საშუალებით მომხმარებელს ტურების დაგეგმვას და სხვა შესაბამის მომსახურებასაც სთავაზობენ [ეს სასტუმრო ექსპლუატაციაში 2019 წელს გაუშვეს].
შპს „სიშელის“ ასი პროცენტის მფლობელი და ხელმძღვანელი კი დავით მჭედლიშვილის უფროსი ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილია.
საჯარო რეესტრის თანახმად, მჭედლიშვილების სასტუმროს ოფიციალური მისამართია: ქობულეთი, რუსთაველის #224-ის მიმდებარე. დავით მჭედლიშვილს ეს მიწის ნაკვეთი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე დიდი ხნით ადრე აქვს შეძენილი.
ქობულეთი, რუსთაველის #224 – სახლი და სასტუმრო
სასტუმრო „სიშელის“ წინ, რუსთაველის #224-ში, ქუჩის მხარეს მჭედლიშვილებს კიდევ ერთი საცხოვრებელი და ამავდროულად სასტუმრო აქვთ. სწორედ ამ შენობაში დაიწყო ოჯახმა თავის დროზე მცირე სეზონური ბიზნესი – საოჯახო სასტუმროს სახით. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი შენობას დააშენეს და მისი მასშტაბი ბევრად გაზარდეს, რასაც ასევე არ ადასტურებს დავით მჭედლიშვილი. „არ დაგვიშენებია. ასე იყო. ძველია. 15 წელია რაც აქ საოჯახო სასტუმრო გვაქვს და ჩემი მეუღლე უძღვება ამ ყველაფერს“, – ამბობს ის.
თუმცა ეს რომ ასე არ არის, ამის გაგება თავად დავით მჭედლიშვილის ქონებრივი დეკლარაციებიდანაც შეგვიძლია: პირველი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2018 წელს საკრებულოს თავმჯდომარის რანგში შეავსო, ამ შენობის ფართობი 600 კვ. მეტრი იყო. 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, შენობის ფართობი ხუთჯერ გაიზარდა და 3023.3 კვ.მეტრია.
ეს სახლი – სასტუმრო ოფიციალურად დავით მჭედლიშვილის მეუღლის, ირმა გოგიტიძის საკუთრებაა.
დავით მჭედლიშვილის სახლი [სასტუმრო], ხუთსართულიანი შენობა. შენობის საერთო ფართი 3023.3 კვ.მ-ია.
ქობულეთი, აღმაშენებლის #380
უშუალოდ დავით მჭედლიშვილის სახელზეა გაფორმებული 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთში – აღმაშენებლის #380-ში. ამ მიწაზე დგას 301 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. აღმაშენებლის ქუჩა ქობულეთში ზღვის პირველ ზოლს ესაზღვრება და ტურისტულ სეზონზე ამ ქუჩაზე ფართოებები უფრო ძვირად ქირავდება.
როგორც თავად გვიყვება ამ ქონებასთან დავით მჭედლიშვილს „გამოსახლების ისტორია“ აკავშირებს. საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ამ თემაზე საუბარი ეუხერხულება, მაგრამ რადგან კითხვები გაჩნდა, იძულებულია ისაუბროს:
„გადავარჩინე იპოთეკარი, რომელიც კარგავდა სახლს, უკვე არაფერი აღარ ეშველებოდა, რადგან სასამართლოს განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. სახლი ეკუთვნოდა ქვრივს და მის ობლებს, გამოსახლებაზე იყვნენ მისულები, იყო ერთი ამბავი და ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, მე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, პარლამენტის დეპუტატი ნაკაიძე მივედით – მოლაპარაკებას შედეგი არ ჰქონდა. მყიდველი, რომელმაც შეისყიდა ეს ქონება ბანკისგან, ოჯახის დაუყოვნებლივ გამოსახლებას ითხოვდა.
მე არ ვიცი, როგორ მომივიდა მაშინ ასეთი აზრი, ავიღე სესხი, 72 000 აშშ დოლარი გამოვიტანე და ქონება გამოვისყიდე, გადავიფორმე ჩემს სახელზე და ოჯახს საშუალება მივეცი ამ სახლში დარჩენილიყო საცხოვრებლად. ახლა ეს ოჯახი ფეხზე დადგა და სესხს თვითონ იხდიან, ხანდახან ვეხმარები და როცა სესხს დაფარავენ, საბოლოოდ ეს ქონება მათ დაუბრუნდებათ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ეს ადამიანები გადავარჩინე გამოსახლებას. ამას ვერ ვამბობ, რადგან თავის ქებასავით გამომდის, ამ ამბის გამო ლამის ხელისგულზე მატარებს გვარი მთლიანად“.
საკრებულოს თავმჯდომარის მონათხრობს სახლის მეპატრონე მანანა დიასამიძეც ადასტურებს, თუმცა აქაც არის ერთი საინტერესო დეტალი. ამ ამბის მოყოლისას დავით მჭედლიშვილს დაავიწყდა ეთქვა, რომ იპოთეკარი ოჯახის წევრი რუსლან რომანაძე მისი მძღოლია.
ქობულეთი, აღმაშენებლის #380
ქობულეთი, სხვა ქონება რუსთაველზე
2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით მჭედლიშვილს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის შესახებ უწერია, რომელიც ასევე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე #309 – ის მიმდებარედ ჰქონდა და 2900 კვ.მეტრი იყო. შემდეგ წლებში შევსებულ სამ დეკლარაციაში არც ამ ნაკვეთზე, არც მისი გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე არაფერი წერია. რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება ახლა ბიზნესმენ ვალერიანე ჩხარტიშვილს ეკუთვნის. რეესტრის მონაცემებში მითითებულია ასევე, რომ ამ ნაკვეთის გადასაფორმებლად ბიზნესმენმა სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა.
ამ შენობასთან ახლოს, რუსთაველის #162-ში, დავით მჭედლიშვილის უმცროსი შვილი ფლობს ასევე ბინას [110 კვ.მ], რომელიც მისთვის უჩუქებიათ. ამავე მისამართზე 20 კვ.მ. ფართობს ფლობს საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე ირმა გოგიტიძე.
ქობულეთი – მიწა
დავით მჭედლიშვილის შვილს, ივერი მჭედლიშვილს გასულ წელს თავადაც შეუძენია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ლეღვაში, რაშიც 3000 აშშ დოლარი გადაუხდია. ამ ციფრებს ლარებში თუ გადავიყვანთ, მას კვადრატულ მეტრში დაახლოებით 4 ლარი აქვს გადახდილი. ნაკვეთს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ტყე ესაზღვრება.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოფელ ლეღვაში 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთს თავად დავით მჭედლიშვილიც ფლობს. ეს ქონება მას მემკვიდრეობით მიუღია. რეესტრის მონაცემებით, ამ შემთხვევაში თანამესაკუთრედ ფიქსირდება დავით მჭედლიშვილის მეორე ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილი.
2019 წელს დავით მჭედლიშვილის უმცროს შვილს საჩუქრად მიუღია ასევე მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში [23 000 კვ.მ]. ვინ აჩუქა მას ეს ნაკვეთი, დეკლარაციაში მითითებული არ არის და შესაბამისი ინფორმაცია ვერც რეესტრში ვიპოვეთ.
დავით მჭედლიშვილის უფროსი ვაჟი, მიხეილ მჭედლიშვილი ფლობს ასევე ბინას ბათუმში [50კვ.მ] აბუსერიძის ქუჩაზე, ხოლო მეუღლე ირმა გოგიტიძე 2002 წლიდან ფლობს ბინას თბილისში [50კვ.მ] ბუდაპეშტის ქუჩაზე, კიდევ ერთი ბინა აქვს დავით მჭედლიშვილს თბილისში, ვაშლიჯვარში [130 კვ.მ.].
ამავე დეკლარაციის მიხედვით, დავით მჭედლიშვილის ოჯახს სოლიდური სესხიც აუღია, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ქონებამათ იპოთეკური სესხით აქვთ დატვირთული. რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ირმა გოგიტიძის, როგორც ინდმეწარმის შემოსავალი გასულ წელს 75 000 ლარი იყო, საწარმოს კაპიტალის სახით კი 30 000 ლარი დააფიქსირეს, ეს ციფრები მჭედლიშვილის ყველა დეკლარაციაში იდენტურია.
ხელფასის სახით, დავით მჭედლიშვილს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს, როგორც პედაგოგს, გასულ წელს ჯამში 51 500 ლარი მიუღიათ. უმცროს შვილს, როგორც შპს „საქართველოს ინოვაციური ჰაბის“ [კომპანია ივერი მჭედლიშვილმა 2018 წელს თავად დააფუძნა] დირექტორს, 19 000 ლარი მიუღია.
ის ასევეფლობს შპს „ბილბორდერის“ 45 პროცენტს, დეკლარაციის მიხედვით, ამ ორგანიზაციას გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.
მიხეილ მჭედლიშვილის შემოსავალი ასახული არ არის. ის შპს „ინგლისური აჭარაში“ და შპს „თმმ საქართველოს“ დამფუძნებელია, ამ ორგანიზაციას გასულ წელს შემოსავლის სახით 10 000 ლარი მიუღია.
ქობულეთის საკრებულოში არჩევამდე დავით მჭედლიშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ახალი ტალღის” დირექტორი იყო.
იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ძალაში დღეს, 10 თებერვალს, შევიდა.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ მსჯავრდებულს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე.
ბრძანებაში აღნიშნულია ასევე, რომ პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. ის მსჯავრდებულები კი, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, პროგრამის დაწყებისთანავე ერთვებიან ქართული ენის შემსწავლელ კურსებში.
პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წლით.
„პროგრამის მიზანია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისთვის, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რეინტეგრაციისთვის მზადებას“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
პროგრამით გათვალისწინებულია მსჯავრდებულთა შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების უზრუნველყოფა და სასამართლოსთვის წარსადგენად შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება.
პროგრამა შედგება 8 ეტაპისგან, რომელიც აერთიანებს სასწავლო მოდულებსა და მხარდამჭერ აქტივობებს:
ეტაპი I – მსჯავრდებულის შეფასება, ინდივიდუალური პროგრამის შედგენა და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლე მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
ეტაპი II – კონსტრუქციული ურთიერთობების აგება;
ეტაპი III – ჯანსაღი ცხოვრება და პროფესია;
ეტაპი IV – ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა;
ეტაპი V – სამოქალაქო განათლება (საგანმანათლებლო მოდული);
ეტაპი VI – მაკრო სისტემები (საგანმანათლებლო მოდული);
ეტაპი VII – ადაპტაციის უნარების გაუმჯობესება (საგანმანათლებლო/უნარების განვითარების მოდული);
ეტაპი VIII – მომავლის კონსტრუქციული დაგეგმვა.
ცალკეული ეტაპების დაძლევა ფასდება პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმებით, რაც შემდგომ ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა. თუ მსჯავრდებული ვერ დაძლევს პროგრამის რომელიმე ეტაპს, იგი შესაბამის ეტაპს ხელმეორედ გაივლის.
მსჯავრდებულის მიერ პროგრამის ყველა ეტაპის გავლის შემთხვევაში სპეციალური გუნდი [შემადგენლობას ამტკიცებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი] აკეთებს საბოლოო შეფასებას და ადგენს „გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელ ანგარიშს“, რომელიც ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ეგზავნება სასამართლოს.
სასამართლოს მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, გუნდი აფასებს მსჯავრდებულს და მის საჭიროებებზე მორგებულ განახლებულ 6-თვიან ინდივიდუალურ პროგრამას ადგენეს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ამ პროგრამის გარკვეულ მოდულებს/სესიებს.
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად იანვრის თვის მონაცემების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალია [ვინაიდან 20 თებერვალი არის შაბათი-არასამუშაო დღე]. ამასთან, დამსაქმებლებს, რომლებმაც იანვრის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები [დეკემბრის მონაცემები], შესაძლებლობა აქვთ ეს მონაცემები 22 თებერვლამდე წარადგინონ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცა – ჯამში 21 216 000 ლარი.
დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი.
10 თებერვლის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის, (იანვრის) განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით [ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე], რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“.
საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ბოლო დროს განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც:
თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.
ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის პირობებს, მაგრამ მათზე განაცხადების წარდგენა ვერ განხორციელდა – დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის მიღების მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში.
200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან,
ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge.
ვის ეკუთვნის კომპენსაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
საქართველოს მთავრობამ დღეს, 10 თებერვალს, გამოაქვეყნა სკოლებისთვის რეკომენდაციები, რომელიც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას უკავშირდება.
რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:
მოსწავლის ტრანსპორტირება:
სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩაუტარდეს მოსწავლეს თერმოსკრინინგი;
37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება;
დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
სკოლაში შესვლამდე:
თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას, სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას;
დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე;
თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება;
37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;
37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.
მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში:
სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით;
მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;
გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;
საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.
რეკომენდაცია მშობლებს:
შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას;
მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.
რეკომენდაცია მასწავლებლებს:
სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით;
სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი;
კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით;
მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;
მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.
მთავრობის განცხადებით, ამასთან ერთად ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს სასწავლო პროცესის განახლებიდან ორ კვირაში, კორონავიურუსი აჭარაში ორ მოსწავლეს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.
ბათუმის უნივერსიტეტის წინ არსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის ბულვარის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან 159 999 ლარს დახარჯავს. ამ თანხით მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია.
დაგეგმილია აუზის მოცულობის შემცირება არმირებითა და დასხმით, განათების მოწყობა, ფსკერის მოპირკეთება, გამავალი მილის შეცვლა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 22 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერს თან ახლავს შადრევნის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც კერძო კომპანიამ ბულვარის დაკვეთით მოამზადა.
—
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, ბულვარის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და არხების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე ცალკე ტენდერი 290 ათასი ლარით აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 15 თებერვალს დასრულდება.
2021 წლის განმავლობაში ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების, არხებისა და ქანდაკება „ალი და ნინოს“ მოვლა-ექსპლუატაციისთვის კი ხელშეკრულება შპს „ბათუმის შადრევნებთან“ 225 ათას ლარზე უკვე გაფორმებულია.
[toggle title=”ტექნიკური დავალება და შადრევნების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]
ტექნიკური დავალება:
1.1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების და არხების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურება კერძოდ:
• ყოველდღიური მონიტორინგი, შადრევნის კომპიუტერული დანადგარებისა და მართვის ელექტრონული მოწყობილობების, წყალქვეშა ტუმბოების, წყალქვეშა განათებების, შადრევნის საფილტრაციო სისტემის, ხმის გამაძლიერებლების, აკუსტიკური მოწყობილობების და სხვა ძირითადი ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობისათვის;
• ექსპლუატაციის პროცესში შადრევნის დეტალების დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას დაზიანების შესახებ და ამავდროულად დაადგინოს დაზიანების მიზეზი, რათა დროულად მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი სათადარიგო ნაწილის მიწოდება. სათადარიგო ნაწილის მიწოდებისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს დაზიანებული ნაწილი ახლით დაზიანების აღმოსაფხვრელად;
• შადრევნებისა და არხების აუზში ყოველდღიურად სხვადასხვა ნარჩენებისაგან დაბინძურებული წყლის ზედაპირის, გრანიტის მოაჯირისა და სახურავის გაწმენდა;
• შადრევნებისა და არხების აუზის ფსკერის, გრანიტის მოაჯირის, კედლების, სახურავის მასში არსებული დანადგარების დასუფთავება–გარეცხვა თვის განმავლობაში 2-ჯერ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად. შადრევნისა და არხის აუზის გარეცხვის წინ აუზი მთლიანად უნდა დაიცალოს წყლისგან და გარეცხვის შემდეგ შეივსოს წყლით.
• შადრევნებისა და არხების აუზის დამატებითი დასუფთავება–გარეცხვა ხდება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით.
• შადრევნებისა და არხების ჩართვა გამორთვა უნდა მოხდეს დანართი №1-1-ში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავი დროით ჩართოს და გამორთოს შადრევანი;
• ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის დროს (თოვლის სახით) შადრევნები და ქანდაკება „ალი და ნინო“ უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში.
• კომუნალური ხარჯებს (დენისა და წყლის) იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია.
შადრევნებისა და არხების აუზების პარაპეტის, შიდა და გარე კედლების, ფსკერის კვადრატულობა:
1. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ფერადი შუქ -მუსიკალური შადრევანი:
– კვ.მ 1 514,20
2. ბათუმის ბულვარში ჭადრაკის სახლ „ნონა“-სთან მდებარე შადრევანი: კვ.მ 218,80
3. ბათუმის ბულვარში ნინოშვილის ქუჩისა და სასტუმრო „შერატონის“ კვეთის მიმდებარედ, 26 მაისის ქუჩის გასწვრივ მდებარე შადრევანი „გოგონა ველოსიპედით“: კვ.მ 111,90;
4. სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე შადრევანი: კვ.მ 200,00;
5. არდაგანის ტბაში მდებარე ფერადი შუქ-მუსიკალური შადრევანი: კვ.მ 1 087,40;
6. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნები:
– პირველი შადრევანი – კვ.მ 613,20;
– მეორე შადრევანი – კვ.მ 424,34;
– მესამე შადრევანი – კვ.მ 151,60;
– მეოთხე შადრევანი – კვ.მ 407,20;
– მეხუთე შადრევანი – კვ.მ 243,00;
7. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე არხები:
– პირველი არხი – კვ.მ 151,30;
– მეორე არხი – კვ.მ 193,00;
– მესამე არხი – კვ.მ 166,14;
– მეოთხე არხი – კვ.მ 144,10;
– მეხუთე არხი კვ.მ 125,70
– მეექვსე არხი კვ.მ 288,55
– მეშვიდე არხი კვ.მ 88,80
საოცრებათა პარკში მდებარე ქანდაკება “ალი და ნინო”:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
• • ყოველდღიური მონიტორინგი ქანდაკების გამართული მუშაობისათვის;
• ექსპლუატაციის პროცესში ქანდაკების დეტალების (გარდა გარე განათებისა) დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას დაზიანების შესახებ და ამავდროულად დაადგინოს დაზიანების მიზეზი, რათა დროულად მოხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი სათადარიგო ნაწილის მიწოდება. სათადარიგო ნაწილის მიწოდებისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს დაზიანებული ნაწილი ახლით დაზიანების აღმოსაფხვრელად;
• ქანდაკების შეზეთვა და შეპოხვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით
• ქანდაკების ჩართვა გამორთვა უნდა მოხდეს დანართი №1-2-ში მოცემული გრაფიკის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავი დროით ჩართოს ქანდაკება;
აჭარაში წელს 2 100 ჰექტარი ფართობის დახვნა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 574 ათასი ლარია გამოყოფილი. აგროსერვის ცენტრმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მარტს დასრულდება. დახვნა-დადისკვა-დაფარცხვა კი, 31 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ჯამში 1 350 ჰექტარი დაიხვნება, დაიდისკება და დაიფარცხება. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კი ჯამში 750 ჰექტარი ფართობის მხოლოდ დახვნაა დაგეგმილი.
ტენდერის პირობების მიხედვით, ნიადაგის დამუშავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს აგრო-ვადებში ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და უნდა დასრულდეს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.
ამასთან, ნიადაგის დახვნის სამუშაოები უნდა დასრულდეს:
ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 10 მაისის ჩათვლით;
ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით;
ნიადაგის დადისკვა-დაფარცხვის სამუშაოები კი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტებში, უნდა დასრულდეს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.
მიმწოდებელმა ნიადაგის დამუშავების სამუშაოები არ უნდა ჩაატაროს ნალექიან ამინდში. ის ასევე ვალდებულია პერიოდულად წარადგინოს ნიადაგის დამუშავების აქტები აგროსერვის ცენტრში [ნიადაგის დამუშავების აქტში უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირები, მუნიციპალიტეტი, დამუშავებული მიწის ფართობის რაოდენობა, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ: მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი].
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ნიადაგის დასამუშავებლად ყოველდღიურად მზადყოფნაში ჰყავდეს არანაკლებ 30 ერთეული ტექნიკა (ტრაქტორი); სამუშაოების მიმდინარეობისას ტექნიკის გაფუჭების შემთხვევაში კი, დროულად აღმოფხვრას ხარვეზი.
თუ შემსყიდველის მიერ ვერ იქნება მითითებული დასამუშავებელი ფართობები, მაშინ შემსყიდველი მიმწოდებელთან შეთანხმებით წყვეტს ფაქტიურად შესრულებული სამუშოების შესაბამისად ფართობის შემცირებას.
„შარშან დაიხნა 1 500 ჰექტარი, წელს მობილიზებული გვაქვს თანხა 2 000 ჰექტარისთვის. თუ მეტი იქნება მოთხოვნა და აგროვადებში განხორციელდება პროგრამა, დავხნავთ მეტსაც. არის შემთხვევები, როცა აგროვადები გასულია და მერე ითხოვს ფერმერი დახვნა-დაფარცხვას. ჩვენ ვერ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რაც აგროვადებთან არ არის შესაბამისობაში. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული“ – განაცხადა ერთი თვის წინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.
ხელვაჩაურში, კირნათში მცხოვრები ადამიანები „კირნათიჰესთან“ საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, ისინი ჰესის მშენებელმა კომპანიამ ხელისუფლებასთან ერთად მოატყუა, ისევ იტბორება სახნავ-სათესი მიწის ფართობები, რაც შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.
„კომპენსაცია მე პირადად ავიღე მხოლოდ 2500 ლარი, 6-დოლარ-ნახევარი გამოვიდა კვადრატული, ეს იყო საკარმიდამო, რაც დავთმე… ახლა კომპანია იძახის, რომ კომპენსაცია გადახდილი მაქვსო, მაგრამ ვეღარ ვიყენებთ სახნავ-სათესებს, რით ვიარსებოთ, იქ ვთესავდით, თხილის ბაღები იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კირნათში მცხოვრები ჯუმბერ ჯიხაძე.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის არ მიუციათ კომპენსაცია იმ მიწებზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო და მოსახლეობა წლების განმავლობაში იყენებდა.
აქცია „კირნათიჰესთან“
„მიწის რეფორმა არ ჩაატარა არცერთმა ხელისუფლებამ, ეგ ხომ ჩვენი ბრალი არ იყო?“ – კითხულობს მოქალაქე და ამბობს, რომ ჰესის აშენების შემდეგ სახნავ-სათესი მიწის ფართობები პერიოდულად წყლით იფარება. ამ მიწების გამოყენებას ვეღარავინ ახერხებს.
მოქალაქეების თქმით, მათ ამ მიწებზეც მიიღეს კომპენსაციაზე დაპირება, როცა ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი იყო მოლაპარაკებებში ჩართული.
ჯუმბერ ჯიხაძის თქმით, კომპენსაცია 210 ოჯახს ერგება. მოქალაქეები აპროტესტებენ იმასაც, რომ ჰესის აშენების შემდეგ ჰაერი უფრო ნოტიო გახდა და მოსავალი ფუჭდება.
„ასე აქ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ჩვენ გვატყუებს ყველა, ხელისუფლება და კომპანიაც,“ – აცხადებს ჯუმბერ ჯიხაძე. აქციის მონაწილეების თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას არ გადაუხდის, ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.
„გადავკეტავთ ნამდვილად… სახელმწიფოს მიწები იყო, მაგრამ ჩვენი ძირძველი მიწებია ფაქტიურად, იქ ვრგავდით სიმინდს, ლობიოს, ფხალს, ახლა აქ წყალია. გვეუბნებიან, უფრო მეტი წყალი დადგება, როცა სრულად ამოქმედდება ჰესიო. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ კომპენსაცია გადახდილი აქვთ, მაგრამ ეს არაა სწორი. შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს თავიდან ბოლომდე შეისწავლის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანრი ცინცაძემ.
ეს არ არის პირველი აქცია, რომელსაც კირნათში მოსახლეობა მართავს ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც თებერვლის დასაწყისში სოფლებში ცოფის შემთხვევები დადასტურდა, ცოფის პრევენციისთვის და მტაცებელი ცხოველების თავდასხმისგან მოსახლეობის დასაცავად მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა მონადირეთა ჯგუფებს.
სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფის გამავრცელებელი ტურაა, რომელმაც შინაური ცხოველები დაკბინა და დააინფიცირა.
ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, მონადირეების საშუალებით მტაცებელი ცხოველების, მგლებისა და ტურების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, ასეთ ზომებს მიმართავენ მაშინ, როცა პოპულაცია იზრდება და საფრთხისშემცველია მოსახლეობისთვის.
„თუმცა სალიკვიდაციო მტაცებელი ცხოველების რაოდენობა მკაცრად ლიმიტირებულია, ეკოსისტემას რომ არ შევუქმნათ საფრთხე“, – ამბობს დავით ვერულიძე. მისივე თქმით, საუბარია 5 ტურისა და 5 მგლის ლიკვიდაციაზე.
ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შინაურ ცხოველებს სავალდებულო ვაქცინაციას უტარებენ ცოფზე.
ჯიხანჯურში, წყავროკასა და ცხრაფონაში 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რაც გულისხმობს კონტროლს შინაური ცხოველების გადაადგილებაზე და მათ სავალდებულო ვაქცინაციას. კარანტინი ამ შემთხვევაში არ ზღუდავს ადამიანთა გადაადგილებას.
ამ სოფელში აკრძალულია რძისა და ხორცპროდუქტების რეალიზაცია 2 თვის განმავლობაში.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან დავითაძე დანიშნა.
ლევან დავითაძე 2017-2018 წლებში აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე მუშაობდა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის მოადგილედ, უფრო ადრე კი ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე იყო.
2020 წლის დეკემბრიდან დღემდე „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბაკურაძე იყო, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბაკურაძე ტექნიკური დირექტორის პოსტზე რჩება.
თუ ბათუმში ცხოვრობთ და ავტომანქანის პარკირების საფასური გადახდილი გაქვთ, შესაძლოა მაინც დაგაჯარიმონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ავტომანქანის ნომერს შეცვლით, მაგრამ ამის შესახებ შესაბამის ცნობას ბათუმის მერიაში არ წარადგენთ. იმის მიუხედავად, რომ მონაცემთა ბაზები ორივე საჯარო უწყებაში [შსს-ს მომსახურების სააგენტო და ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“] ელექტრონულადაა, ერთი საჯარო უწყება მეორისგან მონაცემს დამოუკიდებლად ვერ იღებს.
„ბათუმელებს“ კონკრეტული მოქალაქე მოუყვა, რომ ავტომანქანაზე ძველი ნომერი ახლახან იმიტომ გამოცვლა, რადგან 2021 წლის 31 მარტამდე ნომრის შეცვლა სავალდებულოა. ამ მოქალაქეს პარკირების საფასური მაისის ჩათვლით ჰქონდა გადახდილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ნომრის გამოცვლიდანრამდენიმე დღეში პარკირების ჯარიმა მაინც მიუვიდა. მოქალაქეს უთხრეს, რომ მერიაში წერილობითი ცნობა უნდა წარადგინოს შსს-დან ნომრის განახლების შესახებ.
„ისევ მივედი მომსახურების სააგენტოში, სადაც რიგები იყო… დამატებით 6 ლარი გადავიხადე იმაში, რომ ცნობა მოეცათ. ამ ცნობის წარდგენის შემდეგ გამიუქმეს ჯარიმა, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს მიდგომა. მომსახურების სააგენტოში, როცა ნომერი განვაახლე არავის უთქვამს, რომ დამატებით ცნობა უნდა წარმედგინა მერიაში,“ – გვითხრა მოქალაქემ.
ნომრის შეცვლა 72 ლარი ღირს. ფასიან ნომრებს სხვა საფასური აქვს ნომრების შესაბამისად.
რატომ არ ცვლის ერთმანეთში ორი საჯარო უწყება მონაცემთა ბაზას, რის გამოც მოქალაქე ზარალდება?
პარკირებაზე მოქალაქეებს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს. ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვიპასუხეს, რატომ აჯარიმებს ინსპექცია მოქალაქეს მაშინ, როცა მას პარკირების საფასური გადახდილი აქვს.
„მოქალაქემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ცნობა „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, თუ ამ ცნობას წარმოადგენს, აღარ დაჯარიმდება,“ – ეს გვითხრეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსი, მარადი სანიკიძე ადასტურებს, რომ „ეს დადგენილი პრაქტიკაა“, თუმცა არ თვლის, რომ „ეს“ რამე განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის მოქალაქეებს. გულგრილ დამოკიდებულებას აჩვენებს ისიც, რომ ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ოფიციალურად არ მიუმართავს შსს-ს „მომსახურების სააგენტოსთვის“, რომლის მონაცემებზე წვდომაც ბათუმის მერიის ამ სამსახურს არ აქვს.
„ეს არის ორი სხვადასხვა ორგანო, რომელთანაც ფიზიკური, ან სამართლებრივი შემხებლობა არ გვაქვს, თუმცა მიმდინარეობს ამ საკითხზე შიდა კონსულტაციები… როცა გვექნება მზა პაკეტი, მაშინ მივმართავთ,“ – გვიპასუხა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსმა.
ამ პრობლემაზე „ბათუმელებმა“ მიმართა შსს-ს მომსახურების სააგენტოსაც, სადაც გუშინ გვითხრეს, რომ საკითხზე განმარტებას „ხვალ გააკეთებენ“. უწყებაში ადასტურებენ, რომ ბათუმის მერიას შესაბამისი ბაზების გაზიარების თხოვნით არ მიუმართავს.
მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა 2021 წელს აჭარის რომელიმე მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია და არის თუ არა გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომლითაც სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, როგორც ამას მთავრობა აცხადებდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ 2021 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის მხოლოდ კახეთის რეგიონია შერჩეული: „2022 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის ახალი არეალების დასამტკიცებლად მსჯელობა კი, მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.“
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაცია ჩატარდება კახეთში – საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გარკვეულ დასახლებებში.
იუსტიციის სამინისტროს ვკითხეთ, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული მუნიციპალიტეტები.
„კახეთის რეგიონი გამოირჩევა მკვეთრად აგრარული მონო-ეკონომიკით – ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სავარგულების 38% კახეთში მდებარეობს. განსაკუთრებით დიდია სახნავი და სათიბ-საძოვარი სავარგულების მოცულობა. ამ კატეგორიის სავარგულების მიხედვით პირველ ადგილზეა საქართველოში, რის გამოც კახეთი მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვანი რეგიონია. დღეისათვის საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული.
კახეთისთვის ასევე ურბანიზაციის დაბალი დონეა დამახასიათებელი: კახეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის თანახმად, მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს. რეგიონის სოფლები კი მოსახლეობის რიცხოვნობითა და განსახლების სიმჭიდროვით 2-ჯერ აღემატება საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე სოფლების საშუალო ზომას.
ამასთან, 2016–2019 წლებში სისტემური რეგისტრაცია უკვე განხორციელდა საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში [მზისგულის, არბოშიკისა და არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში].
ასევე, სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე მიმდინარეობს [ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა], რომელიც 2021 წელს დასრულდება.
შედეგად, 2021 წელს სრულად დასრულდება საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროცესი“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა.
„სამთავრობო პროგრამის 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება“, – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროდან.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად მიდის ადგილზე და ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.
ვიდრე მთავრობა სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორადული რეგისტრაციით დაირეგისტრირონ. სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.
საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა დამტკიცებულ ბიუჯეტში ეს თანხა 5 მილიონამდეა შემცირებული.
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები დამხმარე შენობების გადარჩენას ცდილობენ.
ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილის შერჩევა, სადაც ამ ოჯახს გადავიყვანთ, ქირის ფულს ხულოს მერია გადაიხდის… ამ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა, სამი კი, ბათუმში იყო ნაქირავებში,”- ამბობს “ბათუმელებთან” ვახტანგ ბერიძე.
დაზარალებული ოჯახი ხულოს მერიიდან ასევე მიიღებს 15 ათას ლარს.
ქობულეთში, რუსთაველის #260 – ში, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი ლუკა, იგივე ელდარ კურტანიძე ორ სასტუმროს აშენებს. მის სახელზე რეგისტრირებულ ერთ საკადასტრო ნაკვეთზე ორი მშენებლობა მიმდინარეობს – სამსართულიანი, შედარებით მცირე მასშტაბის შენობა მანსარდით თითქმის დასრულებულია. შედარებით მასშტაბური შენობის კარკასი კი, რომლის თავზეც ორი ლურჯი დროშა ფრიალებს, დაუსრულებელი და მოსაპირკეთებელია.
ამ პერიოდისთვის, ხელოსნები იქ გადატიხვრის სამუშაოებს ასრულებენ. მოსაპირკეთებელია ფასადიც.
ქობულეთი, რუსთაველის # 260
ქობულეთში, ისევე როგორც ბათუმში, სამშენებლო მოედანზე მშენებლებმა პასუხი თუ არ გაგცეს, ვერ გაიგებ, ვინ აშენებს და რას, რადგან უმეტეს შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის, ხოლო თუ არის, სრულყოფილ ინფორმაციას არ შეიცავს.
საინფორმაციო დაფა არც ქობულეთში, რუსთაველის #260-ში დაგვხვდა. მშენებლებმა გვითხრეს, რომ ის სპორტსმენს, ყოფილ პარლამენტარს, ლუკა, იგივე ელდარ კურტანიძეს ეკუთვნის.
ქობულეთის მერიის ინფორმაცით, რუსთაველის #260 – ში ორი სასტუმროს მშენებლობის ნებართვაა გაცემული. მათივე განმარტებით, ერთი ნებართვა ოთხსართულიანი, მეორე კი ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას გულისხმობს.
რეესტრის მონაცემებით, ლუკა კურტანიძე ქობულეთში, აღმაშენებლის #260-ში, ზღვასთან ახლოს, 1230 კვ.მეტრ ტერიტორიას ფლობს.
რეესტრის მონაცემებით, 799 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ზღვის ხედით, შემაღლებულ ტერიტორიაზე ასევე ფლობს ლუკა კურტანიძის მეუღლე.
__
ლუკა კურტანიძე, ყოფილი დეპუტატი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ასევე ორგზის მესამე პრიზიორი ატლანტის [1996 წ.] და სიდნეის [2000 წ.] ოლიმპიურ თამაშებში.
შენიშვნა: ქობულეთის მერიის მიერ მოწოდებული თავდაპირველი ინფორმაციით, მერიას სამშენებლო ნებართვა მხოლოდ ხუთ სართულზე ჰქონდა გაცემული. მოგვიანებით ქობულეთის მერიიდან ბათუმელებს აცნობეს, რომ 2019 წელს ლუკა კურტანიძემ პროექტში ცვლილება მოითხოვა და მისი ეს მოთხოვნა მერიამ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლუკა კურტანიძე უკანონოდ აშენებდა, არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, გამოცვლილია სტატიის სათაურიც.
Covid 19-ის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის გუნდის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დღეს, 9 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გამოძიებამ დაადგინა კორონავირუსის შესახებ ახალი ფაქტები, მაგრამ ახალი ინფორმაცია მკვეთრად არ ცვლის ეპიდემიის სურათს. ბრიფინგზე წარმოადგინეს კვლევის პირველი ეტაპის შედეგები.
ბრიტანული გარდიანის ცნობით, ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე მთავარი ჰიპოთეზა.
რაც შეეხება ვირუსის ლაბორატორიიდან გამოჟონის ჰიპოთეზას, რომელიც უამრავი კონსპირაციის ინსპირაცია გახდა მსოფლიოში, ჯანმოს ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა პიტერ ემბერკმა ის შეაფასა, როგორც – “ექსტრემალურად ნაკლებსავარაუდო” და თქვა: “ვფიქრობთ, ეს არ არის ჰიპოთეზა, რომლის შემდგომ კვლევასაც მოვიაზრებთ”.
მან თქვა, რომ ჯანმოს ექსპერტების გუნდმა, ადგილზე ვიზიტისას გამოკითხა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე შეისწავლეს აქ მოქმედი პრაქტიკა განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად და მიიჩნიეს, რომ ინსტიტუტი კარგ მდგომარეობაში იყო და “ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ რაიმე გამოპარულიყო ამ ადგილიდან”, – წერს გარდიანი.
დამატებით დეტალებზე დასმულ კითხვას ემბარეკმა უპასუხა, რომ ექსპერტების გუნდმა განიხილა ამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგო და გამამყარებელი არგუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ “ლაბორატორიული უბედური შემთხვევები ხდება … ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა”. ასევე ითქვა, რომ ამ ჰიპოთეზის განხილვისას, გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ Covid-19 იყო სრულიად უცხო და ახალი დაავადება – “არსად მსოფლიოში არ ყოფილა პუბლიკაცია ან კვლევა ამ ვირუსის ან ამის მსგავსი ვირუსის შესახებ”.
ემბარეკის თქმით, ვირუსის ზოონოზური (ანუ ცხოველიდან პირდაპირი ადამიანზე) გადაცემის ჰიპოთეზა ღირდა საკვლევად, მაგრამ სავარაუდოდ გავრცელება მოხდა შუამავალი სახეობების გავლით, რომლებიც „პოტენციურად უფრო ახლოს იყვნენ ადამიანებთან, სადაც ვირუსმა შესძლო ადაპტირება, ცირკულირება და შემდეგ გადახტომა ადამიანებზე ”.
თუმცა, სახეობის იდენტიფიცირება მათსა ბუნებრივ გარემოში არ იყო შესაძლებელი. მკვლევარები აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ეს სავარაუდოდ იყო ღამურა ან პანგოლინი, მაგრამ პროფესორმა ლიან ვანნიანმა, COVID19-ის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში თქვა, რომ ვირუსები, რომლებიც აღმოაჩინეს ამ სახეობებში, “არ იყვნენ საკმარისად მსგავსები საიმისოდ, რომ Sars-Cov-2-ის წინაპრებად იდენტიფიცირდნენ”. თუმცა წაულებისა და კატების მგრძნობელობა Covid19-ის მიმართ გულისხმობს, რომ კატისებრთა სახეობები პოტენციური კანდიდატები იყვნენ.
ამ ჰიპოთეზას უკავშირდება ვირუსის გავრცელება გაყინული პროდუქტების მეშვეობით. თუმცა აქაც ითქვა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები გაყინული პროდუქტების შესაძლო როლის შესახებ ვირუსის შორ მანძილზე გადატანაში.
ემბარეკის თქმით, ვუჰანის ბაზრის ზუსტი როლი კვლავ უცნობია.
“ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმ ჰიპოთეზასთან დაკავშირებით, რომ ვირუსი შეიძლება შემოიტანა დაინფიცირებულმა პირმა და შემდეგ გავრცელდა სხვა პირებზე ბაზარში. მაგრამ, ეს ასევე შეიძლება იყოს შემოტანილი პროდუქტით. ამ მხრივ, ყველაზე საინტერესო პროდუქტბს შორის იყო მეურნეობებში გაყინული გარეული ცხოველები. ცნობილია, რომ ზოგიერთი ამ სახეობათაგანი მგრძნობიარეა ამ ტიპის ვირუსების მიმართ”.
ბრიფინგზე ითქვა, რომ 2019 წლის ბოლოს და 2020 წელს გაიტესტა ცხოველების (ღორების, ძროხების, თხების, ქათმებისა და ბატების) 11 000 სინჯი ჩინეთის 31 პროვინციაში. Sars-Cov-2-ზე არც ერთს არ უჩვენებია დადებითობა. გარდა ამისა, კიდევ 12 000 ცხოველს გაუკეთეს ნაცხის ანალიზი, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ასევე შემოწმებულია ჩინეთის სხვა 24 პროვინციიდან სხვადასხვა ცხოველისგან აღებული კიდევ 26 800 ნიმუში – არც მათგან გამოვლნილა ვირუსზე დადებით პასუხი.
გარდიანი წერს, რომ მიუხედავად ერთობლივად გადმოცემული დასკვნებისა, ჯანმოსა და ჩინეთის ჯანდაცვის წარმომადგენლების აქცენტებში მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩანდა. მაგალითად, ჩინური მხარე ყურადღებას ამახვილებდა ისეთ დასკვნებზე, რომლებიც მხარს უჭერდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვირუსი თავდაპირვბელად ჩინეთს გარეთ გაჩნდა, საუბარია ვირუსის გაყინული პროდუქციით გავრცელბაზე, რომელიც ვუჰანის ბაზარში იყიდება.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მოსთხოვა დაეწყო პროექტის მომზადება, სანებართვო პირობების მიღება და სამუშაოების განხორციელება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე.
11 მარტიდან 19 ივნისამდე, როგორც მინიმუმ სამ თვეზე მეტი, გელათის მთავარი ტაძარი გადახურვის გარეშე იყო. შესაბამისად, ტაძარში წყალი ისევ ჩადიოდა.
ოფიციალურ დოკუმენტაციაში 2020 წლის 10 აგვისტოთია დათარიღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის დაზიანებულ მონაკვეთებზე ლურჯი ტენტია გადაფარებული.
ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან
რამდენად მასშტაბურია დაზიანება, რისი გადარჩენა შეიძლება და რა არის საჭირო ამისთვის – სტატიაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცადეთ.
გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესაფასებლად სააგენტომ პირველი მისია 2020 წლის 22 მაისს განახორციელა. სააგენტოს მიერ გაგზავნილმა სპეციალისტებმა შეისწავლეს მხატვრობის მდგომარეობა. მათ იმავე დღეს განაცხადეს, რომ მდგომარეობა 2017 წლის დეკემბერში დოკუმენტირებული კედლის მხატვრობის ფოტომასალას შეადარეს. „მნიშვნელოვნად გაუარესებულია მდგომარეობა“, – წერია ორწლიანი შუალედით ჩატარებული კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასების მონიტორინგის ანგარიშში.
მასალები ჩამოცვივდა საკურთხეველში საფეხურებზე განთავსებული ხატებიდან და ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ქვეშ არსებული მხატვრობიდან.
მასალები ასევე ჩამოცვენილია ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრების ქვეშ არსებული მხატვრობიდან. მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა ტაძრის დასავლეთი მკლავის კამარის და დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის ქვეშაც.
გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის კედლის მხატვრობა. დაკარგული აქვს ფერი, დაწყებულია გამომარილება და სახეცვლილია. ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან
„2017 წელსა და 2020 წლის მაისის მდგომარეობის ვიზუალური დაკვირვებით თვალით ხილული ძლიერი განსხვავება შეიმჩნევა. 22 მაისის მერე მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება. 2020 წლის 18 ივნისის მდგომარეობით დაზიანება სტაბილურია, თუმცა 10 აგვისტოს მონიტორინგმა მარილის სავარაუდო ჩამოვარდნა დააფიქსირა,“ – ვკითხულობთ მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ამ მონაკვეთში ტაძრის სამხრეთ მკლავში არსებულ დაზიანებაზე წერს.
გელათის კედლის მხატვრობას სერიოზულ ზიანს აყენებს ე.წ. გამომარილება. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარში წყალი ჩავიდა. გადახურვის შემდეგ გამოშრობა დაიწყო. ფრესკების გამოშრობის თანმხლები პროცესი არის გამომარილება, რომელიც მხატვრობას დიდ ზიანს აყენებს. ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან
დაზიანებულია, გამომარილება აქვს დაწყებული ტაძრის კამარის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მხატვრობას. 2020 წლის 11 აგვისტოს მონაცემებით, მარილის კრისტალები კამარიდან ყოველდღიურად ცვიოდა.
რას ამბობენ სპეციალისტები
ნანა კუპრაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის ცენტრის დირექტორია. მას გაკეთებული აქვს გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობის რესტავრაცია. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით განხორციელდა ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ქვის კონსერვაცია.
მას ვთხოვეთ შეეფასებინა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი როგორც მთავარი ტაძრის, ისე წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის მდგომარეობა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე მიდის გამოშრობის პროცესი ღვთისმშობლის ტაძარში და ეს გაშრობის პროცესი არის ძალიან მტკივნეული მხატვრობისთვის. მხატვრობა ამ დროს უარესდება. როცა არის დაზიანებული ნესტისგან და შრება, ეს პროცესი იწვევს მის უფრო მეტად დაზიანებას. შრობის ეტაპზე გამოიტანა ძალიან ბევრი მარილი, რომელიც დაკრისტალდა. მარილი სპობს მთლიანად ნალესობასაც და ფერწერულ ფენასაც. დაკრისტალებულის მოშორება საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება. უფრო სწორად, შეიძლება ვერც მოსცილდეს. საუბარია ღვთისმშობლის მთავარ ტაძარზე, დასავლეთით, იმ ადგილებში, სადაც აქტიურად ჩადიოდა წყალი.
წმინდა გიორგი ასე დეტალურად არ გვაქვს შესწავლილი, მხატვრობა ქვემოდან მაქვს ნანახი. ახლოდან არ არის მონიტორინგი ჩატარებული, მაგრამ იქაც ჩანს, რომ მხატვრობის ნაწილები დაზიანებულია. ვიზუალურად ჩანს, რომ იქ არის კერები, სადაც ეტყობა, რომ იმ ადგილას წყლის ჩაჟანგვა ხდებოდა. ჩანს წყლის ინფილტაციის კვალი სხვადასხვა ადგილას. ისე არა, როგორც ღვთისმშობლის ტაძარში, მაგრამ სხვადასხვა ადგილას ჩანს. 2010-2011 წელს ვიმუშავეთ მანდ და გავაკეთეთ მხატვრობის კონსერვაცია. დღეის მდგომარეობით, ვიზუალურად ეტყობა ცვლილება. მაგრამ ხომ გეუბნებით, სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით გესაუბრებით და სანამ ხარაჩო არ იქნება და ახლოდან არ ვნახავ, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა კუპრაშვილმა.
დაზიანებული მხატვრობა ღვთისმშობლის ტაძრის კამარის ცენტრალურ ნაწილში 27/01/2021 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, აუცილებელია დამაზიანებლის ფაქტორის მოსპობა – მხატვრობა აღარ უნდა დასველდეს.
9 თებერვლის მდგომარეობით მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვაა მოწყობილი და წესით, ინტერიერში წყალი აღარ უნდა ჩავიდეს. მას შემდეგ, რაც გამოშრობის პროცესი დასრულდება, უნდა დაიწყოს კვლევა.
„უნდა გამოიკვლიოს როგორც ნალესობა, ასევე ფერწერული ფენა. ეს დაზიანება უნდა იყოს აღნუსხული და შემდგომში შეირჩეს სარესტავრაციო სტრატეგია და შემდეგ უკვე მოხდეს კონსერვაცია,“ – ამბობს ნანა კუპრაშვილი.
როდესაც საქმე ისეთი მნიშვნელობის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციას ეხება, როგორიც გელათია, სპეციალისტები ყოველთვის მიუთითებენ ვენეციის ქარტიაზე. ვენეციის ქარტია არის ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციისა და რესტავრაციის მეთოდები. ვენეციის ქარტიის მიხედვით, თუ ვიხელმძღვანელებთ და დარგის სპეციალისტების აზრსაც გავითვალისწინებთ, ის ფრაგმენტები, რომელიც გელათში კედლის მხატვრობიდან ჩამოვარდა, ვეღარ აღდგება.
ნანა კუპრაშვილს ვკითხეთ, რისი გადარჩენა არის შესაძლებელი გელათში.
„როდესაც არის დაკარგული მხატვრობა, ან რაღაც ფრაგმენტი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ერთი სანტიმეტრი თუ ხუთი სანტიმეტრი ფრაგმენტი, ის დაიკარგა, მორჩა. შესაბამისად, გვიანია იმის აღდგენა. დღეს რომ ვიღაცამ ის მიახატოს, ჯერ ერთი, მას ფასი არ აქვს და მეორეც, თვითონ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსაც უკარგავს ფასს.
ჩვენთან, კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პრაქტიკაში, ასე არ არის, საბედნიეროდ. ამიტომაც მე ხშირად ვხმარობ თქვენთან საუბარში სიტყვას – კონსერვაცია.
გელათის შემთხვევაში ნებისმიერი სანტიმეტრი არის მნიშვნელოვანი. პატარა ფრაგმენტის ჩამოცვენაც კი არის ძალიან დიდი ზიანი.
ახლა პრობლემაა, რაც არის დარჩენილი, იმის კონსერვაცია, რომელიც, ცხადია, თავდაპირველი სახით ვერ განხორციელდება. როგორც გითხარით, იქ არის მხატვრობისთვის ძალიან ცუდი მარილის გამოკრისტალება, რომელმაც შეიძლება ფერი ბევრ ადგილას მთლიანად გააფუჭოს.
ეს შემდგომი კვლევის საგანია. იმ ადგილებში, სადაც წყალი ჩამოვიდა, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მე ვენეციის ქარტიას რაღაც შემთხვევაში ვეყრდნობი, რაღაც შემთხვევაში შეიძლება არ დავეყრდნო, იმიტომ, რომ ვენეციის ქარტია კიდევ უშვებს ჩარევას. მე პირადად, გელათის შემთხვევაში კედლის მხატვრობას რაც შეეხება, რეკონსტრუქცია-რესტავრაციას მაგასაც არ ვემხრობი. მოაღწია ჩვენამდე? შევუნარჩუნოთ სიცოცხლე,“ – ამბობს ნანა კუპრაშვილი.
ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმ ადგილებს, სადაც მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკულია, სჭირდება სრულმასშტაბიანი კვლევა.
„სრული კვლევის ჩასატარებლად საჭიროა მცოდნე ადამიანები, ისეთი, ვისაც აქვთ კვლევის ჩატარების გამოცდილება. ტექნიკურად – ხარაჩო ყველგან, მთელს სივრცეში და სხვადასხვა ტექნოლოგია, რომლის საშუალებაც გვაქვს საქართველოში. ეს იქნება მულტისპექტრული გადაღებები, მიკროსკოპული კვლევა, ლაბორატორიული ანალიზები თუ სხვა,“ – ამბობს ის.
რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ გელათში სრული ხარაჩოს მოწყობა მიმდინარე თვიდან დაიწყება. სამონასტრო კომპლექსის ინტერიერში სრული ხარაჩოს მოწყობის რეკომენდაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გასცა.
„სააგენტოს განესაზღვრა სამოქმედო გეგმად ის, რომ მან მიმდინარე თვის განმავლობაში უზრუნველყოს ორივე ტაძრის ინტერიერში, როგორც წმინდა გიორგის, ისე ღვთისმშობლის შობის ტაძრის, მხატვარ-რესტავრატორების მიერ განსაზღვრულ არეალებში (პრაქტიკულად მთელ სივრცეს მოვიცავთ ამით) ხარაჩოს მოწყობა.
ხარაჩო მოეწყობა მთავარ ტაძარში, როგორც საკურთხევლის, ისე მის სამ დანარჩენ მკლავში და ასევე წმინდა გიორგის ტაძარში გუმბათქვეშა სრულ სივრცეში. ჩვენ რესტავრატორებს ვაძლევთ საკმარის არეალს საიმისოდ, რომ წვდომა მხატვრობის ფენებზე იყოს აბსოლუტური და ყოვლისმომცველი,“ – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.
პუბერტატული, იგივე სქესობრივი მომწიფების ასაკი, გოგოებისთვის ძირითადად იწყება 10, 11-დან 14 წლამდე და ბიჭებისთვის 12-16 წლის შუალედში. ეს პერიოდი ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და შესაბამისად, ფსიქოემოციური ცვლილებებით ხასიათდება. გოგონებსა და ბიჭებში ცვლილებები შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს.
რით ხასიათდება ეს ცვლილებები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები სიახლეებს სხეულში და როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები მოზარდებს სქესობრივ მომწიფებაზე? – „ბათუმელებთან“ ამ თემებზე ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი ქეთი დევაძე საუბრობს:
ქეთი დევაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი
პუბერტატული ასაკის მოზარდებში მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება იწყება. ისინი ამ დროს სწრაფად იზრდებიან, რასაც თან სდევს ჭარბთმიანობა, სახეზე თმიანობა, ხმის ტემბრის ცვლილება, აკნე, ოფლიანობა და ა.შ.
ეს ცვლილებები ხშირად უსიამოვნოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
დღეს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იღებენ ინფორმაციას მათი სხეულისა თუ სქესობრივი ცხოვრების შესახებ ტელევიზორიდან თუ ინტერნეტიდან. ხშირად ინფორმირებულები არიან გაცილებით ადრეც, მანამ, სანამ გარდატეხის ასაკი დაეწყებათ.
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდები ისეც იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და მათი ჩართულობა ამ პროცესში არ არის საჭირო. თანაც მშობლებს ძირითადად ეუხერხულებათ ამაზე საუბარი.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როცა ბავშვი სხვადასხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, განსაკუთრებით ინტერნეტიდან, დიდი რისკია, ეს წყარო შეიცავდეს ბევრ არაზუსტ ინფორმაციას, რაც დააბნევს მოზარდს და შეიძლება მას გაუჩნდეს არასწორი მოლოდინი საკუთარი სხეულისგან, ზოგადად, საკუთარი თავისგან.
უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ბავშვი თავისი სხეულის, სექსუალური ცხოვრების შესახებ სანდო წყაროებიდან იღებს ინფორმაციას და უმჯობესია ეს ინფორმაცია მათ სწორედ ჩვენ, მშობლებმა მივაწოდოთ.
ნუ დაელოდებით, რომ თქვენი შვილი მოვა და დაგისვამთ შეკითხვებს საკუთარი სხეულის, მასში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ეს დღე შეიძლება არც არასდროს დადგეს
უმჯობესია თავად წამოიწყოთ საუბარი სქესობრივ მომწიფებასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებზე.
ხშირად ბავშვმა არც იცის, რომ ამ თემებზე საუბარი ნებადართულია და მით უმეტეს, მშობლებთან საუბარი.
მშობელი კარგად უნდა მოემზადოს ამ დიალოგისთვის, მოემზადოს კითხვებისთვის, რაც ბავშვს ექნება. შეისწავლოს სხვადასხვა ლიტერატურა პუბერტატული ასაკისა და სექსუალური განვითარების შესახებ, მოიძიოს ინფორმაცია.
კარგი იქნება, თუ რომელიმე ერთი მშობელი დაელაპარაკება ბავშვს ამ თემებზე ინდივიდუალურად და არა და-ძმების, ბებია-ბაბუის ან ვინმე სხვა ადამიანის თანდასწრებით, უმჯობესია, თუ ეს იქნება საუბარი ორ ადამიანს შორის.
კარგი იქნება, თუ მშობელი თავის გამოცდილებასაც გაუზიარებს შვილს, ასევე მნიშვნელოვანია მშობელმა ჩვეულებრივად გამოიყენოს სასქესო ორგანოების სახელები სქესობრივ მომწიფებაზე საუბრისას და არ შემოიფარგლოს მხოლოდ მინიშნებებით.
ხშირად ზრდასრულებს ეუხერხულებათ ასეთ თემებზე საუბარი მოზარდებთან და ცდილობენ აარიდონ თავი „უხერხული“ სიტყვებით სახელდებას, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ბარიერებს ქმნის მშობლებსა და შვილებს შორის – არ დაგელაპარაკებათ ბავშვი იმ თემებზე, რომლებთან დაკავშირებულ სახელებსაც კი არ ახსენებთ.
როგორ და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელმა მოზარდს
აუცილებელია ბავშვს ვუთხრათ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოს საკუთარ სხეულში, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სექსუალური ურთიერთობების შესახებ, ასევე უნდა ვუთხრათ როგორ გაუმკლავდნენ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია პოზიტიური მუხტის მატარებელი იყოს. არ უნდა დავაშინოთ ბავშვები ცვლილებებით და ასევე, არ უნდა გადავაჭარბოთ, არ უნდა შევუქმნათ არასწორი მოლოდინი.
სქესობრივ მომწიფებასა და სქესობრივ ცხოვრებაზე ერთხელ საუბრით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მოზარდებთან ამ თემებზე საუბრის არხი მშობლებმა ღიად უნდა დატოვონ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია ამ თემაზე თავისუფლად გვესაუბროს და მოგვმართოს შეკითხვებით.
მოზარდობა საკმაოდ რთული პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა ადამიანისთვის, პროცესები ყველას შემთხვევაში ერთნაირი სირთულით არ მიმდინარეობს.
როგორც ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, ხშირად ემოციური ცვლილებები და სხვადასხვა გამოვლინება ნორმალურია ამ ასაკში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე არ გამოგვრჩეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევის შემთხვევა, რაც შეიძლება თან ახლდეს მოზარდობის ასაკს.
ფსიქოლოგი გვირჩევს, პრევენციისთვის მივმართოთ სპეციალისტებს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს მაშინ, როცა:
მოზარდის გუნება-განწყობილება მკვეთრადაა შეცვლილი და ის კარგავს ინტერესს ყველა იმ საქმიანობის მიმართ, რასაც აქამდე სიხარულით აკეთებდა.
თუ ჩაიკეტა და აღარაფერი ახარებს.
თუ არ სურს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან დიდი ხნის განმავლობაში.
თუ ბავშვს, მოზარდს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ფიქრობს ამაზე ან ზოგადად, კარგავს ცხოვრების ინტერესს.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 561 633 739 ლარი შეადგინა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კი მითითებულია, რომ იგივე 2019 წელს, შსს-ში შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარით ნაკლები, 471 502 200 ლარია გახარჯული.
აუდიტის მიხედვით, 2019 წელს შსს-მ 561,6 მილიონი ლარი „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გასცა როგორც:
თანამდებობრივი სარგო – 437 241 607 ლარი
წოდებრივი სარგო – 9 801 526 ლარი
პრემია – 10 418 071 ლარი
დანამატი – 104 172 535 ლარი
„აღნიშნული თანხიდან [დანამატი], განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის კანონით მინიჭებულ დანამატებს [წელთა ნამსახურება, წოდება, მრავალშვილიანობა და სხვა].
ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს, ხოლო სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს,“ – აცხადებს აუდიტი.
„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,“ – თუმცა, აუდიტის დასკვნით, 2019 წელს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, რამდენიმე შემთხვევაში ზემოაღნიშნული ზღვრები დაცული არ იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები [ჯამში დაახლოებით 40 ათასი ლარის პრემია-დანამატი იყო გაცემული, რაც აჭარბებდა კანონით დადგენილ ზღვარს] არ არის მატერიალურად არსებითი და სისტემური ხასიათის, მნიშვნელოვანია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი კონტროლის გარემოს შენარჩუნება და დადგენილი ზღვრების მონიტორინგი,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სამინისტროს განმარტებით, პროგრამულ უზრუნველყოფას დაემატა ახალი მოდული, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული ზღვრების კონტროლს“.
აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ კანონის მიხედვით სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას.
თუმცა, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს, 2019 წლის პირველი იანვრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, დაენიშნათ ყოველთვიური დანამატი [ამ თანხამ კი 2019 წლის მანძილზე 7 346 754 ლარი შეადგინა, რომელიც 2 686 თანამშრომელზე ნაწილდება].
„ზეგანაკვეთური სამუშაო რეჟიმი დამახასიათებელია სამინისტროს სისტემისთვის, თუმცა მინისტრის ბრძანებით არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა სამუშაო ან დამატებითი ფუნქცია უნდა შეესრულებინა კონკრეტულ პირს,“ – აცხადებს აუდიტი.
„გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გაიცა უარყოფითი დასკვნა…“ – აღნიშნულია გენერალური აუდიტორის მიერ შს მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის 2020 წლის 29 დეკემბერს მიწერილ წერილში. შესაბამისად, აუდიტმა მინისტრს რეკომენდაციებიცგაუგზავნა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლში 2020 წელს 498 მილიონი ლარი იყო გაწერილი; 2021 წლისთვის კი, სამინისტროსა და მის სტრუქტურებში დასაქმებული 30 500 თანამშრომლისთვის ჯამში 525 მილიონ 200 ათასი ლარია გაწერილი.
დღეს, 9 თებერვალს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ითხოვენ შეხვედრას. თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად მზად იყო შეხვედროდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ითხოვეს, რომ ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ შეხვედრას, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს.
აქციაზე მხოლოდ სოციალური მოთხოვნები გაახმოვანეს – ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ავტობანის მშენებლობის შედეგად მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. საქართველოს გზების დეპარტამენტმა მის ოჯახს ერთი თვით უქირავა საცხოვრებელი, მაგრამ მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არ იცის ახლა როგორ მოიქცეს.
კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ის შშმ პირია. სესხი აქვს ბანკიდან გამოტანილი და ბანკმა ბინა გაუყიდა.
აქვე არიან ოცნების ქალაქის მცხოვრებლები – ისინი თორნიკე რიჟვაძისგან ითხოვენ, გაიწეროს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გადაეცეთ აქ მცხოვრებლებს ბინები და ასევე, ყველასთან, ვისაც უნდა გადაეცეს ბინა, აუცილებლად გაფორმდეს ხელშეკრულება.
„პირველ ეტაპზე ვერ მივიღებ, შემდეგზე იყოს… ხან ბიძინა წავიდა, ხან მინისტრი მიდის, ისეთი რაღაცები იცვლება. მე რა ვიცი, რომელი ხელისუფლება მოვა“, – აცხადებს მარინა ბერიძე, რომელიც ოცნების ქალაქში ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ამ ეტაპზე მხოლოდ 582 ოჯახისთვის აშენებს ბინებს, ოცნების ქალაქში კი 1800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და საჭიროა ყველამ იცოდეს თავისი რიგი, ვის როდის აუშენებენ საცხოვრებელს.
აქციაზე იმყოფება კიდევ ერთი სოციალური ჯგუფის – თურქეთში დასაქმებული ქალების წარმომადგენელი. ისინი ითხოვენ, რომ თურქეთთან საზღვარი გაიხსნას. „ეს არ ეხება თორნიკე რიჟვაძეს, მაგრამ ვისაც ეხება, იმათ დაელაპარაკოს ამის შესახებ“, – აცხადებენ ქალები.
აქცია ისე დასრულდა, რომ მათ მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვდა. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ დღეს აქციაზე მყოფი ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები 15 თებერვალს შეიკრიბებიან და აჭარის მთავრობასთან მასშტაბურ აქციას გამართავენ.
დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, მათ აქციას „თავისუფლების კვარტალში“ მყოფი აქციის მონაწილეები – პოლიტიკოსები არ შეერთებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 ლარი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.
სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. ამასთან, „უკანასკნელ პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევები გაზრდილია“.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კოტე ანანიაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დანიშნეს.
სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 თებერვალს, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
გახარიამ განაცხადა, რომ ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი.
კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ხულოს მუნიციპალიტეტმა შიდა სასოფლო გზების პრობლემური ადგილების შესაკეთებლად 2018-2019 წლებში 1 515 901 ლარი დახარჯა, თუმცა გზებზე, რიგ შემთხვევაში, დაბალი მარკის მზა ბეტონი იქნა გამოყენებული – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.
„ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლებს უნდა მიეწოდებინათ მზა ბეტონი მარკით მ-250 (B20), ხოლო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ბეტონის მარკის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის შემდგომ.
მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნებით არ დასტურდება შესყიდული ბეტონის ხელშეკრულებით მოთხოვნილი მარკიანობა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, გადახდილია 95 568 ლარი,“ – წერს აუდიტი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხულოს კლიმატის გათვალისწინებით, დაბალი მარკის ბეტონით დაგებული გზის მალე დაზიანების ალბათობა არსებობს.
აქვე ვკითხულობთ, რომ ხულოში, აღნიშნულ გზებზე, ბეტონს აგებს ადგილობრივი მოსახლეობა და არა სპეციალისტები, რა დროსაც არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნების გათვალისწინება, როგორიცაა: ბეტონის საფარის სისქე, დახრა, სანიაღვრე არხების აუცილებლობა და ა.შ.
„აღნიშნული მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს მსგავსი სამუშაოების ხელახალი წარმოების აუცილებლობას, რამაც შესაძლოა განაპირობოს მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება,“ – წერს აუდიტი ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შერჩევით განხორციელებული ვიზუალური დათვალიერების შედეგად, რიგ შემთხვევებში უკვე გამოვლინდა გზის საფარის დაზიანება, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბეტონის მარკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობით.
რეკომენდაციებში აუდიტი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უმჯობესია იმსჯელოს მზა ბეტონის შესყიდვის ნაცვლად გზის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნას იცნობენ და რეკომენდაციებს, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.
„აუდიტის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. ერთ-ერთი რეკომენდაცია გაცემულია ბეტონის მარკიანობასთან დაკავშირებით. ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ ბეტონი იყო B20 მარკიანობის, თუმცა საჭირო სიმტკიცეს ბეტონი აღწევს 25-30-დღიანი შრობის შემდეგ. დასკვნებშიც აღნიშნულია, რომ სინჯები 7-10 დღის თავზე გვაქვს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში არსებული ბეტონის სიმტკიცეა მოცემული ლაბორატორიულ დასკვნაში.
ჩვენ ამ რეკომენდაციას გავითვალიწინებთ, სინჯს ავიღებთ შემდგომში. ეს გასათვალისწინებელია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხულოს მერის მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ.
რაც შეეხება მობეტონებული გზების დაზიანებას, რაზეც ასევე საუბარია აუდიტის დასკვნაში, მერის მოადგილე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები არის და ეს, ძირითადად, ხულოს კლიმატურ პირობებს, რიგ შემთხვევაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, ასევე მთებიდან მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებას უკავშირდება, რითაც მოსახლეობას შეშა მოაქვს.
ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ აუდიტის რეკომენდაცია მზა ბეტონის შესყიდვის ნაცვლად გზის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე და სპეციალისტების ჩართვაზე, მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„თუ ეს ჯდებოდა 95-110 ლარი, დაგვიჯდება 250-280 ლარი და უფრო ძვირიც. თუმცა გავაკეთებთ შესაბამის ანალიზს, შესაძლოა ჩვენი სპეციალისტები ჩავრთოთ ამ საქმეში. ჯერჯერობით თოვლია მთებში, თუმცა თვენახევარში დავიწყებთ სამუშაოებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“.
ბათუმში გზების მოვლაზე ქალაქის მერიას ამ დრომდე კონკრეტული კომპანია შერჩეული არ ჰყავს. გზების სავალი ნაწილი კი მისახედია, განსაკუთრებით ქვაფენილიანი [რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა] ქუჩები, სადაც ამოცვენილი ქვები ქვეითებისთვის აღარ არის უსაფრთხო.
„ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე შეძლებისდაგვარად, საკუთარი თანამშრომლების ძალებით, ვუვლით ქუჩებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.
სააგენტოს ქუჩების მოვლა-შენახვისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივიან. სატენდერო თანხა 356 700 ლარია. გამარჯვებულმა, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას [ტროტუარი, ბორდიური, ქვაფენილი, ბოძკინტი] მოვლა-შენახვაზე 2021 წლის 26 დეკემბრამდე უნდა იზრუნოს.
ქალაქის გზების მოვლაზე, სერვისების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, 2021 წლის 18 იანვარს დასრულდა. შპს „მარდი“ სააგენტოს მომსახურებას 280 ათას ლარად სთავაზობდა.
2 თებერვალს სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, „მარდს“ დისკვალიფიკაცია მისცა. 3 თებერვალს კი, მომდევნო პრეტენდენტს, შპს „ნიუ სთაილს“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა. „ნიუ სთაილ“ მომსახურებას სააგენტოს 285 361 ლარად სთავაზობს.
კომპანია „მარდმა“ 7 თებერვალს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა.
„სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავოა, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგანაც ელექტრონული ტენდერის წესის შესაბამისად არ მოხდა კომისიის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სათანადო შესწავლა, არ იქნა დეტალურად განხილული კომპანიის ანალოგიური გამოცდილებების, შესრულებული სამუშაოების ყველა პუნქტი და მათი იდენტურობა სატენდერო პირობების შესაბამის პუნქტთან“, – აცხადებს „მარდი“.
კომპანია ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო კომისიის 2021 წლის 02 თებერვლის სხდომის ოქმი N3-ით მიღებული გადაწყვეტილება და დაევალოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ სატენდერო კომისიას უზრუნველყოს [„მარდის“ მიერ] წარდგენილი დოკუმენტების ობიექტური შეფასების საფუძველზე, სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება“.
„მარდის“ საჩივარი ამ დროისთვის განხილვის პროცესშია, ტენდერი კი – შერჩევა-შეფასების ეტაპზე.
ტენდერში გამარჯვებულმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:
ბაზალტის ჩამკეტი ბორდიურების მოწყობა ხე-მცენარეების ირგვლივ
ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი სპეციალური ცემენტ-ხსნარის შემცვლელობით
ტენდერის პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი 12 თვეა სამუშაოების დასრულებიდან; თუმცა „საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“.
მემედ აბაშიძის გამზირი / 9.02.2021
რაც შეეხება დაზიანებულ ქვაფენილებს – ტენდერის პირობის მიხედვით:
„დაზიანებული ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი და დემონტირებული ქვაფენილის ხელახალი მონტაჟი, სპეციალური ცემენტ-ხსნარის შემავსებელით (რუხი ფერის), რომელიც მდგრადია მაღალი საექსპლუატაციო დატვირთების ზონაში, კერძოდ, სადაც აქტიურად ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (სატვირთო ავტომობილები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სხვა).
ცემენტ-ხსნარის შემავსებელს უნდა გააჩნდეს მაღალი მდგრადობა კერძოდ რეგიონისათვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებისადმი, როგორიცაა (ტენიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა და ა.შ). ცემენტ-ხსნარის შემავსებლით შეკეთება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გრანიტის ქვების ქვაფენილის (კუბის ფორმით) საშუალო ზომით 80X120 მმ; ქვაფენილის ბუნებრივი გრანიტის ქვებს შორის საშუალო მანძილი არის 5-30 მმ; ქვაფენილის შეკეთებიდან მაქსიმუმ 72 საათის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.
ცემენტ-ხსნარის სპეციფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს DIN ან/და EN სტანდარტს. ქვაფენილის შეკეთების ტექნოლოგიური პროცესის სახელმძღვანელო წინასწარ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის შედგენიდან 6 თვის განმავლობაში. ასევე საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება. შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს წარმოება განახორციელოს დამკვეთის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში“.
საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დაბალია სოფლად და რეგიონებში.
ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ კონსულტაცია, როგორც წესი, მხოლოდ ფიქტიურადაა ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ანუ ოჯახის/სოფლის ექიმის უფლებამოსილებაში, რადგან ამ სერვისის მისაღებად სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო შემთხვევაში რაიონულ ცენტრებში ან სულაც ახლომდებარე ქალაქში უწევთ ჩასვლა. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულის გარდა, სერვისის მისაღებად ფინანსური ბარიერებიც ჩნდება.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა XXI“-ს ხელმძღვანელი ნინო წულეისკირი ამბობს, რომ კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვის სერვისები სოციალურად დაუცველი ქალებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტით, რისი ვალდებულებაც სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ აიღო, თუმცა არ შეუსრულებია:
“2015 წელს საერთაშორისო კომიტეტებმა ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს მთავრობას მისცეს რეკომენდაციები, სადაც ხაზი გაესვა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ეს სერვისები ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობაში იგულისხმება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, ანუ გათვალისწინებული უნდა იყოს, სად ცხოვრობს ქალი, რომ მას არ ჰქონდეს ტრანსპორტირებაზე ზედმეტი თანხისა და დროის დანახარჯი, ასევე კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები უნდა იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის. ამაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, საამისოდ 2017-2020 წლის პერიოდში უნდა გამოყოფილიყო ბიუჯეტი, რაც არ მომხდარა”, – ამბობს ის.
UNICEF: კონტრაცეფციის გავრცელების მაჩვენებელი დაქორწინებულ ქალებში 41%-ია. ქალაქად მცხოვრები ქალები სოფლად მცხოვრებ ქალებთან შედარებით უფრო მეტად იყენებენ კონტრაცეპტივებს. ქალაქის ტიპის დასახლებებში კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებული მეთოდია პრეზერვატივი და სოფლად მისი გამოყენების მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში 100 ახალი წყვილიდან მხოლოდ 4-5 თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე: “ხშირად არც ფარისებრ ჯირკვალს იკვლევენ წინასწარ, არც რაიმე ინფექციას. რამდენი წელია ვმუშაობ, ახლაც ძალიან ბევრი ორსული მყავს და ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია, როცა ჯერ ორსულდებიან და შემდეგ იჩენს თავს რეალურად ეს პრობლემები. ყველა პრობლემას ფაქტობრივად ვჭრით ორსულობაში. პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციაზე არ აქვთ წვდომა, გაცილებით მეტია საჭირო მათი ინფორმირების მხრივ”, – ამბობს ექიმი.
არსებობს კონტრაცეფციის თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები. საქართველოში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის [2018] თანახმად, თანამედროვე მეთოდებს შორის ყველაზე პოპულარული კაცის პრეზერვატივია (2020 წელს საქართველოში $1362.40-ის ღირებულების პრეზერვატივი იმპორტირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე $317.600-თი მეტია), შემდეგ მოდის საშვილოსნოს შიგა სპირალი, შემდეგ კი ქალის სტერილიზაცია.
Hera XXI-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაქორწინებული ან პარტნიორთან მცხოვრები 15-49 წლამდე ქალების 65.6% არ იყენებს კონტრაცეფციის არანაირ მეთოდს.
ნინო წულეისკირი ამბობს, რომ გარდა ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და კონტრაცეფციაზე შექმნილი/არსებული გეოგრაფიული თუ ფინანსური ბარიერებისა, ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პროგრამების არარსებობა. რომ არა ეს ბარიერი, სოფლად მცხოვრები ქალები მიიღებენ მათთვის საჭირო, სწორ ინფორმაციას ამ საკითხებზე: “ასევე არ არსებობს განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. განათლება, რომელიც უნდა იყოს ასაკზე მორგებული, ეს არც ფორმალური განათლების პროგრამებშია ინტეგრირებული და არც არაფორმალურში.
მაგალითად, ის ადამიანები, რომლებისგანაც შეიძლება ბავშვმა ითხოვოს კვალიფიციური პასუხი ამ საკითხებზე, მშობელი, მასწავლებელი… არანაირად არ არიან შესაბამისი ცოდნით აღჭურვილნი და არც სახელმწიფოს აქვს შემუშავებული პროგრამები, რომ მოზარდებს მათ ასაკზე მორგებული ცოდნა გადასცეს”, – ამბობს ნინო წულეისკირი.
მისივე განმარტებით, პროფესიულ წრეებსაც არ აქვთ თანამედროვე ცოდნაზე უწყვეტი წვდომა. სწორედ ამ მიზეზით სოფლის პაციენტებს ოჯახის დაგეგმვა/კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევის კონსულტაციისთვის გინეკოლოგთან ამისამართებენ. ამიტომ პაციენტებს უმეტესად ქალაქში უწევთ ჩამოსვლა, რადგან სოფლებთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პროფილის ექიმი და ტექნიკური აღჭურვილობა არ არის ხელმისაწვდომია.
“არ მუშაობს სათანადოდ დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები იმისთვის, რომ ექიმებმა, ექთნებმა, ბებიაქალებმა მიიღონ სათანადო ცოდნა და მიაწოდონ მოსახლეობას მაღალხარისხიანი მომსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის და კონტრაცეფციის შესახებ. ეს დარგი ძალიან სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად, მუდმივ და სწრაფ რეჟიმში სჭირდება ცოდნის განახლება, სახელმწიფომ ამის უზრუნველსაყოფადაც უნდა შექმნას გარკვეული მექანიზმები”.
ამასვე მოწმობს 2017-2019 წლებში განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმა, სადაც ვკითხულობთ: “სოფლად კვალიფიციური სპეციალისტების არსებობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში სავალდებულო უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაკლებობით, რომელიც მიჩნეულია უწყვეტი პროფესიული განვითარების ძირითად კომპონენტად”.
გარდა ამისა, მოზარდებისა და დაუოჯახებელი ქალების სექსუალური აქტივობის მიმართ საქართველოში კვლავაც არსებობს კულტურული წნეხი და სტიგმა. ამას მოწმობს ისიც, რომ საქართველოში იშვიათია დაუოჯახებელ ქალთა მიმართვიანობა სპეციფიკურად ოჯახის დაგეგმვის სერვისისა და მათზე მორგებული კონტრაცეპტივის შესარჩევად, მათ შორის, მოზარდი ადამიანების მხრიდან. “კულტურული წნეხი სისტემის მიერაც მყარდება, როდესაც ქალებს ხარისხიანი, სტიგმისგან თავისუფალი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღების პროცესში ბარიერები ექმნებათ”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
სახალხო დამცველის აპარატის კვლევა: მოზარდი გოგონას და ქორწინებაში არმყოფი ახალგაზრდა ქალის გინეკოლოგთან ვიზიტის პრობლემურობა ყველაზე მწვავედ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში (ხულოში) გამოიკვეთა, სადაც ფოკუსჯგუფში მონაწილე ქალებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ბარიერებზე, რასაც ამგვარი სტიგმა წარმოშობს და გოგონებსა და ქალებს აბრკოლებს, თავისუფლად ისარგებლონ არსებული სერვისებით. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი კი, ქალაქის, დაბისა თუ სოფლის გეოგრაფიული სიმცირეა, რომელიც ავტომატურად წარმოშობს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებსა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას გარშემომყოფებში.
ექიმი გინეკოლოგის განმარტებით, როცა წყვილი აპირებს ბავშვის გაჩენას, ანუ აქვთ სქესობრივი კონტაქტი და არ იცავენ თავს და ივარაუდება იქ ორსულობა, აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება, მაგალითად, ქალი დაორსულებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებს ფოლიუმის მჟავის (400მკ/გრამი) მიღებას, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც, სტომატოლოგთან ვიზიტი და სხვ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მოსწავლეს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან, რადგან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლეს ტემპერატურა ორშაბათს, ანუ 8 თებერვალს აეწია, თუმცა ის სკოლაში 4 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა.
მოსწავლის მშობლები პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა, აქედან მოყოლებული, კორონავირუსი მხოლოდ 2 მოსწავლეს და ერთ პედაგოგს აქვს დადასტურებული.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვლიდან სკოლის შენობებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება უფროსკლასელებისთვის.
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მეხუთე კლასიდან ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
„დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლას ამაზე კომუნიკაცია ექნება მშობლებთან. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ აღარ დაგვჭირდეს დისტანციურზე გადასვლა,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მინისტრი ამბობს, ახალი რეგულაცია ხვალ, 10 თებერვალს, შევა ძალაში.
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი მომავალი ორშაბათიდან განახლდება, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა.
9 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 331 კვლევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 306 პირია გარდაცვლილი.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 809 ადამიანი. აქედან 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 480 მძიმე პაციენტია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე იყო: 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%. გუშინ დადებითობის დღიური მაჩვენებელი იყო3,09%.