მთავარი,სიახლეები

მინისტრი კოვიდსასტუმროს ინციდენტზე: რადგან ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ მართვა სუსტია

27.11.2020
მინისტრი კოვიდსასტუმროს ინციდენტზე: რადგან ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ მართვა სუსტია

როგორ მართავს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში მოთავსებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიუთითებს თუ არა ცალკეული შემთხვევები სისტემის ხარვეზზე? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ბევრი მიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში და დიდი ხნით მოუწიათ საკარანტინო სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს სისტემის სისუსტედ არ განიხილავს.

„პირველ ხანებში ბევრს დასჭირდა ფსიქოლოგის, ფსიქიატრის კონსულტაცია, ამიტომ ეს სერვისიც ჩავრთეთ სისტემაში და სპეციალისტები ყოველდღიურად დადიოდნენ კოვიდსასტუმროებში“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

რამდენი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრია გამოყოფილი ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისთვის ნინო ნიჟარაძე არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ  „ერთი თუ ორი ფსიქიატრი დადის“ და ისინი მხოლოდ საჭიროების მქონე პირებს ემსახურებიან.

„ეს არის საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის და არა ყველასთვის“, – ამბობს მინისტრი. მინისტრს ვკითხეთ, თუ სისტემა გამართულად მუშაობს, როგორ ახსნის იმ ინციდენტს, რომლის დროსაც ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში ექთანი დაზიანდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, „რადგან ეს ფაქტი მოხდა, არ ნიშნავს იმას, რომ მართვა არის სუსტი, რაღაცეები ყოველთვის ხდება“.

„ყოვლისმომცველი და იდეალური შეიძლება ვერ იყოს სისტემა ამდენი ბენეფიციარის ფონზე, რადგან სერვისის მიწოდება არ ხდება მუდმივად ყველა პაციენტზე, არამედ საჭიროების მიხედვით. ამ საჭიროებას კი კოვიდსასტუმროში მყოფი ექიმი განსაზღვრავს – ის ეკონტაქტება ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს. ექიმი იქ იმისთვის არის, რომ რისკი დაინახოს“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

წამალდამოკიდებული პაციენტების შემთხვევაში, როგორც მინისტრი ამბობს, ექიმი განსაზღვრავს დოზას და საჭირო რაოდენობას უტოვებს კოვიდსასტუმროს ექიმს.

„კოვიდთან მიმართებაშიც იგივე სიტუაცია გვაქვს, გვყავს სამედიცინო ბრიგადები – 20 ადამიანზე ერთი ბრიგადა, რომელიც ვალდებულია 24 საათის განმავლობაში სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს საჭიროების მქონე ადამიანებს, გათვალოს რისკები და აცნობოს დამატებით საჭიროებებზე, ასევე განახორციელოს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია თუკი საჭიროა.

მაგრამ ვიცით, რომ მედიცინაში 2×2 არ არის 4 და აბსოლუტური სიზუსტით ვერანაირი რისკის ამოცნობა ვერ მოხდება“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: