Batumelebi | არც ჰო და არც არა – მერის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკა მჩეველთა საბჭოს შექმნაზე არც ჰო და არც არა – მერის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკა მჩეველთა საბჭოს შექმნაზე – Batumelebi
RU | GE  

არც ჰო და არც არა – მერის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტიკა მჩეველთა საბჭოს შექმნაზე

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი უკვე დაგეგმა. არჩილ ჩიქოვანმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს განსახილველად ისე წარუდგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არც კი დაინტერესებულა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაუდასტურეს. მერს არც სათათბირო მრჩეველთა საბჭო აქვს, რომელთან ერთადაც ბიუჯეტის პროექტის განხილვას მას პირდაპირ თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მრჩეველთა საბჭო ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე დაითხოვა. მაშინ მერიაში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მას ასეთი გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიუღია.

ადმინისტრაციის უფროსის ნუკრი დეკანაძის განმარტებით, პროცედურას კანონი ითვალისწინებს და  მერის მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილება მისი გადადგომისთანავე ავტომატურად უწყდება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტი იყო.

მერიაში განმარტავდნენ იმასაც, რომ მალევე მერის მოვალეობის შემსრულებელი ახალ საბჭოს აირჩევდა იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენით, რომლებსაც მანამდე არსებულ  საბჭოში თითო წარმომადგენელი ჰყავდათ.

საბჭოს დათხოვნისთანავე მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგანიზაციებს წერილობით აცნობა, რომ ახალი საბჭოს დასაკომპლექტებლად კანდიდატურები უნდა  წარედგინათ. პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მან 2020 წლის აგვისტოში მიიღო, ამ წერილს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერდა ხელს. ამის შემდეგ კი საკითხი გაიყინა და არავის გახსენებია.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი მრჩეველთა საბჭოს უახლოეს მომავალში  შეარჩევს, თუმცა ზუსტი დრო ვერ დაგვიკონკრეტეს. რატომ დაგეგმა მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2021 წლის ბიუჯეტი რეკომენდაციების გარეშე? – ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ არასამთავრობო სექტორს მის განხილვაში ჩართვის საშუალება ექნება.

არჩილ ჩიქოვანის [მოვალეობის შემსრულებელი] ბრძანების მიხედვით, საბჭო ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაითხოვეს. ამ ბრძანების მესამე მუხლში ნათქვამია, რომ საბჭოს უფლებამოსილების ვადად  განისაზღვრება მერის უფლებამოსილების ვადა. ლაშა კომახიძეს, რომელიც 16 ივლისს გადადგა [„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას გადადგომა აიძულეს], უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

___

თვითმმართველობის კოდექსით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის  სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება მერს არ აქვს, ხოლო საბჭო ანაზღაურების გარეშე მუშაობს.

კანონის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გენდერულად უნდა იყოს დაბალანსებული. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის.

მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.

მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილება და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

ბათუმის გადამდგარი მერის, ლაშა კომახიძის მრჩეველთა საბჭო, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაითხოვა. ფოტო: ბათუმის მერია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი