მთავარი,სიახლეები

რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

20.11.2020 • 4294
რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი ნანა მეგრელიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ნამდვილად პრობლემაა თანამშრომლებისთვის ტესტის ჩატარება“.

სამკერვალოს თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენ სოციალური ქსელით ვესაუბრეთ და არ სურთ ვინაობის გამხელა, ამბობენ, რომ ფაბრიკაში პერიოდულად მუშაობენ თანამშრომლები მაღალი ტემპერატურით.

„უნდა გქონდეს ბიულეტენი, რომ საპატიოდ ჩაგეთვალოს გაცდენა, ბიულეტენს ვერ გაძლევს ექიმი, რადგან ტესტს ვერ იკეთებ… სიცხეც რომ გქონდეს, წახვიდე უნდა ბათუმში და იმხელა რიგში ჩადგე… თუ ბიულეტენი არ გაქვს და სამსახურს გააცდენ, 50 ლარი ჩამოგეჭრება ხელფასიდან. მე პირადად პარაცეტამოლის ამბავი არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით მაგაზე,“ – გვითხრა ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელმა.

სოფელ ბობოყვათის ოჯახის ექიმი, მარიკა კაპანაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ სოფელში კორონავირუსი ბევრ ადამიანს დაუდასტურდა და რთული სიტუაციაა. ექიმი აღნიშნავს, რომ სამკერვალოს ოთხი თანამშრომელი გარდაიცვალა სექტემბრიდან ამ დრომდე. ისინი ქობულეთის სხვადასხვა სოფელში ცხოვრობდნენ და ბობოყვათის სამკერვალოში მუშაობდნენ.

„ბიულეტენი ვერ გაიცემა, თუკი ტესტის პასუხი არ ექნება პაციენტს, ესაა პრობლემა,“ – გვითხრა მარიკა კაპანაძემ.

„ეს პრობლემაა, მაგრამ თუკი სამკერვალოს თანამშრომელს აქვს სიმპტომები, ჩვენ მას მაინც ვუხსნით საავადმყოფო ფურცელს ორი კვირით, თითქოს აქვს კორონავირუსი, სხვანაირად არ გამოდის… ტესტი 150 ლარი ღირს, ვისაც მაღალი ტემპერატურა აქვს, მას უფასოდ უკეთებენ, მაგრამ ბათუმში უნდა ჩავიდეს, ესეც პრობლემაა,“ – ამბობს ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკის ექიმი, ნანა მეგრელიშვილი. მას ვკითხეთ, ფაბრიკის თანამშრომლებიდან რამდენს აქვს ახლა საავადმყოფო ფურცელი, რამდენმა გადაიტანა კორონავირუსი და სულ რამდენი თანამშრომელია?

„ვერ გეტყვით მე ციფრებს, ჩემამდე ყველა ინფორმაცია არ მოდის… დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი საავადმყოფო ფურცელია გახსნილი, აქამდე მეტი იყო, მაგრამ ბევრი გამოჯანმრთელდა და გამოვიდა“, – აღნიშნა სამკერვალოს ექიმმა ნანა მეგრელიშვილმა.

ნანა მეგრელიშვილის თქმით, სამკერვალოს დაინფიცირებული თანამშრომლების უმრავლესობა სახლში მკურნალობდა. „იცით, რომ კლინიკებში არაა ადგილი, ვერ გადაჰყავთ, მაგრამ ანალიზით დადასტურებული იყო… გარდაცვალებაზეც მე ვერ გეტყვით. ვიცი, რომ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა ნოემბერში,“ – დასძინა ნანა მეგრელიშვილმა.

სამკერვალოს ექიმი ირწმუნება, რომ სიცხეც რომ არ ჰქონდეს თანამშრომელს, მას საავადმყოფო ფურცელს უხსნის და სახლში მკურნალობს.

„ბათუმელებმა“ სცადა სამკერვალოს მენეჯმენტთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას გია ლომინაძემ არ უპასუხა – ის ამ კომპანიის მენეჯერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: