სიახლეები

როგორ გაუმკლავდა ფინეთი წარმატებით კოვიდ პანდემიას

26.11.2020 •
როგორ გაუმკლავდა ფინეთი წარმატებით კოვიდ პანდემიას

ფინეთში, სადაც 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის სულ 23 148  შემთხვევაა დადასტურებული და 388 კოვიდით გარდაცვლილია. შესაბამისად, სკანდინავიის ამ ქვეყანას კორონავირუსის ყველაზე დაბალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს ევროპაში.

როგორ შეძლო ფინეთმა კოვიდ პანდემიის ასე წარმატებით მართვა? – „დოიჩე ველეს“ ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფინეთის პანდემიის მართვის წარმატებულ მაგალითს რამდენიმე მიზეზი აქვს.

  • სწრაფი რეაგირება 

გაზაფხულზე, როცა მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, ფინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ორთვიანი კარანტინი გამოაცხადა. აიკრძალა გასვლა ჰელსინკიდან. დაიკეტა ჯერ სკოლები, შემდეგ რესტორნები. ეს მოხდა მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ დაბალი იყო.

სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს ზომა მიღებული იქნა ორი კვირით ადრე. კარანტინმა ვირუსის გავრცელება შეანელა.

  • მობილური აპლიკაცია Corona Flash

საქართველოსგან განსხვავებით, ამ აპლიკაციამ ფინეთში კარგად იმუშავა. აპლიკაცია თითქმის ყოველმა მეორე ფინელმა დააყენა და გამოიყენა კიდეც.

  • ხელისუფლებისადმი ნდობა 

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფინეთში მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიმართ მაღალია. მნიშვნელოვანი პროტესტი „ჩაკეტვას“ ფინეთში არ მოჰყოლია.

ამ პერიოდში ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფინელების 73 პროცენტი აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კარგად ართმევდნენ თავს.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ფინანსური კრიზისი ფინეთს ნაკლებად შეეხო. 2020 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში მშპ საშუალოდ 14 პროცენტით დაეცა, ფინეთში – მხოლოდ 6,4 პროცენტით.

  • დისტანციური სწავლა და მუშაობა 

დისტანციურ სწავლებასა და მუშაობაზე გადასვლა ფინეთში უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ფინეთი ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა. ფინელ მოსწავლეებს აქვთ ნოუთბუქი, მაშინ როცა, მაგალითად, გერმანიაში, ციფრული განათლების კვლევის თანახმად, მოსწავლეების მხოლოდ 68 პროცენტი იყენებს ნოუთბუქს სწავლისას.

  • უარი წვეულებებზე 

ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ფინეთის მოსახლეობის 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ გაზაფხულის კარანტინის დროს მათი ცხოვრება გაუმჯობესდა კიდეც.

„ჩვენ გვიყვარს მარტოობა“ – ამბობს ფსიქოლოგი ნელი ჰანკონენი ჰელსინკის უნივერსიტეტიდან.

შესაძლოა თავის როლს ასრულებს პირადი კომფორტის ზონაც, ის, თუ რა მანძილზე უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს. „შესაძლოა, ფინელების კომფორტის ზონა უფრო ფართოა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვირჩევნია ადამიანები ერთი მეტრის დაშორებით იყვნენ ჩვენგან, სხვაგვარად ვერ ვგრძნობთ თავს კარგად“, – ამბობს მიკა სალმინენი, ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ინსტიტუტის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ინსტიტუტი ფინეთში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რობერტ კოხის ინსტიტუტი გერმანიაში და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – საქართველოში.

____________

მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით. 

ფოტოზე: სანა მარინი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: