მთავარი,სიახლეები

9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას

24.03.2020
9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას

ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო – ამ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

პროგრამის მიზანია აღნიშნულ პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით და, ასევე, ქვეყანაში ამ პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

დაფინანსებას მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში  ახორციელებს პროდუქტების იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდება შემდეგი პირობებით:

[checklist]

  • სუბსიდირება განხორციელდება თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც მოიცავს პროდუქციის შესყიდვისა და საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო შერეული საქონლის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ღირებულება გაითვალისწინება შესაბამისი პროპორციით;
  • სუბსიდიით მეწარმე ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს;
  • თუ მეწარმეს არ უფიქსირდება პროდუქციის რეალიზაცია 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით, მას შეუძლია მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახდენს/მოახდინა პროდუქტის იმპორტს/იმპორტი  საქართველოში 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით და  განახორციელებს/განახორციელა პროდუქტის რეალიზაციას/რეალიზაცია არა უმეტეს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებულ შესაბამისი პროდუქტის უმცირეს სარეალიზაციო ფასად;
  • სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს შემოსავლების სამსახური და აცნობებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს;
  • სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

[/checklist]

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილე მეწარმეს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო – მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

სუბსიდიის გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და დაამტკიცებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

 

აღნიშნული პროგრამა მთავრობამ 23 მარტს დაამტკიცა.

ამ თემაზე:

9 პროდუქტი, რომელთა მარაგსა და ფასს მთავრობა გააკონტროლებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: