მთავარი,სიახლეები

„ჩირს და ტყემალს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ“ – აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

26.11.2020 • 1486
„ჩირს და ტყემალს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ“ – აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

არ აკონკრეტებს, სად იყო სისუსტე, მაგრამ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ამბობს, რომ თავისი ხედვები კიდევ ერთი წლის შემდეგ – 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მანამდე მინისტრი აჭარაში მოწეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ჩირის და ტყემლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გიორგი სურმანიძე ბოლო რამდენიმე წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა. ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად 30 სექტემბერს დანიშნეს.

  • ბატონო გიორგი, პირველ რიგში გვითხარით, რა იქნება 2021 წელს აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი, რის შეცვლა მოახერხეთ? 

2021 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი არის სოფლად მეწარმეობის განვითარება. წელს გვქონდა ამ პროგრამისთვის დაახლოებით მილიონი ლარი და მომავალ წელს გაიზრდება 1 მილიონ 200 ათას ლარამდე. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვექნება პროგრამა საოჯახო მეურნეობების განვითარების მიმართულებით. სოფლად მეწარმეობის განვითარებაში მონაწილეობს ხუთივე მუნიციპალიტეტი და ასევე ქალაქს მიერთებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები. მომავალ წელსაც პროგრამას განახორციელებს „აგროსერვისცენტრი“. ზედა ზღვარი იქნება ისევ 100 ათასი ლარი.

  • ვინ იღებს ამ პროექტებს, ან როგორ ხდება რისკების დაზღვევა? როგორც ცნობილია, ბანკები ამ მიმართულებით სესხების გაცემისგან თავს იკავებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება, დამწყები ბიზნესიც დაგვიფინანსებია… პროგრამაში თუკი მონაწილეობს სუბიექტი, 30 პროცენტამდე თანადაფინანსებას პროექტისას ახორციელებს თავად სუბიექტი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. მთავარია, პროექტი იყოს ინოვაციური და სოფლად მეწარმეობის განვითარებაზე მიმართული. წელს ჩვენი პროექტების ძირითადი ნაწილი იყო არსებული საწარმოების განვითარებაზე მიმართული: არსებული მეურნეობის განვითარება, გადაიარაღება, იყო პროექტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სტარტაპებია, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

  • რა პროექტები დააფინანსეთ წელს და, მათ შორის, რომელი იყო დამწყები ბიზნესი? 

სულ იყო 18 პროექტი – დავაფინანსეთ ღვინის მარანი, არყის სპირტის სახდელი ქედაში, ჩირის საწარმო, კბილის ჩხირის საწარმო, ეს კბილის ჩხირის საწარმო, ასევე თევზის საკვების საწარმო დამწყები ბიზნესია. ესენი ფიზიკური პირები იყვნენ. მძლავრი და სერიოზულ ჩირის საწარმო დავაფინანსეთ ასევე, რომელსაც სხვა დონორებიც ჰყავს.

მომავალ წელს გვექნება საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამა, ეს სიახლეა და 1 მილიონ 600 ათასია გათვალისწინებული. ამ პროგრამას უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ესეც არის საგრანტო პროექტი, ზედა ზღვარი არის 30 ათასი ლარი, 5 ათასი ლარი უნდა დახარჯოს მოქალაქემ, ქვედა ზღვარი არის 500 ლარი. ამ შემთხვევაში პირდაპირ პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის საოჯახო მეურნეობის განვითარება. მაგალითისთვის მანდარინის ბაღის მესაკუთრე წარმოადგენს პროექტს, რომ სჭირდება წამლის აპარატი, მოტობლოკი, დამხარისხებელი დანადგარი, მარკეტინგული სამუშაოები, ესეც შეიძლება დაფინანსდეს. მთავარია, ეს ყველაფერი ფერმერს გაწერილი ჰქონდეს და გააზრებული პროდუქციის წარმოებიდან გაყიდვამდე.

  • რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს მეციტრუსე, რომ ეს გრანტი მიიღოს?

პირობა არის ერთი – წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ხილვადი, გააზრებული. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ის სიკეთე, რასაც  ფერმერი თხოვს სამინისტროს, გააზრებული აქვს სრულად, ანუ როგორც ბიზნესი, ასე უდგება ამ საკითხს. ამ საპროექტო განცხადებებსაც კომისიური წესით შევისწავლით. აქაც პრიორიტეტი მიენიჭება კოოპერატივს, ასოციაციას, გაერთიანებას. პროგრამის ფარგლებში შეიძლება ასევე ახალი ბაღის გაშენება, იგივე ნერგების შეძენა მოითხოვოს ფერმერმა, ანუ კომპლექსურად მოითხოვოს სამუშაოების ჩატარება, მაგალითად, ნერგები და წვეთოვანი სისტემა ამ ნერგებისთვის.

  • ფერმერებისგან გავიგეთ, რომ დაპირებული წვეთოვანი სისტემა არ დაურიგდათ. რამ შექმნა ეს პრობლემა?

როგორ არა, დარიგდა. ეს ეხებოდა მხოლოდ მოცვის ნერგებს. პროგრამა ითვალისწინებდა ნერგებთან ერთად წვეთოვანი სისტემის დარიგებასაც. კაკლოვანს არ სჭირდება წვეთოვანი, თუ ასეთი რეკომენდაცია არსებობს, მაშინ ეს თავად ფერმერის ნაწილია. რაც შეეხება პროგრამებს, აქ ფერმერი ნაკლებ ქულას მიიღებს, თუკი ჩვენი რეკომენდაციის მიუხედავად წვეთოვანი სისტემის მოწყობას არ აპირებს.

  • აქამდეც ხორციელდებოდა მსგავსი პროგრამები, თუმცა სოფლიდან მიგრაციის პროცესი გრძელდება და პანდემიის დროსაც ასობით ადამიანი სეზონური დასაქმების ადგილს თურქეთში ეძებდა. თქვენი აზრით, რატომ ვერ გააძლიერა სახელმწიფო პროგრამებმა სოფლის მეურნეობა? 

მთავარი მიზანი და მიმართულება არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება, რისთვისაც ჩვენ აქამდე უკვე განხორციელებული გვაქვს პროგრამები, იგივე შესასხურებელი აპარატები, ახალი ნერგები, ექსტენციის ნაწილი, სადაც ჩვენ სწავლა-განათლებით შევდივართ ფერმერთან. სამომავლოდ იქნება უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგმული პროდუქციის ხარისხის ზრდისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. რადგან ჩვენ მცირემიწიანი რეგიონი ვართ, მთავარი მიზანი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და შემდეგი ნაბიჯია უკვე საექსპორტო ბაზრებზე მაქსიმალურად ძვირად გაყიდვადი პროდუქციის წარმოება. ეს იქნება გამოსავალი. ჩემი და ჩვენი გუნდის ხედვები და განვითარების მიმართულება უფრო 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ამისკენ. დღეიდან უფრო ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული,

  • სად იყო პრობლემა და ახლა რა შეიძლება იყოს ქმედითი ნაბიჯი კონკრეტულად? 

ამ წუთას ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან, რათა მივიღოთ სტრატეგიული გეგმა, მალე გვექნება  სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021 – 2027 წლის გეგმა, სადაც ეს დეტალური ნაბიჯები გაიწერება. იქ იქნება შესაბამისი კონკრეტიკა.

  • თქვენ ბოლო წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდით. რა მიდგომის გაზიარებას აპირებთ ამერიკული გამოცდილებიდან?

ამერიკაში მთავარი მიმართულება არის საერთაშორისო ვაჭრობა და საექსპორტო ბაზრებთან ურთიერთობის დალაგება. უმოკლეს ვადაში აჭარის რეგიონიდან უნდა დაიწყოს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ჩვენი პროდუქცის გაყიდვა. მე ეს წარმომიდგენია: მაგალითად, გამომშრალი ჩირი ძალიან მალე გავა, იგივე ტყემალი, სხვა ბოსტნეულიც შეიძლება და მრავალწლიანი ხეხილის გამოშრობა-გადაზიდვაც, ჩურჩხელა, გოზინაყი. ეს პროდუქტები გარკვეულწილად ამერიკაში ისედაც არის წარმოდგენილი, ზოგი ქართული წარმოებისაა, ზოგიც ქართული რეცეპტის დაცვით სხვა ქვეყნებშია წარმოებული.

  • შესაძლებლად მიგაჩნიათ უფრო მასშტაბურად გასვლა ამ ბაზარზე? 

ჩვენ საპორტო ქალაქი ვართ. თუკი გვექნება ხარისხის დაცვის სტანდარტით წარმოებული პროდუქტი, სიშორე არაფერია. ბათუმის პორტიდან კალიფორნიის ოკლანდის პორტში ან ნიუ იორკში თვე-ნახევრიდან ორ თვემდე დროა საჭირო ტრანსპორტირებისთვის, კონტეინერის ღირებულება არის 5 ათას დოლარამდე. ეს რომ გადავამრავლოთ 20- 25 ტონა პროდუქციაზე, დამიჯერეთ, არც თუ ისე დიდი ფასნამატია. ამერიკის ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თავისი ადგილი ექნება, მე ამ კუთხით ნამუშევარიც მაქვს და დარწმუნებული ვარ, აჭარის რეგიონიდან ნელი ტემპით, მაგრამ პროდუქცია გავა ამ ბაზარზე.

  • რატომ დაბრუნდით აშშ-დან საქართველოში? 

დავბრუნდი იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო სოფლის მეურნეობას, ეს ჩემთვის ემოციურად ძალიან ახლო დარგია. ბოლო 12 წელია მე ჩემი ხელით ვმუშაობდი, მქონდა აწყობილი სასათბურე მეურნეობა, მერე ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით… შეერთებულ შტატებშიც სასურსათო პროდუქტების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტებში ვიყავი ჩართული. ჩემი ძირითადი მიმართულება იყო იმპორტ-ექსპორტი, სასურსათო პროდუქციის ხარისხი და სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის წარმატება და როცა აქ ჩათვალეს, რომ მე ამ პოზიციაზე ვიყავი საჭირო, წამოვედი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება, ყოველთვის იქ ვიქნები.

გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

მთავარი ფოტო: გიორგი სურმანიძის ფეისბუქ გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: