ბრალდებულები და მსჯავრდებულები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი 28 დეკემბრამდე ამანათებსაც ვეღარ მიიღებენ. პენიტენიცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს.
„მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში.
შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს,“ – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რატომ უკავშირდება ეს შეზღუდვა პანდემიას, როცა, მაგალითად, ამანათების მიღება არ არის დაკავშირებული ფიზიკურ შეხვედრასთან? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში განმარტეს, რომ „ეს არის პრევენციული ზომა, რომ ვირუსის შეღწევა არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში“.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 28 ნოემბერს კორონავირუსით აჭარაში გარდაიცვალა 8 ადამიანი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს გასულ 24 საათში 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
28 ნოემბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 4 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.
აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.
“სოკარ აჭარის” ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამ გამოიწვია დაზიანება და მიზეზებს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სწავლობს. ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ აჭარასა და გურიაში არსებულ აბონენტებს.
ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა, რის მიხედვითაც, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში უფროს მასწავლებელს შეუძლია გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით და დადებითი შეფასების შემთხვევაში, ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.
გარე დაკვირვება მასწავლებელმა 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს. „ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში – 2021 წლის 30 სექტემბრამდე მიენიჭებათ სტატუსი“-აცხადებს სამინისტრო.
რაც შეეხებათ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, სამინისტრო აცხადებს, რომ არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები გაიმართება 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სამინისტროს განცხადებით, რადგან მასწავლებლის კარიერულ სქემაში ცვლილება შევიდა ცვლილება შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებსაც. პრაქტიკოსები, გარდა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.
„გარდა ამისა, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და დაგროვებული 15 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შეივსონ“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.
ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში „იალჩინის“ მაღაზიების ქსელის ნაწილში ახალი ქსელი – „დეილი“ გაიხსნება. „იალჩინს“ ამ დრომდე ბათუმში სულ 9 მაღაზია ჰქონდა, ახლა კი 7 ექნება. „იალჩინის“ ნაცვლად „დეილი“ დაგხვდებათ ქობულეთსა და ხელვაჩაურის ორ მაღაზიაში.
„იალჩინის“ 5 მაღაზიის დაკეტვის გამო კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება პანდემიას არ უკავშირდება. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „დეილს“ მაღაზიის კონკრეტული ფილიალები ორწლიანი ქვეიჯარით გადასცეს. აქ არ აკონკრეტებენ, რატომ უღირდა „იალჩინს“ ამ გადაწყვეტილების მიღება.
კომპანია „იალჩინის“ ინფორმაციით, უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა იმ თანამშრომლებს „დეილი“, რომლებიც აქამდე „იალჩინში“ იყვნენ დასაქმებულები.
„ყველა აგვიყვანეს იგივე პირობით, რაც აქამდე გვქონდა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე „იალჩინის“ ყოფილი თანამშრომელია და ახლა უკვე კომპანიაში „დეილი“ მუშაობს. აქ ახალი მაღაზია 12 ნოემბერს გაიხსნა. „ბათუმელებმა“ „დეილის“ მენეჯმენტთან დაკავშირება ვერ შეძლო.
„იალჩინ მარკეტში“ შრომითი უფლებების დაცვის პრობლემებზე „ბათუმელებს“ რამდენიმე თანამშრომელი ესაუბრა, მათ შორის, იყო სასამართლო დავაც.
ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 250-მდე ბოშა ცხოვრობს. მათი მდგომარეობა პანდემიაში საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე მეტად რთულია – კულტურული, ენობრივი თუ ეკონომიკური იზოლაციის გამო. ბოშები ბოლო წლების განმავლობაში ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. 2008 წლიდან ბოშა ბავშვებმა სკოლაშიც დაიწყეს სწავლა. ახლა კი, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, უფროსკლასელი ბოშებიდან გაკვეთილებს თითქმის ვეღარავინ ესწრება სმარტფონისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ბავშვებს შინ ყოფნა და პატარების მოვლა უწევთ – ან ქალაქში მოწყალების სათხოვნელად სიარული.
თუ მათი მშობლები პანდემიამდე წვრილმანებით ვაჭრობდნენ, ახლა ქუჩაში უწევთ სხვებისთვის ფულის თხოვნა. დაგეგმილი შეზღუდვების პირობებში კი, სავარაუდოდ ვერც ამ გზით ვეღარ შეძლებენ პურის ფულის გამომუშავებას. მათ აქამდე უმუშევრობის კომპენსაცია არ მიუღიათ და მსგავსი შეღავათის დაშვების შემთხვევაში, ვერც მომავალში ისარგებლებენ – თითქმის არც ერთი ბოშა არ არის ოფიციალურად დასაქმებული.
რა სოციალური სერვისებით სარგებლობენ ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრები ბოშები და პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ გაცემული რა ტიპის შეღავათები შეეხოთ მათ – ამ კითხვით ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსს, თემურ ჭანტურიშვილს მივმართეთ.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეული წევრი 50 ლარს იღებს. არის შედარებით მაღალქულიანი სოცდაუცველებიც ბოშებს შორის, რომლებიც სოცლიალურ შემწეობად მხოლოდ 30 ლარს იღებენ.
შეჭირვებული ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ პაკეტთან ერთად ყოველთვიურად 50 ლარია გათვალისწინებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახებისთვის პანდემიის პირობებში 100 ლარიანი დახმარება გასცა ერთჯერადად.
თემურ ჭანტურიშვილი გვეუბნება, რომ ის თავის დროზე, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ჩაერთო თემთან მოლაპარაკებაში: „დაიბარა ავტორიტეტები ბოშათა თემიდან და კატეგორიულად გააფრთხილა ყველა ოჯახისთის გადაეცათ, რომ ვალდებულები იყვნენ ეტარებინათ ბავშვები სკოლაში“.
სააგენტოს უფროსი ასე მას შემდეგ მოიქცა, როცა გაირკვა, რომ ბოშა ბავშვები ხშირად აცდენდნენ სკოლას და არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს. ეს პანდემიამდე იყო.
ახლა, როცა სწავლებამ ონლაინ და დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, ბავშვები ისევ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში. როგორც ბოშა ბავშვები, ასევე მათი მშობლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი თანამედროვე სმარტფონებისა და კომპიუტერების არქონაა.
თემურ ჭანტურიშვილი კი გვეუბნება, რომ ეს მიზეზად არ შეიძლება გამოდგეს და ბავშვებს შეუძლიათ ტელეფონებითაც ჩაერთონ სასწავლო პროცესში და იგი მიიჩნევს, რომ ბოშათა თემში თანამედროვე სმარტფონი, რითაც ზუმში ჩართვაა შესაძლებელი, ყველას აქვს.
„აქვთ ტელეფონები ბავშვებს და ჩაერთონ ონლაინსწავლებაში. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, ჩემი მეუღლეც ტელეფონით მუშაობს და მთელ კლასს ასე ეკონტაქტება. სულ არ არის აუცილებელი სტაციონალური კომპიუტერი“, – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი.
ქობულეთის მერიის პრესსამსახურში ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გელაურელი ბოშები სარგებლობენ უფასო სასადილოებით.
„260 ბენეფიციარი გვყავს უფასო სასადილოში დაახლოებით ბენეფიციართა ნახევარზე მეტი ბოშაა“, – გვითხრეს პრესსამსახურში. ზუსტად რამდენი ბოშა სარგებლობს უფასო სასადილოების პროგრამით მერიაში ვერ გვიპასუხეს.
COVID19-ის მასშტაბური გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გაიზარდა ჟანგბადის ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, რის გამოც დადგა აუცილებლობა სამედიცინო ჟანგბადი შევისყიდოთ გადაუდებელი აუცილებლობის წესით – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
ცენტრმა სამედიცინო ჟანგბადის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა:
„ცენტრი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რომ ასეთი სიხშირით გაიზრდებოდა СOVID19-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, რის გამოც გაიზარდა გამოძახებათა რიცხვი და რამაც ასევე გავლენა იქონია ჟანგბადის დიდი რაოდენობით მოხმარებაზე, დაგეგმილთან შედარებით.“
2020 წლის 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ცენტრი გეგმავს შეისყიდოს შემდეგი მომსახურება:
10-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 230 ცალი;
5-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 150 ცალი;
3-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 350 ცალი;
40-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 280 ცალი.
„სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვის მიზნით, ცენტრის მიერ გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები, რომლის ფარგლებშიც გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება… ვინაიდან გაიზარდა ჟანგბადის მოხმარების ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვისთვის განკუთვნილი თანხა, აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში იწურება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჟანგბადის დეფიციტი, საჭიროა გადაუდებელი აუცილებლობის წესით სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვა. რადგან მიმდინარე საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილ დროში, ვერ ესწრება ახალი ტენდერის გამოცხადება, საჭიროა სამედიცინო ჟანგბადი შეძენილი იქნას წლის ბოლომდე“, – აღნიშნულია გადაუდებელი დახმარების ცენტრის განაცხადში.
ცენტრი ჟანგბადის შესყიდვას შპს „ცისკარისგან“ გეგმავს, რომელიც ტენდერებში იყო გამარჯვებული და ცენტრს ჟანგბადს იანვრიდან დღემდე აწვდის. ხელშეკრულებები ცენტრს ამ კომპანიასთან ჯამში 37 300 ლარზე აქვს გაფორმებული.
კომპანიას ეტაპობრივად, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის უნდა მიეწოდებინა შემდეგი ოდენობის ჟანგბადი:
წყარო: ხელშეკრულებები
კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება კლინიკებშიც ხუთჯერ და მეტად გაიზარდა. მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაავალა.
როგორ მართავს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში მოთავსებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიუთითებს თუ არა ცალკეული შემთხვევები სისტემის ხარვეზზე? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ბევრი მიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში და დიდი ხნით მოუწიათ საკარანტინო სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს სისტემის სისუსტედ არ განიხილავს.
„პირველ ხანებში ბევრს დასჭირდა ფსიქოლოგის, ფსიქიატრის კონსულტაცია, ამიტომ ეს სერვისიც ჩავრთეთ სისტემაში და სპეციალისტები ყოველდღიურად დადიოდნენ კოვიდსასტუმროებში“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.
რამდენი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრია გამოყოფილი ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისთვის ნინო ნიჟარაძე არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ „ერთი თუ ორი ფსიქიატრი დადის“ და ისინი მხოლოდ საჭიროების მქონე პირებს ემსახურებიან.
„ეს არის საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის და არა ყველასთვის“, – ამბობს მინისტრი. მინისტრს ვკითხეთ, თუ სისტემა გამართულად მუშაობს, როგორ ახსნის იმ ინციდენტს, რომლის დროსაც ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში ექთანი დაზიანდა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, „რადგან ეს ფაქტი მოხდა, არ ნიშნავს იმას, რომ მართვა არის სუსტი, რაღაცეები ყოველთვის ხდება“.
„ყოვლისმომცველი და იდეალური შეიძლება ვერ იყოს სისტემა ამდენი ბენეფიციარის ფონზე, რადგან სერვისის მიწოდება არ ხდება მუდმივად ყველა პაციენტზე, არამედ საჭიროების მიხედვით. ამ საჭიროებას კი კოვიდსასტუმროში მყოფი ექიმი განსაზღვრავს – ის ეკონტაქტება ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. ექიმი იქ იმისთვის არის, რომ რისკი დაინახოს“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.
წამალდამოკიდებული პაციენტების შემთხვევაში, როგორც მინისტრი ამბობს, ექიმი განსაზღვრავს დოზას და საჭირო რაოდენობას უტოვებს კოვიდსასტუმროს ექიმს.
„კოვიდთან მიმართებაშიც იგივე სიტუაცია გვაქვს, გვყავს სამედიცინო ბრიგადები – 20 ადამიანზე ერთი ბრიგადა, რომელიც ვალდებულია 24 საათის განმავლობაში სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს საჭიროების მქონე ადამიანებს, გათვალოს რისკები და აცნობოს დამატებით საჭიროებებზე, ასევე განახორციელოს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია თუკი საჭიროა.
მაგრამ ვიცით, რომ მედიცინაში 2×2 არ არის 4 და აბსოლუტური სიზუსტით ვერანაირი რისკის ამოცნობა ვერ მოხდება“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.
საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, სადაც ის რელიგიური უმცირესობების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს მთავრობას.
დამატებითი შეზღუდვა ითვალისწინებს 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვასა. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ქრისტეშობას 24-25 დეკემბერს აღნიშნავენ, ღამის საათებში გადაადგილების უფლება შეეზღუდებათ. რაც სახალხო დამცველის განცხადებით, „შესაძლოა არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს“.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დისკრიმინაციაზე საუბრობენ ის რელიგიური დენომინაციებიც, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და ღვთისმსახურებას 24 დეკემბრის ღამით იწყებენ.
ამის საპასუხოდ, დღეს, 27 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობა ხელს შეუწყობს იმ რელიგიურ კონფესიებსაც, რომელთა დღესასწაულები შეზღუდვების პერიოდს – დეკემბერ-იანვარს ემთხვევა“ და „რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე“.
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის მარიამ ღავთაძის თქმით კი, გაზაფხულზე „სხვა რელიგიური გაერთიანებები მთავრობისგან პასუხსაც ვერ იღებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ“.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო იმუშავებს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდული იქნება.
მერიის ინფორმაციით, 6000-მდე ბენეფიციარისთვის, რომლებიც მუნიციპალურ სასადილოში სადილობდნენ ან საკვები მიჰქონდათ, პროდუქტების გაცემა დაწყებულია, საახალწლოდ კი სპეციალური სასურსათო კალათების გაცემა იგეგმება.
„ბათუმელები“ დაინტერესდა ასეთ შემთხვევაში რა ბედი ელით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბენეფიციართა ნუსხაში შესაბამისი ქულების მიხედვით ვერ მოხვდნენ, მაგრამ მათ მუნიციპალური სასადილო დარჩენილ საჭმელს მაინც აძლევდა ყოველდღიურად: „ვაძლევდით მათ ულუფას, ვინც არ ცხადდებოდა სასადილოში რიგ შემთხვევებში“.
მერიის ინფორმაციით, დამატებით სიაში 500-მდე ადამიანია. მერიაში ირწმუნებიან, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების პერიოდში სასურსათო კალათას მათაც გადასცემენ.
კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას მიმართეს.
განცხადების თანახმად, ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.
„მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი – 270$/ტონა.
შესაბამისად ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მიმართვაში ვკითხულობთ პურისა და ფქვილის შესაძლო გაძვირების მიზეზებზეც – ესაა ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნების ნაწილში მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება; კორონავირუსის პანდემიის პირობებში საშუალოდ 30 %-ით გაზრდილი შესყიდვები და ლარის კურსი დოლართან მიმართებით.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ.
ჩვენი მხრივ კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებული იქნას ფქვილზე და პურზე სტაბილური ფასები“ – ვკითხულობთ წერილში.
პანდემიის პირველი ტალღის დროს, 2020 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სუფსიდირების ხარჯზე შეეცადა 9 პროდუქტზე, მათ შორის ხობლის ფასის შენარჩუნებას.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიმართვაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პროგრამამ მისცა მათ საშუალება მისულიყვნენ მინიმალური დანაკარგებით ივლისამდე, თუმცა შემდეგ თვეებში, მათივე განცხადებით, ხორბლის ფასი გაიზარდა.
„საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს“ – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველოში პური და პურპროდუქტები 7.8 პროცენტით გაძვირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
სააგენტოს ცნობით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს – ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ამინდს კონკურეტულად აჭარაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 4 – 9 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში, მთაში და ზღვის სანაპიროზე მომდევნო ორ დღეს, 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზამთარში გასათბობად მერიისგან შეშით მომარაგება 120-მა ოჯახმა მოითხოვა.
მერიაში განმარტეს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 600 კუბურ მეტრზე მეტი შეშა. მერია აპირებს თითოეულ ოჯახს 2 კუბური მეტრი შეშა მისცეს, რაც მთელი ზამთრის განმავლობაში ამ ოჯახებისთვის საკმარისი არ იქნება, თუ სხვა რაიმე დამატებითი საშუალებებიც არ გამოიყენეს გასათბობად.
მერიაში განაცხადეს ასევე, რომ მიმართვის შემთხვევაში 2 კუბური მეტრი შეშის გაცემა დამატებით რამდენიმე ოჯახისთვისაც შეუძლიათ.
ბათუმში, განსაკუთრებით გარეუბნებში ბევრი ოჯახი ცხოვრობს ხის ფიცრულში, ბევრი კი ძველ ადმინისტრაციულ შენობებს არის შეფარებული, ზამთარში ასეთ სახლებში განსაკუთრებით ცივა და მათი გათბობა რთულია, აქ მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ.
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.
კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
[checklist]
4 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 5 ლარად
300 ლოკალური წუთი – 5 ლარად
15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად
ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) – 10 ლარად
კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას:
ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად
[/checklist]
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქისგან იქირავა ავტომობილი, რომელსაც სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა.
სამართალდამცველებმა დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ.-მ ანალოგიური დანაშაული წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა. ბრალდებულს სხვადასხვა პირისგან თაღლითური სქემით რამდენიმე ავტომობილი აქვს მითვისებული, რომელთა ნაწილი სამართალდამცველების მიერ უკვე ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა. იხილეთ შეზღუდვებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები.
იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?
დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.
შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?
დიახ, შესაძლებელია.
შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.
შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.
ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?
ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.
იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?
ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?
დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1-ლი იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.
იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?
დიახ, იზღუდება.
დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.
შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?
დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.
აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?
აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
ეკონომიკური საქმიანობა
რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:
პროდუქტის გატანა – ე.წ. takeaway
მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“
ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“
რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?
ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.
ეს შეზღუდვა არ ეხება:
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
პრესის ჯიხურებს.
იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?
არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.
იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?
ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?
სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?
ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?
საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.
აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?
ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.
შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?
დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.
სასწავლო პროცესი
რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?
კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?
დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.
აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სამთო სათხილამურო კურორტები
იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?
აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.
სხვა კითხვები
რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?
დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.
„სხვა რამის კეთება არ შეუძლიათ, მოწყალების თხოვნით ცხოვრობენ“, „მოსწონთ ასე ცხოვრება“, „თვალის ასახვევად ითხოვენ ფულს, სინამდვილეში მდიდრები არიან“ – ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოში ბოშებზე აქვთ.
ქობულეთში 250-მდე ბოშა ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებულ თემში. დაბნეულობა, შიში, გაჭირვება, გაუცხოება, კულტურული და ეკონომიკური იზოლაცია, ოჯახების ტრაგიკული ისტორიები – ეს არის ის, რასაც ბოშების მიკროსამყაროში შებიჯებისთანავე ხედავთ. მატარებლის რელსებს მიღმა, იქ, სადაც მთავრდება ტურისტებისთვის ნაცნობი, ხილული ქობულეთი და იწყება ყველასთვის უხილავი – ბოშების დასახლება.
ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრები ბოშების ოჯახი
ქობულეთის №5 სკოლაში 75 ბოშა ბავშვი სწავლობს. პანდემიამ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ და ბაზრებში მყიდველთა სიმცირემ ბოშების ცხოვრება 6 თვეში საგრძნობლად შეცვალა უარესობისკენ. აქამდე ქობულეთის ბოშათა თემიდან მოწყალების სათხოვნელად ნაკლებად დადიოდნენ. ბავშვები სკოლაში სწავლობდნენ და უფროსები ბაზარში ყიდდნენ წვრილმანს. ახლა ტექნიკის არქონის გამო ბოშა ბავშვები, განსაკუთრებით მაღალკლასელები დისტანციურ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. მათი მშობლები ბაზარში ვეღარ ვაჭრობენ, შინ რჩებიან და ხშირად ბავშვებს ისევ ქუჩაში უწევთ დაბრუნება. პურის ფულის გამოსამუშავებლად,
„სახლში მეუბნებიან, მოწყალების სათხოვნელად წადიო. მე არ მინდა. არ მაინტერესებს. არ მომწონს. ერთხელ წავედი ასე და პური მოვიტანე სახლში. ეს რთულია. ზოგი გაძლევს ფულს, ზოგი არა“ – ამბობს 13 წლის ბოშა გოგო, ლიზა მელამედოვა. ის მერვე კლასში სწავლობს, მაგრამ თვეებია უკვე გაკვეთილებს ვერ ესწრება. ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად სმარტფონი ან კომპიუტერია საჭირო. არც ერთი არ აქვს. „ბუკი“, რომელიც პირველ კლასში მისცეს, დიდი ხანია გაფუჭდა.
ლიზა მელამედოვა
ახლა შინ და-ძმებს უვლის, ოღონდ ქუჩაში არ გაუშვან, ოღონდ ქალაქში არ დარჩეს წასასვლელი, ასე ურჩევნია, ბავშვებთან.
ლიზას ოცნებები მარტივია და სულ სხვების კარგად ყოფნას უკავშირდება: ოცნებობს ინსულტიანი ბებია კარგად გახდეს, მცირედმხედველ მამას თვალისჩინი აღუდგეს, ოჯახი ბედნიერი იყოს.
– შენ რა გინდა, ლიზა, მომავალში როგორ ცხოვრებაზე ოცნებობ?
– ვისწავლიდი რამეს, სილამაზის სალონში ვიმუშავებდი. ბედნიერი ვიქნებოდი – ამბობს ლიზა. ბედნიერად ცხოვრება ლიზას ბიძაშვილს, ლოლიტა ალიმოვასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენია, თუ ქუჩას და მოწყალების თხოვნას თავს დააღწევს. ლოლიტაც მერვე კლასშია. ლიზას მსგავსად ვერც ის ესწრება ონლაინგაკვეთილებს.
„მეც მითხოვია ფული ქუჩაში, ზაფხულში“, – ამბობს ლოლიტა.
„აგროვებ 10, 15 ლარს და გეჩხუბებიან. არ მინდა. აღარ დავყვები დედას. მე ასე ცხოვრება არ მინდა, მუშაობა მინდა. დედა დადის ბათუმში და მკითხაობს ან დახმარებას ითხოვს. სახლში რომ ბრუნდება, პური მოაქვს და კიდევ რაც მოუვა იმ დღის ფულით. გვიყვება, ვინ რამდენი ფული მისცა. ვინ კარგად მოექცა, ვინ ეჩხუბა.“ – ამბობს ლოლიტა. როცა ლოლიტას ოჯახს ვესტუმრეთ, დედამისი, გალინა მელიამედოვა, ბათუმში იყო წასული 8 წლის სონიასთან ერთად. სამკითხაოდ, მოწყალების სათხოვნელად.
ლოლიტა ალიმოვა
პანდემიამდე გალინა ბაზარში წინდებს, სუნამოებს ჰყიდდა. ახლა, როცა ბაზარში თითქმის აღარავინ დადის, იძულებულია ქუჩაში ფული ითხოვოს.
„შვიდი შვილი და ინვალიდი ქმარი ჰყავს ჩემს რძალს, სამსახური რომ იყოს, ქუჩაში მუშაობა არ დასჭირდებოდა. არჩევანი რომ გვქონდეს, რას ვიზამდით? რა თქმა უნდა, მუშაობა გვირჩევნია“, – ამბობს ტატიანა მელიამედოვა. ლოლიტა ალიმოვას მამიდა, რომელიც ასევე ამ ოჯახში ცხოვრობს შვილებთან ერთად.
ალიმოვების და მელამედოვების ოჯახი გელაურის ბოშათა თემში
ბოშების ოცნება და სურვილი, ვისაც გავესაუბრეთ, სწავლა და დასაქმებაა. თუმცა მათ უჭირთ სფეროების და მიმართულებების დასახელება, სად სურთ მუშაობა, კონკრეტულად რისი სწავლა სურთ. კარგი ამბავია ის, რომ 2008 წლიდან ქობულეთში მცხოვრებმა ბოშა ბავშვებმა სკოლაში სიარული დაიწყეს, თუმცა მაღალ კლასებში ისინი სწავლას თავს ანებებენ, ქორწინდებიან ან შინ უმცროს და-ძმებს, ნათესავებს უვლიან. ქობულეთიდან ერთადერთი ბოშა ჯერჯერობით, რომელმაც წელს სკოლა დაამთავრა, ჯუმბერ ალიმოვია.
ქობულეთელმა ბოშებმა ნაწილობრივ იციან ქართული, ესმით, მაგრამ რუსულად კონტაქტი ურჩევნიათ. ბოშა ბავშვები, რომლებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ, უფროსებზე გაცილებით უკეთ საუბრობენ ქართულად.
ქობულეთის №5 სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ პირველიდან მეოთხე კლასამდე ბოშა ბავშვები სკოლაში აქტიურად დადიან, შედარებით მაღალ კლასებში კი მათი ენთუზიაზმი იკლებს.
ბოშები ვერ ხედავენ გრძელვანიან პერსპექტივაში საკუთარ ცხოვრებას და საკმარისია დასახლებაში ერთხელ გაიაროთ, რამდენიმე ადამიანს გაესაუბროთ, რომ დარწმუნდეთ: თემი ბუნდოვანი მომავლის, უიმედო აწმყოს ამარაა.
„რამდენიმე წარმატებული მაგალითი რომ არსებობდეს: სკოლადამთავრებულმა შეიძინოს პროფესია, მერე დასაქმდეს და გამოიმუშავოს საარსებო ფული, ბიძგი იქნებოდა თემისთვის და დაინტერესდებოდნენ, ნელ-ნელა და ეტაპობრივად. სამწუხაროდ იყო მაგალითები, როცა ბიჭებმა მიმტანობა ისწავლეს, კარგადაც ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, მუშაობდნენ ქობულეთის საზაფხულო რესტორნებში, მაგრამ მოსახლეობის დამოკიდებულება სტერეოტიპულია – ბოშების დასაქმებაზე თანდათან უარი თქვეს… თან ეს სამსახური სეზონური იყო. ახლა ეს ბიჭები შინ სხედან“, – ამბობს ქობულეთის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე. მისივე თქმით, ბოშების ინტეგრაციისთვის მხოლოდ სკოლაში სიარული ფონს ვერ შეცვლის. აუცილებელია განათლების სამინისტროს ინკლუზიური დეპარტამენტის დიდი მხარდაჭერა, რათა სკოლადამთავრებულმა ბოშებმა შეძლონ დაეუფლონ პროფესიას.
ბოშების თემს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა აქვს, რაც წარმოუდგენელია მათ დამოუკიდებლად დაძლიონ.
მაგალითად, ჯამბულ მელამედოვს 38 წლის ცოლი რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა.
საფლავის მიწის, სასახლისა და დაკრძალვის რიტუალისთვის საჭირო თანხა მან ბანკიდან სესხად გამოიტანა – მცირედმხედველობისთვის დანიშნული საკუთარი პენსია. ვალი ჯამბულ მელამედოვმა 2 წელი უნდა იხადოს. პენსიიდან აღარაფერი რჩება.
ჯამბულ მელამედოვი
პენსია ერთადერთი საშუალება იყო მამისთვის 5 შვილის სარჩენად. ახლა იძულებულია ბავშვები მოწყალების სათხოვნელად გაგზავნოს ყოველ დილით. ამბობს, რომ სხვაგვარად ვერ იარსებებენ და პურიც არ ექნებათ.
მარტოხელა მამა ახლა 5 შვილთან ერთად ცხოვრობს ორსართულიან სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი მრავალშვილიანი 2 ძმა.
მურად მელამედოვი ჯამბულ მელამედოვის ძმაა:
„ჩემი ცოლი ანჟელა ახლა ქალაქშია, მოწყალებას ითხოვს. აქამდე ვაჭრობდა. ესენი ზოია და გრეტაა, ჩემი შვილები. სანამ ანჟელა წასულია, მე ვუვლი. კარგი მამა ვარ. ორივე სუფთად მყავს. თქვენ რომ მოხვედით, გამოვუშვი ეზოში, თორემ სულ სახლში მყავს ჩაკეტილები. 4, 5 ლარიც რომ შეაგროვოს, ანჯელა მოდის სახლში და წვნიანს ვაკეთებთ. კარტოფილით, ზეთით და გალინაბლანკით. ჩვენი საჭმელი ესაა. ხანდახან პურიც არ გვაქვს. ხუთი შვილი გვყავს, ერთი ექვსი თვისაა, თბილისში, იაშვილის კლინიკაშია და ექიმები უვლიან. ხერხემლის დაზიანებით დაიბადა და ხანდახან ექიმები მირეკავენ პამპერსებია საჭირო, ესაა საჭირო, ისაა საჭიროო. ვერ ჩავდივართ, ვერ ვნახულობთ. რით წავიდეთ? ოთხი შვილი გვყავს აქ.
სადეზინფექციო ხსნარები და პირბადე არ მაქვს. უცებ ისვრება ეს პირბადეები და ბევრი გჭირდება. პური ვიყიდო თუ პირბადე? კარგ ამინდში ბავშვებიც დაყვებიან დედას მოწყალების სათხოვნელად. მე ვერ დავდივარ. მეშინია სადმე მანქანა არ დამეჯახოს, ჩემი ძმის მსგავსად მეც ვერ ვხედავ“, – ამბობს მურად მელიამედოვი.
მურად მელამედოვი
ბოშათა თემში პასტორ რომა ასლანოვსაც ვეწვიეთ ლოცვის დროს. პატარა ოთახში სახარების წასაკითხად შეგროვილი მრევლი ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან, პირბადეების გარეშე.
„პირბადე და ხსნარები? ჩვენ ბოშები ვართ, ვილოცებთ და კორონავირუსი ჩვენ ვერ მოგვეკარება“ – ამბობს რომა ასლანოვი. ბოშათა თემის პასტორი. მრევლთან საუბრის შემდეგ ირკვევა, რომ მათ ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ რა იყიდონ ქუჩაში მოპოვებული გროშებით: ორი პირბადე თუ ერთი პური. უპირატესი, რა თქმა უნდა, პურია. პირბადის გარეშე პანდემიის დაძლევის სასწაული კი ბოშებს ღმერთისთვის აქვთ მინდობილი.
27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აღირიცხა კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში 1161 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება:
თბილისი – 1 863 შემთხვევა
აჭარა – 664
იმერეთი – 648
ქვემო ქართლი – 319
შიდა ქართლი – 259
გურია – 102
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 385
კახეთი – 280
მცხეთა-მთიანეთი – 128
სამცხე-ჯავახეთი – 89
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 20 013 აქტიური შემთხვევაა. 6251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი.
მაგთი, ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ, დაანონსებულ ახალ პროდუქტს წარადგენს.
მაგთი მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და მობილური ინტერნეტმომსახურების კომბინაციას წარმოადგენს. კომბინირებული პაკეტები ქართულ ბაზარზე აპრობირებულია, მაგრამ ახლებურია მაგთის მიდგომა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პაკეტის თავად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
მაგთისმობილური აპლიკაცია MyMagtiყველას აძლევს საშუალებას,ჩაერთოს საკუთარისერვისისშექმნისპროცესში. კონკრეტული გამოცდილების და ჩვევებისგათვალისწინებითმომხმარებელმა უკეთიცის,რამდენმეგაბაიტს, წუთს თუ SMS-სმოიხმარს დღეში, კვირასათუთვეში, ისე, რომარცზედმეტიდარჩესდაარცდააკლდეს.
შენუკეთიცი,რაგსურს – ამ პრინციპით ყველას შეუძლია შექმნას ინდივიდუალური პროდუქტითავისთვის და თავისიანებისთვის, უფრომეტიც, დაარქვასსასურველისახელიდამაგთისაპლიკაციაში დაიმახსოვროს.
28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ღამით მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. გამონაკლისი ორი დღეა 31 დეკემბერი – ახალი წლის წინა ღამე და 6 იანვარი, მართლმადიდებლური შობის წინა ღამე.
საქართველოს მთავრობამ არც ამჯერად გაითვალისწინა ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ და საშობაო ლიტურგიისთვის ტაძრებში 24 დეკემბრის საღამოს იკრიბებიან.
ამასთან დეკემბერ-იანვარში სხვადასხვა კონფესია სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავს. მაგალითად, 11-18 დეკემბერს აღინიშნება ებრაული ხანუქა, 5 იანვრის ღამეს კი სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს შობას.
„საქართველოში არ არსებობს მხოლოდ 6 იანვარი. არსებობს 24-25 დეკემბერიც. სხვადასხვა კონფესიისთვის ტოლერანტობის მომენტია. მთავრობა ტოლერანტული უნდა იყოს ყველას მიმართ და არა მხოლოდ უმრავლესობის მიმართ.
მგონია, რომ რელიგიის სააგენტომ ამაზე უნდა იზრუნოს. ასეთი გადაწყვეტილებით კი მგონია, რომ მისი როლი ნულია. მისი (რელიგიის სააგენტოს) პრეროგატივაა, რომ ყურადღება მიექცეს სხვა კონფესიებსაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი გაბრიელე ბრაგანტინი.
პრობლემურად მიიჩნევენ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. აქ ამბობენ, რომ თუ 6 იანვარს ერთი ჯგუფისთვის აწესებს მთავრობა შეღავათს იმისათვის, რომ ადამიანები მივიდნენ ეკლესიებში, მაშინ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება.
„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა თუ იხსნება ერთი კონკრეტული რელიგიური ჯგუფისადმი, ასეთ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან სხვა რელიგიური ჯგუფების ინტერესებიც,“ – ამბობს საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ქართველიშვილი.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ წინა ლოქდაუნის გამოცდილებიდან ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა.
„იგივე წრეზე დავტრიალებთ. პირველი ჩაკეტვის დროს რა უხერხულობაშიც ჩავარდა სახელმწიფო, იგივე უხერხულობაში ეხვევა დღესაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდნავადაც კი არ გაითვალისწინა რაც მაშინ ვუთხარით, ვთხოვეთ, გავუკრიტიკეთ… სახელმწიფომ ელემენტარულად რიტორიკაც კი არ შეცვალა. რვა თვე გავიდა პირველი ჩაკეტვიდან. ამ თვეების მანძილზე, სხვა ყველა ბედნიერებასთან ერთად ამ მიმართულებითაც არაფერი არ გააკეთა ხელისუფლებამ.
ჩემს ხელისუფლებას, ჩემს სახელმწიფოს ვეტყოდი, რომ ფართოდ გაახილეთ თვალები, რადგან თქვენი მოქალაქეები არიან სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებიც და არ არის მხოლოდ ერთი მონოლითური საზოგადოება, სადაც მხოლოდ ერთი ტიპის რელიგიურ ჯგუფს ელაპარაკები. თუ აპირებთ რაღაცა შეღავათების დაწესებას, მაშინ უნდა გაითვალისწინო რა კონკრეტულ რელიგიურ სეზონს ემთხვევა. აღდგომა, ბაირამი და პასექის დღესასწაული იყო მაშინ და გვახსოვს, რომ სრული იგნორი მოჰყვა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის, რადგან ამ სახელმწიფოსთვის არსებობს მხოლოდ ერთი რელიგიური თემი, მხოლოდ ერთი ეკლესია და მხოლოდ ერთი მიდგომა. არ შეიძლებ ასე. არც ეკლესიისთვის შეიძლება, რომელსაც ვითომ მხარში უდგანან. ანგრევენ იმ ეკლესიასაც ასეთი მიდგომით და არც სახელმწიფოსთვის არ შეიძლება. სახელმწიფოს ერთიანობას ანგრევენ ასეთი მიდგომით.
რუსუდან გოცირიძე. ფოტო: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ფეისბუქგვერდიდან
არ ვლაპარაკობ მე იმაზე შობას ნაძვის ხეს დავიდგამ თუ არა. როცა უჭირს ქვეყანას, როცა საერთო საფრთხეა აღდგომა სახლებიდან ვიდღესასწაულეთ – მძიმე და არასახალისო იყო, მაგრამ არ დავხოცილვართ. ჩვენი დღესასწაული ჩვენს გულშია. მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ხარ, სულ სხვა რამეზე არის აქ ლაპარაკი. ქვეყანა თუ გქვია, მაშინ იყავი, როგორც ქვეყანა. ძალიან გულნატკენი და გაბრაზებულიც ვარ, სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ, რომ ეს პირველად არ ხდება,” – ამბობს რუსუდან გოცირიძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააგენტო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
—
მთავარი ფოტო: პადრე გაბრიელ ბრაგანტინი მრევლთან ერთად
არ აკონკრეტებს, სად იყო სისუსტე, მაგრამ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ამბობს, რომ თავისი ხედვები კიდევ ერთი წლის შემდეგ – 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მანამდე მინისტრი აჭარაში მოწეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ჩირის და ტყემლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გიორგი სურმანიძე ბოლო რამდენიმე წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა. ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად 30 სექტემბერს დანიშნეს.
ბატონო გიორგი, პირველ რიგში გვითხარით, რა იქნება 2021 წელს აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი, რის შეცვლა მოახერხეთ?
2021 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი არის სოფლად მეწარმეობის განვითარება. წელს გვქონდა ამ პროგრამისთვის დაახლოებით მილიონი ლარი და მომავალ წელს გაიზრდება 1 მილიონ 200 ათას ლარამდე. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვექნება პროგრამა საოჯახო მეურნეობების განვითარების მიმართულებით. სოფლად მეწარმეობის განვითარებაში მონაწილეობს ხუთივე მუნიციპალიტეტი და ასევე ქალაქს მიერთებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები. მომავალ წელსაც პროგრამას განახორციელებს „აგროსერვისცენტრი“. ზედა ზღვარი იქნება ისევ 100 ათასი ლარი.
ვინ იღებს ამ პროექტებს, ან როგორ ხდება რისკების დაზღვევა? როგორც ცნობილია, ბანკები ამ მიმართულებით სესხების გაცემისგან თავს იკავებენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება, დამწყები ბიზნესიც დაგვიფინანსებია… პროგრამაში თუკი მონაწილეობს სუბიექტი, 30 პროცენტამდე თანადაფინანსებას პროექტისას ახორციელებს თავად სუბიექტი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. მთავარია, პროექტი იყოს ინოვაციური და სოფლად მეწარმეობის განვითარებაზე მიმართული. წელს ჩვენი პროექტების ძირითადი ნაწილი იყო არსებული საწარმოების განვითარებაზე მიმართული: არსებული მეურნეობის განვითარება, გადაიარაღება, იყო პროექტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სტარტაპებია, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რა პროექტები დააფინანსეთ წელს და, მათ შორის, რომელი იყო დამწყები ბიზნესი?
სულ იყო 18 პროექტი – დავაფინანსეთ ღვინის მარანი, არყის სპირტის სახდელი ქედაში, ჩირის საწარმო, კბილის ჩხირის საწარმო, ეს კბილის ჩხირის საწარმო, ასევე თევზის საკვების საწარმო დამწყები ბიზნესია. ესენი ფიზიკური პირები იყვნენ. მძლავრი და სერიოზულ ჩირის საწარმო დავაფინანსეთ ასევე, რომელსაც სხვა დონორებიც ჰყავს.
მომავალ წელს გვექნება საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამა, ეს სიახლეა და 1 მილიონ 600 ათასია გათვალისწინებული. ამ პროგრამას უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ესეც არის საგრანტო პროექტი, ზედა ზღვარი არის 30 ათასი ლარი, 5 ათასი ლარი უნდა დახარჯოს მოქალაქემ, ქვედა ზღვარი არის 500 ლარი. ამ შემთხვევაში პირდაპირ პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის საოჯახო მეურნეობის განვითარება. მაგალითისთვის მანდარინის ბაღის მესაკუთრე წარმოადგენს პროექტს, რომ სჭირდება წამლის აპარატი, მოტობლოკი, დამხარისხებელი დანადგარი, მარკეტინგული სამუშაოები, ესეც შეიძლება დაფინანსდეს. მთავარია, ეს ყველაფერი ფერმერს გაწერილი ჰქონდეს და გააზრებული პროდუქციის წარმოებიდან გაყიდვამდე.
რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს მეციტრუსე, რომ ეს გრანტი მიიღოს?
პირობა არის ერთი – წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ხილვადი, გააზრებული. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ის სიკეთე, რასაც ფერმერი თხოვს სამინისტროს, გააზრებული აქვს სრულად, ანუ როგორც ბიზნესი, ასე უდგება ამ საკითხს. ამ საპროექტო განცხადებებსაც კომისიური წესით შევისწავლით. აქაც პრიორიტეტი მიენიჭება კოოპერატივს, ასოციაციას, გაერთიანებას. პროგრამის ფარგლებში შეიძლება ასევე ახალი ბაღის გაშენება, იგივე ნერგების შეძენა მოითხოვოს ფერმერმა, ანუ კომპლექსურად მოითხოვოს სამუშაოების ჩატარება, მაგალითად, ნერგები და წვეთოვანი სისტემა ამ ნერგებისთვის.
ფერმერებისგან გავიგეთ, რომ დაპირებული წვეთოვანი სისტემა არ დაურიგდათ. რამ შექმნა ეს პრობლემა?
როგორ არა, დარიგდა. ეს ეხებოდა მხოლოდ მოცვის ნერგებს. პროგრამა ითვალისწინებდა ნერგებთან ერთად წვეთოვანი სისტემის დარიგებასაც. კაკლოვანს არ სჭირდება წვეთოვანი, თუ ასეთი რეკომენდაცია არსებობს, მაშინ ეს თავად ფერმერის ნაწილია. რაც შეეხება პროგრამებს, აქ ფერმერი ნაკლებ ქულას მიიღებს, თუკი ჩვენი რეკომენდაციის მიუხედავად წვეთოვანი სისტემის მოწყობას არ აპირებს.
აქამდეც ხორციელდებოდა მსგავსი პროგრამები, თუმცა სოფლიდან მიგრაციის პროცესი გრძელდება და პანდემიის დროსაც ასობით ადამიანი სეზონური დასაქმების ადგილს თურქეთში ეძებდა. თქვენი აზრით, რატომ ვერ გააძლიერა სახელმწიფო პროგრამებმა სოფლის მეურნეობა?
მთავარი მიზანი და მიმართულება არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, რისთვისაც ჩვენ აქამდე უკვე განხორციელებული გვაქვს პროგრამები, იგივე შესასხურებელი აპარატები, ახალი ნერგები, ექსტენციის ნაწილი, სადაც ჩვენ სწავლა-განათლებით შევდივართ ფერმერთან. სამომავლოდ იქნება უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგმული პროდუქციის ხარისხის ზრდისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. რადგან ჩვენ მცირემიწიანი რეგიონი ვართ, მთავარი მიზანი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და შემდეგი ნაბიჯია უკვე საექსპორტო ბაზრებზე მაქსიმალურად ძვირად გაყიდვადი პროდუქციის წარმოება. ეს იქნება გამოსავალი. ჩემი და ჩვენი გუნდის ხედვები და განვითარების მიმართულება უფრო 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამისკენ. დღეიდან უფრო ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული,
სად იყო პრობლემა და ახლა რა შეიძლება იყოს ქმედითი ნაბიჯი კონკრეტულად?
ამ წუთას ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან, რათა მივიღოთ სტრატეგიული გეგმა, მალე გვექნება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021 – 2027 წლის გეგმა, სადაც ეს დეტალური ნაბიჯები გაიწერება. იქ იქნება შესაბამისი კონკრეტიკა.
თქვენ ბოლო წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდით. რა მიდგომის გაზიარებას აპირებთ ამერიკული გამოცდილებიდან?
ამერიკაში მთავარი მიმართულება არის საერთაშორისო ვაჭრობა და საექსპორტო ბაზრებთან ურთიერთობის დალაგება. უმოკლეს ვადაში აჭარის რეგიონიდან უნდა დაიწყოს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ჩვენი პროდუქცის გაყიდვა. მე ეს წარმომიდგენია: მაგალითად, გამომშრალი ჩირი ძალიან მალე გავა, იგივე ტყემალი, სხვა ბოსტნეულიც შეიძლება და მრავალწლიანი ხეხილის გამოშრობა-გადაზიდვაც, ჩურჩხელა, გოზინაყი. ეს პროდუქტები გარკვეულწილად ამერიკაში ისედაც არის წარმოდგენილი, ზოგი ქართული წარმოებისაა, ზოგიც ქართული რეცეპტის დაცვით სხვა ქვეყნებშია წარმოებული.
შესაძლებლად მიგაჩნიათ უფრო მასშტაბურად გასვლა ამ ბაზარზე?
ჩვენ საპორტო ქალაქი ვართ. თუკი გვექნება ხარისხის დაცვის სტანდარტით წარმოებული პროდუქტი, სიშორე არაფერია. ბათუმის პორტიდან კალიფორნიის ოკლანდის პორტში ან ნიუ იორკში თვე-ნახევრიდან ორ თვემდე დროა საჭირო ტრანსპორტირებისთვის, კონტეინერის ღირებულება არის 5 ათას დოლარამდე. ეს რომ გადავამრავლოთ 20- 25 ტონა პროდუქციაზე, დამიჯერეთ, არც თუ ისე დიდი ფასნამატია. ამერიკის ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თავისი ადგილი ექნება, მე ამ კუთხით ნამუშევარიც მაქვს და დარწმუნებული ვარ, აჭარის რეგიონიდან ნელი ტემპით, მაგრამ პროდუქცია გავა ამ ბაზარზე.
რატომ დაბრუნდით აშშ-დან საქართველოში?
დავბრუნდი იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო სოფლის მეურნეობას, ეს ჩემთვის ემოციურად ძალიან ახლო დარგია. ბოლო 12 წელია მე ჩემი ხელით ვმუშაობდი, მქონდა აწყობილი სასათბურე მეურნეობა, მერე ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით… შეერთებულ შტატებშიც სასურსათო პროდუქტების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტებში ვიყავი ჩართული. ჩემი ძირითადი მიმართულება იყო იმპორტ-ექსპორტი, სასურსათო პროდუქციის ხარისხი და სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის წარმატება და როცა აქ ჩათვალეს, რომ მე ამ პოზიციაზე ვიყავი საჭირო, წამოვედი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება, ყოველთვის იქ ვიქნები.
გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუკი დასაქმებულ პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, მაგრამ ვერ იკეთებს ფასიან PCR ტესტს, თვითიზოლაციაში ოფიციალურად დასარეგისტრირებლად, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.
„ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში, დასაქმებული პირი დგება აღრიცხვაზე ოფიციალურად. განაცხადი უნდა გააკეთოს პირმა იმ შემთხვევაში, თუკი აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტი ან ახლო კონტაქტი.
ეპიდემიოლოგები ამ პირის მონაცემებს გადასცემენ ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისად, ბიულეტენზე ყოფნის ცნობაც გაიცემა. სიმპტომების შემთხვევაში პირს ასევე შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს. ამ შემთხვევაშიც იხსნება ბიულეტენი, ანუ საავადმყოფო ფურცელი, რომლის საფუძველზეც პირს სამუშაო ადგილზე ვერ დაუკავებენ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას“, – ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიოლოგების მიერ აღრიცხულ პირზე გაცემული ბიულეტენის ფურცელი არის ოფიციალური და დამსაქმებელი ვალდებულია ამ პირს ხელფასი აუნაზღაუროს.
მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან მაგალითად სამკერვალოში დასაქმებული პირები, რომლებიც „ბათუმელებთან“ აცხადებენ, რომ დამსაქმებელმა საპატიოდ არ ჩაუთვალა თვითიზოლაციის დღეები, ტესტის გაკეთება კი საკუთარი ხარჯებით ვერ მოახერხეს.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი უკვე დაგეგმა. არჩილ ჩიქოვანმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს განსახილველად ისე წარუდგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არც კი დაინტერესებულა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაუდასტურეს. მერს არც სათათბირო მრჩეველთა საბჭო აქვს, რომელთან ერთადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვას მას პირდაპირ თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მრჩეველთა საბჭო ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე დაითხოვა. მაშინ მერიაში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მას ასეთი გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიუღია.
ადმინისტრაციის უფროსის ნუკრი დეკანაძის განმარტებით, პროცედურას კანონი ითვალისწინებს და მერის მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილება მისი გადადგომისთანავე ავტომატურად უწყდება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტი იყო.
მერიაში განმარტავდნენ იმასაც, რომ მალევე მერის მოვალეობის შემსრულებელი ახალ საბჭოს აირჩევდა იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენით, რომლებსაც მანამდე არსებულ საბჭოში თითო წარმომადგენელი ჰყავდათ.
საბჭოს დათხოვნისთანავე მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგანიზაციებს წერილობით აცნობა, რომ ახალი საბჭოს დასაკომპლექტებლად კანდიდატურები უნდა წარედგინათ. პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მან 2020 წლის აგვისტოში მიიღო, ამ წერილს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერდა ხელს. ამის შემდეგ კი საკითხი გაიყინა და არავის გახსენებია.
მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი მრჩეველთა საბჭოს უახლოეს მომავალში შეარჩევს, თუმცა ზუსტი დრო ვერ დაგვიკონკრეტეს. რატომ დაგეგმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2021 წლის ბიუჯეტი რეკომენდაციების გარეშე? – ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ არასამთავრობო სექტორს მის განხილვაში ჩართვის საშუალება ექნება.
არჩილ ჩიქოვანის [მოვალეობის შემსრულებელი] ბრძანების მიხედვით, საბჭო ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს. ამ ბრძანების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მერის უფლებამოსილების ვადა. ლაშა კომახიძეს, რომელიც 16 ივლისს გადადგა [„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას გადადგომა აიძულეს], უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.
___
თვითმმართველობის კოდექსით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება მერს არ აქვს, ხოლო საბჭო ანაზღაურების გარეშე მუშაობს.
კანონის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გენდერულად უნდა იყოს დაბალანსებული. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის.
მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.
მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილება და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
ბათუმის გადამდგარი მერის, ლაშა კომახიძის მრჩეველთა საბჭო, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაითხოვა. ფოტო: ბათუმის მერია
ფინეთში, სადაც 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის სულ 23 148 შემთხვევაა დადასტურებული და 388 კოვიდით გარდაცვლილია. შესაბამისად, სკანდინავიის ამ ქვეყანას კორონავირუსის ყველაზე დაბალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს ევროპაში.
როგორ შეძლო ფინეთმა კოვიდ პანდემიის ასე წარმატებით მართვა? – „დოიჩე ველეს“ ამ თემაზე მომზადებულ სტატიაშივკითხულობთ, რომ ფინეთის პანდემიის მართვის წარმატებულ მაგალითს რამდენიმე მიზეზი აქვს.
სწრაფი რეაგირება
გაზაფხულზე, როცა მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, ფინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ორთვიანი კარანტინი გამოაცხადა. აიკრძალა გასვლა ჰელსინკიდან. დაიკეტა ჯერ სკოლები, შემდეგ რესტორნები. ეს მოხდა მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ დაბალი იყო.
სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს ზომა მიღებული იქნა ორი კვირით ადრე. კარანტინმა ვირუსის გავრცელება შეანელა.
მობილური აპლიკაცია Corona Flash
საქართველოსგან განსხვავებით, ამ აპლიკაციამ ფინეთში კარგად იმუშავა. აპლიკაცია თითქმის ყოველმა მეორე ფინელმა დააყენა და გამოიყენა კიდეც.
ხელისუფლებისადმი ნდობა
ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფინეთში მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიმართ მაღალია. მნიშვნელოვანი პროტესტი „ჩაკეტვას“ ფინეთში არ მოჰყოლია.
ამ პერიოდში ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფინელების 73 პროცენტი აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კარგად ართმევდნენ თავს.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ფინანსური კრიზისი ფინეთს ნაკლებად შეეხო. 2020 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში მშპ საშუალოდ 14 პროცენტით დაეცა, ფინეთში – მხოლოდ 6,4 პროცენტით.
დისტანციური სწავლა და მუშაობა
დისტანციურ სწავლებასა და მუშაობაზე გადასვლა ფინეთში უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ფინეთი ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა. ფინელ მოსწავლეებს აქვთ ნოუთბუქი, მაშინ როცა, მაგალითად, გერმანიაში, ციფრული განათლების კვლევის თანახმად, მოსწავლეების მხოლოდ 68 პროცენტი იყენებს ნოუთბუქს სწავლისას.
უარი წვეულებებზე
ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ფინეთის მოსახლეობის 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ გაზაფხულის კარანტინის დროს მათი ცხოვრება გაუმჯობესდა კიდეც.
„ჩვენ გვიყვარს მარტოობა“ – ამბობს ფსიქოლოგი ნელი ჰანკონენი ჰელსინკის უნივერსიტეტიდან.
შესაძლოა თავის როლს ასრულებს პირადი კომფორტის ზონაც, ის, თუ რა მანძილზე უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს. „შესაძლოა, ფინელების კომფორტის ზონა უფრო ფართოა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვირჩევნია ადამიანები ერთი მეტრის დაშორებით იყვნენ ჩვენგან, სხვაგვარად ვერ ვგრძნობთ თავს კარგად“, – ამბობს მიკა სალმინენი, ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ინსტიტუტის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ინსტიტუტი ფინეთში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რობერტ კოხის ინსტიტუტი გერმანიაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – საქართველოში.
28 ნოემბერს ძალაში შედის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ.
პარალელურად, ამოქმედდება პროგრამები, რომელიც პანდემიის პირობებში გარკვეული ჯგუფებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.
მთავრობის ცნობით ფულად კომპენსაციას მიიღებენ:
უმუშევრად დარჩენილები – 200 ლარს 6 თვის განმავლობაში მიიღებენ ის პირები, რომელღაც ამ კრიზისის დროს დაკარგეს სამსახური. დახმარების მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სახელწიფოს.
სოციალურად დაუცველები – ის პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 100 ლარს.
მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველი ოჯახები – 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას,
18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები – 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იქნება და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ახალი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც ფორმალურად იყვენ დასაქმებულები, 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ.
„რაც შეეხება ფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში და 200 ლარს ყოველთვიურად, ეს პროგრამა პირველი იანვრიდან ხელმეორედ დაიწყება და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი მიმართავს სახელმწიფოს და მიიღებს დახმარებას,“ – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, წინა ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა „და ვფიქრობთ, რომ ამ ტალღაზეც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება,“- ამბობს ის.
როგორც გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, ასევე, არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები შეზღუდვების პერიოდში ისევ მიიღებენ ერთჯერად, 300-ლარიან სახელმწიფო დახმარებას.
ის მოქალაქეები, რომელთა სოციალური ქულა 65-100 ათას ქულას შორისაა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 100 ლარს სახელმწიფო დახმარების სახით.
100-ლარიან დახმარებას 6 თვით მიიღებენ ის ოჯახებიც, ვისაც აქვთ 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულამდე და ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი.
გარდა ამისა, 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის დახმარების მიზნით მთავრობა ამ სფეროში დასაქმებულებისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს აუქმებს:
„ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ამ გადასახადისგან“. გარდა ამისა, პრემიერის განმარტებით, ტურიზმის სექტორს მთლიანად ჩამოეწერება გადავადებული საშემოსავლო გადასახადი.
მთავრობა დაიწყებს ასევე სარესტორნო ბიზნესის რესტორნის სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებას, რაც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება : „დაწესდება იგივე პროგრამა რესტორნების ბიზნესზე, რაც გვქონდა სასტუმროებზე“.
გახარიას თქმით, ბიზნესის დახმარება მთავრობას ჯამში ერთი მილიარდ 140 მილიონი ლარი დაუჯდება.
28 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს.
ასევე, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე.
საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დღეს, 26 ნოემბერს, კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა. შეზღუდვები ძალაში შედის 28 ნოემბრიდან.
დღეს, 26 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭომ იმ დამატებითი შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ამავე განცხადების მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი – 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
9. და სხვ.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე.
ამავე პერიოდში იზღუდება საჯარო სივრცეში ყოფნა.
მთავრობის ცნობით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის – 6 იანვრის ღამე.
28 ნოემბრიდან მატარებელიც აღარ იმოძრავებს. მთავრობამ პანდემიის გამო კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება დღეს, 26 ნოემბერს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან აკრძალულია მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. შეზუდვა არ ეხება მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანებსა და ტაქსებს.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად, წელს 26 307 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა, რაც მთლიანად წარდგენილი განაცხადების დაახლოებით 15,6 პროცენტია.
„მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეის განაცხადებიდან 2 056 განაცხადის ავტორი ქალი, ხოლო 2 047 იდეის ავტორი კაცი მეწარმეა. აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებდნენ.
ამასთანავე, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად მიენიჭა კოდი. შემფასებლებმა კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით დაახარისხეს მიღებული აპლიკაციები“ – აცხადებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
სააგენოში აცხადებენ ასევე, რომ „წელს საგრანტო პროგრამაზე დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა. აქედან გამომდინარე, განაცხადების რაოდენობის და ხარისხის შესაბამისად დაწესდა მაღალი გამსვლელი ქულები. შეფასების შედეგების გასაჩივრების პირობების სანახავად კი შეგიძლიათ ეწვიოთ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს. დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე – 1525.“
განაცხადების მიღება 5 ლოტად მიმდინარეობდა. მაგალითად, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და გურიიდან [ლოტი 1] სულ 5 993 განაცხადი იყო შესული. მეორე ეტაპზე კი 878 გადავიდა [14,6%].
წელს პროგრამაში პირველად თბილისიც ჩართეს. მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეებიდან ყველაზე მეტი სწორედ თბილისზე მოდის.
შესული და მეორე ეტაპზე გადასული განაცხადები ლოტების მიხედვით:
წყარო: „აწარმოე საქართველოში“
სააგენტოს განცხადებით, მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანპტებისთვის ბიზნესგეგმების განაცხადების შევსება დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება, ხოლო მანამდე განაცხადების ავტორებს ბიზნესგეგმების წერის ტრენინგებს ჩაუტარებენ.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად წარდგენილი განაცხადებიდან [ბიზნესიდეებიდან] გამარჯვებულების გამოვლენა 8 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა „აწარმოე საქართველომ“ 24 ნოემბრამდე გადაწია:
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway; „დელივერი“; „დრაივი“
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში – და სათხილამურო კურორტებზე- ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე:
სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება და ქვეყნის მასშტაბით:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი – 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
დელივერსა და გატანის სერვისებს;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
აგრარული ბაზრობის მუშაობას
და სხვა.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.
________________
სექტემბრიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა. ბოლო ორი კვირაა საქართველოში დღეში კოვიდის 3-დან 4 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება. საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 1124 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე.
„ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
გეგმიური ოპერაციების ჩატარება პირადი ხარჯით, კვლავ შესაძლებელია.
მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ნოზოლოგიაში არსებობს კონკრეტული შემთხვევა, როცა გეგმიური ოპერაციის გადადებაც საზიანოა პაციენტისთვის.
ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ გეგმიური ოპერაციების გადავადება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეთოდი მცდარია და ეს გადაწყვეტილება არაერთ პაციენტს დააზიანებს:
„ასეთი ეპიდსიტუაციის დროს, პირველი ნაბიჯი, როგორც წესი, ყველა ქვეყანაში არის გეგმიური ოპერაციების შეჩერება, თუმცა სხვა საკითხია, როგორ ვაჩერებთ ამ ამბავს.
დაფინანსების გზით ამის შეჩერება არის საკმაოდ სახიფათო, იმიტომ, რომ შეიძლება საჭირო იყოს გეგმიური ოპერაციის ჩატარება, რომლის გადადება მარტამდე საკმაოდ ცუდ შედეგებს მოიტანს, დაფინანსების არქონის გამო კი ეს ვერ მოხდება.
მაგალითად, ავიღოთ მენჯ-ბარძაყის პროთეზირება. ათიდან რვა შემთხვევაში ეს არის ოპერაცია, რომელიც დიდხანს მოიცდის, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ოპერაციის გაკეთება გეგმიურად არის აუცილებელი, რომ შემდეგ არ გამოიწვიოს სხვა სახის დაზიანებები, მაგალითად, ხერხემლის. იგივე ხდება თვალის ოპერაციების შემთხვევაში. მაგალითად, კატარაქტა გეგმიური ოპერაციაა, მაგრამ შეიძლება 4 თვით მოცდამ სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს და პაციენტს მხედველობის სერიოზული პრობლემა დარჩეს“.
ექიმი-ანესთეზიოლოგი განმარტავს, რომ ყველაზე სწორი მიდგომა იქნება, თუ გეგმიური ოპერაციების გადავადების საკითხი დარეგულირდება კლინიკური რეგულაციებით, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, რადგან ყველა ნოზოლოგიაში არსებობს შემთხვევები, როცა გეგმიური ოპერაციის გადადება შეიძლება საზიანო იყოს.
„სამინისტრომ გამოყო ონკოლოგია, კარდიოლოგია და ზოგიერთი სხვა მიმართულება, რომელსაც ეს არ შეეხება. ეს სწორია, მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევა, თითქმის ყველა ნოზოლოგიაში, რომლებიც უნდა დარეგულირდეს კლინიკური კრიტერიუმების მიხედვით.
ექიმს, კლინიკებს რეკომენდაციები უნდა მიეცეთ, რომ გეგმიური ოპერაციები მინიმუმამდე დაიყვანონ, ოღონდ ეს უნდა იყოს ექიმის და სამედიცინო საზოგადოების გადასაწყვეტი, რომელ შემთხვევაში შეიძლება გეგმიური ოპერაციის შეჩერება და რომელში – არა“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა.
ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში, მთაში და ზღვის სანაპიროზე შაბათს, 28 ნოემბერს გამოიდარებს და შაბათ-კვირას უნალექო ამინდია მოსალოდნელი.