მთავარი,სიახლეები

როგორც ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები უმუშევრად და უკომპენსაციოდ 

27.11.2020 • 1754
როგორც ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები უმუშევრად და უკომპენსაციოდ 

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 250-მდე ბოშა ცხოვრობს. მათი მდგომარეობა პანდემიაში საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე მეტად რთულია – კულტურული, ენობრივი თუ ეკონომიკური იზოლაციის გამო. ბოშები ბოლო წლების განმავლობაში ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. 2008 წლიდან ბოშა ბავშვებმა სკოლაშიც დაიწყეს სწავლა. ახლა კი, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, უფროსკლასელი ბოშებიდან გაკვეთილებს თითქმის ვეღარავინ ესწრება სმარტფონისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ბავშვებს შინ ყოფნა და პატარების მოვლა უწევთ – ან ქალაქში მოწყალების სათხოვნელად სიარული.

თუ მათი მშობლები პანდემიამდე წვრილმანებით ვაჭრობდნენ, ახლა ქუჩაში უწევთ სხვებისთვის ფულის თხოვნა. დაგეგმილი შეზღუდვების პირობებში კი, სავარაუდოდ ვერც ამ გზით ვეღარ შეძლებენ პურის ფულის გამომუშავებას. მათ აქამდე უმუშევრობის კომპენსაცია არ მიუღიათ და მსგავსი შეღავათის დაშვების შემთხვევაში, ვერც მომავალში ისარგებლებენ – თითქმის არც ერთი ბოშა არ არის ოფიციალურად დასაქმებული.

ბოშების დასახლებაში ბევრი აცხადებს, რომ ისინი შიმშილის ზღვარზე არიან

რა სოციალური სერვისებით სარგებლობენ ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრები ბოშები და პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ გაცემული რა ტიპის შეღავათები შეეხოთ მათ – ამ კითხვით ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსს, თემურ ჭანტურიშვილს მივმართეთ.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეული წევრი 50 ლარს იღებს. არის შედარებით მაღალქულიანი სოცდაუცველებიც ბოშებს შორის, რომლებიც სოცლიალურ შემწეობად მხოლოდ 30 ლარს იღებენ.

შეჭირვებული ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ პაკეტთან ერთად ყოველთვიურად 50 ლარია გათვალისწინებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახებისთვის პანდემიის პირობებში 100 ლარიანი დახმარება გასცა ერთჯერადად.

თემურ ჭანტურიშვილი გვეუბნება, რომ ის თავის დროზე, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ჩაერთო თემთან მოლაპარაკებაში: „დაიბარა ავტორიტეტები ბოშათა თემიდან და კატეგორიულად გააფრთხილა ყველა ოჯახისთის გადაეცათ, რომ ვალდებულები იყვნენ ეტარებინათ ბავშვები სკოლაში“.

სააგენტოს უფროსი ასე მას შემდეგ მოიქცა, როცა გაირკვა, რომ ბოშა ბავშვები ხშირად აცდენდნენ სკოლას და არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს. ეს პანდემიამდე იყო.

ახლა, როცა სწავლებამ ონლაინ და დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, ბავშვები ისევ ვერ ერთვებიან სასწავლო პროცესში. როგორც ბოშა ბავშვები, ასევე მათი მშობლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი თანამედროვე სმარტფონებისა და კომპიუტერების არქონაა.

თემურ ჭანტურიშვილი კი გვეუბნება, რომ ეს მიზეზად არ შეიძლება გამოდგეს და ბავშვებს შეუძლიათ ტელეფონებითაც ჩაერთონ სასწავლო პროცესში და იგი მიიჩნევს, რომ ბოშათა თემში თანამედროვე სმარტფონი, რითაც ზუმში ჩართვაა შესაძლებელი, ყველას აქვს.

„აქვთ ტელეფონები ბავშვებს და ჩაერთონ ონლაინსწავლებაში. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, ჩემი მეუღლეც ტელეფონით მუშაობს და მთელ კლასს ასე ეკონტაქტება. სულ არ არის აუცილებელი სტაციონალური კომპიუტერი“, – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურში ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გელაურელი ბოშები სარგებლობენ უფასო სასადილოებით.

„260 ბენეფიციარი გვყავს უფასო სასადილოში დაახლოებით ბენეფიციართა ნახევარზე მეტი ბოშაა“, – გვითხრეს პრესსამსახურში. ზუსტად რამდენი ბოშა სარგებლობს უფასო სასადილოების პროგრამით მერიაში ვერ გვიპასუხეს.


ამავე თემაზე:

გელაურელი ბოშების ბუნდოვანი მომავალი – შიმშილი პანდემიაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: