მთავარი,სიახლეები

გელაურელი ბოშების ბუნდოვანი მომავალი – შიმშილი პანდემიაში

27.11.2020 • 2489
გელაურელი ბოშების ბუნდოვანი მომავალი – შიმშილი პანდემიაში

„სხვა რამის კეთება არ შეუძლიათ, მოწყალების თხოვნით ცხოვრობენ“, „მოსწონთ ასე ცხოვრება“, „თვალის ასახვევად ითხოვენ ფულს, სინამდვილეში მდიდრები არიან“ – ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოში ბოშებზე აქვთ.

ქობულეთში 250-მდე ბოშა ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებულ თემში. დაბნეულობა, შიში, გაჭირვება, გაუცხოება, კულტურული და ეკონომიკური იზოლაცია, ოჯახების ტრაგიკული ისტორიები – ეს არის ის, რასაც ბოშების მიკროსამყაროში შებიჯებისთანავე ხედავთ. მატარებლის რელსებს მიღმა, იქ, სადაც მთავრდება ტურისტებისთვის ნაცნობი, ხილული ქობულეთი და იწყება ყველასთვის უხილავი – ბოშების დასახლება.

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მცხოვრები ბოშების ოჯახი

ქობულეთის №5 სკოლაში 75 ბოშა ბავშვი სწავლობს. პანდემიამ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ და ბაზრებში მყიდველთა სიმცირემ ბოშების ცხოვრება 6 თვეში საგრძნობლად შეცვალა უარესობისკენ. აქამდე ქობულეთის ბოშათა თემიდან მოწყალების სათხოვნელად ნაკლებად დადიოდნენ. ბავშვები სკოლაში სწავლობდნენ და უფროსები ბაზარში ყიდდნენ წვრილმანს. ახლა ტექნიკის არქონის გამო ბოშა ბავშვები, განსაკუთრებით მაღალკლასელები დისტანციურ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. მათი მშობლები ბაზარში ვეღარ ვაჭრობენ, შინ რჩებიან და ხშირად ბავშვებს ისევ ქუჩაში უწევთ დაბრუნება. პურის ფულის გამოსამუშავებლად,

„სახლში მეუბნებიან, მოწყალების სათხოვნელად წადიო. მე არ მინდა. არ მაინტერესებს. არ მომწონს. ერთხელ წავედი ასე და პური მოვიტანე სახლში. ეს რთულია. ზოგი გაძლევს ფულს, ზოგი არა“ – ამბობს 13 წლის ბოშა გოგო, ლიზა მელამედოვა. ის მერვე კლასში სწავლობს, მაგრამ თვეებია უკვე გაკვეთილებს ვერ ესწრება. ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად სმარტფონი ან კომპიუტერია საჭირო. არც ერთი არ აქვს. „ბუკი“, რომელიც პირველ კლასში მისცეს, დიდი ხანია გაფუჭდა.

ლიზა მელამედოვა

ახლა შინ და-ძმებს უვლის, ოღონდ ქუჩაში არ გაუშვან, ოღონდ ქალაქში არ დარჩეს წასასვლელი, ასე ურჩევნია, ბავშვებთან.

ლიზას ოცნებები მარტივია და სულ სხვების კარგად ყოფნას უკავშირდება: ოცნებობს ინსულტიანი ბებია კარგად გახდეს, მცირედმხედველ მამას თვალისჩინი აღუდგეს, ოჯახი ბედნიერი იყოს.

– შენ რა გინდა, ლიზა, მომავალში როგორ ცხოვრებაზე ოცნებობ?

– ვისწავლიდი რამეს, სილამაზის სალონში ვიმუშავებდი. ბედნიერი ვიქნებოდი – ამბობს ლიზა. ბედნიერად ცხოვრება ლიზას ბიძაშვილს, ლოლიტა ალიმოვასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენია, თუ ქუჩას და მოწყალების თხოვნას თავს დააღწევს. ლოლიტაც მერვე კლასშია. ლიზას მსგავსად ვერც ის ესწრება ონლაინგაკვეთილებს.

„მეც მითხოვია ფული ქუჩაში, ზაფხულში“, – ამბობს ლოლიტა.

„აგროვებ 10, 15 ლარს და გეჩხუბებიან. არ მინდა. აღარ დავყვები დედას. მე ასე ცხოვრება არ მინდა, მუშაობა მინდა. დედა დადის ბათუმში და მკითხაობს ან დახმარებას ითხოვს. სახლში რომ ბრუნდება, პური მოაქვს და კიდევ რაც მოუვა იმ დღის ფულით. გვიყვება, ვინ რამდენი ფული მისცა. ვინ კარგად მოექცა, ვინ ეჩხუბა.“ – ამბობს ლოლიტა. როცა ლოლიტას ოჯახს ვესტუმრეთ, დედამისი, გალინა მელიამედოვა, ბათუმში იყო წასული 8 წლის სონიასთან ერთად. სამკითხაოდ, მოწყალების სათხოვნელად.

ლოლიტა ალიმოვა

პანდემიამდე გალინა ბაზარში წინდებს, სუნამოებს ჰყიდდა. ახლა, როცა ბაზარში თითქმის აღარავინ დადის, იძულებულია ქუჩაში ფული ითხოვოს.

„შვიდი შვილი და ინვალიდი ქმარი ჰყავს ჩემს რძალს, სამსახური რომ იყოს, ქუჩაში მუშაობა არ დასჭირდებოდა. არჩევანი რომ გვქონდეს, რას ვიზამდით? რა თქმა უნდა, მუშაობა გვირჩევნია“, – ამბობს ტატიანა მელიამედოვა. ლოლიტა ალიმოვას მამიდა, რომელიც ასევე ამ ოჯახში ცხოვრობს შვილებთან ერთად.

ალიმოვების და მელამედოვების ოჯახი გელაურის ბოშათა თემში

ბოშების ოცნება და სურვილი, ვისაც გავესაუბრეთ, სწავლა და დასაქმებაა. თუმცა მათ უჭირთ სფეროების და მიმართულებების დასახელება, სად სურთ მუშაობა, კონკრეტულად რისი სწავლა სურთ. კარგი ამბავია ის, რომ 2008 წლიდან ქობულეთში მცხოვრებმა ბოშა ბავშვებმა სკოლაში სიარული დაიწყეს, თუმცა მაღალ კლასებში ისინი სწავლას თავს ანებებენ, ქორწინდებიან ან შინ უმცროს და-ძმებს, ნათესავებს უვლიან. ქობულეთიდან ერთადერთი ბოშა ჯერჯერობით, რომელმაც წელს სკოლა დაამთავრა, ჯუმბერ ალიმოვია.

ქობულეთელმა ბოშებმა ნაწილობრივ იციან ქართული, ესმით, მაგრამ რუსულად კონტაქტი ურჩევნიათ. ბოშა ბავშვები, რომლებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ, უფროსებზე გაცილებით უკეთ საუბრობენ ქართულად.

ქობულეთის №5 სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ პირველიდან მეოთხე კლასამდე ბოშა ბავშვები სკოლაში აქტიურად დადიან, შედარებით მაღალ კლასებში კი მათი ენთუზიაზმი იკლებს.

ბოშები ვერ ხედავენ გრძელვანიან პერსპექტივაში  საკუთარ ცხოვრებას და საკმარისია დასახლებაში ერთხელ გაიაროთ, რამდენიმე ადამიანს გაესაუბროთ, რომ დარწმუნდეთ: თემი ბუნდოვანი მომავლის, უიმედო აწმყოს ამარაა.

„რამდენიმე წარმატებული მაგალითი რომ არსებობდეს: სკოლადამთავრებულმა შეიძინოს პროფესია, მერე დასაქმდეს და გამოიმუშავოს საარსებო ფული, ბიძგი იქნებოდა თემისთვის და დაინტერესდებოდნენ, ნელ-ნელა და ეტაპობრივად. სამწუხაროდ იყო მაგალითები, როცა ბიჭებმა მიმტანობა ისწავლეს, კარგადაც ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, მუშაობდნენ ქობულეთის საზაფხულო რესტორნებში, მაგრამ მოსახლეობის დამოკიდებულება სტერეოტიპულია – ბოშების დასაქმებაზე თანდათან უარი თქვეს… თან ეს სამსახური სეზონური იყო. ახლა ეს ბიჭები შინ სხედან“, – ამბობს ქობულეთის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე. მისივე თქმით, ბოშების ინტეგრაციისთვის მხოლოდ სკოლაში სიარული ფონს ვერ შეცვლის. აუცილებელია განათლების სამინისტროს ინკლუზიური დეპარტამენტის დიდი მხარდაჭერა, რათა სკოლადამთავრებულმა ბოშებმა შეძლონ დაეუფლონ პროფესიას.

ბოშების თემს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა აქვს, რაც წარმოუდგენელია მათ დამოუკიდებლად დაძლიონ.

მაგალითად, ჯამბულ მელამედოვს 38 წლის ცოლი რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა.

საფლავის მიწის, სასახლისა და დაკრძალვის რიტუალისთვის საჭირო თანხა მან ბანკიდან სესხად გამოიტანა – მცირედმხედველობისთვის დანიშნული საკუთარი პენსია. ვალი ჯამბულ მელამედოვმა 2 წელი უნდა იხადოს. პენსიიდან აღარაფერი რჩება.

ჯამბულ მელამედოვი

პენსია ერთადერთი საშუალება იყო მამისთვის 5 შვილის სარჩენად. ახლა იძულებულია ბავშვები მოწყალების სათხოვნელად გაგზავნოს ყოველ დილით. ამბობს, რომ სხვაგვარად ვერ იარსებებენ და პურიც არ ექნებათ.

მარტოხელა მამა ახლა 5 შვილთან ერთად ცხოვრობს ორსართულიან სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი მრავალშვილიანი 2 ძმა.

მურად მელამედოვი ჯამბულ მელამედოვის ძმაა:

„ჩემი ცოლი ანჟელა ახლა ქალაქშია, მოწყალებას ითხოვს. აქამდე ვაჭრობდა. ესენი ზოია და გრეტაა, ჩემი შვილები. სანამ ანჟელა წასულია, მე ვუვლი. კარგი მამა ვარ. ორივე სუფთად მყავს. თქვენ რომ მოხვედით, გამოვუშვი ეზოში, თორემ სულ სახლში მყავს ჩაკეტილები. 4, 5 ლარიც რომ შეაგროვოს, ანჯელა მოდის სახლში და წვნიანს ვაკეთებთ. კარტოფილით, ზეთით და გალინაბლანკით. ჩვენი საჭმელი ესაა. ხანდახან პურიც არ გვაქვს. ხუთი შვილი გვყავს, ერთი ექვსი თვისაა, თბილისში, იაშვილის კლინიკაშია და ექიმები უვლიან. ხერხემლის დაზიანებით დაიბადა და ხანდახან ექიმები მირეკავენ პამპერსებია საჭირო, ესაა საჭირო, ისაა საჭიროო. ვერ ჩავდივართ, ვერ ვნახულობთ. რით წავიდეთ? ოთხი შვილი გვყავს აქ.

სადეზინფექციო ხსნარები და პირბადე არ მაქვს. უცებ ისვრება ეს პირბადეები და ბევრი გჭირდება. პური ვიყიდო თუ პირბადე? კარგ ამინდში ბავშვებიც დაყვებიან დედას მოწყალების სათხოვნელად. მე ვერ დავდივარ. მეშინია სადმე მანქანა არ დამეჯახოს, ჩემი ძმის მსგავსად მეც ვერ ვხედავ“, – ამბობს მურად მელიამედოვი.

მურად მელამედოვი

ბოშათა თემში პასტორ რომა ასლანოვსაც ვეწვიეთ ლოცვის დროს. პატარა ოთახში სახარების წასაკითხად შეგროვილი მრევლი ერთმანეთის გვერდიგვერდ სხედან, პირბადეების გარეშე.

„პირბადე და ხსნარები? ჩვენ ბოშები ვართ, ვილოცებთ და კორონავირუსი ჩვენ ვერ მოგვეკარება“ – ამბობს რომა ასლანოვი. ბოშათა თემის პასტორი. მრევლთან საუბრის შემდეგ ირკვევა, რომ მათ ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ რა იყიდონ ქუჩაში მოპოვებული გროშებით: ორი პირბადე თუ ერთი პური. უპირატესი, რა თქმა უნდა, პურია. პირბადის გარეშე პანდემიის დაძლევის სასწაული კი ბოშებს ღმერთისთვის აქვთ მინდობილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: